რასელ ქროუს ყოფილი მეუღლის სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა იხსნა

რასელ ქროუს ყოფილი მეუღლის სიცოცხლე 18 წლის ბიჭმა იხსნა

ჰოლივუდის ავსტრალიელი კინოვარსკვლავის, რასელ ქროუს ყოფილ მეუღლეს - დანიელა სპენსერს, რომელსაც ქროუ ცოტა ხნის წინ გაშორდა, ინციდენტი შეემთხვა: თავდამსხმელმა დანიელას გატაცება სცადა, მაგრამ ის 18 წლის სტუდენტმა იხსნა.

დანიელა სპენსერი ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და სიმღერების ავტორი და, ასევე, ქუდების დიზაინერი გახლავთ. მან სიდნეის სამოდელო ცენტრ ეი-ემ-ჯიში (AMG) ქუდების ახალი კოლექციის ჩვენება მოაწყო. დანიელასთან შეხვედრა მოვახერხე და ექსკლუზიურად "ყველა სიახლისთვის" ინტერვიუც ჩამოვართვი.

- ქალბატონო დანიელა, პირველ რიგში, თავდასხმის შესახებ გვიამბეთ.

- მეგობრის წვეულებაზე ვიყავი და ღამის 11 საათი იქნებოდა, რესტორნიდან რომ გამოვედი. მანქანის სადგომთან უცნობი მამაკაცი დამესხა თავს, პირზე ხელი ამაფარა და ყელზე დანა მომაბჯინა, თან თავისი ავტომობილისკენ მიმათრევდა. მოულოდნელად ვიღაცამ თავდამსხმელს ზურგში წიხლი ჰკრა და ძირს დაანარცხა. მეც წავბორძიკდი, თავი რომ ავწიე, უცნობმა ახალგაზრდამ მკლავში ხელი ჩამჭიდა და მითხრა, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობასო. შოკში ვიყავი, ჩემს მანქანაში ჩავჯექი და პოლიცია გამოვიძახე. ცოტა ხანში შემატყობინეს, რომ თავდამსხმელი და ახალგაზრდა ბიჭი პოლიციის განყოფილებაში წაეყვანათ. ჩემი მხსნელი არის 18 წლის ავსტრალიელი სპორტსმენი ჯეიმს მონდი. აღვფრთოვანდი მისი ვაჟკაცობით - შეიარაღებულ კაცს შეერკინა და განსაცდელისგან მიხსნა. ვფიქრობ, ჯეიმს მონდი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი უნდა იყოს.

- მან თუ იცოდა, რასელ ქროუს მეუღლე რომ იყავით?

- წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი. მას ერთი წლის წინ დედა გარდაცვლია, რაც ცხოვრების ყველაზე დიდ ტრავმად მიაჩნია. მანქანის სადგომთან ყელზე დანამიბჯენილი რომ დავუნახავვარ, დედის სახე წარმოდგენია თვალწინ. ჯეიმსმა განსაცდელში ვერ მიმატოვა და ვაჟკაცურად გაუმკლავდა თავდამსხმელს. ვკითხე, მადლობა როგორ გადაგიხადო-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? - ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი რასელ ქროუსთან შეხვედრა იქნებაო.

- რასელ ქროუს რა რეაქცია ჰქონდა, თავდასხმის ამბავი რომ შეიტყო?

- აღაფრთოვანა ახალგაზრდა სპორტსმენის გამბედაობამ. მე და რასელი ერთმანეთს დავშორდით. ამჟამად ის ლოს-ანჯელესშია. სიდნეიში რომ ჩამოვა, პირადად გაიცნობს ჯეიმს მონდს.

- თქვენი და რასელის დაშორება საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე და რასელს ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ის ძალიან მზრუნველი მამაა. ბოლო პერიოდში რასელმა ოჯახზე წინ კარიერა დააყენა, მე ნაკლებ ყურადღებას მითმობდა. ქალი ვარ და ამის ატანა ვერ მოვახერხე.

- თქვენს შვილებზეც გვიამბეთ.

- მე და რასელს ორი შვილი გვყავს - 9 წლის ჩარლი და 6 წლის ტენსიონი. რასელს ბავშვები ხშირად დაჰყავს რაგბის სტადიონზე - ხომ იცით, თვითონ მორაგბეთა კლუბ "რებიტოსის" მფლობელია, ჩვენი შვილები კი ფანკლუბის წევრები არიან. რასელმა მათ რაგბი შეაყვარა. შაბათობით ბავშვები ქალაქგარეთაც დაჰყავს. გვინდა, მათ დიდი დრო გაატარონ ბუნების წიაღში. მე და რასელი ვცდილობთ, რომ ჩვენმა განშორებამ ბავშვებზე არ იმოქმედოს.

- სამოდელო ცენტრ ეი-ემ-ჯიში წარმოადგინეთ ქუდების ახალი კოლექცია. როდის დაგაინტერესათ დიზაინერობამ?

- ბავშვობიდან მიტაცებდა ქუდების ხატვა. ჩემს თოჯინებს ნაირ-ნაირ ქუდებს ვუკერავდი. რამდენიმე წლის წინ სერიოზულად მოვკიდე ხელი ამ საქმიანობას, რასელიც მხარში ამომიდგა, მითხრა, ის საქმე აკეთე, რაც სიამოვნებას განიჭებსო. ჩემს კოლექციაში ყველა ასაკის ქალბატონისთვის მოიძებნება ორიგინალური ქუდი.

- 18 წლის სპორტსმენმა ბოროტმოქმედისგან გიხსნათ. თქვენი აზრით, როგორ უნდა აღზარდოს მშობელმა ჯეიმსივით კეთილშობილი, ვაჟკაცური სულის ადამიანი?

- ვფიქრობ, ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ სიყვარული და სიკეთე. მშობელი თვითონ უნდა იყოს შვილისთვის სამაგალითო. მინდა, ჩემი შვილები ნამდვილი რაინდები იყვნენ, პატივი სცენ ხანდაზმულებს, დაეხმარონ განსაცდელში მყოფ ადამიანებს, ქველმოქმედება გასწიონ. ახალგაზრდებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ, რადგან ახალი თაობა ქვეყნის მომავალია.

სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" სიდნეიდან, თათული ბართაია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება