კახა კალაძე: "გაიშიფრება ის კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყო ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი"

კახა კალაძე: "გაიშიფრება ის კორუფციული სქემა, რომელშიც ჩართული იყო ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი"

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკის სფეროში შექმნილ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

- ბატონო კახა, რა მდგომარეობაა ენერგეტიკის სამინისტროში, თუ დაგხვდათ ისეთი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ რეაგირებას საჭიროებს?

- გულწრფელად გეტყვით - ენერგეტიკის სამინისტროში ნორმალური მდგომარეობა დამხვდა. სასწრაფოდ მოსაგვარებელი კი ტარიფების საკითხია, რასაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდება. ამ ეტაპზე ჩემი და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პირველი რიგის ამოცანა სწორედ დღეს მოქმედი ტარიფების შემცირებაა.

- ამბობენ, მოადგილეებად ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის კადრებს ნიშნავსო...

- რას ნიშნავს მერაბიშვილისა და ადეიშვილის კადრები? ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში მუშაობდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე, არაფერი დაუშავებიათ და არიან კეთილსინდისიერები და პროფესიონალები, მომავალშიც დარჩებიან ხალხისა და ქვეყნის სამსახურში. არ მესმის, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ მათი გამოცდილება?

- თქვენი ინიციატივა, რომ გადახედავდით დიდი ჰესების მშენებლობის პროექტებს, სააკაშვილმა დაიწუნა და განაცხადა - თუ ახალმა ხელისუფლებამ დიდი კაშხლების მშენებლობა შეაჩერა, ქვეყანას ენერგეტიკული პრობლემები შეექმნებაო. გაიზიარებთ პრეზიდენტის შენიშვნას?

- ცხადია, არ შევაჩერებთ მცირე ჰესების მშენებლობას. დიდი ჰესების მშენებლობის საკითხი კი, რის გამოც საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდგომ გადაწყდება. უნდა ჩატარდეს სეისმოლოგიური და ეკოლოგიური კვლევა, ვიმსჯელოთ ეკოლოგებთან, გარემოს დამცველებთან, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უნდა გაირკვეს, რას მეტი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის - დიდი ჰესების მშენებლობას თუ მის შეჩერებას. დაუშვებელია, ერთი საქმე გავაკეთოთ და მეორე დავაზიანოთ, რომლის გამოსწორება შემდეგ შეუძლებელი გახდება.ახლა, რაც შეეხება ელექტროენერგიის პრობლემას: ზამთარში, როდესაც ქვეყანა მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს, ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება, ადგილობრივი რესურსი, ცხადია, საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი არ შეიქმნება.

- ბატონო კახა, საქართველოს წინა ხელისუფლებამ თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიჰყიდა, მათ შორის, საშუალო და მცირე ჰესები. შევძლებთ ოდესმე იმ ობიექტების დაბრუნებას, რომლებიც რუსეთს გადაეცა?

- რაც გაიყიდა, მისი დაბრუნება, ალბათ, იოლი არ იქნება. ერთადერთი, რაც შესაძლებელია, დავინტერესდები, კანონიერად თუ მოხდა გასხვისება. რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე შეუძლებელი იქნება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა. ამ ქვეყანასთან მოსაგვარებელია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები და ეს მშვიდობიანი მოლაპარაკების ფორმატში უნდა მოხდეს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენი ქვეყნის მიმართ გაუჩნდეთ პატივისცემა და ქართველებთან ურთიერთობის სურვილი.

- როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ ენერგომაფიას?

- მე აქტიურად ვითანამშრომლებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გაიშიფრება ის ფინანსურ-კორუფციული სქემა, რომელშიც იყო ჩართული ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, გაიშიფრება ის მაქინაციები, რაც შემდეგ გაზის, ნავთობისა თუ ელექტროენერგიის ტარიფებზე აისახებოდა. მალე ყველა დარწმუნდება, რომ საქართველოში შესაძლებელია გაზზეც და ელექტროენერგიაზეც ტარიფის შემცირება.

- ახალ წელს თუ შეხვდება საქართველოს მოსახლეობა ახალი ტარიფებით?

- არ მინდა კონკრეტული თარიღი დავასახელო, ძალიან მალე ამის შესახებ ყველა შეიტყობს!

- მიხეილ სააკაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ბახმარო მსოფლიოში "ყველაზე მაგარ კურორტად" უნდა ვაქციოო, გაკეთდება ხელოვნური ტბა, აშენდება კაშხალიო და ა.შ. შესაძლებელია, ბახმაროში, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, ხელოვნური ტბის გაკეთება და მასზე თუნდაც მცირე ჰესის აგება? ხომ არ გამოიწვევს ეს გურიის რეგიონში ეკოლოგიურ კატასტროფას?

- სააკაშვილის ამ სისულელის კომენტირებას არ ვაპირებ! მსგავსი განცხადებები მხოლოდ პიარისთვის სჭირდებოდა და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. რაც შეეხება ბახმაროს, ამ საკითხით ნამდვილად დავინტერესდებით და სპეციალისტებთან ერთად ვნახავთ, იქ რის გაკეთება შეიძლება, მხოლოდ სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობით ვიმოქმედებთ. არ მინდა, ბახმარო ახალ ლაზიკად იქცეს.

- თქვენ წარმატებული ფეხბურთელი იყავით. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ხართ იტალიურ "მილანთან" ერთად... რას ფიქრობთ, რაც თქვენი წასვლით დააკელით ფეხბურთს, იმდენი მაინც თუ შესძინეთ ქართულ პოლიტიკას?

- ამაზე მირჩევნია, სხვებმა ილაპარაკონ... უბრალოდ, მიხარია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე იმ დიდ საქმეში, რასაც კრიმინალური ხელისუფლების მოშორება და "ქართული ოცნების" გამარჯვება ჰქვია. ვინ, სად, რას გააკეთებს და როგორი წარმატებით, ამას მომავალი გვაჩვენებს. ჩემი მიზანია, ჩემს საყვარელ ქვეყანას და ხალხს პატიოსნად ვემსახურო.

- როდის აპირებთ გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვას?

- მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსთვის გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ რადგან ამ პერიოდში სიცივეებია, ჩემი საყვარელი გულშემატკივრებისთვის გამოსამშვიდობებელ მატჩს მომავალი წლის გაზაფხულზე გავმართავ!

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა