ნანა ლორთქიფანიძე: "რუსთაველის თეატრი გასაქირავებელი პუნქტი გახდა"

ნანა ლორთქიფანიძე: "რუსთაველის თეატრი გასაქირავებელი პუნქტი გახდა"

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე იმ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მის ოპოზიციად მოიაზრება, განვითარებულმა მოვლენებმა მსახიობი ისე შეძრა, რომ ქუჩაში გაიყვანა. რუსთაველის თეატრი, როგორც გასაქირავებელი პუნქტი, საგრიმიოროებიდან გამოშვებული მსახიობები, ასაკობრივი ცენზი და თანამდებობიდან უპატივცემულოდ გათავისუფლებული ნიჭიერი კადრები, ეს სააკაშვილის ხელისუფლების იმ ქმედებათა ნაწილია, რაზეც მსახიობი ჩვენთან ინტერვიუში გულისტკივილს გამოთქვამს.

-  არ მეგონა, თუ ასე მშვიდად ჩაივლიდა ყველაფერი, ძალიან მეშინოდა და ვნერვიულობდი. წინასაარჩევნო გარემო ისეთი იყო, ჩანდა, არც ერთი მხარე არაფრის დათმობას არ აპირებდა, ამის ფონზე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, რაღაც ცუდი მომხდარიყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რამდენად დემოკრატიული იყო ეს ყველაფერი, ცალკე თემაა, რადგან იყო დარბევა, ყუთების გატაცება, ზეწოლა და ა.შ.

-  დღეს "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობა ჰყავს, პრეზიდენტი კი ოპოზიციაშია.

-  ოპოზიციონერი პრეზიდენტი ძალიან სასაცილოა. მე რაღა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რაც პატრიარქმა ბრძანა, როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ოპოზიცია? მაგრამ სწორედ ამაში იყო საქმე, რომ ეს ადამიანი ყოველთვის "ნაციონალებისა" და თავისი მომხრეების პრეზიდენტი იყო, ის შინაგანად არ ყოფილა ჩვენი პრეზიდენტი. ამ ფაქტზე ვერც კი ვბრაზდები, მეცინება.

-  ქალბატონო ნანა, რამ განაპირობა თქვენი ოპოზიციური განწყობა წასული ხელისუფლების მიმართ?

-  მე ბევრი მიზეზის გამო აღმოვჩნდი ამ ხელისუფლების ოპოზიციაში, მაგრამ მამა მათ ძალიან კარგად იცნობდა პარლამენტიდან, კარგად იცოდა, ვინ იყვნენ და რა იყვნენ. ჩემი პირველი უარყოფითი დამოკიდებულება რევოლუციამ გამოიწვია, არ მივესამლები ამას. შევარდნაძესაც ხომ პრეზიდენტობის ვადის რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი?! წასულიყო და მერე აეღოთ ამათ ხელისუფლების სადავეები. ესენი რომ შეცვივდნენ პარლამენტში, დახტოდნენ მაგიდებზე და სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი დალია, მაშინ დამთავრდნენ ჩემთვის, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე გული მომბრუნებოდა?! ამის შემდეგ, ვაღიარებ, რომ ჩასაფრებულივითაც კი ვიყავი ამ ხელისუფლების ქმედებებზე, საშინელი პროტესტი მქონდა მათ მიმართ, მაგრამ ეკლესიაში "კამაზებით" შევარდნა და მრევლის ხელკეტებით ცემა, როგორიც უნდა იყოს იმ ეკლესიის მღვდელი, ბასილ მკალავიშვილს ვგულისხმობ, ისეთი მიუღებელია ჩემთვის, რომ სიტყვებითაც ვერ ავხსნი. მერე იყო კიდევ ბევრი აღმაშფოთებელი ფაქტი, მაგრამ ჩემი ქუჩაში გავარდნა და ქუჩაში დადგომა, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გავაკეთებდი, გამოიწვია გირგვლიანის საქმემ, ირინა ენუქიძის ქუჩაში გამოსვლამ ისე შემძრა, რომ სახლში ვერ გავჩერდებოდი. სახლიდან ვერ ვუყურებდი, როგორ ყვიროდა, როგორ ხაოდა ეს ქალი თავისი ერთადერთი შვილის და შემდეგ უკვე ჩვენი შვილების დასაცავად. თანდათან მცირდებოდა ამ ქალის გვერდით მყოფი ადამიანების რიცხვი, ძალიან დიდმა შიშმა დაისადგურა საქართველოში და ბევრი გაჩუმებას ამჯობინებდა.

-  ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე დამტკიცდა. რა აზრის ხართ ბატონ გურამ ოდიშარიაზე?

-  პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ "ქართული ოცნების" შეხვედრების დროს უბრალოდ, გამარჯობით გავიცანი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემთვის მამას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მას ვკითხე ამ პიროვნების შესახებ და მეტად დადებითად დაახასიათა. მარტო კულტურის მინისტრი კი არა, მთავრობისა და ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი კაცთმოყვარე უნდა იყოს. ამდენი ნაგავში ქექვისა და გაჭირვების მერე ხალხმა შვება უნდა ნახოს. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახს უჭირს, არც სასმელი გვაკლია და არც საჭმელი, მაგრამ ბატონი ბიძინა რომ არ ყოფილიყო, დედას ვერ გადავარჩენდი. სამ დღეში საღსალამათი ქალი დადნა, ტუბერკულოზური მენინგიტი დაემართა. მოულოდნელად ეს ამბავი გაიგო ბატონმა ბიძინამ და შეიძლება ითქვას, სიცოცხლე აჩუქა დედაჩემს.

-  ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკა ხელოვნებაში იყო შეჭრილი...

-  პირადად ჩემს შემოქმედებაში მსგავსი არაფერი ყოფილა და არ შემოჭრილა პოლიტიკა, ოღონდ აქ თეატრს ვგულისხმობ, თორემ ტელევიზიაში ბევრჯერ დავუბლოკივარ იმის გამო, რომ არ ვარ ამ ხელისუფლების მომხრე, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პროექტებიდანაც კი მოვუხსნივარ ჩემი პოზიციის გამო, "რუსთავი 2-"ში ნამყოფიც კი არ ვარ.

-  და რამ განაპირობა ის, რომ "იმედის" სერიალებში მონა­წილეობდით?

-  ალბათ ეს იყო იმ გადამღები ჯგუფის პირადი სიმპათია, რომელმაც მე იქ მიმიწვია და რომელთანაც ვმუშაობდი.

-  თქვენ, როგორც მსახიობი, რას ელოდებით ახალი მთავრობისგან?

-  აუცილებელად უნდა გათავისუფლდეს ხელოვნება პოლიტიკისგან, აღარ უნდა არსებობდეს მომღერლებისა და მსახიობების ე.წ. შავი სიები. რადგან ვიღაც "ნაციონალებთან" მღეროდა, ახლა მისი დაბლოკვა არ უნდა მოხდეს, ამის წინააღმდეგი ვარ. შეიძლება, არ ამღერო ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, "ფორტე"? კი ბატონო, იმღერონ ნინა წკრიალაშვილმა, ნინო ჩხეიძემ და ა.შ. მაგრამ ვისაც ნატოს, ლიზას მოსმენა გვინდა, რა ვქნათ? გარდა ამისა, მე, როგორც მსახიობს, გარდა ჩემი რეჟისორისა, უნდა მქონდეს გარკვეული პასუხისმგებლობა თეატრალური საზოგადობის თავმჯდომარის, კულტურის მინისტრის წინაშე, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ავტორიტეტები. როდესაც მამა თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო, მიუხედავად მისი ფიზიკური ნაკლისა, ფეხს ვგულისხმობ, არ გაუცდენია არც ერთი პრემიერა რეგიონშიც კი, ყოველთვის ნახულობდა სპექტაკლს და გამოხატავდა თავის აზრს. თეატრალურ საზოგადოებას ჰქონდა ჟურნალები, სადაც იწერებოდა კრიტიკა და შექებაც, სწორედ ამისთვის ვმუშაობთ მსახიობები, იქ გამოქვეყნებული რეცენზია ნებისმიერი მსახიობისთვის სასარგებლოა. ამ ყველაფრის ფონზე, ნიკა რურუა რომ თეატრში არ დადის, ეს სწორია? გოკა გაბაშვილი კულტურის მინისტრი რომ იყო, ხმამაღლა აცხადებდა, არ მიყვარს თეატრი და ოპერაო, რა გინდა მაშინ კულტურის მინისტრად, რატომ მოდიხარ? რურუას ცილს ვერ დავწამებ, მსგავსი არაფერი უთქვამს, თუმცა არც მოსულა. ერთი-ორი შემთხვევა იყო, სადაც მისი აღმატებულება ვიხილეთ, ეს იყო გია ყანჩელის საღამო, სადაც ჩვენ წარვადგინეთ "სტიქსი", რობერტ სტურუას რეჟისორობით, ბატონმა გიამ იმ დღეს დაპატიჟა და მობრძანდა.

-  თუმცა, განახლებულ "ქეთო და კოტეზე" და "ვერის უბნის მელოდიებზე" მთავრობა და პრეზიდენტი დადიოდა..

-  კი, რა თქმა უნდა, ივლიდნენ. მე მხოლოდ ერთხელ მახსოვს პრეზიდენტი თეატრში, როდესაც რემონტი დამთავრდა რუსთაველის თეატრში და იყო გრანდიოზული გახსნა, ვთამაშობდით "კაცია-ადამიანს" ისევ სტურუას რეჟისორობით, მაგრამ სპექტაკლის დაწყებიდან 20 წუთში ლოჟაში რომ ავიხედეთ, სააკაშვილი აღარ იყო.

-  სტურუას წასვლის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები თეატრში?

-  თეატრი ძალიან შეიცვალა. სტურუას წასვლის შემდეგ ჩვენთან გაუთავებლად იმართებოდა ღონისძიებები, "ქეთო და კოტე", "ცეკვავენ ვარ­სკვალავები" და თეატრი გახდა საკონცერტო დარბაზი. კი ბატონო, მივესალმები ყველაფერ ამას, მაგრამ ამისთვის წავიდნენ ფილარმონიაში ან რომელიმე სხვა დარბაზში. მსახიობისთვის საგრიმიორო ოთახიც კი ძალიან ინტიმურია, არ შეიძლება, მე სადაც ვიცვამ, ვემზადები როლისთვის და მიწყვია პირადი ნივთები, ერთ დღეს ჩამაყრევინონ მუყაოს ყუთში და გამატანინონ იმიტომ, რომ "ქეთო და კოტეს" მოცეკვავეები უნდა შემოვიდნენ აქ. ერთხელ და ორჯერ გასაგებია ყველაფერი, მაგრამ შეიძლება, 15 დღეში ერთხელ ჩავალაგოთ ჩვენი ბარგი ყუთებში და გავიტანოთ? ბოლოს, ისე დავიღალეთ ამ ყველაფრით, აღარც ვალაგებდით, ვამბობდით, იყოს, რას უზამენ, ხომ არ მოიპარავენო. მერე თვითონ ავალებდნენ ტექნიკურ პერსონალს, რომ ჩაეყარათ ჩვენი ნივთები ყუთებში და ისე შედიოდნენ საგრიმიოროებში, ეს ჩემთვის მიუღებელია.

ამ ყველაფრის ფონზე შეგვიმცირდა სპექტაკლები, რომ მკითხო, ბოლოს სპექტაკლი როდის ითამაშეო, პასუხს ვერ გაგცემ, აღარც კი მახსოვს. როდესაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენს აზრს გამოვთქვამდით, გვეუბნებოდნენ, აუცილებელია გავაქირავოთ დარბაზი, აბა, ისე როგორ იარსებოს თეატრმაო? აქამდე როგორ არსებობდნენ? არ ვიცოდი, თუ თეატრი გასაქირავებელი პუნქტი უნდა გამხდარიყო.

-  როგორ ფიქრობთ, დარბაზის გაქირავება მმართველ ზაალ ჩიქობავას სურვილია?

-  ჩემი აზრით, ეს იყო მარკეტინგული გათვლა. საერთოდ, ზალიკო ყოველთვის ცდილობდა და ახერხებდა კიდეც, რომ ცუდი როლი არ ეთამაშა და თეატრში დაპირისპირება არ მომხდარიყო. მერე კი აღმოჩნდა, რომ ბატონი რობერტი განაწყენებული ყოფილა რაღაცებზე, მაგრამ საერთო ჯამში ზალიკო მსახიობებისთვის ცუდს არაფერს აკეთებდა, პირიქით, ცდილობდა, ყველანაირად შეექმნა გარემო, რომ თეატრში სტაბილური სიტუაცია ყოფილიყო. ჩვენ ჩვენი განსხვავებული აზრის გამო არასდროს არ დავუჩაგრივართ.

-  ზემოთ აღნიშნეთ, რომ ბატონი რობერტი იყო განაწყენებული...

-  არ ვიცი, რა მოხდა მასსა და ზალიკოს შორის და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ. მე ვიცი ერთი რამ, სტურუას თეატრიდან გაშვება დანაშაულია ქართული კულტურისა და ხალხის წინაშე. მისი მსგავსი რეჟისორები საუკუნეში ერთხელ იბადებიან. სიმართლე გითხრათ, ნიკა რურუა ბევრად უფრო ჭკვიანი მეგონა. არ მეგონა, მისი მინისტრობის დროს რობერტ სტურუას გათავისუფლების დოკუმენტი თუ შედგებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი.

მამა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი იყო, 75 წლის გახლდათ, მაგრამ ძალიან კარგადაც აზროვნებდა, დღესაც კარგად აზროვნებს, და საქმესაც არაჩვეულებრივად ართმევდა თავს. მაშინ გოკა გაბაშვილმა უთხრა, შეიძლება, კარგი რეჟისორი ხართ, მაგრამ ძალიან ცუდი მენეჯერი ხართო, რასაც მოჰყვა დაპირისპირება გიგასა და გოკა გაბაშვილს შორის. ასეთი დამოკიდებულება, პირდაპირ აიღო და წარსული, მართლა როგორც ესენი ამბობენ, ჩარეცხო, საშინელებაა, მაშინ მომავალი არ გექნება. განსაკუთრებით მძიმე პერიოდი დაუყენა სააკაშვილის მთავრობამ ჩემი ასაკის ხალხს, აქ ჩემს თავს არ მოვიაზრებ, მაგრამ ჩემი თაობის ხალხზე გააკეთა აქცენტი, პენსიისთვის ახალგაზრდები ხართ, მაგრამ სამსახურისთვის ბებრებიო...

ყველაფრისგან ვიპოვეთ გამოსვალი, მაგრამ როცა სამართალს ვერ პოულობ, ამაზე მწარე არაფერია. სწორედ ღირსეულ და სამართლიან სასამართლოს მოვითხოვ უპირველესად ახალი ხელისუფლებისგან, პირველი ვიქნები, ვინც აიმაღლებს ხმას ამ საკითხზე, თუ ეს ვერ დავინახე. მე ხელოვანი ვარ და ვიქნები მუდმივად ჩემი ხალხის გვერდით, არ გავჩუმდები, თუ ამ ხელისუფლებამაც დაუშვა ისეთი შეცდომები, რის გამოც წინა ხელისუფლებას ვემდუროდით.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება