იყიდა თუ არა ალეკო მალხაზიშვილმა მოსკოვში ბინა

იყიდა თუ არა ალეკო მალხაზიშვილმა მოსკოვში ბინა

ბოლო დროს განვითარებულმა ცვლილებებმა შავი დღე აყარა სახელისუფლებო ტელევიზიებს. ვინ რას ყიდის და ვინ ვის წილებს იფორმებს, ხალხი კი არა, მგონი თვითონაც ვეღარ ერკვევიან. "იმედის" ქაოსს "პირველი არხიდან" მოხსნილი გადაცემები - "ვახო სანაიას რეპორტაჟი" და ეკა ხოფერიას "აუდიტორია" დაემატა. "რეალ ტივი"-ს საერთოდაც "დაშლილებში" გაყიდვას უწინასწარმეტყველებს ენაკვიმატი საზოგადოება. "რუსთავი 2" კი ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობს, თუმცა გავრცელებული ხმებით, "კომედი ჯგუფი" დაშლის პირასაა. ეს ჯგუფი რამდენიმე წამყვანმა სახემ უკვე დატოვა, როგორც ამბობენ, ეს პროცესი გრძელდება და ბერას სტუდიაში კვლავ მიედინებიან "რუსთავი 2"-ელები. იმასაც ამბობენ, რომ "ალუბლების ქუჩა" დაიხურა, "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელმა ალეკო მალხაზიშვილმა კი მოსკოვში ბინა შეიძინა და უახლოეს მომავალში ოჯახთან ერთად გადაბარგებას გეგმავს. არ ვიქნებოდით მართლები, ეს ყოველივე თავად ალეკოსთან რომ არ გადაგვემოწმებინა.

- ალეკო, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად სრული ქაოსია ტელევიზიებში. გასართობი გადაცემები დაიხურა "იმედზე", რამდენიმე გადაცემაზე უარი თქვა "პირველმა არხმა", რა სიტუაციაა ამ მხრივ "რუსთავი 2"-ში?

- ამ მხრივ ჩვენთან სიახლეები არ არის. ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა. ახლაც "კომედი შოუს" ჩაწერაზე ვარ.

- ე.ი. "კომედი შოუ", "ვანოს შოუ", "თქვენი შოუ" ძველებურად გაგრძელდება?

- "თქვენი შოუ" მე არ მეხება, ეგ ჩემი პროექტი არ არის, დანარჩენ ორზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გრძელდება.

- გავიგეთ, რომ "ალუბლების ქუჩა" დაიხურა...

- "ალუბლების ქუჩა" არ დახურულა, წინასწარ გვაქვს გადაღებული რამდენიმე სერია, შეიძლება პავილიონმა შეიცვალოს ადგილი, სერიალშიც შევცვალოთ რაღაცები, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ ეს სერიალი დაიხურა, ვერ მოგაწოდებთ.

- ანუ ალბათობა მაინც არსებობს?

- ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს, მაგაზეც მიდის საუბარი. დარჩება თუ არა იგივე, თუ შეიძლება, სხვა სახე მივცეთ.

- რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, სერიალი რეიტინგული არ არის?

- რეიტინგიც არის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ დაზუსტებით ახლა ვერაფერს გეტყვით.

- კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ თქვენ ბინა შეიძინეთ მოსკოვში და ოჯახთან ერთად რუსეთში გადაბარგებას აპირებ.

- მართალია, ახლაც როუმინგი მაქვს ჩართული და მოსკოვიდან გესაუბრებით (იცინის).

- შენ ხუმრობ, მე კი სერიოზული პასუხი მჭირდება ამ შეკითხვაზე.

- თუ ვხუმრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით აქ ვარ და ვაკეთებ იუმორისტულ შოუებს. არაფერი შემიძენია. კარგი იქნება, მოსკოვში ერთი ბინა მქონდეს, ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ არ მაქვს. ეგ ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა სოციალური ქსელების საშუალებით და კარგად ვიმხიარულე.

რთული სათქმელია, ექნება თუ არა მალხაზიშვილს სამხიარულოდ საქმე, როგორც გავიგეთ, კიდევ რამდენიმე იუმორისტი ტოვებს "კომედი ჯგუფს" და ბერას სტუდიაში გადადის. მათ ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ჯერჯერობით ვერ გავამხელთ. ეს გზა "კომედი ჯგუფიდან" "GDS სტუდიომდე" ისე გაკვალეს იუმორისტებმა, არ არის გამორიცხული, ვანო ჯავახიშვილი და ალეკო მალხაზიშვილიც "ცუდ ბიჭებში" ვიხილოთ. ცუდი არაფერი იფიქროთ, ეს იმ სერიალის სამუშაო სახელია, რომელსაც ბერას ტელევიზია უკვე დიდი ხანია აანონსებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება