რას პასუხობს ბრალდებებზე გიორგი ხაბურზანია მარინა ბერიძეს

რას პასუხობს ბრალდებებზე გიორგი ხაბურზანია მარინა ბერიძეს

"რუსთავი 2"-ზე ახალი მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დაიწყო. შოუში "ჯეოსტარისგან" განსხვავებული ახალი ჟიურია, რომელიც კონკურსანტებს საკმაოდ თბილად ექცევა და არ არის დუტა, რომლის ხმაც "რუსთავი 2"-იდან აღარ გვესმის. კასტინგების ჩვენება კიდევ ორ კვირას გაგრძელდება და კონკურსი ფილარმონიის დიდ სცენაზე გადაინაცვლებს, სადაც კონკურსანტები ცოცხალ ბენდთან ერთად შეეცდებიან, ჟიურის თავი მოაწონონ. "საქართველოს ვარსკვლავის" დაწყება სატელევიზიო ეთერით შემოქმედებითმა ჯგუფმა ერთ-ერთ კლუბში აღნიშნა. გიორგი ხაბურზანია მუსიკალური კონკურსის მთავარი პროდიუსერია. მკითხველს კარგად ახსოვს გასული ზაფხულის სკანდალი, როდესაც მარინა ბერიძემ "რუსთავი 2" დატოვა. მას თან გაჰყვა მუსიკალური გუნდიც. მაშინ ქალბატონი მარინა წამოსვლის მიზეზად გიორგისთან უთანხმოებას ასახელებდა და პრესაში ბევრს ლაპარაკობდა ამაზე. მაშინ გიორგიმ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გაურკვეველი დარჩა მისი პოზიცია. მართალია, ამჯერად გიორგი ხაბურზანიას ახალ პროექტზე ვესაუბრეთ, მაგრამ შეკითხვები ცნობილ სკანდალზეც დავუსვით.

- "საქართველოს ვარსკვლავი" არჩევნების დროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იყო აწეული და მაყურებელს ამისთვის არ ეცალა. როდესაც სიტუაცია დალაგდა, პროექტი დავიწყეთ. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ აქამდე თუ კვირაში ერთ დღეს უნდა გასულიყო, ახლა სამშაბათსა და ოთხშაბათს გავა. კასტინგის სერიები სამ კვირას გაგრძელდება. ნოემბრიდან კი ცოცხალი კონცერტები დაიწყება ფილარმონიაში.

- გიორგი, აუცილებლად უნ­და გკითხოთ ჟიურიზე, რა პრინციპით შეარჩიეთ ისინი?

- ნიკოლოზ რაჭველს შერჩევა არ სჭირდება. ის ამ თაობის გამონაკლისია, გენიოსია. მისი ქება-დიდება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ ეპოქის გამორჩეული მუსიკოსი, კომპოზიტორი და დირიჟორია. "რუსთავი 2"-ზე ახალ ეტაპს ყოველთვის მასთან ერთად ვიწყებთ. როდესაც "ჯეოსტარი" ჩვენთან გადმოვიდა, სწორედ ის იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი და მუსიკალური ხელმძღვანელი. შემდეგ იყო "ნიჭიერი", სადაც ის ასევე ჟიურის წევრი გახლდათ. ახლა, როდესაც მოვინდომეთ, ახალი სიტყვა გვეთქვა და ახალი სტანდარტი დაგვედო მუსიკალურ კონკურსებში, მე და დემნა ჯაფარიძემ ისევ ნიკოლოზ რაჭველს ვთხოვეთ თანამშრომლობა. ის ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრია და ერთად დავიწყეთ ახალი პროექტი. ნიკოლოზის რეკომენდაციით შემოვიერთეთ ნინო ქათამაძე. ნინო თავიდან ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი, ასეთი პროექტი ახალი იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ შემდეგ ძალიან ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ გაწერილი გრაფიკი აქვს და სულ გასტროლზეა, მაინც პოულობს დროს და აგვეწყო. იღბლიანები ვართ, რომ ასეთი ადამიანი შემოგვიერთდა.

რაც შეეხება ნინო ხოშტარიას, დიდი ხანია, რაც ჩვენი გუნდის განუყრელი წევრია. ძალიან ჭკვიანი, მომხიბვლელი და მაღალპროფესიონალი ტელეწამყვანია ქართულ ბაზარზე. ჟიურის ამპლუაში აქამდე არ ყოფილა. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რაზეც სიხარულით დაგვთანხმდა. უყვარს გამოწვევები. კვალიფიკაციით მუსიკათმცოდნეა. კონსერვატორიაში სადიპლომო ნამუშევარი დაწერა, რომლითაც თავის დროზე ნიკოლოზ რაჭველს უხელმძღვანელია. ამის გარდა, ჩვენი გუნდიდან გვინდოდა ადამიანი, რომელიც სატელევიზიო პოლიტიკას გაატარებდა ჟიურიში - გეგას რა ფუნქციაც ჰქონდა "ნი­ჭიერში".

- სად გაავლეთ ზღვარი, რომ ახალი შოუ "ჯეოსტარს" არ დამსგავსებოდა?

- ბევრ რაღაცაში. რისკი იყო, მაგრამ ვიცოდით, რა გვინდოდა და რა უნდა მიგვეღო. უნდა მოგვესპო ჟიურის სტერეოტიპი, რომელიც თითებში ურტყამს სახაზავს კონკურსანტებს. არსად არ წერია, რომ ჟიური კონკურსანტის მიმართ მტრულად უნდა იყოს განწყობილი. ეს არასოდეს არ იყო ჩვენი მიზანი.

- მანამდე იყო ასეთი შემთხვევები?

- იყო ხოლმე ასეთი შემთხვევები სხვადასხვა დონეზე.

- ალბათ "ჯეოსტარს" გულისხმობთ?

- თუ გინდათ, "ჯეოსტარიც"... სტერეოტიპი შეიქმნა, რომ კონკურსანტსა და ჟიურის შორის დაპირისპირება უნდა იყოს. ასე არ არის, ჟიური იმისთვისაა, რომ პოტენციური ვარსკვლავი იპოვოს. "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიური ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს და აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს კონკურსანტს. როდესაც მონაწილე მოდის, კი არ იბოჭება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს. ნინო ქათამაძე ბოლომდე მიჰყვებოდა კონკურსანტებს, რომ ყველა ჟანრში ემღერათ. შემდეგ ამის მიხედვით აფასებდნენ და კონკრეტულ რჩევებს აძლევდნენ. ეს არ იყო დამამცირებელი. თუ ადამიანს რამე პოტენციალი ჰქონდა, რჩევებს აძლევდნენ და ყველა კმაყოფილი გამოდიოდა.

- აღნიშნეთ, რომ ამ კონ­კუ­რსში არ იქნება სახაზავის დარტყმა და მკაცრი შენიშვნები. კონკურენტმა არხმა ეს ერთგვარ სლოგანადაც გამოყენა, რომ მუსიკალურ შოუში "ახალი ხმა" არ იქნებოდა დაცინვა და ირონია.

- არ ვიცი, მე მაგ პროექტს თვალს ვერ ვადევნებ და როგორც ჩანს, არც დანარჩენი საქართველო, იმიტომ რომ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვთ და ფაქტობრივად, ჩავარდა პროექტი. ჩვენ რომ რომელიმე პროექტზე მასეთი ყურებადობა გვქონოდა... 7-8% რომ აქვს პროექტს, იმას ვაჩერებთ "რუსთავი 2"-ზე.

- არ აღიქვამთ "ახალ ხმას" კონკურენტად?

- იმ მონაცემებით, რაც პირველ ორ გადაცემას ჰქონდა, არა. ეს არ არის ჩემი შეფასება, ფაქტია, რეიტინგი განსაზღვრავს მაყურებლის ჩართულობასა და ინტერესს. "ახალი ხმა" მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენს არხზე "პროფილი" არ გადიოდა. მაგ პირობებშიც კი პირველ ეპიზოდს ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რაც პროექტის წარუმატებლობაზე მეტყველებს. როდესაც "იმედი" კონკურენციას ცდილობდა, ჩვენთვის ეს კარგიც იყო, გვაიძულებდა, ფორმაში უფრო მეტად ვყოფილიყავით. უბრალოდ, პროექტი არ შედგა, ამას ვგულისხმობ, თორემ ამ პროექტზე ძალიან კარგი ხალხი მუშაობს. კონკრეტულად რუსა მორჩილაძეს დიდ პატივს ვცემ და არ მინდა, რომ არასწორად გაიგოს. მუსიკალურად მართლა გამართულია, მაგრამ პროდიუსინგი და რაც სჭირდება პროექტს, ეტყობა, სათანადოდ ვერ გათვალეს და მაგ მხრივ მოიკოჭლებს. დღევანდელი გადმოსახედიდან კონკურენტად ვერ ჩავთვლით.

- "საქართველოს ვარსკვლავის" კონცერტებზე გკითხავთ, ალბათ, ბენდი დაუკრავს?

- დიახ, მუსიკალურ პროცესს ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს, რამდენიმეჯერ თავისი ორკესტრითაც წარდგება. ასევე შემოგვიერთდა ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი, რომელიც გუნდში ნიკოლოზ რაჭველთან ერთად იმუშავებს. შეიძლება, რამდენიმე ბენდიც იყოს. რეალურად ძალიან ძლიერი ადამიანი ამოგვიდგა მხარში, რაც მუსიკალურად კიდევ უფრო გაამდიდრებს ჩვენს პროექტს. შესანიშნავი პედაგოგები გვყავს, ზაზა წურწუმია და მარიკა ოსეფაშვილი. კონკურსანტებთან მუშაობა უკვე დაიწყეს და ძალიან კარგად მიდიან. "საქართველოს ვარსკვლავი" ორ თვეს გაგრძელდება და ფინალი 31 დეკემბერს შედგება.

- გიორგი, ინტერვიუს დასასრულს გკითხავთ, არ გსურთ, პასუხი გასცეთ მარინა ბერიძის განცხადებებს თქვენი მისამართით?

- მართალი გითხრათ, მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მუსიკალური რედაქცია "რუსთავი 2"-დან წავიდა, რაზეც მე პირადად გული დამწყდა. ამ ხალხთან ძალიან დიდხანს ვმუშაობდი. ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

- მე მარინა ბერიძის ბრალდებები ვიგულისხმე თქვენი მისამართით.

- არ ვიცი, სიღრმისეულად არ გავცნობივარ. ხანდახან მარინა ბერიძეს ახასიათებს რაღაც ისეთის თქმა, რასაც შეიძლება, ისე არ ფიქრობდეს და ცხელ გულზე თქვას.

- მიიჩნევთ, რომ ეს ბრალდებები ცხელ გულზე იყო ნათქვამი?

- არ ვიცი, შეიძლება იყო ან არ იყო. ჩვენ, ეტყობა, სხვანაირად გვესმოდა ერთმანეთის.

- მაინც, თქვენი სურვილი ხომ არ იყო, რომ კადრები გადაგეხალისებინათ?

- მუსიკალურ რედაქციასთან, რომელსაც მარინა ბერიძე წარმოადგენდა, არაერთ პროექტზე კარგად ვთანამშრომლობდით. შესაბამისად, თუ იქ რაღაც არ მოსწონდათ... არ ვიცი, მე ცუდს ვერაფერს მათქმევინებთ მაგ ხალხზე იმიტომ, რომ ძალიან კარგი ხალხია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მარინამ რატომ თქვა ის რაღაცები, ისევ მარინას უნდა ჰკითხოთ. დრო გავა და მე მგონი, თვითონ გადააფასებენ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ დიდ პატივს ვცემ მუსიკალურ რედაქციას და დღემდე თბილი ურთიერთობა მაქვს ბევრ მათგანთან და ბრალდებები, რომ ვიღაცას მათი დაშლა უნდოდა, აბსურდია. როგორც ერთიანად მოვიდნენ ჩვენს არხზე, ისე წავიდნენ. მათ ერთობაში ეჭვი არავის შეჰპარვია. ბევრად უფრო რთული დრო გამოვიარეთ მათთან ერთად. ჩვენ გვინდოდა ახალი პროექტის გაკეთება, როგორიც არის "ამერიქან აიდოლი". რატომღაც ამან გამოიწვია ჭორები, მითქმა-მოთქმა და წავიდა და წავიდა. ამ პროექტის მესვეუ­რებს, დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიას, არასოდეს გვითქვამს, რომ მუსიკალურ რედაქციასთან არ ვითანამშრომლებდით. მე მგონი, ვიღაცებს აწყობდათ ეს განხეთქილება და თავისას მიაღწიეს. ბოლომდე ვერ ვხვდები, რატომ წავიდნენ.

- დუტაც წავიდა "რუსთავი 2"-დან...

- დუტა კიდევ ცალკე თემაა, უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა. დუტასთან კიდევ სხვა მომენტი იყო. თორმეტი წელია ვიცნობ, სეზონი არ გასულა, რომ, სულ ცოტა, ორი პროექტი მაინც არ შეგვეთავაზებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, დუტას სახე გაცვდა და ყველგან დუტააო, ჩვენ მაინც ბოლომდე ვაწვებოდით, რომ დუტა მაგარია, დუტა ა-კლასია. თვითონ გადავიდა ადრეც "იმედზე", თვითონ გადადიოდა და გადმოდიოდა. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით საუკეთესოს და ახლა რატომ ჩათვალა, რომ... მართლა გაუგებრობა მოხდა, ბოლომდე ვერ ვხვდები. ვინც გვიცნობს, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი პროდაქშენი დუტას ხელის გულზე არ ვატარებდით.

- თუმცა ახალი გუნდი უკვე დააკომპლექტეთ.

- რასაკვირველია, "შოუ უნდა გაგრძელდეს". არავინ არ არის ის ადამიანი, რომლის გამოც "რუსთავი 2" და ჩვენი პროდაქშენი გაჩერდება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები