გოგი თოფაძე: "მორჩა, გათავებულია ამათი საქმე!"

გოგი თოფაძე: "მორჩა, გათავებულია ამათი საქმე!"

ცემა, წამება, დაპატიმრება! - მხოლოდ ეს სიტყვები გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში! ხალხი უკიდურესად დაძაბული და გაოგნებულია იმ უმსგავსობისა და უზნეობის ხილვით, რაც ჩვენს ციხეებში ხდებოდა და ხდება. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მოსაზრებას გვიზიარებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე.

- ბატონო გოგი, მთელი საქართველო შეძრწუნებულია, ყველა ფიქრობს, რომ კადრები, რომლებიც ტელევიზიით ვიხილეთ, არა მარტო იმ პატიმრების, არამედ მთელი ერის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდებაა, რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

- "დემოკრატიის შუქურად" ცნობილი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ნელ-ნელა კარგავენ ავტორიტეტს ქვეყანაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ბოლო წვეთი ამ პროცესში ჩვენს საპატიმროებში არსებული ვითარების მხილება იყო. არა მგონია, მათ რაიმე გასამართლებელი არგუმენტის მოყვანა შეძლონ, ახსნან, რატომ ხდებოდა მსგავსი უსამართლობა პენიტენციურ სისტემაში, სადაც ბოლო წლებში უდიდესი ინვესტიციები ჩაიდო. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, შემაძრწუნებელია, რადგან ასეთი სისასტიკე და სიძულვილი საკუთარი ხალხის მიმართ ენით აუწერელია. ვერც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ მოახერხებს გამამართლებელი საბუთი მოუძებნოს მომხდარს. ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ ბევრი საზარელი ფაქტი გამოვლინდება არა მარტო ამ სისტემაში, არამედ ყველა სფეროში.

- თუმცა, ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს...

- ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა წარდგეს ეს გუნდი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე, რა უნდა უთხრან ხალხს ამათმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა ან მათმა ლიდერებმა?! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ვნახავთ უფრო შემაძრწუნებელ "სერიალებს", რომ ადრე თუ გვიან მათი საქმიანობის შესახებ ყველაფერი გამომზეურდება. თავდაპირველად ჰქონდათ მცდ­ელობა, რომ ამ კადრების გადაღება თამაზ თამაზაშვილისთვის დაებრალებინათ - ამ უპატიოსნესი კაცისთვის, რომელსაც მთელი საქართველო იცნობდა, როგორც დანაშაულთან მებრძოლ და პატიოსან პოლიციელს. მეც ასე ვიცნობდი თამაზ თამაზაშვილს და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რა ცილიც უნდა დასწამონ. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი მასალა არსებობს, რომლის გამოქვეყნების შემთხვევაში დღევანდელ ხელისუფლებას საარჩევნო ყუთთან მისვლა აღარც კი დასჭირდება, ხათუნა კალმახელიძემ და ბაჩო ახალაიამ განცხადება დაწერეს და წავიდნენ, მაგრამ რა პასუხს გასცემენ ხალხს, ვისაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ ესწრებოდნენ და აქეზებდნენ ისინი ამ სისასტიკეს?! როგორ, პრეზიდენტმა არ იცოდა, რაც ციხეებში ხდებოდა?! - ყველაფერი კარგად იცოდნენ, მაგრამ დუმდნენ.

- თქვენი აზრით, რით უნდა აიხსნას ეს დუმილი?

- ამათ ისე განაღდებული ჰქონდათ ყველაფერი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, რომ მსგავს "წვრილმანებზე" არც კი ფიქრობდნენ. არჩევნების მოგებაც განაღდებული ჰქონდათ, ეს სისტემაც კარგად ჰქონდათ ათვისებული და ძალიან ლაღად იყვნენ, თანაც, ხმების უმრავლესობას პატიმრებისა და მათი ოჯახებისაგან იღებდნენ, იმიტომ კი არა, რომ პატიმრები მხარს უჭერდნენ, მათ ვინ რას ეკითხებოდა, ჩაყრიდნენ მათ ხმებს ყუთში და იმარჯვებდნენ. ანალოგიური რამ ხდებოდა უცხოეთში მცხოვრები ქართველების შემთხვევაშიც, მათ ხმებსაც ხელისუფლება ითვისებდა. დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება აქედან გაქცეული კაცი კმაყოფილი იყოს ამ ხელისუფლებით, ის ხომ იმიტომ გაიქცა, რომ თავის სამშობლოში საარსებო წყარო ვერ იპოვა?!

- ცნობილია, რომ პატიმრების ახლობლებს აშინებდნენ და მათ ხმებს ასე "ითვისებდნენ".

- როგორ მისცემს ამათ ხმას ქართველი დედა, რომელმაც დაინახა, რა დღეში აგდებენ მის შვილს, ქართველი დედა, რომელიც თავისი შვილისთვის ცხოვრობს? შეეშინდება? - ვაი, მაშინ ასეთ დედას! ყველაზე კარგი გამოსავალი ამათთვის ახლა ეს არის: თუ საზოგადოება მიუტევებს, რაც ჩაიდინეს, ბარგი ჩაალაგონ და საქართველო დატოვონ, თორემ ამაზე მძიმე კადრებიც არსებობს: არსებობს კადრები, როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და რა მოვლენები უძღოდა წინ, გამოქვეყნდება ჟვანიას მკვლელობის მასალებიც და ამათ არ დარჩებათ თავის მართლების არანაირი შანსი. გავიხსენოთ მკვლელობების სერია, რომლებიც ბოლო წლებში ჩაიდინეს, გავიხსენოთ, როგორ ამოწყდა სანდრო გირგვლიანის ოჯახი, როგორ ამოწყვიტეს აფრასიძეები... არა მგონია, ქართველმა ხალხმა მათ ეს ყველაფერი აპატიოს. ხალხს შიშის სინდრომი მოეხსნა და ეს ხელისუფლება არჩევნებს ასე ადვილად ვეღარ მოიგებს. ჩვენი კოალიცია უკვე რამდენიმე თვეა ხვდება მოსახლეობას და ჩანს, როგორ არის შეცვლილი ვითარება. ადრე ხალხი Aფანჯრებიდან იყურებოდა, ახლა კი ყველა გამოდის, აღარ ეშინიათ, იმიტომ, რომ ქართველი კაცი ბევრის მომთმენია, მაგრამ დაინახა, რომ ღირსებას ულახავენ, რომ მისი შვილები და შვილიშვილები ამათ ხელში განწირულნი არიან - ან უნდა დატოვონ საქართველო, ან მონობაში იცხოვრონ და ეს ვეღარ აიტანა. მორჩა, დამთავრდა! ვეღარ მიაღწევენ მიზანს, რომ დამონებული და დაშინებული ქართველობა იხილონ.

- ბატონო გოგი, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ არჩევნებს გააყალბებენ, თანაც, ხელისუფლების მხარეზეა ჯარი, პოლიცია და ა.შ...

- ნურავის ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები მიამიტები არიან და არ იციან, ვისთან, ან რასთან აქვთ საქმე. ბიძინა ივანიშვილმა ეს იცოდა მაშინ, როცა საქართველოში ჩამოვიდა და ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. მან ყველაფერი კარგად გათვალა, რადგან ჭკვიანი კაცია და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა არ ახასიათებს. ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია, რა მეთოდებით აყალბებდნენ არჩევნებს ან ახლა რა მეთოდები შეიძლება გამოიყენონ. საზოგადოება უნდა დავამშვიდო: ჩვენ ისე კარგად ვართ მომზადებული, რომ სადმე, ჯურღმულში შეიძლება გააყალბონ რამდენიმე ათეული ხმა, მეტის თავი მაგათ არა აქვთ, ვერ გაბედავენ. როგორც უნდა შეაშინონ, როგორც უნდა დაემუქრონ, ხალხი ამათ ხმას აღარ მისცემს.

- რას გულისხმობთ "კარგად მომზადებაში"?

- პირველ რიგში საფუძვლიანად გვყავს აღწერილი მოსახლეობა: მამუკა კაციტაძის გუნდმა "კარდაკარის" პრინციპით ხომ შეადგინა სიები, ეს სიები ჩვენ ძალიან ბევრ რაიონში გადავამოწმეთ და სერიოზული სხვაობა მივიღეთ. ასე რომ, ყველანაირად შებოჭილები არიან, რის გამოც ეს არჩევნები ვერ გაყალბდება, ყოველ შემთხვევაში, იმ დოზით მაინც, მაგათ რომ უშველის. თუმცა, სხვა ვარიანტებიც აქვთ: ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის საქართველოში, შეიძლება ზოგიერთმა ხმა მისცეს ამ ხელისუფლებას, ძალიან ბევრი ჰყავთ მოსყიდული, ჰყავთ "პიარშჩიკები", რომლებსაც მილიონებს უხდიან, ეცდებიან, არჩევნების მოგებას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მორჩა, გათავებულია მათი საქმე! მართალია, ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ცქერით შეცვლილი აქვს რეალობის აღქმა და ამბობს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ რა, არ უნდა გაეკეთებინა 21-ე საუკუნეში? სამწუხაროდ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ უფრო მეტი გააკეთეს.

- ესე იგი, მიუხედავად სირთულეებისა, იმედოვნებთ, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ გავიმარჯვებთ, რადგან არ შეიძლება ეს ბოროტება საქართველოში დიდხანს დარჩეს! მითხარით სოციალური ფენა, რომელიც მათ მხარს უჭერს, არ ვლაპარაკობ შეშინებულ პოლიციელებსა თუ მასწავლებლებზე, ვისაც სამსახურის დაკარგვის ეშინია, მაგრამ თუ გგონიათ, რომ მთელი ჯარი ან პოლიცია მაგათ მისცემს ხმას, ძალიან ცდებით. ყველა, ვინც ამათი მოღვაწეობით აღფრთოვანებული არ იყო, გამოყარეს, მაგრამ ვინც იქ დარჩა, ხომ დაინახა, რა ხდება ქვეყანაში? არაფერი ამათ აღარ უშველით, ხალხის გულს ვეღარ მოიგებენ. ზეწოლითა და დაშინებით კი ძალიან დაბალი პროცენტის მიღებას შეძლებენ. თანაც, უკვე გადაწყდა, რომ ყველა უბანთან იდგება ხალხი, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი წარმომადგენელი არ გამოვა და არ გვეტყვის, რა ვითარებაა თითოეულ უბანზე. მართალია, ამ ხელისუფლებას მოსახლეობის აზრი ნაკლებად აინტერესებს, უფრო ხალხის შეშინება, მოხრჩობა, დაჭერა ეხერხება, მაგრამ მოუწევთ ანგარიში გაგვიწიონ. უკვე აღარავის სჯერა მათ მიერ შექმნილი ილუზიებისა, ხალხს აღარ სჯერა, რომ თუ ისინი არ იქნებიან, საქართველო დაინგრევა, შემოვარდება რუსეთი და აქედან გაგვრეკავს. მათი ტყუილებისა უკვე ბავშვებსაც აღარ სჯერათ.

მეც, სხვების მსგავსად, მიხაროდა, როცა სათავეში ეს ახალგაზრდები მოვიდნენ, მაგრამ რა ჩაიდინეს? - ხალხი გაწყვიტეს, მოსახლეობის 30 პროცენტი საქართველოდან გარეკეს, დაგვანგრიეს... ვინ უნდა აგოს პასუხი? - რა თქმა უნდა მან, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა