"ნაციონალები" ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან"

"ნაციონალები" ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან"

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მუშაობა მართლაც რთული იქნება, იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, რა მოხდა. იციან, რომ დამარცხდნენ, მაგრამ შინაგანად ჯერ კიდევ ხელისუფლებაში გრძნობენ თავს, რაც ძალიან დრამატულია და სასაცილოც", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში უმცირესობის ბაქიბუქი და ხმის აწევა სასაცილოც კი არის.

- 8 წელია ასე ცხოვრობენ და ჩვევაში გადაუვიდათ უკვე. არა უშავს, იმედია, თანდათან გაერკვევიან და გონება ნელ-ნელა დაეწმინდებათ. ვიღაც მზად იქნება ოპონირებისთვის, ვიღაც კი - წარსულში თავისი "დამსახურების" გამო ქართველი ხალხის საფუძვლიანი კრიტიკისთვის. მათი მხრიდან ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ ერმა ვერ დაინახა მათი ღვაწლი, რაზეც გულიანი გაღიმება შეიძლება.

- "საქართველომ მიიღო ყვე­ლაზე მთავარი, ბევრი ტურისტი და ინვესტიცია", - განაცხადა გია ბარამიძემ რუსეთ-საქართველოს ურ­­თიერთობებზე საუბრის დროს. რამ­დენად აქვს ძველ ხელისუფლებას ამის თქმის საფუძველი?

- ეს არის არასერიოზული ნათქვამი, რომელიც ხელისუფლების ამ მიღწევებით ვიღაცების გახარებაზეა გათვლილი, - თან საყვედურობენ კიდეც, აი, ჩვენ რამდენი რამე გავაკეთეთ და თქვენ უმადურები ხართო. ბარამიძე სწორედ ის ფიგურაა, რომელიც რეალობაში ჯერ კიდევ ვერ გაერკვა. იმდენ ხანს იყო ხელისუფლებაში და ისეთი დიდი ოცნებები ჰქონდა, რომ მას ახალ რეალობასთან შეჩვევა გაუჭირდება.

- საზოგადოებაში უკვე ხუმრ­ობენ, რომ შესაძლოა, საზღვარგარეთ გაქცეულმა მინისტრებმა და­სა­ვლეთში დევნილი მთავრობა შექმნან...

- რა თქმა უნდა, ეს იუმორით არის ნათქვამი, მთავრობა დევნილობაში სულ სხვა ვითარებაში იქმნება. რაც შეეხება მათ წასვლას, ჯერჯერობით კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მათ მიმართ საქმე არ არის აღძრული, მაგრამ ხვალ და ზეგ შესაძლოა, პროკურატურას კითხვები გაუჩნდეს და მაშინ კი, კეთილი ინებონ და უნდა "დააფასონ" ის სამშობლო, რომლის სიყვარულსაც 1-ლი ოქტომბრის შემდეგ მაღალმხატვრულად გვიხსნიან. ამას წინათ შაშკინის "ამაღელვებელ" ნოტზე დაწერილი "წარმატებული რეფორმების" შესახებ წავიკითხე, ოღონდ წარმატებაში რას გულისხმობს, არ ვიცი. სკოლების გაუბედურებას, ბავშვებმა ათის პროცენტის გამოყვანა და წილადების გამრავლება რომ არ იციან, თუ ფორმიანი ხალხის სკოლაში შეშვებას, წესრიგი რომ უნდა დაემყარებინათ? შაშკინი არც ინტელექტითა და არც განათლებით არც ერთ თანამდებობას არ შეესაბამებოდა, ის გახლდათ შემთხვევითი კაცი. გაუმართლა, რახან ქართული გვარი არ ჰქონდა და მიშას ასეთი გვარის ადამიანი სჭირდებოდა, რათა "პატრიოტულ-ქართულ" საქმეებში ჩაერთო. ამ თვალსაზრისით ჩვენც მოგვწონდა. კარგია, როცა კაცი შაშკინია გვარად და ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ მან არ გააკეთა ქართული საქმე და მაინც გვამადლის?..

- მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში ძალადობის შემცირებისთვის ქუჩაში ხალხი ემადლიერებოდა...

- იცით, როცა ადამიანი მინისტრია და ქუჩაში დაიარება, შესაძლოა, მადლობაც კი უთხრან და შუბლზეც აკოცონ, მაგრამ იმდენი გონება უნდა ჰქონდეს, რომ მიხვდეს, რამდენად გულწრფელია ეს ამბორი... აბა, ახლა გაიაროს ქუჩაში და გაიგებს, რას ფიქრობენ მასზე. თუ კოცნას უპირებდნენ, მაშინ ასეთი ქვეყნიდან რატომ წავიდა იქ, სადაც კაციშვილი არ იცნობს. თუ მასა და მის თანაგუნდელებს არაფერი დაუშავებიათ, ისიც გაირკვევა. არა მგონია, რომელიმე მათგანი ისეთი მნიშვნელობის ფიგურა იყოს, რომ რომელიმე ქვეყნის ლიდერმა მათ გადმოცემაზე უარი გვითხრას.

- პარლამენტის თბილისში დაბრუნება იგეგმება თუ არა?

- ეს საკითხი კონსტიტუციურმა უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს... შენობაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მუშაობა შეიძლება. ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. შესაძლოა, პარლამენტი თბილისშიც იყოს და ქუთაისშიც, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ ამას მოჰყვეს ორპალატიანობა და სენატიც დამკვიდრდეს.

- კულტურის მინისტრის მოა­დგილის დანიშვნის საკითხს დიდი ხმა­ური მოჰყვა. ზოგადად, საზოგადოებაში მოისმენთ, რომ "ოცნებას" კადრების დეფიციტი აქვს.

- ჩვენთან ევროინტეგრაციის კო­მიტეტში კარგა ხანს ვეძებდით მოადგილეს. იმ სამინისტროში, სადაც ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები, თავისუფალი აზრის მქონე ადამიანები არიან, ასეთი გაუგებრობები მოსალოდნელი იყო. ისე კი, მე რომ ვიყო, არც ერთ კოლექტიურ წერილს არ წავიკითხავდი, რადგან ამის დრო დაახლოებით 20 წლის წინ წავიდა და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ თითქმის არც ერთ შემთხვევაში კოლექტიური წერილებით არაფერი გადაწყვეტილა... კარგი იქნება, თუ წარსულის შეცდომებს ოდესმე გავითვალისწინებთ. სულ მალე, როცა მინისტრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეძლებს, ძალიან ბევრი შეიძლება გაოცებული დარჩეს მისი მუშაობის პრინციპით.

- რატომ?

- იმიტომ, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება მენტალური გავლენით კი არა, ისე მიიღოს, როგორც საქმეს სჭირდება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა