ვასიკო ოდიშვილი: "ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს!"

ვასიკო ოდიშვილი: "ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს!"

"მაღალო, სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ, ჩვენ უნდა დავშორდეთ, რადგან ასე სურს ხალხის უმრავლესობას... არადა, ერთი თვის წინ დავით აღმაშენებელი იყავი და უცებ ხალხმა ზურგი შეგაქცია. გულს ნუ გაიტეხ, მართალია, პრეზიდენტი ვეღარ იქნები, მაგრამ "ზატო" შენ შვიდი ენა იცი... ვერ დაგტოვებ ასე მარტოს, შენთან ერთად მეც ოპოზიციაში მოვდივარ", - ასე მიმართა ორი ოქტომბრის "აბების" ეთერში ვასიკო ოდიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს. ამავე გადაცემაში არც ბიძინა ივანიშვილს დარჩა ვალში და თავისი ბასრი კბილი მასაც გაჰკრა. "თუ არ აღმოფხვრი მედიაზე ზეწოლას, უსამართლო სასამართლოს, თავგასულ ძალოვნებს, პარტიის ერთგულებით გაკეთებულ კარიერას, შენც თუ ნაგაზებივით დაგეშავ კოორდინატორებს და შენს გემოზე გადაღებავ და გადმოღებავ ქვეყანას, წყნარად და მშვიდად, არცთუ ისე დემოკრატიული არჩევნების საშუალებით გაგიყენებთ კუდიგორის გზას. ნარჩევ-ნარჩევი კმარელები მოვინელეთ და შევარდნაძის სახეებს რაღას ვუზამთ, ხომ წარმოგიდგენიათ. ძრწოდე და ცახცახებდე, ბიძო, მოვდივარ!"

-  ვასიკო, ალბათ რთული იყო იმ გადაცემის მომზადება, რომელიც ციხის კადრებს ეხებოდა...

-  მორალურად ძალიან მძიმედ რომ ვიყავით ყველანი, ამას განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება. მგონი, ამ შეკითხვას ყველაზე უკეთ იმ დღის გადაცემამ უპასუხა. მე პირადად სუფთა ადამიანურად რამდენიმე დღე დეპრესია მქონდა. როგორც ყველამ, მეც ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ვიზუალურმა ეფექტმა გადაავსო ის ფიალა, რომელსაც მოთმინების ფიალა ჰქვია, და რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ყველა ადამიანს პირამდე ჰქონდა სავსე. ნორმალურ ადამიანს სხვა რეაქცია არც უნდა ჰქონოდა.

-  რადგან იუმორისტული გადაცემა გაქვს, იფიქრეთ, რა კუთხით გაგეკეთებინათ გადაცემა, რომ კიდევ არ გაგეღიზიანებინათ მაყურებელი?

-  გადაცემის მიზანი ვინმეს გაღიზიანება სულაც არ არის. გადაცემას ჰქვია "აბები". ეს წამლად უფრო უნდა აღიქვას მაყურებელმა, ვიდრე ვიღაცის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემად. როდესაც თემა რთული ან ფაქიზია, ტექსტი მაქსიმალური ყურადღებითა და სიფრთხილით იქმნება, პროფესიონალიზმის საკითხია, რომ პირადად შენთვის მტკივნეული თემები ტენდენციურად არ გაჟღერდეს გადაცემაში. კონკრეტულად ამ გადაცემის მომზადების დროს ვეცადეთ, არ გადაგვემლაშებინა. სიმართლე გითხრათ, ახლა ის გადაცემა, ციხის კადრების გავრცელების ღამეს რომ მოვამზადეთ, კარგად არც მახსოვს, იმდენად მძიმედ ვიყავი. ასეთივე რთული იყო ჩვენთვის გადაცემის მომზადება 26 მაისს და მის შემდგომ დღეებშიც. ამ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენი გადაცემა არსებობს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ქვეყანაში, რომელიც ყველაზე, მათ შორის "აბების" შემოქმედებით ჯგუფზე, მოქმედებდა, მაგრამ მაყურებელს ნაკლებად აინტერესებს შენი ფსიქოლოგიური თუ მორალური მდგომარეობა ან სერიოზული შეფასება, მას აინტერესებს ყველა ეს მძიმე თემა "აბების" სტილში, ელოდება, აბა, რას და როგორ იტყვიან ახლა "აბებში". ის ელოდება კონკრეტულ პროდუქტს და შენ ის უნდა მოამზადო.

-  ხშირად ბილწსიტყვაობ გადაცემაში, რასაც შემდეგ ეთერში ხმა ახშობს. იმათი დედებიც მოიხსენიე, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო კონტექსტში, ვისაც ეგონა, რომ შემდეგ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ციხის ვიდეოჩანაწერებს გადაფარავდა.

-  მოვიხსენიე, კი. სცენარში ეწერა ეს ტექსტი და მთლიანად ვეთანხმები. "აბების" ფორმატი არ გამორიცხავს წამყვანის ასეთ ზოგჯერ უცენზურო, ზოგჯერ ეპატაჟურ გამოხდომებს, ოღონდ ყველაფერს თავისი ადგილი და, რაც მთავარია, დოზა აქვს.

-  საკმაოდ რადიკალური იყავი ბოლო დროს. ხომ არ ყოფილა რაიმე სახის მუქარა, გაფრთხილების დონეზე მაინც?

-  გარკვეული ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ჩემამდე ნამდვილად არავინ მოსულა.

-  რას გულისხმობ?

-  რომ მავანსა და მავანს არ მოსწონდა ჩემი გადაცემა. სხვას არაფერს გეტყვი, ტყუილად ნუ ჩამაცივდები.

-  ვასიკო, შენ "რუსთავი 2"-შიც მუშაობდი, დილის ეთერში კულინარიის ბლოკს უძღვებოდი. დღეს კოლეგების გაკრიტიკებაც გიწევს. რთული არ არის ეს შენთვის?

-  რთულია, რა თქმა უნდა. მარტო კოლეგების კი არა, მეგობრების კრიტიკაც მიწევს.

-  მაგალითად?

-  დუტა სხირტლაძე გამიკრიტიკებია არაერთხელ. რთულია, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელია გადაცემის კეთება. "იცი, ეს ჩემი მეგობარია და მოდი ამაზე არ ვთქვათ", ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება.

-  მერე, არ დაურეკავს თუნდაც დუტას და არ გამოუხატავს უკმაყოფილება?

-  სულ ორჯერ დამირეკეს, ოღონდ არა იმ მეგობრებმა, რომლებიც მოხვდნენ "აბების" ყურადღების ცენტრში და მკითხეს, რატომო. მე განვუმარტე რატომაც. ჩემი მეგობრები არც დამირეკავდნენ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან ჩემი ხასიათი და რაც სათქმელია, იმას ყოველთვის ვიტყვი, რაც უნდა მწარე იყოს. თუ ადამიანი "ჯანსაღია", ეს ჯანსაღად უნდა მიიღოს.

-  ვასიკო, მაყურებელმა უკვე კარგად დაიმახსოვრა თქვენ მიერ შერქმეული მეტსახელები მაღალჩინოსნებზე. მაგალითად, მაღალი - სააკაშვილი, ტანადი - უგულავა და კორექტული ბაქრაძე. ხომ არ ფიქრობთ უკვე ახალ მეტსახელებზე ახალი მაღალჩინოსნებისთვის?

-  სპეციალურად მეტსახელი არავისთვის მოგვიგონებია. ეს სახელები თავისთავად იბადებოდა საუბარში. მაგალითად, სოსო გიჭერთ თოფურიძე, ვანო გისმენთ მერაბიშვილი და ა.შ.

-  სააკაშვილი მაღალი რომ არის, ამაში ვერ შეგედავები, მაგრამ უგულავას ტანადი რა პრინციპით შეარქვით?

-  უგულავას დიეტა აბა რა არის? დიეტა ტანადობას უზრუნველყოფს. ახალი სახელებიც გაჩნდება ალბათ. თუმცა არის უკვე რამდენიმე, მაგალითად, ბიძინაჩემი.

-  რატომ არის ბიძინა შენი?

-  მასე არ არის. ამ სახელს სხვადასხვაგვარად ვხმარობ: ბიძინაჩემი, ბიძინაშენი, ბიძინაჩვენი, ბიძინათქვენი, როცა როგორ მოითხოვს ტექსტი - ისე.

-  ყველაზე "უდაჩნი" რეკლამიცინი რა გახსენდება ახლა?

-  (ფიქრობს) ბევრია ასეთი. მაგალითად, "ბიძინა, აჩვენე მიშას პასპორტი".

-  ზოგჯერ მღერი გადაცემაში. ბოლოს ივანიშვილისადმი მოქალაქეობის მინიჭებამ აგამღერა...

-  ივანიშვილს მოქალაქეობა ადრევე რომ ეკუთვნოდა, ამას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. და თუ ეს შესაძლებელი იყო აქამდე, რატომ დასჭირდა ამდენი დრო, არ ვიცი. სიმღერა არ გამოვიდა მგონი ურიგო.

-  ქალბატონ ჩიორას ახსენებდი ხშირად გადაცემაში.

-  ვახსენებდი და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ბევრჯერ ვახსენებ. ვინც გამოჩნდება პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში, ჩიორა იქნება ეს, აკაკი, ლამარა თუ ნოდარი, ყველას ვახსენებ ისე, როგორც ეს საჭირო იქნება.

-  ქალბატონი ჩიორა აეროპორტში გააჩერეს და ჰკითხეს, საით მიფრინავთ, ქალბატონო ჩიორაო. თბილ ქვეყნებშიო, პასუხობს ჩიორა... რომ არ გაამართლა ამ თქვენმა ანეკდოტმა?

-  ძალიან კარგი, თუ არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი. საერთოდ, მინდა, არავინ გარბოდეს ქვეყნიდან და ცხოვრობდნენ ისე, რომ დაედგომებოდეთ აქ.

-  ვასიკო, მაღალს დაჰპირდი, განსაცდელში ვერ მიგატოვებ და მოგყვები ოპოზიციაშიო. რატომ მიჰყვები ოპოზიციაში მაღალს?

-  მაგ ლოგიკით ჩიორაც თბილ ქვეყნებში გაფრინდა (იცინის).

-  ახლა რას აპირებთ, ახალ ხელისუფლებასაც მიუთითებთ შეცდომებზე?

-  რასაკვირველია. თუკი აქამდე ხელისუფლებაზე მეტი კრიტიკა ისმოდა ჩვენი გადაცემიდან, იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ახლა ისინი უმცირესობაში არიან. ასე რომ, ახლა ახალი ხელისუფლება უნდა მიფრთხილდეს, როგორც კი საჭირო გახდება ჩემი აბების მიწოდება მათი მისამართით, აუცილებლად მივაწვდი.

-  ერთი უკვე მიაწოდე, როცა "მაესტრო" არ დაუშვეს "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა პირველ შეხვედრაზე.

-  კი, იყო ასეთი. მე მივიჩნევ, რომ როცა მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკობ, გამონაკლისები არც ერთ ტელევიზიაზე არ უნდა კეთდებოდეს. ან შედის ყველა, ან - არავინ.

-  2 წელიწადზე მეტია ამ გადაცემას უძღვები, ყოველდღე, უწყვეტ რეჟიმში. ოჯახისთვის, გართობისთვის თუ გრჩება დრო?

-  შაბათ-კვირა მაქვს ოჯახისა და გართობისთვის. მაგრამ ვალდებული ვარ, ვაკონტროლო გართობის ხარისხი, ორშაბათს ჩაწერაზე ნაბახუსევი რომ არ მივიდე (ეღიმება).

-  ნიცა არის შენი გადაცემის მაყურებელი?

-  იშვიათად უყურებს. ათი წლის გახდება მალე. ხატვა და თამაში უფრო აინტერესებს. ადრე უფრო უხაროდა მამა ტელევიზორში. ახლა მიეჩვია უკვე და ნაკლებად ინტერესდება.

-  პროფესიით მსახიობი ხარ. თუ ხარ დაკავებული ახლა რომელიმე თეატრში?

-  ვთამაშობ ილიას სახელობის უნივერსიტეტის თეატრში, ყოფილ "ვაკის სარდაფში". თუმცა ზოგჯერ, როცა ძალიან დაკავებული ვარ, ცალკეულ სპექტაკლებზე ჩემს როლს დუბლიორი ასრულებს. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მინდა, მთლიანად ჩემი პროფესიით დავკავდე. ფილმშიც თუ გადამიღებენ, ძალიან კარგი იქნება.

-  შენი მეუღლე ეკა "მაესტროს" მთავარი პროდიუსერია, ხომ არ გჩაგრავს? ვიცი, რომ კერძების მოსამზადებლად დრო არ რჩება.

-  დაჩაგრულს ვგავარ (იცინის). ამბობენ, ერთ სამსახურში რომ მუშაობს ცოლ-ქმარი, კარგი არააო, მაგრამ ჩვენ თითქმის ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ნომინალურად ეკა ჩემზე მაღალ თანამდებობას იკავებს ტელევიზიაში და შესაბამისად, მეტი საქმე აქვს. კერძების მოსამზადებლად მართლაც არ რჩება დრო, მაგრამ ამისთვის სიდედრი მყავს, 10 წელია უკვე, ჩვენს გასტრონომიულ მოთხოვნებზე ზრუნავს.

-  რა სიდედრი გყოლია! მადლიერებას როგორ გამოხატავ ამისთვის?

-  "რუსთავი 2"-ში რომ ვმუშაობდი, კულინარიის ბლოკში, ყოველ ორშაბათს "რეიტინგი" მიმქონდა საჩუქრად, ახალი კერძი რომ მოემზადებინა. იქ ხომ ჩვენი კერძების რეცეპტებს წერდით.

-  დღეს რა მიგაქვს სახლში სიდედრისთვის?

-  კარგი განწყობა მიმაქვს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები