კობა ნარჩემაშვილი: "ახლანდელ მთავრობას ვაფრთხილებ - იცოდეთ, სააკაშვილი 1999 წელს გაიმეორებს!"

კობა ნარჩემაშვილი: "ახლანდელ მთავრობას ვაფრთხილებ - იცოდეთ, სააკაშვილი 1999 წელს გაიმეორებს!"

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2001-2003 წლებში, კობა ნარჩემაშვილი საზოგადოებას მხოლოდ იმის გამოც უნდა ახსოვდეს, რომ შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტში ერთადერთი სახელმწიფო მოხელე აღმოჩნდა, ვინც ქვეყნის პირველი პირი ხავერდოვანი რევოლუციის დღეს ან მანამდე არ მიატოვა. რევოლუციის მერე, სამი თვე ციხეშიც დაჰყო, შიგადაშიგ, საზოგადოებას საკუთარ პოზიციასაც უზიარებდა და ადგილობრივი არჩევნების დროსაც გამოჩნდა 2010 წელს, როგორც ახალი პოლიტიკური ძალის, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი დამფუძნებელი. თუმცა მაშინ არც ოპოზიციური ნიშა იყო ძლიერი და არც ამომრჩეველი იყო მზად ახალი იდეოლოგიის მქონე პარტიის მისაღებად. დღეს, როცა ქვეყანაში სხვა რეალობაა და ხავერდოვანი ხელისუფლებაც, ერთი შეხედვით, ხავერდოვნად ჩანაცვლდა, ექსმინისტრი, კობა ნარჩემაშვილი "ვერსიას" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. საუბარს კი სწორედ რევოლუციამდელი პერიოდის ანალიზით ვიწყებთ, რადგან "ვარდების რევოლუციის", როგორც მოვლენის, შეფასების გარეშე ერიცა და აწ უკვე მოქმედი ხელისუფლებაც იგივე შეცდომების დაშვების საფრთხის წინაშე დგას:

- ხელისუფლება, რომელიც 2003 წელს მოვიდა, ოპოზიციურ ძალად ხელისუფლებაშივე ჩაისახა. 1995 წელი, რომელიც გარდამტეხი პერიოდი იყო ქვეყნის სტაბილურობისთვის, სწორედ ედუარდ შევარდნაძის გავლენიდან გამომდინარეობდა, რადგან მას მხედრიონი და სხვა კრიმინალური ანკლავები უნდა დაემარცხებინა. 1995-ში უკვე კონსტიტუცია იქნა მიღებული, ამავე წელს დაიბეჭდა ლარი, 1997 წელი კი, ხმამაღლა შეიძლება ითქვას, პირველი აღმავლობის წელი იყო ეკონომიკაში. აი, სწორედ ამ დროს, ხელისუფლების შიგნითვე ჩნდება ჯგუფი, რომელიც არსებული მთავრობის გადაყენებაზე იწყებს მუშაობას. ეს ჟვანია-სააკაშვილის, წმინდა ჯგუფურ-კორპორაციული ინტერესით მოქმედი ჯგუფია, რომლის ყველა ქმედება იმ დროს ძალიან კარგად ინიღბება დემოკრატიის მანტიით - ისინი გამოდიოდნენ ხელისუფლების კრიტიკით, ოღონდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და ისე ჩანდა, თითქოს ოპოზიციას წარმოადგენდნენ: აპელირებდნენ საგარეო ფაქტორით და ყველაფერი "დადებითი", რასაც აკეთებდნენ, გათვლილი იყო არა შიდამოხმარებაზე, არამედ საგარეო ფაქტორზე. თავაშვებული პიარტექნოლოგიებით შექმნეს საზოგადოებრივი აზრი, რაც, ვაღიარებ, კარგად გამოუვიდათ. რეალურად, ეს ჯგუფი მიდიოდა ამერიკაში, ლანძღავდა შევარდნაძეს და ემიჯნებოდა ხელისუფლებას. პარალელურად, დაიწყეს მთავრობის უუნარო მდგომარეობაში გადაყვანა. ხელში ჩაიგდეს და შეცვალეს საკანონმდებლო ბაზა და სასამართლო ხელისუფლება, ე.წ. რეფორმირებით, რითაც მიაღწიეს ხელისუფლების თითქმის სრულ უუნარობას.

- თუმცა მათ გაჰქონდათ ეს კანონები სწორედ თქვენი უმრავლესობის პირობებში პარლამენტში.

- რა თქმა უნდა. პარლამენტის თავმჯდომარე ჟვანია იყო, იუსტიციის მინისტრი კი მიხეილ სააკაშვილი. იუსტიციის საბჭოს წევრებიც მათ დააკომპლექტეს. მათ მიიღეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ანუ, ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ მიგვეღო ცვედანი სახელმწიფო, რომელსაც აღარაფრის ძალა შესწევდა, მათ შორის, არც ელემენტარული კრიმინალის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ ჯგუფმა გაილაშქრა ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, შემდეგ ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ და თანამდებობებზე თავიანთი კადრები დანიშნეს. 1998 წელს ქვეყანაში უკვე კრიზისი დაიწყო. 1999 წელს საპარლამენტო არჩევნები მოდიოდა, ამიტომ მათ შევარდნაძე ჯერ კიდევ სჭირდებოდათ, რათა საპარლამენტო უმრავლესობა შექმნილიყო. 2000 წელს კი შევარდნაძე იმდენად უნდა დასუსტებულიყო, რომ არადამაჯერებლად გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ან მეორე ტური ჩატარებულიყო. ამიტომ 1999-ში შევარდნაძე პირადად ახლდა სააკაშვილს ვაკის არჩევნებზე, ალბათ, ყველას ახსოვს, ხელსაც როგორ ურტყამდა მხარზე, ეს თქვენი მომავალი პრეზიდენტიაო.

მოკლედ, ამ დაპირისპირებას ძალიან კარგად ნიღბავენ, მაგრამ უკვე 2000 წლის აპრილში, როგორც კი შევარდნაძე მეორე ვადით აირჩიეს, მაშინვე გაჩნდა გადაცემა 60 წუთი. ამის მერე იწყება საბოტაჟი, ხელისუფლების ჩანგალზე წამოცმა, მისი მარგინალიზება და მოფამფალება. ეს ჯგუფი იწყებს შევარდნაძის გარემოცვისა და საკუთარი თავის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამ თემაზე პირველი ცნობილი დაპირისპირება უშიშროების საბჭოზე ხდება - პირველმა სწორედ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ საჯაიამ უთხრა ჟვანიას, მიზანმიმართულად აკეთებდით ყველაფერს, რათა შევარდნაძეს არ გაემარჯვა ამ არჩევნებშიო. ეს იყო პირველი კონფლიქტი, მე კი ხელისუფლების შიგნით მოვიაზრებოდი, როგორც საჯაიას კადრი.

- არა მარტო თქვენ, საჯაიას კადრებით იყო დაკომპლექტებული ლამის მთელი ძალოვანი სისტემა - თქვენ, სულხან მოლაშვილი, ვალერი ხაბურძანია. ეს სერიოზული ძალა არ იყო ამ გეგმის ჩასაგდებად?

- იცით, ჩვენთვის 2003 წელს უცხო და ახალი არაფერი ყოფილა, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, ძალიან კარგად ვიცოდით, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა. პრინციპში, ჩვენ ჩაბმული ვიყავით ყოველდღიურ რუტინულ მუშაობაში, ისინი კი ჩვენი პიარსაბოტაჟით დაკავდნენ!

- თუმცა ალბათ, ქვეყანაში არსებობდა რაღაც ნიადაგი, რაც ამ ადამიანებმა თავიანთი პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენეს. ახლანდელი გადმოსახედიდან, რა მიგაჩნიათ მაშინდელ მთავარ პრობლემად?

- მომხდარი არ იყო ეკონომიკური კრიზისის შედეგი, მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ - ეს ქვეყნის პოლიტიკურმა კრიზისმა მოიტანა. ეს იყო მიზანმიმართული საბოტაჟი ხელისუფლების შიგნით. იცით, ჟვანია თუ რაიმეს მსხვერპლი გახდა, მაშინ, შეიძლება ითქვას, სწორედ იგივე პოლიტიკას შეეწირა, რა პოლიტიკასაც თავად ახორციელებდა შევარდნაძის წინააღდმეგ.

- რას გულისხმობთ?

- გაიხსენეთ, ზურაბ ჟვანია გარდაცვალების წინ აშშ-ში იმყოფებოდა. იქ რა მოხდა, რაზე ისაუბრა, ვის შეხვდა და ა.შ. ძალიან საინტერესოა. ჩვენ არ ვიცით, რეალურად, ზურამ იქ რაზე ილაპარაკა. მე კი დარწმუნებული ვარ, მან ძალიან მწვავედ ისაუბრა სააკაშვილის ხელისუფლებაზე. თუმცა ეს ახლა ცალკე თემაა.

- მანამდე საჯაიას "თვითმკვლელობას" დავუბრუნდეთ. ლოგიკურად, საჯაია ამ გუნდისთვის საფრთხეს ქმნიდა, საინტერესოა, ამ დაპირისპირების შემდეგ, როგორ გაგრძელდა ურთიერთობა მათ შორის? თან მაშინ იმასაც ამბობდნენ, საჯაიას თვითონ უნდა ხელისუფლებაში მოსვლაო.

- საჯაიასავით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ამდენად მოწესრიგებული და სრულყოფილი მე არც შემხვედრია! ეს იყო ადამიანი, რომლისთვის ქვეყანა უპირველესი იყო. მას არასდროს ღალატობდა ტაქტი და ბრალს კორუფციაშიც ვერავინ სდებდა, სწორედ ამიტომ უპირისპირდებოდნენ მხოლოდ სიცრუითა და სიბინძურით. საქართველოს მისნაირი 3-4 კაცი რომ ჰყავდეს, ამ ქვეყანას არაფერი უჭირს.

შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რეალურად, ვინ უპირისპირდებოდა, ამიტომ მოსაჩვენებლად, რაღაც თანამდებობებს ამ ე.წ. რეფორმატორებს აძლევდა, მაგრამ ძალოვანებს არ თმობდა. შეიძლება, საჯაია ჩრდილში იყო, მაგრამ მე ვიცი, რამხელა იყო მისი რეალური გავლენა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ რეფორმატორების გუნდი შეეცადა, გიორგი სანაიას მკვლელობა სწორედ შევარდნაძის წინააღმდეგ - რევოლუციის დასაწყებად გამოეყენებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. წლების მანძილზე გამომძიებლად ვიმუშავე, სხვანაირად ვუყურებ ბევრ რამეს და ფაქტია, საჯაიას წინააღმდეგ დიდი პიარკამპანია მის სიცოცხლეშივე აგორდა, რასაც თავადაც კი მორალურ ტერორს უწოდებდა! წყალი იმასაც არ გაუვა, რომ ეს გუნდი სწორედ საჯაიას გავლენის ნეიტრალიზებას ცდილობდა, რაც ავტომატურად ანეიტრალებდა საჯაიას მიერ დანიშნულ ადამიანებს, მათ შორის, მეც.

საჯაია ცოცხალი რომ ყოფილიყო, მე და შევარდნაძეს ურთიერთნდობისთვის ამდენი დრო არ დაგვჭირდებოდა. შევარდნაძე არ არის ის პოლიტიკოსი, ვინმეს უცებ ენდოს, ხოლო როცა მენდო, უკვე გვიანი იყო.

- აუცილებლად უნდა შევეხოთ ჟვანია-თარგამაძის გადადგომასაც, რაც ჟვანიას მხრიდან მორიგი პოლიტიკური ნაბიჯი იყო.

- ნამდვილად, ეს იყო ჟვანიას წმინდა პოლიტიკური ნაბიჯი, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა. სხვათა შორის, ჟვანია ოპოზიციაში იმ განცდით გადავიდა, რომ აუცილებლად სხვა სტატუსით დაბრუნდებოდა. ეს მეთოდი და ფორმა ასეთი ჯგუფებისთვის ძალიან კარგადაა ნაცნობი. ამაში ჟვანია შეუდარებლად მაღალი კლასის მოთამაშე იყო. იმასაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემს ბოლომდე პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას შევარდნაძემ არ შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ვიყავი, ჩემი ყველა პოლიტიკური განცხადება შოკში აგდებდა როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. ამას არც შევარდნაძე უჭერდა მხარს და რაკი ამას ვგრძნობდი, მაქსიმალურად ვერიდებოდი პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლას. სამწუხაროდ, ვერასდროს ვიგრძენი, რომ ზურგი მქონდა ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ თუ ვინმეს შეეძლო მთავრობის დაცვა, ეს სწორედ მე ვიყავი!

- ბუნებრივია, თქვენ არ გყავდათ დასაყრდენი, პარალელურად კი, ეს ე.წ. რეფორმატორების გუნდი მუშაობდა შევარდნაძის მთავრობის სხვა წევრებზე. მაგალითად, გახმაურებული ფაქტი იყო, რომ სააკაშვილი სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს კანცელარიაში ხვდებოდა და მისი მთავარი მოთხოვნა სწორედ თქვენი გადადგომა იყო.

- სააკაშვილსა და ჯორბენაძეს 2 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ხშირი შეხვედრები ჰქონდათ. 2003 წლის 6 ნოემბრის ღამეს კი, ჟვანია მიიყვანეს შევარდნაძესთან. აქ საკითხი ასე იდგა - ამ ჯგუფს არჩევნებში იმაზე უარესი ადგილი არ უნდა დაეკავებინა, ვიდრე "აღორძინებას" ჰქონდა. შეხვედრის მეორე დილას პრეზიდენტმა თავად დამირეკა და მეუბნება, იცი, შენს გადადგომას ითხოვს ჟვანია და ამბობს, რომ ამის მერე ყველაფერი დაწყნარდებაო. ვუთხარი, მაგაზე ადვილი რა არის, ახლავე მოვდივარ და განცხადებას ვწერ-მეთქი, მაგრამ უარი განაცხადა. მთელი 2003 წლის განმავლობაში ეს შეთავაზება მას რამდენჯერმე გავუკეთე:

2003 წლის იანვარში, როცა მივხვდი, რომ უმოქმედობა სერიოზულ ჩიხში შეგვიყვანდა, მე კი სიტუაციის მძევალი ვხდებოდი. მეორე - 2003 წლის 4 თებერვალს, როცა შევარდნაძის წინააღმდეგ შეთქმულება დამაბრალეს. 7 ნოემბერსაც შევთავაზე, გადავდგები, იქნებ, ამით მართლა დასტაბილურდეს სიტუაცია მეთქი. ნუ ცხარობ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვილაპარაკოთო, მიპასუხა. იმ სხდომაზე მთელი უშიშროება დამხვდა, მათგან ზოგი უკვე გადაბირებული იყო, ზოგიც - გადაბირების პროცესში. შევარდნაძემ სხდომაზე ასე დაიწყო, კობას გადადგომას ითხოვენ და რა აზრის ხართო. ყველა გაიტრუნა, ამის გადადგომით თუ გადავრჩებით, კარგი ამბავიაო, მაგრამ ხმა კაციშვილმა არ ამოიღო. ფიქრობდნენ, რომ ჩემი საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და შვებით ამოისუნთქეს, როცა შევარდნაძემ თქვა - თვითონაც მზადაა, წავიდესო. ყველა მის ბოლო სიტყვას ელოდა, შევარდნაძემ კი მაგიდაზე ხელი დაარტყა და განაცხადა, არა, ეს კაცი არ გადადგებაო. პასუხად კი იქვე ვთქვი და შეგიძლიათ, იმ სხდომის ოქმიც ამოიღოთ - აქ მყოფთაგან ბევრი ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს-მეთქი!

- როგორ ფიქრობთ, როდის გაუშვა თქვენმა ხელისუფლებამ ხელიდან მართვის სადავეები და რაში იყო თქვენი გუნდის სისუსტე?

- შეიძლება, საქმე ისე წასულიყო, რომ ნოემბრის რევოლუცია აგვერიდებინა თავიდან. თუნდაც, შევარდნაძეს შეეძლო, სხვანაირად ემოქმედა. ბოლო მომენტამდე, სააკაშვილ-ჟვანიას გუნდი მზად იყო დაემთავრებინათ აქციებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუ მთავრობა გადადგებოდა, ძალოვანების გამოკლებით.

შევარდნაძის ხელისუფლებაში ზოგიერთმა ნარის გლეჯა ჩემი ხელით მოინდომა - უნდოდათ, ჩემს თავზე ის პასუხისმგებლობა ამეღო, რასაც შთამომავლობა არ მაპატიებდა, თან თვითონ არ უნდა გადამდგარიყვნენ. 2-დან 22 ნოემბრამდე ბევრჯერ შეიძლებოდა სიტუაციის დალაგება, ბოლო დღესაც, 22-23 ნოემბრის ღამეს შეიძლებოდა ყველაფრის შეცვლა, რომ არა დიდი ღალატი და ქვეყანა თავიდან ამ 9-წლიან კოშმარს აიცილებდა "ნაციონალური მოძრაობის" სახით!

შევარდნაძის ბოლო გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ კი, დათმობად რომ აფასებენ, ასე არ იყო - ეს იყო მისი სურვილი, "თქვენ რომ გინდათ, ისე არ იქნება. მინდა დღეს წავიდე სახლში და არა 6 თვის მერე, როგორც თქვენ გსურთო".

- რუსეთის როლზეც ვისაუბროთ "ხავერდოვანი ჩანაცვლების" პროცესში. ვიცით, რომ ჟვანიას სწორედ რუსეთის ბანკმა მისცა 102 მილიარდი სესხად, რის შემდეგადაც გაძლიერდა "რუსთავი 2", დაიწყო გოგიჩაიშვილის "60 წუთი", დაფინანსდა გამოძიებები შევარდნაძის წინააღმდეგ, რევოლუციის დღეს კი საერთოდ ბორის ივანოვი ჩამოვიდა საქართველოში. როგორ შეგიძლიათ ახსნათ ეს ყველაფერი?

- რუსეთს 2017 წელს სევასტოპოლიდან ბაზების გაყვანა უწევს და შავ ზღვაში ფლოტი არ რჩება. აგერ, ოჩამჩირეში უზარმაზარ ბაზას აშენებს და მითხარით, რომელი მდგომარეობა სჯობს - ის, რაც 2008 წლის მერე 4 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა? მაგრამ ახლა ნახეთ, რუსეთი რას გვეტყვის - 2008 წლის მერე 4 წელი გავიდა, მას მილიარდები აქვს დახარჯული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და საკითხს მარტივად დააყენებს: მოდით, იმაზე ვილაპარაკოთ, ამ ფულის კომპენსაცია როგორ შეიძლებაო.

რუსეთს საქართველოსთან უბრად ყოფნის დრო ჰაერივით სჭირდებოდა, რაც მიიღო კიდეც ამ ხელისუფლების პირობებში. ივანოვის ჩამოსვლა კი მარტივი ასახსნელია - ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან მყიფე ვითარება იყო ქვეყანაში, სათავეში ახალი ადამიანი მოდიოდა. იფიქრეს, ამ პროცესებმა ჩვენს მიღმა არ ჩაიაროს, მოდი, ამ ახალ კაცს ხელს წავუკრავთო. შევარდნაძემ მას უთხრა, აჭარა არ უნდა დავკარგოთ. ამასობაში, სწორედ ბათუმისკენ მიმავალ თვითმფრინავში მჯდომმა ივანოვმა გაიგო, რომ შევარდნაძე გადადგა. მოკლედ, ედუარდ შევარდნაძემ, იმ მომენტში თავისი გადადგომით, დემარში გააკეთა რუსეთისა და ამერიკის მიმართ!

თვითონ 23 ნოემბერი, როცა სააკაშვილთან შეხლა-შემოხლა მოხდა, პარლამენტში შემომიშვიო, იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ არის წმინდა ადამიანური მომენტები, რის გამოც დეტალებზე საუბარი არ მინდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაშინ იუსტიიის შემობრუნება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა. შევარდნაძემ მკითხა კიდეც: როგორ გგონია, რის ხარჯზე შეიძლება დაკავებული პარლამენტისა და კანცელარიის შენობის გათავისუფლებას მივაღწიოთო. ვუთხარი, რომ აუცილებლად იქნებოდა მსხვერპლი, რადგან შიგნით შეიარაღებული ხალხი დაიხოცებოდა, ამიტომ შევარდნაძეს ვუთხარი - ეს ყველაფერი თქვენს ხასიათზეა გათვლილი და იციან, რომ გადადგებით-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს, თქვენით წახვალთ, თუ ჩვენს ხალხს დავხოცავთ, წასვლა მაინც მოგიწევთ მეთქი. ამ დროს, სააკაშვილი და მისი გარემოცვა დაინტერესებული იყო იმით, რომ ჩვენ სისხლი დაგვეღვარა. რა თქმა უნდა, ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, ეს არ დაგვეშვა. თან ორი აზრი არ არსებობს, რომ დარბევის შემთხვევაშიც, ხელისუფლებას ვერ შევინარჩუნებდით.

- მაგრამ მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ გაეცით რამდენიმე დარბევის ბრძანება.

- რა ბრძანება გავეცი? მე დარბევის არც ერთი ბრძანება არ გამიცია, მაგრამ რომ გამეცა, შესრულდებოდა!

- პირდაპირ გკითხავთ - როგორ ფიქრობთ, დაკარგეთ თუ არა კონტროლი სტრუქტურაზე? ხალხი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს პოლიციის კორდონებს და ამბობდა, რომ პოლიცია ხალხის მხარეს გადავიდა. თქვენ ბოლომდე განეიტრალდით, როგორც ძალოსანი მინისტრი?

- არა, პოლიციის დიდი ნაწილი ბრძანებას ემორჩილებოდა. მხოლოდ ის ერთი კორდონი გადავიდა, ასე ვთქვათ, "რევოლუციონერების" მხარეს. სიტუაცია იქამდე ნამდვილად არ მისულა, რომ ვინმე ვერ დაგვემორჩილებინა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ! გარდა ამისა, ხალხზე კონტროლი ძალადობით რომ მომეპოვებინა, მაინც მოკლევადიანი და დროებითი იქნებოდა, თან ჩემი პერსონის სრულ მარგინალიზებას გამოიწვევდა.

- როცა ამ ყველაფერს წლების მერე აფასებთ და პოლიტიკურად გააქტიურება გადაწყვიტეთ, თქვენს საკუთარ დანაშაულს, როგორც ძალოსანი უწყების მინისტრი, ვერაფერში ხედავთ?

- ალბათ, ჩემი მხრიდან მეტი პრინციპულობა იყო საჭირო ყველაფერთან, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე და სიმწვავე უნდა გამომეჩინა. ეს რა შედეგებს მოიტანდა, საბოლოო ჯამში, კაცმა არ იცის, მაგრამ მეტი პრინციპულობის გამოჩენა, რა თქმა უნდა, აჯობებდა! ვხედავ ბევრ შეცდომას ჩემს თავში, თუნდაც საკადრო თვალსაზრისით, იგივე, ზოგიერთ მოადგილესთან, ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმართებაში. თუმცა ხშირად, შეცდომების მთელი წილი, ვითარებაზე იყო დამოკიდებული, როცა რაღაცის ფასად, რაღაცის შენარჩუნება მიწევდა. რაც შეეხება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, მიმაჩნია, აქ შეცდომა არ დამიშვია. იყო ტაქტიკური შეცდომები, რასაც ვაღიარებ, მაგრამ აქვე ვამბობ, ხშირ შემთხვევაში, ვითარების მძევლები ვიყავით.

- ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რასაც ვერ წამოგაძახებენ, ღალატია - როგორც შს მინისტრი ბოლომდე შევარდნაძის გვერდით იდექით, რატომ? რაღაც გარანტიები გქონდათ?

- ბიძინა ივანიშვილმა ამას წინათ კარგი რაღაც თქვა - ვინც რაღაცას აკეთებს, საკუთარ თავს უკეთებსო. არც მე მინდოდა, ოდესმე ნაღალატევი ვყოფილიყავი და პრეზიდენტს ამიტომ არ ვუღალატე! მაშინ ძალიან ბევრმა ადამიანმა ძალიან ცუდი როლი შეასრულა. იყო ჩემი გადაბირების არაერთი მცდელობაც, იმართებოდა შეხვედრები, იყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ახლა, უბრალოდ, კონკრეტული ადამიანების დასახელების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თორემ ერთ-ერთმა მათგანმა იმ ზომამდეც მიმიყვანა, ლამის ვესროლე! ახლა ამ ყველაფრის მნიშვნელობა იმდენად დაბალია, გვარებზე საუბარს აზრი აღარ აქვს... ვიცოდი, იოლი გზა არ მექნებოდა გასავლელი, მაგრამ არც დანაშაული მქონდა ჩადენილი და ვერაფერს დამაბრალებდნენ. იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი იწყებოდა, მაგრამ სულიერი წონასწორობა შენარჩუნებული მქონდა. რაც შეეხება გარანტიებს, არანაირი გარანტია, არც ერთ ეტაპზე, არავისგან მქონია!

- მაშინ როგორ მოხდა, რომ "ვარდების რევოლუციიდან" ერთი წლის მერე 2-3 თვით დაგიჭირეს და არა მანამდე?

- მე რომ დამაკავეს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის სპეციალისტი ვიყავი და გამომძიებელი ვარ, ჩემი ბრალდება ხელშიც არ ამიღია. გინდ წამეკითხა, გინდ არა - აზრი არ ჰქონდა. ბრალდება ის იყო, ვითომ ქვეყანაში უკანონოდ შემოვიტანე რეზინის ტყვიები და მომწამლავი გაზი. ამ დროს, გაზი ოფიციალურად გადმოგვცა აზერბაიჯანულმა მხარემ, რომლის შემოსატანად სამეურნეო სამმართველოს უფროსი გავგზავნე, მაგრამ ჩანს, ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს. სხვათაშორის, კანონმდებლობის გაუკუღმართებაზეც მინდა გითხრათ: კონსტიტუციას ამ დღეებშიც ჩავხედე და ასეთი შედარების გაკეთება შემიძლია - გლდანის მერვე საპყრობილე კონსტიტუციაშია გადატანილი! ეს არის ძალადობა კანონზე, რომლის მიხედვით არც ერთის საკანონმდებლო სისტემის მიმდევრები არ ვართ. არც საპარლამენტო რესპუბლიკას მივეკუთვნებით, არც - საპრეზიდენტოს. მაშინ ბრალი არ მიღიარებია და შევთანხმდით, თანხა გადავიხადე და გამოვედი, რათა ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დამეკარგა. მიზეზი, რატომაც რევოლუციიდან ერთი წლის მერე დამიჭირეს ისაა, რომ ის 1 წელი საერთოდ არ ვჩანდი და ერთი წლის მერე გამოვჩნდი ნანული შევარდნაძის დაკრძალვაზე. ის ვერ მაპატიეს, რატომ გამოვჩნდი წელში გამართული, რატომ არ ვიყავი დაბეჩავებული, უკანა კარიდან რატომ არ შევიპარე და ჩუმად რატომ არ მივუსამძიმე შევარდნაძეს. მერე ხშირად იმეორებდნენ ხოლმე ჩემზე, ჩვენი მოწინააღმდეგეა, არ უნდა გაგვეშვა, უნდა დაგვესაჯა, იქნებ კიდევ რამე მოვიფიქროთო. არაფრის ფასად არანაირი გარანტიები არ ამიღია, ზუსტად ვიცოდი, რაზე მივდიოდი! მესმოდა, რომ იყო დაჭერები, ტერორი, ხალხი აღფრთოვანებული იყო "ვარდების ხელისუფლებით", ხალხი სისხლს ითხოვდა. მიდიოდა თავების დაყრა, ადამიანებს კონვეირებით აგზავნიდნენ ციხეში და ეს დაპატიმრებულები ტაშის კორიდორებში გადიოდნენ. მერე პროლეტარიატის აღტკინებას ტაშს უკრავდა ჟურნალისტიკა - მოკლედ, იყო სანახაობა, არ იყო პური და მაშინ ვთქვი ფრაზა, რომელიც დიდხანს ატრიალეს - უხერხულიც კია, სააკაშვილმა ციხეში არ ჩაგსვას მეთქი. თუ ეს ტენდენცია ამ მასშტაბებს მიაღწევდა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაღიარებ და არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს, ვისაც თავი ყველაფრის განმჭვრეტად მოაქვს.

- ამბობთ, რომ არ ელოდებით რეჟიმის ასეთ ქმედებას, მას მერე, რაც იმაზე ყვებით, 1999 წლიდან 2003 წლამდე აკეთეს?

- არ ველოდი ასეთ მასშტაბებს. არ ველოდი, თუ უსამართლობა ასეთ ხარისხში ავიდოდა და ასეთ სოციოპათიურ მოვლენასთან გვექნებოდა საქმე. მაღიზიანებენ ადამიანები, ვინც რაღაც იცის და ამით მანიპულირებს, ამ როლს არასდროს მოვირგებ. მაშინ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა და მთელი ეს წლები მოლოდინში გავატარე. არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ სწორად მოვიქეცი, არც ერთი წამით არ გადამიხვევია სახელმწიფოს ინტერესებიდან. ზუსტად ვიცოდი, რომ საზოგადოებას ამ ხელისუფლებაზე მალე ასეთი შეფასება ექნებოდა, რაც დღეს აქვს!

- თქვენც კარგად გაგიმეტებიათ საზოგადოება, შევარდნაძისა არ იყოს. თან ამბობთ, ზუსტად იგივე სცენარი შეიძლება ახლაც განვითარდესო. კიდევ რას ელოდებით, ბატონო კობა?

- დროს კი არ ველოდებოდი, ხმამაღლა ვამბობ, რომ ძველი ხელისუფლება მისთვის ხელსაყრელ მდგომარეობაში გადადის, როცა სურს, ახალი ხელისუფლება ჩანგალზე ჰყავდეს წამოგებული. ახლანდელ მთავრობას მინდა ვუთხრა - იცოდეთ, რომ სააკაშვილი გაიმეორებს 1999 წელს ტელევიზიებში, მოქმედებებში, საკანონმდებლო ოარგანოში, გაცილებით მეტი რესურსით, კომუნიკაციების მეტი საშუალებით უცხოელებთან, მეტი ლობისტური კომპანიებით, მეტი სტრუქტურებით!

- სამაგიეროდ, ახლა ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ძველებური.

- ეგ ერთი, და იცით კიდევ რაში უჭირთ? საერთოდ, ორი მომენტია, რის გამოც რევოლუციები ეწყობა: მშიერი ბუნტი და უსამართლობა. 2003-ში, ხალხი მშიერი კი იყო, მაგრამ ახლა, ამ ხელისუფლების შეცვლაში, გადამწყვეტი როლი მაინც უსამართლობამ ითამაშა. იმ წლებისგან განსხვავებით, სახე, რომელიც აწ უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა, წლების მანძილზე ვერ მიეცემა დავიწყებას. ამ წლებს, რევოლუციამდელ და რევოლუციის პერიოდს, სერიოზული შეფასება სჭირდება. "ნაციონალების" მოღვაწეობა არ უნდა იქნას დაყვანილი სისხლის სამართლის ცალკეულ დანაშაულებამდე, ცალკეულ პერსონებამდე, ეს, როგორც მოვლენა, ისე უნდა შეფასდეს!

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა