მოდური აქსესუარი და გზამკვლევი

მოდური აქსესუარი და გზამკვლევი

აბრეშუმის შარფზე თბილისის რუკა და დედაქალაქის დაარსების ლეგენდაა დატანილი. ჩანაფიქრი ერთი წლის წინ გაუჩნდა და იდეას ხორცი მეგობრების დახმარებით შეასხა. საკუთარ თავს უკეთებთ საჩუქარს თუ სხვას, აბრეშუმის შარფების შესაფუთი ქაღალდიც კი უყურადღებოდ არ დაგრჩებათ, რადგან მასაც თავისი დატვირთვა აქვს. ავტორის გადაწყვეტილებით, ქაღალდზე თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო, მეტეხის ეკლესია და ვახტანგ გორგასლის ქანდაკების გრაფიკული იმიჯებია დაბეჭდილი. მომავალში გეგმავს, ქაღალდის ქანდაკებები მისალოც ბარათებზეც "მოათავსოს" და ასევე ინტერიერის გასაფორმებლად დიდი ზომის ქაღალდის ფიგურები გამოჭრას - ოთახში დადგმული მონუმენტური ქანდაკების ასოციაციას შექმნის... ჯერჯერობით მისალოც ბარათებზე მხოლოდ სამების საკათედრო ტაძარი და სვანური კოშკია. არქიტექტურული ბარათების, აბრეშუმის შარფებისა და თანამედროვე ქართული სუვენირების ავტორი ეკა ასათიანია. რუკადატანილ შარფებს თავადაც სიამოვნებით ატარებს და ამ აქსესუარით მეგობრებიც განებივრებული ჰყავს...

- ორიგინალური არ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ ჩემი იდეაა. მთელ მსოფლიოში არსებობს ეს ტენდენცია, თუმცა აბრეშუმის შარფზე თბილისის რუკისა და ლეგენდის დატანის იდეა ჩემი იყო. საერთოდ, ქსოვილები და შარფები ძალიან მხიბლავს და მიყვარს. ეს აქსესუარი ჩემთან ახლოსაა და გადავწყვიტე, გამეკეთებინა თანამედროვე ქართული სუვენირის - აქსესუარების ხაზი. მეგობრები გვერდით დამიდგნენ და ეს იდეა განხორციელდა. დიზაინერმა და გრაფიკოსმა მიშკა მირველაშვილმა ჩემთან ერთად დიდი სამუშაო გასწია, ერთად ვიმუშავეთ. იდეა და დიზაინი ჩემია, ტექნიკურად კი ყოველი დეტალი მისი გაკეთებულია. ვცდილობ, შარფის დიზაინი მოდის ტენდენციებს მიჰყვებოდეს. წელს რუკები იყო დატანილი კრემისფერ, ოქროსფერ, შავ და იასამნისფერ აბრეშუმზე. რამდენიმე დღეში მზად იქნება და თბილისში ჩამოვა ზამთრის კოლექცია, რომელიც ცოტა უფრო სქელი მასალისგან შეიქმნა, ვიდრე აბრეშუმისა და შიფონის შარფები. როგორც გითხარით, ვითვალისწინებ მოდის მსოფლიო ტენდენციებს და ამიტომ ზამთრის კოლექციაც კრემისფერსა და ოქროსფერში იქნება. ასევე მზადაა შავი და თეთრი კოტონ-აბრეშუმის სინთეზის მასალის შარფები. შარფები უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისგანაა შექმნილი. საქართველოში ნამდვილ აბრეშუმზე რუკის გადატანა ვერ ხერხდება და იმისთვის, რომ პროდუქცია იყოს მთლიანად ნატურალური მასალისგან დამზადებული, შარფები აზიაში, ერთ-ერთ აბრეშუმის ქარხანაში მზადდება.

გრაფიკული დიზაინი მეც ვისწავლე და ბოლო დროს ამ თემაზეც თავად ვმუშაობ. ვიცოდი, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აკეთებდნენ სუვენირებს ქალაქის რუკებით, მაგალითად იაპონიაში მზადდება შარფები, რომლებზეც მეტროს რუკა არის დატანილი. "საქპატენტში" ჩემი დიზაინის დასარეგისტრირებლად რომ მივედი, იქ შევიტყვე, რომ თურმე არსებობს მსოფლიოში ცნობილი დიზაინერის მიერ რამდენიმე წლის წინ გაკეთებული საქართველოს ძველი რუკიანი შარფი, მაგრამ მას თან ახლავს წარწერა "თბილისი". ალბათ წარწერის დატანის დროს შეეშალა და მთელ საქართველოს მხოლოდ დედაქალაქის სახელი დააწერა. შედარებით ახალია აბრეშუმის შარფი ბათუმის რუკით. სანამ შარფზე ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დავიტანდი, გავიარე კონსულტაცია ბათუმელ მეგობართან ირინა ინაიშვილთან, რომელიც კარგად ერკვევა თავისი ქალაქის ისტორიასა და არქიტექტურაში. მისი დახმარებითა და რჩევით, ავირჩიე ის შენობა-ნაგებობები, რომლითაც ბათუმია ცნობილი. აქსესუარზე დატანილია როგორც ძველი არქიტექტურული ნიმუში კათოლიკური ეკლესიის სახით, ასევე თანამედროვე არქიტექტურა - სასტუმრო "რედისონი".

- რაც შეეხება მისალოც ბარათებს?..

- არქიტექტურული ბარათები თანამედროვე მსოფლიოში ახალი სიტყვაა. კირიგამი უძველესი იაპონური ხელოვნებაა, რომელიც უბრალო ქაღალდისგან სხვადასხვა დეკორატიული ნივთის დამზადებას გულისხმობს. ამ წამოწყებაში გვერდით დამიდგა ჩემი მეგობარი, პროფესიით არქიტექტორი ალეკო ზა­გაშვილი, რომელიც სვანური კოშკის დიზაინის გაკეთებაში დამეხმარა. შარფებთან ერთად ეს ბარათები ჩემი სიამაყეა, რადგან ჩვეულებრივ ქაღალდში მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოჭრილია სამების საკათედრო ტაძარი. მომავალში მინდა, არქიტექტურულ ბარათებზე მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული ღირსშესანიშნაობები გამოვჭრა, ასევე ვგეგმავ, აბრეშუმის შარფებზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რუკები დავიტანო, რათა, როგორც ჩემი ქვეყნის მცხოვრებლებმა, ასევე მისმა სტუმრებმა შეძლონ მარტივად გაილამაზონ და გაიფერადონ თავიანთი სტუმრობის ჩვეულებრივი დღე.

- შარფების რუკები ორ ენაზეა, თქვენი დაკვირვებით, შარფებს უცხოელები უფრო ყიდულობენ, თუ ქართველები?

- დიახ, რუკა ქართულად და ინგლისურადაა. ამ აქსესუარის გამოყენება შეიძლება როგორც შარფის სახით, ისე ინტერიერის გასაფორმებლად. მე პირადად აბრეშუმის რუკა ჩარჩოში მაქვს ჩასმული და სურათის სახით კედელზე ჩამოვკიდე. სხვას მაგიდაზე გადასაფარებლად გამოუყენებია. მინდა, შარფები ბევრ ადამიანს ჰქონდეს და ვცდილობ, ხელმისაწვდომ ფასში გაიყიდოს. რაც შეეხება შეძენას, ჩემი დაკვირვებით, შარფებს ძირითადად ქართველები ყიდულობენ, ბევრი მას თავად ატარებს და ბევრიც უცხოელ მეგობრებს ჩუქნის.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს