აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"

აკაკი ძნელაძე: "ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!"

მხატვარი აკაკი ძნელაძე, რომელიც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი გახდა, მშობლიურ ქალაქს, ბათუმს, ფერისცვალებას ამჩნევს. ცოტა ხნის წინ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ჩვენი დღევანდელობა ირლანდიელი მწერლის, სემუელ ბეკეტის ნაწარმოებს მაგონებს, ქართველი ხალხიც გოდოს მოლოდინშიაო. ახლა კი, მისივე თქმით, ამ მოლოდინმა გაამართლა... ბატონ კაკოს კვლავ ბათუმში, მისსავე სახელოსნოში ვესტუმრეთ:

- ფერისცვალება საღმრთო საიდუმლოა და ჩემი ოცნებაა, ფერისცვალება ყოველ ჩვენგანში მოხდეს. საზოგადოებაში ამის ნი­შნები უკვე არსებობს. ნაციონალების 9- წლიანი პარპაში ქართველი ერის სახადი იყო, რომლისგანაც უკვე განვიკურნეთ. მართალია, დიდი დრო დავკარგეთ, მაგრამ ეს საჭირო იყო.

- მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე დაგპირდათ, რომ ჩაგკეტავდათ შინ და დაგიდგამდათ ზურგჩაზნექილ სკამებს, სამაგიეროდ, ელექტროენერგიას გაგითიშავდათ...

- (იღიმება) არ დასცალდა... ნეტა მართლა აესრულებინა დაპირება, დაევალებინა ლევან ვარშალომიძისთვის და მოეტანათ რამდენიმე ზურგჩაზნექილი სკამი. დავდგამდი ეზოში და ჩემი მეზობლები ჩამოსხდებოდნენ...

- უკვე აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი ხართ. რის გაკეთებას აპირებთ უახლოეს მომავალში?

- ვიდრე სტარტს ავიღებდეთ, პირველ რიგში, საჭიროა აჭარის უზენაესი საბჭოს დაკომპლექტება, კომისიების არჩევა... არჩევნების შემდეგ ქალაქში შეიმჩნევა, რომ ბათუმელებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. იციან, რომ მათ სატელეფონო საუბრებს არავინ უსმენს და ქარაგმებით აღარ ლაპარაკობენ. რაც მთავარია, ხვალინდელი დღის იმედი აქვთ. საზოგადოება აცნობიერებს, რომ რუბიკონი გადალახულია. ახლა მთავარი რომში შესვლაა... წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან დღეში 3 შეხვედრას ვმართავდი. არ გეგონოთ, რადგან გავიმარჯვე, რბილ სავარძელში ჩავჯდები და აჭარის პარლამენტიდან გარეთ აღარ გავალ. კვლავ მექნება ურთიერთობა მოსახლეობასთან, დავინტერესდები მათი პრობლემებით, არავის ვათქმევინებ, თავისი გაინაღდა და რაღაში ვჭირდებითო.

საზოგადოება აღარავის აპატიებს იოტისოდენა უსამართლობასაც კი.

- წინა ხელისუფლების პირობებში  კი ჩვენს მეზობელ თურქებს მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული აჭარაში...

- მათ საქართველოში ფეხის მოკიდების სურვილი ყოველთვის გაუჩნდებათ, თუკი საამისო პირობებს შევუქმნით. უნდა ვისწავლოთ წითელი შუქის ანთება, ოღონდ არა ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველამ ვნახეთ, თურქების შემოტევამ და ჩვენმა მწვანე შუქმა რაც გამოიწვია აჭარაში. სხვათა შორის, ამ ყველაფერზე თურქეთის პრემიერმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა და ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრეს და, როგორც ბატონმა ბიძინამ გვიამბო, არც თურქეთის ხელისუფლებას სურს, თავიანთი მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ეწეოდნენ პროსტიტუციას და თამაშობდნენ კაზინოებში. თქმულა, რომ ამ პარპაშს ორივე მხარე წერტილს დაუსვამს. დანარჩენს, კონკრეტულად კი სუფთა ბიზნესს, ფართოდ გაუხსნიან კარს.

- ბათუმში ამბობენ, თურქებმა ბევრი ქართველი მოაქციესო თავიანთ სარწმუნოებაზე. მართალია ეს ამბავი?

- სამწუხაროდ, ასეა. აჭარაში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, სპეციალურად არჩევდნენ გაჭირვებულ ოჯახებს და ურიგდებოდნენ - თქვენს შვილებს სასწავლებლად გავუშვებთ თურქეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში, სამაგიეროდ, ჩვენს რჯულზე უნდა გადმოხვიდეთო და, სამწუხაროდ, ბევრმა ოჯახმა მიიღო მაჰმადიანობა. კი ბატონო, ვისაც რომელ ქვეყანაში სურს, იქ მიიღოს განათლება, მაგრამ ისარგებლო ოჯახის სიდუხჭირით და მოისყიდო ადამიანები, ეს უკვე დანაშაულია.

- მემედ აბაშიძის ძეგლის პირვანდელ ადგილზე, ცენტრალური ბულვარის შესასვლელში გადატანას მართლა აპირებს ახალი ხელისუფლება?

- სიმართლე გითხრათ, მემედ აბაშიძის ძეგლი ადრეც შეუფერებელ ადგილზე იდგა. ეგ კი არა, ბულვარის შესასვლელში რომ მინის "რაკუშკა", უსახური ქორწინების სახლი დგას, ეგეც ასაღებია. როგორ შეიძლება, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელს წინ რამე ჩამოაფარო?! ეს სივრცე თავისუფალი უნდა იყოს, რომ ზღვის ხედი ჩანდეს.

- ანუ, სააკაშვილის საამაყო ქორწინების სახლის აღებასაც გეგმავთ?

- რა თქმა უნდა, ამ უსახურობის დატოვება როგორ შეიძლება?! ბევრი რამე გამოსწორდება ბათუმში, უბრალოდ, ამას დრო დასჭირდება. შეიქმნება სპეციალური საბჭო, შეისწავლის ყველაფერს - ფინანსურით დაწყებული, საზოგადოებრივი აზრით დამთავრებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ. არ ვართ ის ხალხი, ვეცეთ და დღესვე რაღაცის ნგრევა დავიწყოთ. რაც შეეხება მემედ აბაშიძის ძეგლს, არ მგონია, პირვანდელ ადგილს დაუბრუნდეს, თუმცა არც კორპუსის კუთხეში უნდა დარჩეს მიყუჟული. მე თუ მკითხავთ, მემედ აბაშიძის ძეგლი ბათუმის ბიბლიოთეკასთან, მემედ ამაშიძის ქუჩაზე რომ ლამაზი სკვერია, იქ უნდა დაიდგას. სააკაშვილის ხელისუფლებას მემედ აბაშიძის ძეგლი ფეხებზე ეკიდა და ასლან აბაშიძის ჯიბრით მიყუჟეს საშინელ ადგილზე.

- სააკაშვილი არჩევნების შემდეგ, ალბათ, ისე ხშირად აღარ სტუმრობს ბათუმს...

- როგორ გეკადრებათ, ახლაც აქ, სასტუმრო "შერატონში" ბრძანდება (ინტერვიუ ჩაწერილია 20 ოქტომბერს), თუმცა ისეთი ზარ-ზეიმით აღარ კეტავენ ქალაქს, მხოლოდ ორი კვარტალია გადაკეტილი. სააკაშვილი, ალბათ, და­რდების გასაქარვებლად ჩამოდის ბათუმში. არადა, დარდს კი არ უნდა იქარვებდნენ, იმ დანაშაულების გამო, რაც მან და მისმა გუნდმა ჩაიდინეს, ციხეში უნდა წავიდნენ. ვარშალომიძეს თავისი ცოდვებიც ეყოფა, ის მხოლოდ იმისთვის უნდა დაისაჯოს, რომ მთელი ბათუმის მიწები თუ შენობა-ნაგებობები თითო ლარად გააჩუქა, არც ინვესტიცია ჩადებულა სადმე და არც ვინმე დაუსაქმებიათ. ახლაც ყველაფერს აფუჩეჩებენ, რაღაცის მოსწრება სურთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ "ფაჩიკოს გარმონივით" დაიშალნენ!

- შესაძლებელია, რომ ასლან აბაშიძე ბათუმში ჩამოვიდეს?

- ეს ხმები ნაცებმა გაავრცელეს - ასლან აბაშიძე, "კანონიერი ქურდები" ჩამოვლენ და საქართველოს წარსულში დააბრუნებენო. ასლანის ჩამოსვლა ჩვენთვის არ არის პრობლემა, მაგათთვის კი იყო. დაუშვათ, ჩამოვიდეს ორი დღით, მეუღლის საფლავი და თავისი სახლი მოინახულოს. რა, ასლანს გადავულოცავთ ხელისუფლებას თუ აჭარაში დავსვამთ მეფედ?.. ეს ამათი უსუსური ვარაუდებია, რომელიც ძალიან უნდათ, რომ ახდეს.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"