ერეკლე დეისაძე: "შოუბიზნესი არ არსებობს, ეგენი არიან ვაზელინები"

ერეკლე დეისაძე: "შოუბიზნესი არ არსებობს, ეგენი არიან ვაზელინები"

"სისტემა უნდა დაინგრეს" - ამ სიმღერით გამოეხმაურა ქართველი მუსიკოსების ნაწილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. სერგი გვარჯალაძე, ერეკლე დეისაძე, ჯერონიმო. "კუნგ ფუ ჯანქი", "ლენდმარკი" და კიდევ რამდენიმე შემსრულებელი, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ხმამაღალი პროტესტით, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერები გააღიზიანეს. მუსიკოსების პროტესტით უცხოური მედია დაინტერესდა და ახლა სიმღერის ინგლისურ ვერსიას წერენ, რადგან მთელმა მსოფლიომ გაიგოს, როგორი იყო ქართველი მუსიკოსების პროტესტი. ერეკლე დეისაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში აქციაზე პირველად რამდენიმე თვის წინ ვნახე, როდესაც ხაშურის პოლიციის შენობაში კიბიდან გადმოვარდნილი სოსო ქიმერიძის გარდაცვალებას აპროტესტებდა და სამართლიან გამოძიებას ითხოვდა. მაშინ ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავდა, ახლა პირიქით...

- ერეკლე, შენი საზოგადოებრივი პროტესტი პირველად ქიმერიძის ამბავთან დაკავშირებით ვნახეთ.

- მანამდეც იყო რაღაცები გასაპროტესტებელი, მაგრამ ეს სოციალურ ქსელს არ სცილდებოდა. ამას ორთქლის გამოშვებას ვეძახი. იქ რომ არიან, მაგარი ტიპები და გარეთ რომ ვერ გამოიყვან, მეც მასეთი ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცებზე თვალს ვხუჭავდი, მაგრამ პატრულის რეფორმა მომწონდა, უცებ ისე იმატა უკანონო ფაქტების გამომზეურებამ, რომ მივხვდი, ამ ქვეყანაში და საერთოდ, დედამიწაზე პირველი ღირებულება ადამიანია და შემდეგ ასფალტი და ფასადები. როდესაც ეს გავაცნობიერე, გამოვედი და ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, თუმცა ვიღაცების მხრიდან აგრესია წამოვიდა, როგორც ყოველთვის, გამოხატვის ფორმებს მიწუნებდნენ. თუმცა ეს იყო ბევრად ადრე, ვიდრე ეს კადრები, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი ქვეყანა. საზოგადოებას ქიმერიძის ამბავზე რომ ხმა აემაღლებინა, შეიძლება, აქამდე არ მისულიყო საქმე. მაშინ ორმოცდაათამდე ადამიანი შევიკრიბეთ და სიმცირის გამო, ქუჩაც ვერ გადავკეტეთ.

- პატიმრის წამების კადრები პირველად ტელევიზიის საშუალებით ნახე?

- სახლში ტელევიზორი სულ გამორთული მაქვს და ყველაფერს ინტერნეტის საშუალებით ვიგებ. "ფეისბუქზე" ვნახე ეს კადრები, რამდენიმე მეგობართან ერთად ვიყავი და იმდენად შოკში ჩავვარდი, რომ გავედი და ერთი ჭიქა არაყი დავლიე, ძალიან იმოქმედა.

- აქამდე არ გქონდა გაგებული, რომ ციხეში მსგავსი ფაქტები ხდებოდა?

- ჩემი კლასი ორად გაიყო, ნახევარი ავღანეთშია, მეორე ნახევარი - ციხეში. ჩემს ერთ ძმაკაცზე ვიცი, რომ ციხეში ცემისგან ბრმანაწლავი გაუსკდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს და მიზეზი რომ ვიკითხე, ბრმანაწლავი აწუხებდაო, მაგრამ მერე ოჯახმა მითხრა, რომ ცემისგან გაუხეთქეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ყოველწლიურ მოხსენებას ვეცნობოდი. ორი წლის წინ მეც წამიყვანეს განყოფილებაში, ძალიან სულელური მიზეზის გამო, არ დავაკონკრეტებ. იქ ვნახე, ჩემს მეგობრებს როგორ აგდებულად ელაპარაკებოდნენ, თავში წამორტყმაც კი დაუწყეს, ჩემ მიმართ არ ყოფილა მსგავსი რამ, მაგრამ სისტემა გაშიშვლდა. ვიფიქრე, იქ რომ ამას ბედავდნენ, სხვაგან რა იქნებოდა. ამ სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა იყო "გაპრავება". შეცდომის აღიარება რომ შესძლებოდათ, ასეთ რეაქციას არ მიიღებდნენ საზოგადოებისგან. კი არ იჭერენ, ახალისებენ დამნაშავეებს. ახლა რომ ამბობენ, ხომ გადადგა მინისტრიო. რა გადადგა, ადამიანმა ქრთამი რომ აიღოს, მარტო სამსახურიდან მოხსნი და არ დაიჭერ? იმავეს ვიტყვი, უნდა დადგეს მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ხალხი აღარ ენდობა მათ, სახელმწიფო მაგალითს უნდა აძლევდეს საზოგადოებას, მაგრამ პირიქით, ჩვენ არაფერს გვპატიობენ. ჯართის ქურდობის გამო, ბავშვებს 13-14 წელს უსჯიან და რეალური მკვლელები არ ისჯებიან.

- როგორ ფიქრობ, დღეს პენიტენციური სისტემაა ამ მთავრობის ყველაზე მთავარი პრობლემა?

- პრობლემის მეტი რა აქვთ. პირველ რიგში, სასამართლო. არსებობს ფაქტები, რომ მოწმეებიც არ იკითხებიან. როდესაც პრეზიდენტი აღმაშენებელს ედარება, არ იცის, რომ პირველი სასამართლო აღმაშენებელმა შექმნა? ყველაზე დემოკრატი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ხდებოდა სისასტიკეები. ამ მხრივ, ამ ქვეყანაში პირველი, რასაც ბოლო მოეღო, ეს იყო სასამართლო და შემდეგ ეს სისასტიკე გადავიდა ციხეებშიც.

- 18 სექტემბრის ღამეს ერთ-ერთი პირველი აანონსებდი ფილარმონიის წინ აქციას და ხალხს სთხოვდი, გამოსულიყვნენ.

- როდესაც ეს კადრები ვნახე, მეგობრებთან ერთად პირდაპირ ფილარმონიასთან გავიქეცი. ვიცოდით, რომ იქ "ვერის უბნის მელოდიები" გადიოდა, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა და დანაფტალინებული ბუბა კიკაბიძე, ანუ ვაზელინი, მღეროდა. მთელი "ელიტა" იქ იმყოფებოდა. თავიდან ოცდაათ კაცამდე ვიყავით და შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მასობრივ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. რაც მთავარია, ყველაზე ჯანსაღი პროტესტი და ძალა აპარტიულ სტუდენტებშია. "ლაბორატორია 1918"-ზე ვლაპარაკობ. ესენი არიან გმირები, რადგან ზეწოლას განიცდიან სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახებიდან, დაიჭირეს კიდეც, მაგრამ ეს ბავშვები არ ჩერდებიან. უსინდისო უნდა იყო, რომ მათ გვერდით არ დადგე.

- როგორ ფიქრობ, ადეკვატური იყო პრეზიდენტის მიერ მოვლენების შეფასება? ორ დღეში მან იუსტიციის სახლიც გახსნა.

- სირცხვილი იყო და ძალიან მიკვირს, ის ყველაფერი, რაც მომწონდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ჩამოიშალა და წყალში ჩაიყარა. ადამიანის უფლებები დაავიწყდათ და გვეუბნებიან, რომ წარსულში დაგვაბრუნებენ. წარსულში ვართ, აბა, სად ვართ. შევარდნაძის დროს როგორც მიხატავენ, იგივე ხდება ახლაც. ასფალტი ჩემთვის მეორეხარისხოვანია და როდესაც ადამიანის უფლება დარღვეულია, ჩემს ხელისუფლებას ამას ვერ ვაპატიებ. მას ავიწყდება, რომ დაქირავებულია და პირიქით, ჩვენ ვიქეცით მონებად. ქვეყანას, როგორც საკუთარ სახლს, ისე უყურებენ, ხალხს არაფერს ეკითხებიან.

- ერეკლე, როდესაც "ვერის უბნის მელოდიები" მესამე დღესაც გაგრძელდა, მაყურებელს აქციის მონაწილეებმა ცოცხების დერეფანი მოუწყვეს, რაზეც მსახიობებმა განაცხადეს, რომ ისინი საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ. ქეთათომ თქვა, - "გაიხსენეთ ტიტანიკის კადრები, როდესაც გემი იძირება და მუსიკოსები მაინც უკრავენ".

- ქეთათო მონაწილეობს? ეგეც არ ვიცი. მისი კომენტარი არ წამიკითხავს, თუმცა ცხონებული ირაკლი რომ ცოცხალი იყოს, ამ საქციელს არ მოუწონებდა, ზუსტად ვიცი. რა შუაშია "ტიტანიკი", როდესაც ქვეყანაში ასეთი სისასტიკე ხდება. როდესაც ვამბობ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს და ბიძინა მოვიდეს. სისტემა მთლიანი ნაწილია, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა. კეთილი ინებოს, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, ყველამ ერთნაირად აგოს პასუხი ხალხის წინაშე. მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის არ მჯერა, მჯერა იმ სტუდენტების, რომლებიც ძალადობას აპროტესტებენ. თუმცა მითხრეს, რომ ქეთათოს კომენატარი "მაესტროს" ეთერში ისეთი იყო, არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო. ჩემთვის უფრო სასაცილო იყო ის მომენტი, რომ დათო ტურაშვილს დაუწყეს კომპრომატების ძებნა. დათო ძალიან მართალი და კარგი ადამიანია, ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება. 1993 წელს რომ ასლანზე რაღაც უთქვამს, თვითონ ავიწყდებათ მოქალაქეთა კავშირი, საიდანაც წამოვიდნენ.

- ერეკლე, თქვენზე, მუსიკოსებზე ამბობენ, რომ ქურდების დაბრუნება გინდათ საქართველოში.

- საყურიანი ძველი ბიჭები დაგვარქვეს (იღიმება).

- თუ არ ვცდები, ეს რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ თქვა თქვენი მისამართით.

- დიახ, ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მთელი ცხოვრება სიმართლის მხარეს ვარ და რა შუაშია ქურდები. საპასუხო კომპრომატი გამოვაქვეყნე მეგობრის კედლიდან, სადაც ბუბა კიკაბიძე დედ ჰასანთან არის გადაღებული, მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამით გოგა ხაინდრავას კი არ ვამართლებ, როგორც პოლიტიკოსი არ მომწონს, მაგრამ იმ კადრებში, რომელიც გავრცელდა, ტიპი სადღაც შედიოდა და გამოდიოდა. ამ ყველაფრის მერე კომპრომატების არ მჯერა. გვაბრალებენ, ვითომ ბიძინა ივანიშვილმა დაგვიკვეთა ეს სიმღერა - სისტემა უნდა დაინგრეს.

- სწორედ ამ სიმღერაზე მინდა ვისაუბროთ, სიმღერის ტექსტი ვინ დაწერა?

- სიმღერის პროდიუსერი ნაჯა ორაშვილი ჩვენი მეგობარია და ტექსტი ყველამ თავად დავწერეთ, ვინც რა პარტიას ვმღერით. სტუდიაში მივედით მუსიკოსები, ავიღეთ გიტარები და ადგილზე დაიწერა ყველაფერი, სადღაც ექვს საათში.

- სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, გაბრალებენ, რომ ძალადობას ძალადობით დაუპირისპირდით.

- მაშინ მაგ ლოგიკით მთელი პანკ-როკი და ჰიპ-ჰოპი უნდა ავკრძალოთ, სადაც მკვლელობის პირდაპირი მოწოდებაა. იგივე ადამიანები, რომლებიც გვაბრალებენ, მოძალადეები ხართო, როდესაც ჩემი წიგნი "საიდუმლო სირობა" გამოვიდა, ამბობდნენ, როგორ შეიძლება, დეისაძის წიგნით რელიგიას რამე წაერთვასო. დღეს იგივე ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ცოცხებით დავდევთ ვიღაცებს, რა სისულელეა!.. კარგია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის და ჩვენი განცდა ერთმანეთს დაემთხვა.

- ამ მოვლენების გამო რამდენიმე მეგობარს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდი. ერთ-ერთი იყო თამარ ჩერგოლეიშვილი.

- თამარასთან ვმეგობრობდი და დღემდე ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, რომელსაც აბსოლუტურად არ ვიზიარებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა და მან ცოტა უხეშად მომწერა, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თამარამ ძალიან დიდი დახმარება გამიწია ერთ-ერთ საკითხზე და მადლობაც გადავუხადე და დღემდე მადლიერი ვარ, თუმცა მომწერა, ყ...-ზე მკიდია შენი მადლობაო.

- ქვეყანაში არსებობს კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, მათ შორის არიან ქრისტიან-დემოკრატები.

- "ქდმ"-ს უნდა ერქვას "შდმ". ეგენი აბსოლუტური დეგენერატები არიან. როდესაც ვნახე, რომ პატიმრის წამების კადრები სარეკლამო კლიპში გამოიყენეს, გიორგი თარგამაძის ნომერს ვითხოვდი, დავურეკავ და ჩემს სათქმელს ვეტყვი-მეთქი. ეგენი არიან უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბინძური პიარისთვის იყენებენ ამ კადრებს და პატრიარქთან თუ ოდესმე მისულან და ხელზე უკოცნიათ, იმასაც. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მაგონებს ჯვაროსნულ ლაშქრობებს, უბრალოდ, ძალაუფლება არ აქვთ, თორემ არ მგონია, მათგან დიდად განსხვავდებოდნენ. ჩემს საახლობლოში ადამიანს არ ვიცნობ, ვინც მაგათ ხმას აძლევს და ისიც ვიცი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის შეხვედრებზე წაიყვანეს ავტობუსებით, ასევე წაიყვანეს თარგამაძესთან შესახვედრადაც.

- ვიცი, რომ კიდევ ერთ სკანდალურ წიგნს წერდი.

- რასაც ვწერდი, ეს ყველაფერი ვიდეოზე ვნახე, ახლა იმას ვფიქრობ, ღირს თუ არა, რომ ეს ყველაფერი მხატვრულად დავწერო.

- შენს წიგნში პატიმრების წამებაზეც წერდი?

- დიახ, კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, რაც მომაწოდეს. მერე ვიფიქრე, რაღა აზრი აქვს-მეთქი, მაგრამ ალბათ აქვს აზრი და ოდესმე გავაგრძელებ.

- ქართველი მუსიკოსები, შოუბიზნესი...

- შოუბიზნესი არ არსებობს, ეგენი არიან ვაზელინები და უნდა ითქვას.

- ნიაზ დიასამიძე და ზუმბა, ეს ად­ამიანები თავის დროზე სწორედ უკ­ანონობას აპროტესტებდნენ.

- მე მიკვირს სად არიან დღეს, სად დგანან. არსად მომისმენია მათი აღშფოთება ან შექება. ჩემი ახალი მუსიკალური პროექტის "40 კილომეტრის" ფარგლებში ორი სიმღერა გადავაკეთე. ერთი "მიშა მაგარია" და მეორე ზუმბას "აფხაზეთო". ეს კონტრკულტურაა, ერთი კამერით გადავიღეთ კლიპი, ბაზარში წავედი, დახლებში დავდიოდი და ვმღეროდი. ხალხი შოკირებული მიყურებდა.

- ბოლო პერიოდში საზოგადოების დიდი ნაწილის გული მოიგე.

- ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან. ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ ამ აქციების ფარგლებში უნივერსიტეტის წინ გამართულ კონცერტზე მამაო და მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის რამდენიმე წევრი მოვიდნენ, რომლებიც ადრე მოსაკლავად დამდევდნენ, მამაომ, მადლობა შენ და შენს მეგობრებსო. ამ სიმღერამ განსხვავებული ტიპები გააერთიანა.

- ერეკლე, არჩევნების შემდეგ საზოგადოება ხმების დასაცავად ქუჩაში რომ გამოვიდეს, შეუერთდები?

- საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია თუ ლეგიტიმურად ცნობს და ფაქტები დაიდება, ვიტყვი, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტა, მიშა იყოს ან არ იყოს. თუ ბევრი დარღვევა გამოვლინდა და ამაზე რეაგირება არ მოხდება, ადამიანების არჩევანს პატივი არ სცა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, გავალ და უმრავლესობის ნებას დავიცავ. შეიძლება, იმ პოლიტიკური პარტიის შეხედულებებს არ ვიზიარებდე, მაგრამ ხალხი თუ ირჩევს, პატივი უნდა ვცეთ. დემოკრატიული სახელმწიფო ესაა.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება