"გენერალ ბორისოვს ნაბრძანები ჰქონდა, თბილისისკენ დაძრულიყო"

"გენერალ ბორისოვს ნაბრძანები ჰქონდა, თბილისისკენ დაძრულიყო"

"გენერალ ბორისოვს ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ დილის 11 საათზე თბილისისკენ დაძრულიყო", - აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონარდო დევდარიანი, რომელსაც გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა და აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში.

"ყველას აინტერესებდა, რუსები თბილისში შემოვიდოდნენ თუ არა. ვიცოდი, რომ არ აპირებდნენ, თუმცა ბორისოვი გაფრთხილებული მყავდა, თუ თბილისის აღებაზე ბრძანებას მიიღებდა, უნდა დაერეკა და ლაპარაკში ჩემოდანი ეხსენებინა. ღამის ორ საათზე ბორისოვმა დარეკა, რატომ არ დაბრუნდიო, გაკვირვებული იყო. ვუთხარი, წნევამ ამიწია და ვეღარ დავბრუნდი-მეთქი, აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ გვიღალატა?! ბორისოვმა მკითხა, ჩემოდნები თუ გაქვს, რომ დამჭირდესო? როდისთვის გჭირდება-მეთქი, ხვალ 11 საათისთვისო. გასაგები გახდა ყველაფერი. ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ დილის 11 საათზე თბილისისკენ დაძრულიყო", - იხსენებს დევდარიანი.

დევდარიანის თქმით, თბილისზე თავდასხმის მიზანი დატყვევებული რუსი მფრინავების გათავისუფლება იყო, რომელთა გადაცემაზეც ქართული მხარე უარს აცხადებდა.

"დარეკა ბორისოვმა და უკვე ღია ტექსტით მითხრა, - ლეონარდო, გენერალური შტაბიდან ბრძანება მივიღე, ამაღამ უნდა წავუყენო ულტიმატუმი სააკაშვილსა და მის მთავრობას, რომ თუ ხვალ 11 საათზე ჩვენი მფრინავები მოლაპარაკების თანახმად არ გადმოგვეცემა, გავხსნა ცეცხლი თბილისის მიმართულებით ყველა სახის იარაღით, ზარბაზნებით თუ ტანკებით. შემდგომ შევიდეთ თბილისში, გავათავისუფლოთ ჩვენი მფრინავები, რომელთა ადგილსამყოფელი ცნობილია ჩვენთვის და უკან დავბრუნდეთ", - აცხადებს დევდარიანი.

მისი თქმით, თბილისი რუსების იერიშს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტყვეების გადაცემაზე დათანხმების წყალობით გადაურჩა.

"კოდუას სიტყვასიტყვით გადავეცი რუსების ულტიმატუმი. კოდუამ მითხრა, ახლავე დაგირეკავო და ეს ულტიმატუმი მთავრობას გადასცა. კოდუამ 5 წუთში დამირეკა, ლეონარდო, ყველანი აქ ვართ შეკრებილი, ანზორ მარგიანი გამოგივლის და სასწრაფოდ აქ უნდა მოხვიდეო. ის იყო, წასასვლელად გავემზადე, რომ ისევ კოდუამ დარეკა. აღარ არის საჭირო შენი მოსვლა, ყველაფერი გადავწყვიტეთ, ტყვეებს ხვალ 11 საათზე ჩავაბარებთ რუსულ მხარესო. 5 წუთში ბორისოვმა დამირეკა, ჩემოდნები აღარ არის საჭიროო", - იხსენებს დევდარიანი.

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა