დატოვებს თუ არა ახალგათხოვილი მაშო მელქაძე "ჩემი ცოლის დაქალებს"

დატოვებს თუ არა ახალგათხოვილი მაშო მელქაძე "ჩემი ცოლის დაქალებს"

მაყურებლისთვის საყვარელი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"ეთერში მეორე სეზონით დაბრუნდა. ახალი პერსონაჟების მატებასთან ერთად საუბარი იმაზეც იყო, რომ მაშო მელქაძეს, რომელიც ოფისის იმ თანამშრომელს განასახიერებს, რომელსაც მაგიდაზე ჯდომა ძალიან უყვარს, სერიალში ვეღარ ვიხილავდით. ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად მაშოსთან გადავწყვიტეთ, რომლის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი სიახლეა, ცოტა ხნის წინ მსახიობი გათხოვდა...

სიყვარულის ამბავი

- ჩემი მეუღლე დავით ქელეხსაშვილი პროფესიით ოპერატორია, მაგრამ ამჟამად GDS ტელევიზიაში ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. ზუსტად არც ერთს არ გვახსოვს, როდის გავიცანით ერთმანეთი, ის ამბობს 7-8 წლის წინო, მე კი ვამბობ, რომ დაახლოებით 5-6 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. ამ პერიოდის განმავლობაში კარგი ნაცნობები ვიყავით, როდესაც ვხვდებოდით, თბილად მოვიკითხავდით, შეიძლება ითქვას, რომ ვმეგობრობდით კიდეც. 5 თვის წინ ძალიან ჩვეულებრივ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში დავგეგმეთ შეხვედრა და საუბარში გადავწყვიტეთ, ერთად ვყოფილიყავით. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მივხვდით, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა და... ბოლო 5 თვის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით, ცოტა ხნის წინ კი დავოჯახდით. ტრადიციულად გვქონდა ნიშნობა, 20 სექტემბერს კი ერთად გადმოვედით საცხოვრებლად. ქორწილი ჯერ არ გვქონია, ახლა სადმე წასვლას ვგეგმავთ, უბრალოდ, სამსახურიდან გამომდინარე, დათოს დრო არ აქვს და აქამდე ამიტომ ვერ მოვახერხეთ გამგზავრება. შეიძლება ქორწილი არ გადავიხადოთ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდეთ, ვნახოთ, ეს ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.

ცოლის ამპლუა და მაშოს რეჟიმი

- გათხოვებას ჩემი დღის რეჟიმი არ შეუცვლია. დათო ძირითადად სამსახურშია, მე კი ისევ იმ რეჟიმით ვცხოვრობ, როგორც აქამდე. მიყვარს გვიან გაღვიძება და ამ საკითხშიც არ მაქვს პრობლემა, მაქსიმუმი რასაც ვაკეთებ, შეიძლება დილას ავდგე, ყავა დავლიოთ ერთად და დათო წავიდეს. ისე, ჩემი ყოველი დილა ინდივიდუალურია, თუ საქმეს სჭირდება, ადრეც ვიღვიძებ და ვდგები. როგორც დათოს, ასევე მეც არ მიყვარს დილით ჭამა, გაღვიძებიდან რამდენიმე საათში მშივდება, თუ ძალიან ადრე ადგომამ არ მომიწია, დღის 3-4 საათამდე ვერაფერს ვჭამ, ხან ისეც ხდება, რომ საღამოს 7 საათზე მახსენდება ჭამა, თუ გასული ვარ და ვმუშაობ, ნაკლებად მაწუხებს შიმშილი. დათოც თითქმის მთელი დღე გასულია, მე უფრო მაქვს იმის პრობლემა, რომ სახლში უფრო ადრე მოვიდეს და მეტი დრო გაატაროს შინ, ვიდრე მას, ის ვერ გრძნობს უჩემობას, როცა მე ჩაწერა და გადაღება მაქვს, იმ დროს თვითონაც სამსახურშია. ახლა ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტი კარგი რამ ხდება, ურთიერთობა უფრო მარტივი და კარგია. აღარ ვკამათობთ დეტალებსა და წვრილმანებზე. 5 თვის განმავლობაში არ გვიჩხუბია, ჯიუტი არც ერთი არ ვართ, ამიტომაც ხან ის თმობს, ხან - მე. მაქსიმუმ 15 წუთით ვიბუტებით, მეტს ვერ ვძლებთ. დღეში ორჯერ ვკითხულობთ ტელეფონით ერთმანეთის ამბებს, სახლში რომ ბრუნდება, იმდენი მოსაყოლი გვიგროვდება, რომ წვრილმანებზე დრო ნამდვილად აღარ გვრჩება და გვენანება კიდეც.

რომანტიკული ვახშმები და სიურპრიზები

- უდროობის გამო რომანტიკულ ვახშმებსა და სიურპრიზებსაც ვერ ვუწყობთ ერთმანეთს. შეიძლება მე რამე მოვიფიქრო, მაგრამ იმ დროს დათოს არ ეცალოს, ამიტომ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ერთად ვგეგმავთ სად წავიდეთ და რა გავაკეთოთ, გვირჩევნია, ერთად დავგეგმოთ სადილიც, ვახშამიც და სხვა რაღაცებიც.

საოჯახო საქმეები და დედის დახმარება

- სახლის დალაგება არ მეხება, ჯერჯერობით მე და დათო დედასთან ვცხოვრობთ. დედა მარტო იყო და ასე გადავწყვიტეთ. დათოს კი აქვს ბინა, მაგრამ გვინდა გავფართოვდეთ და მერე გადავიდეთ ცალკე საცხოვრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ დედასთან ვცხოვრობ, ბევრ რამეში მეხმარება, დიასახლისობა დიდად არ მიწევს. საწოლს და ჩემს ნივთებს გათხოვებამდეც ვალაგებდი და ახლაც ვალაგებ, ამას დაემატა დათოს რამდენიმე ნივთი, თორემ სხვა არაფერი შეცვლილა.

მაშოს ოთახი

- ჩემი ოთახი ვიზუალურად ძალიან მომწონს და კომფორტულიცაა. ოთახი თეთრში, შავსა და იასამნისფრის სხვადასხვა ტონალობაშია გადაწყვეტილი. ჭერი თეთრია, ავეჯი შავი, აქვეა დიდი სარკე და ჩემი სიძის ხელით აწყობილი შავი ჭაღი, რომელიც სამი ბურთისგან შედგება. ჩემს ოთახში ასევე მიდევს ჩემი გაკეთებული საათი, რომელიც ოთახის ფერებშია გადაწყვეტილი, მაქვს ზაალ სულაკაურის მიერ დახატული ჩემი პორტრეტი, დიდი აკვარიუმი, რომელშიც მძივები ყრია, ეს ჩემი დის იდეა იყო, მან გააფორმა ასე და რომ გათხოვდა, მე დამიტოვა. ადრე ჩემს დას აჩუქეს ვარსკვლავი ცაში და სწორედ ჩემს ოთახში მიდევს ამის დამადასტურებული სერტიფიკატი, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული.

მე და სამზარეულო

- თუ დედა სადმეა წასული და საჭიროება ითხოვს, დიდი სიამოვნებით ვტრიალებ სამზარეულოში. კერძების მომზადება უფრო მიზიდავს, ვიდრე დალაგება და მტვრის წმენდა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ტოლმას და მსგავს საჭმელებს ვაკეთებ და ჩემი რეცეპტები მაქვს. უბრალოდ, რასაც ვაკეთებ, ერბოკვერცხი იქნება, შემწვარი კარტოფილი და თუ რაიმე სალათა, გემრიელი გამომდის და ყველას მოსწონს, მათ შორის დათოსაც.

სამოსი...

- დიდხანს არასდროს ვფიქრობ, რა ჩავიცვა. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო მეტად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ნახევარი საათი მჭირდება წყლის გადასავლებად და ათი წუთი - ჩასაცმელად. ყოველდღიურად იშვიათად ვიღებები, ამიტომაც დილით სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე ვდგები, რომ თავი მოვიწესრიგო.

თეატრი

- ისევ "თავისუფალი თეატრის"მსახიობი გახლავართ, ჯერჯერობით რაიმე ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობთ, მაგრამ "მექანიკური ფორთოხალი"წარმატებით გადის და ბილეთებიც კარგად იყიდება, კარგი სპექტაკლია და ეტყობა, მაყურებელსაც მოსწონს.

ტოვებს თუ არა "ჩემი ცოლის დაქალებს"...

- მეორე სეზონის პირველ ოთხ სერიაში ვითამაშე, მერე ისე წავიდა ყველაფერი, რომ თითქოს აღარ უნდა მეთამაშა ამ სერიალში, თუმცა ზუსტად ერთი საათის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ისევ ვიქნები ამ სერიალის გმირი, რამაც ძალიან გამახარა, მართლა მიყვარს "ჩემი ცოლის დაქალები". საინტერესო სცენარია და იმედი მაქვს, მეორე სეზონიც ისეთივე საინტერესო და კარგი იქნება, როგორიც პირველი იყო. ბევრს ვერაფერს გეტყვით, გაგიმხელთ იმას, რომ სამსახურში ჩემს გმირს პრობლემები შეექმნება, მერე როგორ განვითარდება მოვლენები და სიტუაციიდან როგორ იპოვის გამოსავალს, ეს მეც არ ვიცი, ყველაფერი სცენარზეა დამოკიდებული, ის კი თანდათან იწერება.

ვცდილობ, სერიალს ყოველთვის ვუყურო. თუ ეთერში ვერ ვნახე, აუცილებლად ინტერნეტით ვუცქერ. მხოლოდ იმიტომ კი არ ვადევნებ თვალს, რომ მე ვთამაშობ, მართლა მომწონს და ვხალისობ თითოეულ გმირზე. ჩემი აზრით, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე გემოვნებიანი, კარგი და საინტერესო სერიალია. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ვერ უყურებს, ვეუბნები ხოლმე, ნახე, რა კარგი სერიალია და რითი ვარ დაკავებული-მეთქი, მაგრამ მართლა არ სცალია, თან გონება იმდენად აქვს გადაღლილი სხვა რაღაცებით დ იმდენად ცოტა დრო გვრჩება ერთად ყოფნისთვის, რომ ვცდილობთ სხვა თემებზე ვისაუბროთ.

როცა საქმე არ აქვს...

- მივდივარ და ვნახულობ მეგობრებს, ან პირიქით, ისინი მსტუმრობენ... ისე არასდროს ხდება, რომ არ ვიცოდე თავისუფალ დროს რა გავაკეთო, თვითონ ჩნდება ხოლმე საქმე.

გართობა ღამით...

- როგორც გითხარით, დათო ძალიან დაკავებულია, მაგრამ გასართობად მაინც ვიცლით, ძირითადად ღამით დავდივართ ასეთ ადგილებში. კვირაში ორჯერ მაინც ვახერხებთ სადმე გასვლას, გვიყვარს ყველანაირი გართობა, კლუბები, ღამის ცხოვრება, კინო, კაფეში ჯდომა. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, ოღონდ დასვენების დრო გვქონდეს და ამ თემაზე არ ვკამათობთ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება