ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის აღსარება - ”როგორც მოვკალი გურამ შარაძე, ისე ”გაგასაღებ” შენცო”

ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის აღსარება - ”როგორც მოვკალი გურამ შარაძე, ისე ”გაგასაღებ” შენცო”

ამ დღეებში ბევრს საუბრობენ ძმები ახალაიების ბრალეულობაზე. საყურადღებოა, რომ პატიმრებმა უკვე კონკრეტული ფაქტების დასახელება დაიწყეს. პირველი, ვინც დათა ახალაიას უპირისპირდება და სკანდალურ ჩვენებას იძლევა, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი, გიორგი ჩიხლაძეა. ამ ბრალდებების შესახებ მისი ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა გვესაუბრა.

ედიშერ ქარჩავა:

- 2011 წლის 30 ივნისს გიორგი ჩიხლაძე უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების ბრალდებით დააკავეს და პირდაპირ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში (კუდ-ი), დათა ახალაიას კაბინეტში შეიყვანეს. საქმის მასალების მიხედვით თითქოს იკვეთებოდა, რომ ის შეიარაღებული ჯგუფის ორგანიზატორი იყო და ოქრუაშვილთან ერთად, ხელისუფლების დამხობას აპირებდა. ჩიხლაძე კარგად იცნობდა დათა ახალაიას, რადგან ორივე "ნაციონალები", თანამებრძოლები და მეგობრები იყვნენ, ბევრჯერ ერთადაც უქეიფიათ. მერე მათი გზები გაიყო. ჩიხლაძე ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მძღოლი, მცველი, მისი ნათლული და ოჯახთან ძალზე დაახლოებული პირია, ამიტომაც განხორციელდა მასზე ძალადობის წნეხი... როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, დათა ახალაია ნარკოტიკით თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა და პირდაპირ უთხრა, - ხომ იცი, ვინცა ვარ და რისი გამკეთებელიც ვარ; ახლა არ დამიწყო აქ ზღაპრების მოყოლა, ყველაფერი მითხარი, თორემ, როგორც დავგეგმე და მოვკალი გურამ შარაძე, ისე "გაგასაღებ" შენცო!.. ჩიხლაძემ რაღაც ჩვენება მისცა. ახალაია გაბრაზდა: შენ რასაც ახლა გვიყვები, ეს ჩვენ ისედაც ვიცით, სხვა დეტალები მითხარიო. მისგან იმაზე მეტ ინფორმაციას ითხოვდნენ, ვიდრე ჰქონდა. სხვა ვერაფერი რომ ვერ ათქმევინეს, მერე უთქვამთ, - ჩვენ დავწერთ და ხელი მოგვიწერეო. ეს ჩვეულებრივი მეთოდია. ვინაიდან დათა ახალაიას ეჭვი შეეპარა, რომ ჩიხლაძე რეალურ ჩვენებას იძლეოდა, პატარა ფლაკონი ამოიღო და მას სახეში რაღაც ნივთიერება შეასხურა. ჩიხლაძე ამბობს, - გონება არ დამიკარგავს, მაგრამ ტანსა და სხეულს, ფაქტობრივად, ვეღარ ვგრძნობდიო. დასძენს, - ამის შემდეგ, დათა ახალაიამ ხელკეტით სასტიკად მცემაო. მასთან ერთად ამ დროს კაბინეტში იმყოფებოდა რამდენიმე პიროვნება, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. დათამ გული რომ იჯერა ცემით, მერე სხვებმაც წამარტყესო, - ამბობს ჩიხლაძე.

- ბატონო ედიშერ, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი სერიოზულ ბრალდებას უყენებს დათა ახალაიას - პირველ რიგში, გურამ შარაძის მკვლელობას ვგულისხმობ. ამის თქმის რეალური საფუძველი თუ არსებობს? ან რატომ დუმდა აქამდე?

- მითხრა, - იმ კადრების შემდეგ, რომელიც ტელეეკრანზე უჩვენეს, მორალური უფლება აღარ მაქვს, ჩუმად ვიყოო, - და შარაძის საქმეზე ეს მითხრა. ეს დათა ახალაიას სიტყვები იყო. მან თურმე სხვა პიროვნებებიც ჩამოუთვალა მაშინ; "ეიფორიაში" იყო, თან ყვიროდა, - იმ მეთოდით "გაგასაღებ" შენცო!.. ჩემთვის სრულიად დასაბუთებულია მისი პოზიცია: რაღა შარაძეზე თქვა და სხვაზე - არა?! მის ქმედებას რომ დამაჯერებლობა მისცემოდა, ალბათ ამიტომ თქვა ასე. ჩიხლაძემ მთხოვა, ეს განცხადება გამეკეთებინა. რაც შეეხება მისი წამების დეტალებს, ეს ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო.

- რა გაგრძელება ჰქონდა ამ ამბავს?

- ახალაიას მიერ ნაცემი ჩიხლაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა. კუდ-ში, როცა მის დასაცავად მივედი, პატიმარი ვერსად ვიპოვე. მითხრეს, რომ ბრალი წარუდგინეს და ბრალდების დადგენილება უნდა მიმეღო. დაკავებულის ნახვას ვითხოვდი, მაგრამ არ მახვედრებდნენ. დიდი ბრძოლის შემდეგ მითხრეს, რომ საავადმყოფოში იწვა და ბადრაგი იცავდა. ჩემს კოლეგებთან - ცისმარ ონიანთან და ზვიად ხუხიასთან ერთად წავედი საავადმყოფოში და რაც იქ ვნახეთ, ეს საშინელება იყო: ადამიანს სახე საერთოდ არ უჩანდა, ცემის შედეგად ისე ჰქონდა მთელი სხეული დასივებული, რომ გაოგნებული დავრჩი. რამდენიმე აპარატზე იყო შეერთებული, ვერ ლაპარაკობდა. არსებობს ამის დამადასტურებელი ცნობაც და ის ხელთ მაქვს. დასკვნაში წერია, რომ ჩიხლაძის მდგომარეობა არის მძიმე, განუვითარდა თირკმლის უკმარისობა; ჩამოთვლილია დიაგნოზები და ასევე მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობა არ შეიძლება. იმ რაღაც ნივთიერების შესხურებისა და წამების შემდეგ, როცა მომაკვდავი ჩიხლაძე ბიჭებს ახალაიას კაბინეტიდან გაუყვანიათ, დათას უთქვამს, - კარგი, არ მოკლათ, სისხლი გაუფილტრეთო... ესეც გაკეთდა. გამოძიების საგანი უნდა გახდეს და უნდა დადგინდეს, რა ნივთიერება შეასხურა მან ჩიხლაძეს. რამდენიმე დღე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და თვითონაც უკვირს, როგორ გადარჩა. ვერ საუბრობდა, მაგრამ მანიშნა, რომ არ გამეხმაურებინა... იმ დროს რომ გვეყვირა, ჩიხლაძე დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მის სიცოცხლეს გავუფრთხილდით. იურისტები ვართ და ფაქტებით გესაუბრებით... მერე უთხრეს, - ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაგიყვანთ და გიმკურნალებთ, თუ ხელს მოაწერ და იტყვი, რომ ეს დაზიანებები შენით მიიღეო. ამასაც მოაწერა ხელი. საგამოძიებო ორგანოში მორწმუნე ბიჭები, გამომძიებლები მუშაობენ და მათ ვთხოვდი, - არ მოკლან ეს კაცი, თუ რამე იცის, გამოჩნდება, ვკითხოთ და ისე მივიღოთ მისგან მეტი ინფორმაცია-მეთქი...

მართალია, მას 6 წელი მისჯილი აქვს საპროცესო გარიგებით, მაგრამ დღემდე არ გადაუყვანიათ სხვა დაწესებულებაში და გლდანის საპყრობილეში რჩება. როცა გადაყვანა მოვითხოვე, მითხრეს, - ნუ წერ განცხადებებს, არავინ გადაიყვანს, სანამ ამას დათა ახალაია არ გადაწყვეტსო. დღეს მხოლოდ რიგითი თანამშრომლები, შემსრულებლები არიან დაკავებულები. ჩიხლაძე კი უშუალოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ამხელს ცემა-წამებაში და იმაში, რომ მან თანამედროვე ქიმიური საშუალება გამოიყენა მის წინააღმდეგ. ამას მსვლელობა უნდა მიეცეს და საქმე უნდა აღიძრას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან, სრულიად გაუგებარ და აღმაშფოთებელ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩიხლაძე ამბობს, - ახალაია ჩემს ცემა-წამებას რომ მორჩა, უბიდან ღვთისმშობლის გამოსახულებით მედალიონი ამოიღო, რომელიც მკერდზე ეკიდა; მაჩვენა, რამდენჯერმე ეამბორა, ჩაიღიმა და ისევ უბეში ჩაიდოო. მას აქვს თუ არა ასეთი მედალიონი, მისმა გარემოცვამ ხომ კარგად იცის, მაგრამ ამ ქცევის ახსნას ვერ ვპოულობ: თუ კაცს აწამებ, ამ დროს ღვთისმშობელი რას გიშველის?!. 13 დეკემბერს ჩიხლაძეს საკანში გაუპატიურებაც დაუპირეს. იმ ხალხიდან დღეს ორი პირი უკვე დაჭერილია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უმკურნალეს, მაგრამ მის ოთახში სულ ჩართული იყო შუქი და ძილის საშუალებას არ აძლევდნენ, ესეც წამების ერთ-ერთი ფორმაა. მერე, როდესაც მთავარ კორპუსში გადაიყვანეს, სპეციალურ საკანში შეაგდეს; იქ მყოფებმა უთხრეს, - მოემზადე, უნდა გაგაუპატიუროთო. შველას ითხოვდა. მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე დაწესებულების უფროსის მოადგილე და დამპირდა, - რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებო. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ იმავე დღეს ასეთივე განცხადებით მივმართე დათა ახალაიას და ვთხოვე, არ განეხორციელებინათ ძალადობა. სასწაული პრეცედენტია, მაგრამ ახალაიამ გაუპატიურებისგან დაიცვა. დაიცვა კაცმა, რომელმაც ასე სადისტურად აწამა... მერე ისევ პოლიციელებისთვის განკუთვნილ საკანში დააბრუნეს და ახლაც იქ იმყოფება.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"