ვანო ჯავახიშვილი - ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში"

ვანო ჯავახიშვილი - ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში"

საქართველოში ორი პოპულარული ვანო იყო. "ეს ვანო", ანუ გადაცემა "ვანოს შოუს" წამყვანი ვანო ჯავახიშვილი კვლავ ეკრანიდან გვესალმება ყოველ პარასკევს, რაც შეეხება "იმ ვანოს", ანუ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ის ვანო ჯავახიშვილივით "იღბლიანი" ვერ აღმოჩნდა და "ეს ვანო" კენტად დატოვა. თუ როგორ შეხვდა შოუმენი ვანო ჯავახიშვილი ახალ მთავრობას და რა სიახლეებს გეგმავს თავის გადაცემაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

- საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ჩემი გადაცემის რეიტინგი 50 პროცენტით გაზარდა. ასეა, საქართველოში დიდს თუ პატარას აინტერესებს პოლიტიკა. სხვათა შორის, ამ პოლიტიკურ ფონზე ჩემი გადაცემები გაცილებით უკეთესი გამოდის.

- ვანო, არჩევნების შემდეგ უფრო ლაღად ხუმრობ ყველაფერზე...

- არ გეთანხმები. ყველა გადაცემაში ვხუმრობ როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად. არადა, მითხრეს, რაც ახალი მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, უკვე თავისუფალი ხარო, რასაც არ ვეთანხმები. გადახედეთ ჩემს წინა გადაცემებს და ნახავთ - ყველა გადაცემა ყოველთვის დაბალანსებული მაქვს და ვიცი, ვის როდის "წავკბინო".

- ვანო, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, პარლამენტარების გადაცემაში მოწვევაზე პრობლემები არ გექმნება?

- რა თქმა უნდა, მექმნება. ძნელია, შენი გადაცემის გამო ადამიანი ქუთაისიდან ჩამოიყვანო. სამაგიეროდ, მინისტრები არიან თბილისში. სხვათა შორის, გვინდოდა, ქუთაისში "ვანოს შოუს" პატარა "ფილიალი" გაგვეხსნა, ზვიად ძიძიგურმაც კი გვირჩია, ქუთაისში პატარა "ბუტკა" ჩადგი, ზედ "ვანოს შოუ" დააწერე და იქ იმუშავეო, მაგრამ შრომატევადი საქმეა და ჯერჯერობით თავი შევიკავეთ.

- შენივე გადაცემიდან შევიტყვეთ, "ქართული ოცნების" რიგებში მასხარას ადგილს რომ "ეძებ"...

- (იცინის) მართალია, ვეძებ მასხარას ადგილს "ქართულ ოცნებაში", აბა ოპოზიციაში მასხარას რა უნდა? შევხედავ სიტუაციას, როგორ განვითარდება მოვლენები და იმის მიხედვით განვაგრძობ ძიებას.

- ანუ, "იმ ვანოს" სხვა მინისტრით ჩაანაცვლებ?

- რომ ვამბობდი, ყველა მიდის და ვანო რჩება-მეთქი, ჩემს თავს ვგულისხმობდი (იცინის). ასეა, ორი ვანო ვიყავით და ერთადერთი და განუმეორებელი დავრჩი (იცინის). არადა, ხუმრობების მთელი სერია მქონდა აგებული ორ ვანოზე. სხვათა შორის, ჩამოწერილი გვაქვს სავარაუდო სტუმრების სია და ამ სიაში ვანო მერაბიშვილიც არის. ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება მისი სტუმრობა ჩემს გადაცემაში.

- ზვიად ძიძიგურს ისიც ჰკითხე, რა გამოგატანა ბიძინა ივანიშვილმა ჩემთანო. მაინც რას ელოდი მისგან?

- რას დაველოდებოდი? ბიძინა ივანიშვილს ბევრი ფული აქვს და ველოდი, რომ კონვერტს "გამოატანდა"... მოიცა, კაცო, რაებს მეკითხები, ვინმეს მართალი არ ეგონოს (იცინის). ეს ხუმრობა იყო, ხუმრობაა...

- კიდევ ვის მოწვევას აპირებთ გადაცემაში?

- უამრავი საინტერესო ადამიანის, მინისტრების... ძალიან გვინდა ბიძინა ივანიშვილი რომ გვესტუმროს. ჩვენი მომავალი სტუმრების კანდიდატთა სიაში აქუ და შალვა ნათელაშვილიც გვყავს, მაგრამ ვიცი, რომ არ მოვლენ...

- დავით აქუბარდია ნაწყენია შენზე, ერთ-ერთ გადაცემაში ჩიტირეკიაც კი გეძახა...

- (იცინის) ასეა, აქუბარდია ჩიტირეკიად მომიხსენიებს ხოლმე. ის ჩემს გადაცემაში არ მოდის და ერთმანეთს ჩვენი გადაცემებით "ვეხმიანებით"...

- ახლა უკვე სერიოზულად გკითხავ, როგორ შეაფასებ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს?

- საზოგადოდ, პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე, გეტყვით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური აჟიოტაჟი უნდა ჩაცხრეს. ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის თუ სუბიექტის გამო ერთმანეთი არ უნდა დავკბინოთ. როდესაც მოსახლეობას პოლიტიკა ნაკლებად დააინტერესებს, მერე ვიტყვი, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, კარგია, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ახლა კი ვნახოთ, როგორ შეასრულებს ახალი მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებებს. აი, ასე შევაფასებ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მე, როგორც, "დემოკრატიის შუქურა" (იცინის).

ინტერვიუ: "ვიცი, ვის როდის წავკბინო"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები