ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: "უწიგ­ნუ­რო­ბის გა­მო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია"

ლი­ზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი: "უწიგ­ნუ­რო­ბის გა­მო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი სფე­რო დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია"

ბაგრატიონთა საგვარეულო ბიბლიოთეკაში ყოველთვის მოიძებნებოდა მიმზიდველი წიგნი, რომელსაც, აკრძალვის მიუხედავად, საბნის ქვეშაც სიამოვნებით კითხულობდა... "წიგნის თაროს" სტუმარია მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.

- ჩემდა სამწუხაროდ და დღევანდელი ვითარების გავლენით, ახლა ინტერნეტის მომხმარებელი უფრო ვარ, ვიდრე წიგნის მკითხველი. თუ საინტერესო წიგნი ჩამივარდა ხელში, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვკითხულობ. განსაკუთრებით მაინტერესებს მე-20 საუკუნის ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, კლასიკას აღარ მივბრუნებივარ. ბოლოს ორი წლის წინ გადავიკითხე "ოსტატი და მარგარიტა".

ძალიან მიყვარს აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილის ნაწარმოებებსაც სიამოვნებით ვკითხულობ, ლაშა ბუღაძის პიესებსაც ხშირად ვეცნობი. მიყვარს რატი ამაღლობელის პოეზია, ახლობლობის გამოც ძალიან ვგულშემატკივრობ მას.

- დღევანდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობთ?

- გულდასაწყვეტია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ახალგაზრდები წიგნს დააშორა, თუმცა წიგნიერი ოჯახის შვილებმა კითხვის ფასი ჯერ კიდევ იციან. ვფიქრობ, კაცობრიობას სულისა და გონების საზრდოდ წიგნზე უკეთესი არაფერი მოუგონია.

მიმაჩნია, რომ მასმედიას ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლია ბავშვის წიგნთან მისაბრუნებლად. ოჯახთან ერთად, პედაგოგებსაც ბევრის გაკეთება ძალუძთ ამ კუთხით. ჩემი მასწავლებლებისა და ლექტორების დიდი დამსახურებაა, კითხვა რომ მიყვარს... ბებიამ და დედამ კლასიკურ ლიტერატურას ბავშვობიდან მაზიარეს, სტუდენტობის პერიოდში კი ისევ მივუბრუნდი იმ უკვდავ ნაწარმოებებს და მივხვდი, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ერთსა და იმავეს ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს.

ისე კი, ლიტერატურის სიყვარული შინაგანი მდგომარეობის გამოძახილიც მგონია.

- როგორ ფიქრობთ, უწიგნურობამ და უგემოვნობამ სამუსიკო სფეროშიც ხომ არ შეაღწია?

- უწიგნურობა ყველა სფეროში საგრძნობია. ასეა სამუსიკო სფეროშიც. განათლებულ და გემოვნებიან ადამიანს მოთხოვნებიც სხვაგვარი აქვს. სცენაზე რომ დგახარ, ყოველთვის უნდა ფიქრობდე იმაზე, რას აწვდი მსმენელს, ან ის რას ითხოვს შენგან. ჩვენს ქვეყანაში, სწორედ უწიგნურობის გამო, მრავალი სფერო დეგრადირებულია. ტრაგედია არის ის, რომ მათ, ვისაც ხალხის გემოვნების განვითარება და ამაღლება ევალებოდა (მასმედიის მესვეურები იქნებიან თუ შესაბამისი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები), ამ დამანგრეველ პროცესს სიამოვნებით შეუწყვეს ხელი. ინტელიგენცია პასიური გახდა - აღარ არის საზოგადოებრივი ცხოვრების ტონის მიმცემი... მაგრამ მე მაინც მჯერა ქართული გენისა და ჯიშის აღზევების.

- თუ გახსოვთ, ყველაზე დიდი გავლენა რომელმა ნაწარმოებმა თუ ავტორმა მოახდინა თქვენზე?

- "ოსტატი და მარგარიტა" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. ბავშვობის დროინდელი საყვარელი მწერლები იყვნენ ალექსანდრე დიუმა, ერნესტ ჰემინგუეი, ოსკარ უაილდი... ქართველებიდან ვაჟას გამოვყოფდი. ძალიან მიყვარს ილია, მის ლექსებსა და წერილებს დღემდე უცრემლოდ ვერ ვკითხულობ, რადგან მათში უდიდესი სიწრფელე და უმაღლესი სულიერებაა. ცხადად მახსოვს, საბანქვეშ, ბებიასგან მალულად რომ ვკითხულობდი, სულ მეჩხუბებოდა, დაწოლილი კითხვა თვალებს დაგიზიანებსო. ადრე რაც ხელში მომხვდებოდა, შემეძლო ყველაფერი წამეკითხა, დღეს ეს წარმოუდგენელია.

- რომელი ნაწარმოების პერსონაჟია ლიზა ბაგრატიონი?

- ყველა პატარა გოგონასავით, ბავშვობაში მეც პრინცესობა მინდოდა, რომელსაც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოაკითხავდა (საუბარში ლიზას მეუღლე ჩაგვერთო - შენი მხედარი აქ ვარ, თეთრი რაში კი დაბლაა გაჩერებულიო, - დ. ო.). ბუნებით კი ჟანა დ'არკი ვარ, მებრძოლი და შეუპოვარი, თუმცა ყოველთვის გულწრფელი.

- ბაგრატიონთა საოჯახო ბიბლიოთეკაში, ალბათ, ბევრი უნიკალური წიგნი ინახება...

- ჩემს მშობლებს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა აქვთ. ძველებისგან წიგნებიღა შემოგვრჩა. ჩვენს ბიბლიოთეკაშია მე-17 საუკუნის ბიბლია, მეფის რუსეთის დროინდელი ენციკლოპედიები და ბევრი ძველი, უნიკალური წიგნი.

წიგნის ყიდვა ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს, ხშირად დავდივართ წიგნის მაღაზიებში და ბაზრობებზე. მართალია, ჯერ კითხვა არ იცის, მაგრამ ოჯახის წევრებიდან ვისაც გამოიჭერს, მაშინვე წიგნს აკითხებს. ეს ძალიან მახარებს.

- დღევანდელ საქართველოს რომელ ნაწარმოებს შეადარებდით?

- დღევანდელი საქართველო "ყვარყვარე თუთაბერს" მაგონებს. სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეშიც ბევრი ყვარყვარეა...

- რის წაკითხვას გვირჩევს ლიზა ბაგრატიონი?

- ახალგაზრდებს უფრო კლასიკის გაცნობას ვურჩევდი. ილია, ვაჟა, გალაკტიონი, კონსტანტინე გამსახურდია იკითხონ. საინტერესოა ნაბოკოვი, დიუმა, დოსტოევსკი. უწიგნოდ ერის არსებობა და მისი ნორმალური განვითარება წარმოუდგენელია...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს