"კუ-კუ-კუ"! - თბილისის ქუჩებში "მოგელანდები" გამოჩნდა

"კუ-კუ-კუ"! - თბილისის ქუჩებში "მოგელანდები" გამოჩნდა

ქართულ ენაში კაცის დასახასიათებლად მრავალი სხარტი სიტყვაა. ზოგი აღგაფრთოვანებს, ზოგიც გულს მოგიკლავს. მაგალითად, სიტყვა "უფერული" ადამიანს სპობს, - ეს იმას ნიშნავს, რომ კაცი შეიძლება ასჯერ ნახო, მაგრამ არ დაგამახსოვრდეს, არსებობს ისეთი ხალხიც, რომელსაც ერთხელ ნახავ და არასოდეს დაგავიწყდება. მაგალითად, გურამ პეტრიაშვილი, - ის ყოველთვის ახერხებდა და ახერხებს, თქვას თუნდაც ერთადერთი სიტყვა და სამუდამოდ ჩაგრჩეს გულში. ასე იყო 1992 წელსაც. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს გაქანებული ომის დროს ტელევიზიით გამოსული დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი გურამ პეტრიაშვილი, გამორიცხულია, ან ის დავიწყებოდა, ანდა მისი "მოგელანდებით!" მას მერე 20 წელი ამ სიტყვას ხალხი სხვადასხვა კონტექსტით იმეორებდა. თავად გურამ პეტრიაშვილი კი მას შემდეგ აღარავის უნახავს...

თუმცა დღეს თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა და ეს "მოლანდება" არ არის - ქართველი მწერალი, მსახიობი და კინორეჟისორი სამშობლოს დაუბრუნდა და ისევ ისეთივეა, როგორიც იყო, ერთადერთი - ჭაღარა მორევია, შთაბეჭდილებას კი ისევ დანახვისთანავე ახდენს. არასოდეს დამავიწყდება რედაქციაში სტუმრობისას მისივე პიჯაკის ჯიბიდან იატაკზე გადმოვარდნილი კოვზი, რომელიც აიღო და მითხრა: - ეს კოვზი, დილით რომ ვისაუზმე, გავრეცხე, ჭურჭლის საშრობზე უნდა დამედო, მაგრამ თან გამომყოლია. კიდევ კარგი - გზად ვიღაცის ოჯახურ კაფეში ჩემი უსაყვარლესი ისპანახის მხალი დავინახე და ამ კოვზით მივირთვიო.

- როგორ გაძელით ამდენ ხანს უკრაინაში კაცმა, რომელიც ამბობდა, საქართველოზე ძვირფასი არაფერი მაქვსო?

- როგორც ძლებენ ისინი, ვისაც სამშობლოს პუტჩისტების სისხლიანი ხროვა ხელიდან ჰგლეჯს. მაგრამ გაგდებამდე უკრაინაში თავად ზვიად გამსახურდიამ მიმავლინა ელჩად. ვუთხარი, იქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი და - რასაც აქ აკეთებ, უკრაინაში უკრაინული ენა უნდა დაიცვაო. სამშობლოში დაბრუნების ნება მხოლოდ 2000 წელს დამრთო საქართველოს მთავრობამ. მაგრამ ვეღარ ჩამოვედი - ჩემი მოვალეობები მქონდა შესასრულებელი. მაგალითად, ვალები უნდა გამესტუმრებინა - დალხინებულად არ ვცხოვრობდი. მაგრამ მადლობა ღმერთს, მაინც ვცხოვრობდი. ამაში ის დამეხმარა, რომ ჩემი ცოლი უკრაინელია. უმცროსი შვილი წავიყვანე და ჯერ ცოლის მშობლებთან ვცხოვრობდი, მერე ბებია-ბაბუის სახლში.

რეზო ჩხეიძე და მისი დამსახურებით ნასწავლი ხელობაც დამეხმარა. ბევრი ივიწყებს სიკეთეს, მაგრამ მე ვერ დავივიწყებ, - რეზო ჩხეიძემ რუსებს პირდაპირ ხელიდან გამოჰგლიჯა თბილისში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და მე ამ ფაკულტეტზე ვსწავლობდი თენგიზ აბულაძის სახელოსნოში. მივედი ამ ხელობით ჩერნიგოვოს ტელევიზიაში და გადავიღე შვიდი მულტფილმი "კუ-კუ-კუ, ანუ სამჯერ კუ". ეს არის ამბავი კუსა და მის გასაჭირზე. ძალიან მოეწონათ იქაურ ბავშვებს. მერე გადავედი კიევში, იქაც გადავიღე მხატვრული ფილმები. თანაც ვწერდი (რუსულადაც) წერილებს, ლექსებს, ზღაპრებს (ცხადია, ქართულად - ენას ხომ ვერ ვუღალატებ) - მე ბევრი რამ შემიძლია, მაგრამ სინამდვილეში მაინც ნამდვილი მეზღაპრე ვარ, ბავშვებს უყვართ ჩემი ზღაპრები. მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა, მე რომ უკრაინაში ვიყავი, მაშინ დაუწერა თავის ბავშვობას, - ნახე, ის კაცი, შენ რომ გეშინოდა, ტელევიზორში რომ გამოდიოდა და "მოგელანდებიო", - იძახოდა, რა კეთილი ყოფილა, რა კარგი ზღაპრები აქვს დაწერილიო.

- მეც ძალიან მიყვარს თქვენი ზღაპრები. მართლა, მაშინ ვის აშინებდით, "მოგელანდებითო"?

- თქვენ არ გეუბნებოდით, იმათ ვეუბნებოდი, ვინც ტყვია ისროლა. ის კი არა, იმასაც ვპირდებოდი, რომ მოგელანდებით, ფანჯრიდან გადახტებით-მეთქი. მაგრამ სინდისის ნატამალი არ ჰქონიათ და რას გადახტებოდნენ. ზვიად გამსახურდიას აბრალებდნენ, 200 მილიონი დოლარი მოიპარა საქართველოდანო და მერე გაირკვა, რომ ამ ფულის წაღებას თურმე ერთი კონტეინერი სჭირდებოდა... მაგათ ამ ლაპარაკით ვებრძოდი - როცა რამე "მოგელანდებით"-ის მსგავსს ვიტყოდი, სროლა ძლიერდებოდა, თუ გავჩერდებოდი, მისუსტდებოდა. ოთარ ჩხეიძემ თქვა თავის რომანში - "გადატრიალება", - რაც გურამმა გააკეთა, იმას ციცერონიც ვერ გააკეთებდა, გურამი ლაპარაკობდა სროლის დროს, ციცერონი - პარლამენტშიო.

- თქვენ ასეთი მაპროვოცირებელი უკომპრომისობით მანამდეც იყავით ცნობილი და ნერვებს ბევრს "პუტჩამდეც" უშლიდით.

- რით? ახლა ბევრ მაშინდელ პუტჩისტზე ლაპარაკი აღარც მინდა, რადგან ამ სისხლიანობისთვის ღმერთმაც მიაგო, მაგრამ მე ვუშლიდი, თუ აქეთ მიშლიდნენ? არ ვილაპარაკებ იმაზე, რაც კარგად არ ვიცი და რა ვიცი კარგად, ეს ნამდვილად ვიცი. არისტოტელეს დავიმოწმებ: ისიც ამბობდა, რომ "ნამდვილი ცოდნა არის ის, როცა იცი, რა იცი და რა - არა". მე კი კარგად ვიცი ქართული ენა და მასზე ვლაპარაკობდი. მედავებოდნენ და რაღაცებს მაბრალებდნენ ენის უცოდინარნი. მაგალითად, მომაწერეს, თითქოს მოვითხოვდი, რომ ვიოლინოსთვის დაგვერქმია ყელფანდურა. პუტჩის შემდეგ ერთმა კაცმა ისიც კი თქვა, - როგორ არ მომეწყო პუტჩი, როცა პეტრიაშვილს უნდოდა ვიოლინოსთვის ყელფანდურა დაერქმიაო! მაგრამ მე ვამბობდი, რომ ჩვენ, ქართველებმა უნდა ვილაპარაკოთ ქართულად და როცა ასე ვილაპარაკებთ, მაშინ შეიძლება ვიოლინოს ყელფანდურაც დავარქვათ-მეთქი. რუსები და უკრაინელები რომ ვიოლინოს სკრიპკას ეძახიან ამიტომ იქ გადატრიალებას აწყობს ვინმე და ხალხს ხოცავს?

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"