აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ"

აკაკი ბობოხიძე: "ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ"

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე.

- ბატონო აკაკი, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პირველი საკონსტიტუციო გადაწყვეტილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა იქნება, რას იტყვით ამაზე?

- მათ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღებისთვის ჯერჯერობით ხმების საკმარისი რაოდენობა არა აქვთ. ამიტომ მაინცდამაინც ნუ დაიჟინებენ, რომ პირველად აუცილებლად ეს ცვლილება უნდა მიიღონ. თუ სხვა საკონსტიტუციო ცვლილებას შემოგვთავაზებენ, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაშინ მათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, ამ კონკრეტულ საკითხზე კი მათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ტყუილად ექნებათ. მანამდე, ვიდრე ჩვენგან გადაუბირებიათ დეპუტატები შანტაჟით ან სხვა რამ მოქმედებით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება არ მოხდება.

- ახლახან უმცირესობის რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა - ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი გოზალიშვილმა დატოვა.

- მან ამის თაობაზე პირველივე დღეებში თქვა, უბრალოდ, მხოლოდ ახლახან განაცხადა ოფიციალურად. გოზალიშვილი ამბობდა, რომ არ შევიდოდა იმ ე.წ. ნეიტრალურების ფრაქციაშიც, მაგრამ ამ დღეებში რა მოხდა, არ ვიცი. მან შეცვალა გადაწყვეტილება და იმ ფრაქციაშიც შევიდა, რომელიც ასევე დაკომპლექტებულია უმცირესობიდან წასული დეპუტატებით.

- პარლამენტის ძველი შენობის ინტერიერის დემონტაჟი ისე მოხდა, რომ შენობა საბოლოოდ გაყიდული არ იყო. ვინ და რატომ გადაწყვიტა ეს? ხომ არ მოხდა ეს მიზანმიმართულად, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" პარლამენტის თბილისში დაბრუნება გართულებოდა?

- ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, შენობა გაყიდულია, უბრალოდ, მყიდველს ფული ჯერ არ გადაუხდია. თუ არ აპირებენ გაყიდვას, ასეთ შემთხვევაში ალბათ ფულს აღარ გადაახდევინებენ, თუმცა სავარაუდოდ, მყიდველს ექნება გარკვეული პრეტენზიები, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა. რაც შეეხება გადმოტანას, მიმაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში - ეს არის ქუთაისისა და მასთან მიბმული რეგიონების განვითარების ერთადერთი შანსი. სხვა შემთხვევაში 10-15 წლის შემდეგ ვნახავთ, რომ მთელი საქართველო თავს მოიყრის თბილისში. ცხოვრება თბილისში შეუძლებელი გახდება არა მხოლოდ ახალჩამოსულთათვის, არამედ ძირძველი თბილისელებისთვისაც. თბილისის განვითარება წინ უსწრებს რეგიონების განვითარებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონები დაეწიოს დედაქალაქს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

- როგორც გაირკვა, პარლამენტის და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის კომპიუტერული ქსელის სერვერები განთავსებული იყო იუსტიციის სამინისტროში და იქიდან კონტროლდებოდა.

- სიტყვა "კონტროლის" ამ კონტექსტში გამოყენება არასწორია, სერვერების განთავსება კონტროლს არ ნიშნავს.

- თუმცა თეა წულუკიანმა განაცხადა...

- (მაწყვეტინებს) თეა წულუკიანი კიდევ ბევრ რამეს იტყვის. ეს გახლავთ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი წულუკიანის სატელევიზიო გამოსვლები მოზომილია და თითქოს სამართლიანობას ეფუძნება, გარწმუნებთ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამზადებული მინისტრი. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ის, რომ სერვერები განთავსებული იყო იუსტიციის სამინისტროში, არ ნიშნავს, თითქოს ვინმე აკონტროლებდა პირად მიმოწერას და ელექტრონულ დოკუმენტაციას. ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების დაზოგვის მიზნით. თუკი ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება კონტროლდებოდეს, რა მნიშვნელობა აქვს, პარლამენტში იქნება ეს სერვერები თუ იუსტიციის სამინისტროში? თუ ელექტრონული ფოსტის გაკონტროლებას მოინდომებს ვინმე, გარწმუნებთ, რომ ეს სერვერების მომსახურების გარეშეც შეიძლება.

- ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ბიუჯეტში გადახარჯვაა, ასევე ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან ორიოდე დღეში განაცხადა, რომ ამ უწყების ბიუჯეტში 113-მილიონიანი გარღვევაა.

- ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია. ყველაფერი გამოჩნდება ახალი ბიუჯეტის განხილვისას. ჩვენ ვნახავთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. სინამდვილეში დეფიციტზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. როგორც ჩანს, ესენი წინასწარ იზღვევენ თავს რიგი მოულოდნელობებისგან, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ქვეყანა არჩევნებს კარგი საბიუჯეტო რესურსით შეხვდა. კეთილი ინებონ და გადაიბარონ ასე თუ ისე დალაგებული ქვეყანა. ახლა მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა, როგორი ხვალინდელი დღე ექნება საქართველოს. ვიმეორებ, ჩვენ მათ, ასე თუ ისე, დალაგებული ქვეყანა დავახვედრეთ.

- ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ა.წ. ივლისში მისი უცნაური ფორმით წაყვანა დაკითხვაზე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და უკავშირდებოდა მის სავარაუდო მონაწილეობას არჩევნებში წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსით. ის ამბობს, რომ პირდაპირ ურჩიეს ეს არ გაეკეთებინა, მეტიც, სთხოვდნენ ქვეყნიდან წასვლას.

- მე ვიცი ერთი რამ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა ასეთი იყო: თუ ზაზა სოფრომაძე გათავისუფლებული არ იქნებოდა, მე არ ვიყრიდი კენჭს წყალტუბოში, რადგან ვხვდებოდი, რომ ყველაფერ ამას აუცილებლად მიეცემოდა პოლიტიკური შეფასება. ის პრაქტიკულად დაკავებული არც ყოფილა, დაკითხეს მოწმის სატატუსით და მალე გამოუშვეს. გარდა ამისა, არა მგონია, თვითონ ამ ფაქტის თანამონაწილედ მიმიჩნევდეს. თუ ასე ფიქრობს, ძალიან ვწუხვარ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა