გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ნოდარ ხადურმა შეცდომაში შეიყვანა

გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ნოდარ ხადურმა შეცდომაში შეიყვანა

თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქელების სოციალურ და დაზღვევის პროგრამებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის 31 ოქტომბრის დადგენილებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ ფინანსთა მინისტრს აკისრებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში უშუალოდ ნოდარ ხადურმა შეიყვანა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში უგულავამ ხადურს საუბრის ტონიც დაუწუნა და ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.

"ჩვენი შეუვალი პოზიციაა, შენარჩუნდეს ყველა სოციალური დახმარება, რომელიც თბილისელებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ჩვენთვის მიუღებელია ის დუჟმორეული ინტონაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის. პრემიერ-მინისტრის დადგენილებაზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად სწორედ ნოდარ ხადურს ეკისრება, რადგან, რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად ივანიშვილი საქმის ვითარებაში ბოლომდე გაცნობიერებული არაა და პრაქტიკულად, დადგენილებაზე ხელი ხადურმა მოაწერინა, რითაც სამართლებრივად შექმნა ის ვაკუუმი, რომლისგანაც გამოსავალი ისევ ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ინტონაცია, რომლითაც ხადური საუბრობს, მიუღებელია. მუქარა, რომელიც ჩვენ დღეს მისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურად უკანონოა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი არ არის ცენტრალური მთავრობის წყალობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ესაა კანონით გათვალისწინებული ტრანსფერი, რომლის მიცემა-არმიცემა არაა დამოკიდებული ფინანსთა სამინისტროზე", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განმარტებით, გარკვეული პროგრამების ცენტრალურ ბიუჯეტში უნიფიცირება იმ კომპლექსური გადაწყვეტილების გამოძახილი იყო, რომელიც სოციალური შეღავათების სტანდარტიზაციას და თბილისში მოქმედი შეღავათებით საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის მიერ სარგებლობას ითვალისწინებს.

"ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული ბიუჯეტის ცვლილებასთან. ეს განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე თანაბრად გავრცელდეს შეღავათები, თუმცა, შედეგად ვიღებთ ლანძღვა-გინებას და პროკურორის მანტიით შემოსილი საბიუჯეტო კლერკი გვიკითხავს ნოტაციებს, რომ ყველა კაპიკს დაითვლის. რა თქმა უნდა, ყველა კაპიკი უნდა იყოს დათვლილი, მაგრამ მინდა შევახსენო ფინანსთა მინისტრს, რომ ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო და ეს არ არის მისი საქმე", - აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, თბილისის მერის განმარტებით, დედაქალაქს აღნიშნული პროგრამების განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ტრანსფერით გათვალისწინებული თანხები სხვა მიმართულებებზე მიმართა.

"ფინანსთა მინისტრის საქმე არაა ქალაქის საკრებულო ბიუჯეტს როგორ გაანაწილებს. ჩვენ გვედო ეს თანხები, მაგრამ რადგან ცენტრალურმა მთავრობამ ამ თემის სტანდარტიზაციის გადაწყვეტილება მიიღო და მოხდა ყველა ნორმატიული დოკუმენტის ცვლილება, ის რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდა, მათ შორის ავარიულ სახლებზე, საბავშვო ბაღებისა და დასუფთავების ტარიფის შემცირების გამო თანასუბსიდირებაზე", - განაცხადა უგულავამ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერმა ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. "თუ ჩვენ ვსაუბობთ სამართლებრივ დავაზე, შეგვიძლია ის სასამართლოში გადავიტანოთ, ხოლო თუ ჩვენ გვინდა პრობლემის მოგვარება, მაშინ დავსხდეთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომ თბილისელები არ დაზარალდნენ. მე მაქვს მოსაზრებები როგორ ვიპოვოთ გამოსავალი როგორც წლის ბოლომდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში, ისე გრძელვადიანად - ვინ რაზე აიღებს პასუხისმგებლობას. მზად ვართ, თუნდაც დღეს მოხდეს პირველი შეხვედრა სამსახურებს შორის, თუნდაც პირადად ჩემთან", - დასძინა თბილისის მერმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის 2012 წლის 19 ოქტომბრის განკარგულებით, აღნიშნული პროგრამების განხორციელებაზე ფინანსური ვალდებულება თბილისის მერიისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცა. ამავე წლის 31 ოქტომბერს კი, საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 ოქტომბრის დადგენილება ისევ გააუქმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა