"რუხი კარდინალები" ბიზნესში და თავისუფალი ფულით შეშინებული ხელისუფლება

"რუხი კარდინალები" ბიზნესში და თავისუფალი ფულით შეშინებული ხელისუფლება

გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი განიხილეს, მათ შორის ისეთიც, რაზე საუბარს ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლები მიზეზთა გამო თავს არიდებდნენ. ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან კერძო ბიზნესზე ზეწოლა ხდებოდა, რომ ბაზარზე ბევრ სექტორში მონოპოლია არსებობს, რაც საბოლოოდ, მომხმარებელს აზარალებს, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს კრედიტებზე ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებულია. მაგალითად, ახალმიღებული კანონის შედეგად, ბანკმა "ქართუმ" ერთი თვის განმავლობაში, 190 მილიონი დოლარი იზარალა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კანონი, "ქართუს" გარდა, არც ერთ სხვა ბანკს არ შეხებია და არც არავის გაუპროტესტებია.

სხვათა შორის, ამ კანონის მოქმედების ერთ-ერთი ბოლო შედეგი, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის კუთვნილი კომპანიების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა იყო - სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების გამო, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ისაკაძე მაშინაც და ახლაც ადასტურებს, რომ ჰქონდა ვალდებულებები როგორც სახელმწიფოს, ისე "ქართუს" წინაშე, თუმცა, ბევრი სხვა ბიზნესმენისგან განსხვავებით, ის ასევე ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას ბანკ "ქართუს" 'გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გამოთქმული დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს მისი ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებაა.

ბუნებრივია, მომავალი პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრას გიორგი ისაკაძეც ესწრებოდა, მაგრამ მასთან საუბარი ცოტა უფრო "შორეული" მოვლენებით დავიწყე:

- დარბაზში ყოფნისას გამახსენდა 9 წლის წინ, "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლების შეხვედრა კერძო სექტორთან. თუ არ ვცდები, მაშინ ბიზნესმენთა ფედერაციის თავმჯდომარე იყავით, არა?

- იმ დროს, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ. შეხვედრაზე მოვიდა ზურაბ ჟვანია და მაშინდელი მინისტრთა კაბინეტი. მაშინაც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა შეხვედრა მთავრობასა და ბიზნესს შორის და მეორე საათის მიწურულს მიხეილ სააკაშვილიც მოვიდა. როცა შეხვედრა დასრულდა, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესმენთა ფედერაცია ფუნქციონირებას გააგრძელებდა და მე წარმადგინა, როგორც ფედერაციის მხრიდან საკონტაქტო პირი. თქვენი კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია და ახლა მეც გამახსენდა ის შეხვედრა. ისიც ისეთივე მოლოდინებით იყო სავსე, როგორიც რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან გაიმართა. თუმცა ერთს აქვე ვიტყვი და ვიცი, რომ ბევრს ეს არ ესიამოვნება: ამ ორი შეხვედრის მოქმედი პირები და მათი კომენტარები თითქმის ერთნაირია. ამაზე პიროვნულად მწყდება გული. არ მაქვს უფლება, ზოგადად ბიზნესის სახელით ვილაპარაკო, ბიზნესმენი იქნება ის, მთავრობის წევრი თუ რიგითი მოქალაქე...

- რა დაპირებებით მოდიოდა ის მთავრობა და რეალურად რა მიიღო ბიზნესმა?

- დღევანდელობისგან განსხვავებით, მაშინ ძალიან პრობლემური საგადასახადო კოდექსი გვქონდა. მაშინაც იყო და სამწუხაროდ, ახლაც აქტუალურია მიუკერძოებელი სამართალი. ჩვენი, როგორც ბიზნესმენთა ფედერაციის მთავარი სატკივარი მაშინაც და ახლაც არბიტრაჟის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაა და მიხარია, რომ საკითხმა ისევ წამოიწია წინა პლანზე. აქტუალური იყო და არის საკუთრების უფლების დაცვა. ზოგადად, იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რომ იქნებოდა ინვესტიციების მოზღვავება. წინა ხელისუფლების შესრულებული დანაპირებიდან ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასახელოთ: კრიმინოგენური ვითარების გამოსწორება და გადასახადების შემცირება. ამ ფაქტს უნდა გავუსწოროთ თვალი და არ უნდა დავიწყოთ წინა ხელისუფლების გინება. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ბიუჯეტის შევსების პრობლემაც იდგა. ხელისუფლება ფაქტობრივად, "ხვეწნის რეჟიმში" იყო გადასული, რომ გადასახადები ამოეღო.

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში საგადასახადო არბიტრაჟიც არსებობდა...

- არბიტრაჟმა ცოტა ხანს მართლაც იარსება, რადგან ბიზნესმენთა ფედერაციამ ამ საკითხს ძლიერი ლობირება გავუწიეთ, მაგრამ შემდეგ, ბიზნესის სასარგებლოდ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გამო, ხელისუფლება არბიტრაჟის წინააღმდეგ წავიდა. ამაში დაინახა "ხვრელი", საიდანაც შეიძლებოდა, დიდი ფული დაეკარგა, ამიტომ უბრალოდ, "თემა დახურა".

- გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ერთი ხელით თითქოს განვითარების ასპარეზი მისცა კერძო სექტორს, მეორით კი "რკინის მარწუხებში" მოაქცია?

- უფრო პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ხელისუფლებას ე.წ. თავისუფალი ფულის ეშინოდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ეშინოდა ქვეყანაში საშუალო ფენის ჩამოყალიბების, რისი სიმპტომები რუსეთ-საქართველოს ომამდე არსებობდა კიდეც. ეს შიში ყოველთვის ამუხრუჭებდა ბიზნესის განვითარებას. ამას ემატებოდა ფაქტობრივად ზღვარგადასული ქმედება გადასახადების ამოღებისა და საკუთრების ხელყოფის კუთხით.

- თუმცა ბიზნესის უფლებების დასაცავად, ხელისუფლებამ შექმნა დავების განხილვის საბჭო შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში...

- ბევრმა ისარგებლა კიდეც ამ სამსახურებით. სრული ობიექტურობისთვის აუცილებელია აღვნიშნო, რომ მე არასდროს მითქვამს უარი და როგორც ბიზნესმენს, მქონია დავა ორივე აღნიშნულ უწყებაში. მაგრამ, როგორც ასოციაციის წარმომადგენელი, ვამბობდი და ვამბობ კიდეც, რომ დავების განხილვის საბჭო ხდებოდა "პრობიზნესური" ან "არაპრობიზნესური", იმის მიხედვით, თუ ვინ იყო კონკრეტული უწყების ხელმძღვანელი. მაგალითად, თუ ფინანსური უწყების ხელმძღვანელად ინიშნებოდა "პრობიზნესური" და საქმეში ჩახედული ადამიანი და არა ხისტი, "ნაჯახის პრინციპით" მომუშავე პიროვნება, დავების საბჭო ეფექტიანად მუშაობდა და კვირის განმავლობაში 300-400 საქმეს განიხილავდა. მაგრამ დავების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება ხომ ვერ იქნებოდა 100%-ით ობიექტური, ამიტომ ბიზნესს რჩებოდა უფლება, სასამართლოსთვის მიემართა, ეს კი არავის უნდოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დავების განხილვის საბჭოც მხარეს წარმოადგენდა და ბიზნესმენს ყოველთვის რჩებოდა კითხვა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია: მე თუ გამამართლე და აღმოჩნდა, რომ შენ თვითონ არასწორად დამარიცხე გადასახადები, პასუხისმგებლობა არ უნდა დაგეკისროს?.. შემოსავლების სამსახურის არასწორი გადაწყვეტილებების გამო ძალიან ბევრი ბიზნესი გაჩერდა. შეიძლება, ქვეყანაში საუკეთესო კანონმდებლობა გვქონდეს - ფინანსური, ბანკების რეგულირების, საგადასახადო კოდექსი, - მაგრამ არაფერს აქვს ფასი, თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო.

- ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ ახსენა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ბიზნესზე. იქნებ გვითხრათ, რა სახის ზეწოლას გულისხმობდა ანუ: ზეწოლას კანონის მიხედვით თუ ხელისუფლების სახელით მოქმედი პირების მხრიდან, რომლებიც ბიზნესს პირდაპირ "აწერდნენ" ფულს?

- ბიზნესს თვითკონტროლი გაუჩნდა - ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს იგულისხმა: როცა ოპერირებ ქვეყანაში, სადაც "აპრიორი" იცი, რომ ხელისუფლებისთვის თავისუფალი ფული საშიშროებას წარმოადგენს, ადამიანს, კერძო სექტორს თვითკონტროლის, თვითცენზურის სურვილი უჩნდება. სახელმწიფო სამსახურს ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია შემოსავლების სამსახური, მაგრამ არსებობს კიდევ სახელმწიფო ტენდერები, ნებართვა-ლიცენზიები და ა.შ. რომელიმე ერთი "კეისი" რომ გამოვიტანოთ სამსჯავროზე, სუბიექტურები ვიქნებით, რადგან ამ ემოციური ტალღით არ უნდა ვისარგებლოთ. ამისთვის არსებობს სასამართლო, რომელიც თითოეულ შემთხვევაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. მახსოვს, როცა ბიზნესომბუდსმენად კარგი ადამიანი და საგადასახადო კოდექსის კარგი მცოდნე, გიორგი პერტაია დაინიშნა, გულწრფელად ვუსურვე, ყოფილიყო ბოლო ბიზნესომბუდსმენი ამ ქვეყანაში: ასეთი თანამდებობის არსებობა უკვე დეკლარირებაა იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესს პრობლემა აქვს.

- გაჩნდა ცნება - ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი...

- მეგაპროექტებში და ზოგ არცთუ ისე დიდ პროექტში, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერი განხორციელდება. თუ ბიზნესისა და ხელისუფლების ეს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან სიახლოვეს ნიშნავს, მაშინ ვადასტურებ, რომ ასეთი კომუნიკაცია ბევრ ბიზნესს ჰქონდა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, წელიწადში მილიარდ ლარს ხარჯავდა და ამაში 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

- თუმცა სწორედ ეს კომუნიკაცია წარმოშობდა ელიტურ კორუფციას...

- ეს სულ სხვა რამეა. არის ეჭვი, რომ არსებობდნენ ადამიანები, ე.წ. "რუხი კარდინალები", რომლებიც წარმოადგენდნენ შუალედურ რგოლს ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის. ამ შუალედური რგოლის დახმარებით კი სახელმწიფო მოხელეები მდიდრდებოდნენ. არაობიექტური გადაწყვეტილებები, არასწორად ჩატარებული სახელმწიფო ტენდერები, მრავალმილიონიანი კონტრაქტები - რამდენიმე კომპანიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, იქნებოდა ეს ფედერალურ თუ მუნიციპალურ დონეზე, ბევრ ეჭვს აჩენდა. კონკრეტული ჯგუფისთვის არსებობდა სასათბურე პირობები. და რაც მთავარია, ეს იყო სოკოებივით აღმოცენებული კომპანიები, რომლებიც საქმის დასრულების შემდეგ უჩინარდებოდნენ...

- ივანიშვილმა მონოპოლიებზეც გაამახვილა ყურადღება, ამდენად ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნის საკითხმაც წინ წამოიწია...

- აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არალეგიტიმური მთავრობის ერთი განცხადების შემდეგ და ანტიმონოპოლიური სამსახურის გარეშე, საწვავის ფასის შემცირება შესაძლებელი ყოფილა და ის ლიტრზე 8 თეთრით გაიაფდა, - თან მაშინ, როცა ამერიკაში საწვავზე ფასებმა მოიმატა. ჩემმა მეგობარმა მომწერა ამერიკიდან: იქნებ ეგ მთავრობა აქეთ გამოგვიგზავნოთო?.. თავის დროზე, ანტიმონოპოლიურ სამსახურში 9 თვე ვიმუშავე და მინდა გითხრათ, რომ ბევრს ერთმანეთში ერევა მონოპოლიური და ოლიგოპოლიური შეთანხმებები. შესაძლოა, ბაზარზე მართლაც, 4000 მოთამაშე იყოს, მაგრამ მონოპოლია არსებობდეს. ჩვენს შემთხვევაში ე.წ. ბიზნესის კარტელურ შეთანხმებებთან გვაქვს საქმე, რაც ბევრად უფრო რთული დასაშლელი იქნება. ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება ნორმალური, კონკურენტული გარემო. რაც მთავარია, ერთ სასიკეთო გადაწყვეტილებას ჯაჭვული რეაქცია მოჰყვება - ის ვირუსივით ვრცელდება ყველა მონოპოლიურ სექტორზე და სიკეთით უბრუნდება მომხმარებელს.

ემა ტუხიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა