"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის, - ამის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთავრობის დაკომპლექტება.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები და არის. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალიან დიდ პატივს", - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა - "ამავე დროს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ " ნაციონალური მოძრაობა" გადადის ოპოზიციაში".

მისივე თქმით, ბოლო რვა წლის მონაპოვარი "ვარდების რევოლუციის" არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, ასევე ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად.

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვრებს უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში, მისი მოსპობა არის შეუძლებელი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც ოპოზიციური ძალა, იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რაც შეიქმნა კორუფციის, დანაშაუალთა ბრძოლის კუთხით.

"რა თქმა უნდა, მე პატივისცემას გამოვხატავ არჩევნებში მონაწილე უმრავლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მე ვეუბნები მადლობას იმ დიდი რაოდენობის ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოთქვეს მხარდაჭერა ჩვენი კურსის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს, საქართველოს განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას ამ რწმენით, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა