ქართველმა მხატვარმა დასავლეთ ევროპაში სტუდენტური ქალაქის კედელი მოხატა

ქართველმა მხატვარმა დასავლეთ ევროპაში სტუდენტური ქალაქის კედელი მოხატა

წელს ზაფხულში, ბრიუსელთან ახლოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, 30 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა ფესტივალი, რომელშიც ევროპაში ცნობილ მხატვრებთან ერთად ქართველი თამუნა წახნაკია მონაწილეობდა. მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ მხატვრებთან ერთად ის საქართველოდან სტუდენტური ქალაქის კედლების მოსახატად მიიწვიეს. დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის კედელზე თამუნამ სამი ბიჭუნა დახატა და ამგვარად დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ლამაზ ქვეყანაში თავისი კვალი დატოვა...

- მამა მხატვარი და ამავე დროს მუსიკოსია. ალბათ მისი მხრიდან გადმომეცა ხატვის ნიჭი. ბაღის ასაკიდან ვხატავდი. სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხატვარი ვიქნებოდი. სკოლაში, გაკვეთილების მსვლელობისას მერხებზეც კი ვხატავდი და მერე იმ ნახატებს მახეხინებდნენ (იღიმის). ყოველთვის უცნაურ პერსონაჟებს ვხატავდი, ერთი პერიოდი მოდელების შექმნამ გამიტაცა და მოდელირების ფაკულტეტზე ვგეგმავდი ჩაბარებას, თუმცა როცა აკადემიაში ჩაბარების დრო დადგა, მშობლების რჩევით, სწავლა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე გავაგრძელე. მე-3 კურსიდან სარეკლამო სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი და პატარ-პატარა შეკვეთებს ვიღებდი. როგორიცაა, მაგალითად, ბუკლეტების გრაფიკული დიზაინი, თუმცა ამ თემისადმი ინტერესი მალევე დავკარგე და დავიწყე რეკლამებისთვის კადრების ხატვა. ქართული რეკლამების 90% პროცენტი, ბანკების რეკლამები, ლუდის თუ სხვა, თითქმის სულ ჩემი დახატულია. ვქმნი პერსონაჟებს ანიმაციისთვის, ვაკეთებ პოსტერებს. ყოველთვის მომწონდა კომიქსები და მისი პერსონაჟების "გაცოცხლება".

- და მერხებიდან კედლის მხატვრობაზე როდის გადახვედი?

- (იღიმის) რამდენიმე წელია ამ მიმდინარეობას თვალს ვადევნებ. კედლების მოხატვა ევროპაში ახალი არაა და ეს ტენდენცია მსოფლიოში ამერიკიდან დამკვიდრდა. სახლში კედლებზე ხშირად ვხატავდი და სულ მაინტერესებდა დიდი ზომის ნახატების შექმნა. ერთი წლის წინ გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიხედვითაც მთაწმინდის პარკში, თემაზე "ბედნიერება", სურათები დიდ მუყაოზე უნდა შესრულებულიყო. მაშინ პირველად დავხატე დიდი მასშტაბის ნახატი და მას შემდეგ ამ თემამ კიდევ უფრო დამაინტერესა. საერთოდ, ყველა ნამუშევარს "ფეისბუქზე" ჩემს გვერდზე ვათავსებ, სადაც მეგობრებს შორის ბევრი ქართველი და უცხოელი მხატვარი მყავს.

რვა თვის წინ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ბელგიელმა მხატვარმა გამომიგზავნა წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონს და სიამოვნებით დახატავდა ჩემთან ერთად. იმ დრომდეც, სხვადასხვა ეროვნების მხატვრებისგან არაერთი მსგავსი შინაარსის წერილი მომსვლია, ამიტომ ჩავთვალე, რომ ისიც მათ რიცხვში იყო, ვისაც უბრალოდ მოსწონს ჩემი ნამუშევრები და სხვა არაფერი. რასაკვირველია, წერილზე ვუპასუხე და ამ ამბიდან ერთ კვირაში მან მაუწყა, რომ იმართებოდა ფესტივალი სახელწოდებით "კოსმოპოლიტ არტ ტურ" და თუ მონაწილეობის სურვილი მექნებოდა, მოწვევას გამომიგზავნიდნენ. გრაფიკის ფესტივალში მონაწილეობა მთელი ჩემი ცხოვრების აუხდენელი ოცნება იყო და ამ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

- ვინ არის ის ადამიანი, ვისგანაც ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღეთ?

- ბელგიაში არის მხატვართა დაჯგუფება, რომლებიც ყოველ ორ წელიწადში ატარებენ ფესტივალს. მასში მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ და იწვევენ მხატვრებს. მხატვარი, რომლისგანაც წინადადება წამოვიდა, 33 წლისაა. ის ძირითადად ქუჩაში გრაფიკას ხატავს და ამ ხელოვანთა დაჯგუფების წევრია. უკანასკნელ ფესტივალში, რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი, 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობდა, ძირითადად ევროპელი მხატვრები. ფესტივალზე არც ყოფილა დსთ-ს ქვეყნის მხატვარი, მარტო მე ვიყავი საქართველოდან ჩასული. ბრიუსელთან ახლოს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ქალაქი ლოუვან-ლა-ლუვია. ის 40 წლის წინ გაშენდა და დღითი დღე ფართოვდება. ახლა იქ მდებარეობს უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებლები. საკმაოდ უსახური კედლებია და სწორედ მათი მოხატვა იყო დაგეგემილი. თითოეულ მხატვარს უნდა შეესრულებინა ნამუშევარი სხვადასხვა თემაზე და ფერთა გამაც იცვლებოდა. ჩემი კედელი, რომელზეც უნდა მეხატა, მატარებლების სადგურზე მდებარეობდა. იმ ადგილას შვიდ მხატვარს ფუტურისტული ქალაქის სურათი უნდა შეგვესრულებინა.

ჩემთან ერთად ცნობილი ევროპელი მხატვრები მუშაობდნენ და ერთობლივად შევქმენით კომპოზიცია, რომლის მიხედვითაც ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 6-დან 12-საათამდე ვხატავდით. მე დავხატე სამი ბიჭუნა: ზანგი, თეთრკანიანი და ალბინოსი. სამივეს ცოტა გაბრაზებული გამომეტყველება აქვს, ერთად დგანან, ქალაქის დამცველებად გვევლინებიან და თითქოს ამბობენ: "რა გინდათ ჩვენთან?!" მოსახატი ადგილები წინასწარ იყო დათქმული და აღნიშნული კედლების გარდა, სხვაგან ხატვა არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, სამი ბიჭის გარდა, კიდევ შევასრულე ერთი ნახატი: სადგურის ბეტონის სვეტზე ერთ-ერთ მხატვარს დახატული ჰყავდა მუშა, ის ჩამუხლულია და ფიქრობს. მის თავზე შევასრულე სამი ქალბატონის პორტრეტი და როცა ნახატს შეხედავ, ისეთი შთაბეჭილება იქმნება, თითქოს მამაკაცი ქალბატონებზე ფიქრობს.

- მომდევნო ფესტივალი და თემა უკვე დაგეგმილია?

- მომდევნო ფესტივალი ორი წლის შემდეგ გაიმართება. თემა ჯერჯერობით უცნობია, ამჯერად კედლების მოხატვა სხვა ქალაქში იგეგმება და მასზე უკვე მიმიწვიეს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება