ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე ხვედელიძისა და კახი კალაძის მასწავლებელთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე ხვედელიძისა და კახი კალაძის მასწავლებელთან

ქალბატონი მარინა გედენიძე 2011 წლის 6 თებერვლამდე სამტრედიის #3 საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ. პროფესიით ისტორიკოსი, სკოლაში 21 წლისა მივიდა მასწავლებლად. შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგე გახდა და ბოლო 17 წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო. სკოლიდან განათლების მაშინდელი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით გაათავისუფლეს, მიზეზი პოლიტიკური გახლდათ. დირექტორს სკოლიდან ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ნანა ივანიშვილის და რძლის, ვენერა ივანიშვილის გათავისუფლება სთხოვეს, რაზეც არ დათანხმდა. ამ სკოლაში, რომელსაც ბევრი წელი ხელმძღვანელობდა, კახი კალაძე, მისი გარდაცვლილი ძმა ლევან კალაძე და ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე სწავლობდნენ.

ქალბატონ მარინასთან ინტერვიუს ჩაწერას დიდხანს ვცდილობდით, მაგრამ ის თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ თბილისში შვილებს ესტუმრა. უფროსი შვილი - ვახტანგ სტურუა, ექიმია. უმცროსი - ზვიადი, ეროვნული ნაკრების მეკარეა.

- ქალბატონო მარინა, როგორ მოხვდა ეკატერინე ხვედელიძის ოჯახი სამტრედიაში?

- ხვედელიძეების ოჯახი სამტრედიაში გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა. ეკას მამა ფედია ხვედელიძე დიდებული ადამიანი იყო, თხემით ტერფამდე ინტელიგენტი, რაინდული თვისებების მქონე. იგი რაიონის მთავარ ექიმად დაინიშნა. ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდა, თანაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ბატონი ფედია წარსულში კარგი კალათბურთელიც ყოფილა. სამტრედიელები ახლაც სიამოვნებით იხსენებენ, თავისუფალ დროს როგორ თამაშობდა ბატონი ფედია თანაქალაქელებთან.

- ეკას დე­და­ზე გვესაუბრეთ...

- ქალბატონი ლუდა ხვედელიძე მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ. ეს უკრაინელი ქალბატონი ქართული ადათ-წესების, ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის უზადო გამტარებელი იყო. ამ კაცთმოყვარე და სტუმართმოყვარე ოჯახმა უამრავი მეგობარი შეიძინა და სულ მალე სამტრედიის საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

ბატონ ფედია ხვედელიძეს და ქალბატონ ლუდას ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ირმა და ეკა. ძალიან ყურადღებიანი მშობლები იყვნენ. არ მახსოვს თუნდაც ერთი დღე, ქალბატონ ლუდას გოგონები თავად არ მოეყვანა სკოლაში და თითოეულ პედაგოგს არ გასაუბრებოდა.

- გოგონები როგორ სწავლობდნენ?

- სკოლაში ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდნენ: მოსწავლის ფორმით და სასკოლო ჩანთით. ფრიადებზე სწავლობდნენ. აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაშინ მე ახალბედა, დამწყები პედაგოგი ვიყავი და ბავშვებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. საოცრად მუსიკალური გოგონები იყვნენ, ბრწყინვალედ მღეროდნენ. იყვნენ ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები. მახსოვს, მოსწავლეთა თვითშემოქმედების რაიონული ოლიმპიადა ტარდებოდა. ირმა მექსიკური ცეკვის სოლისტი იყო და მოულოდნელად ბრმანაწლავის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. სკოლის დირექციის თხოვნით ოლიმპიადის გრაფიკმა გადაიწია. ირმამ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და სამტრედიელების რძალი გახდა.

რაც შეეხება ეკას, ძალიან ლამაზი, მშვიდი, გაწონასწორებული, სათნო და მოკრძალებული, პასუხისმგებლიანი ბავშვი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას ეკა თეთრი წინსაფრითა და თეთრი ბაფთით, უნიჭიერესი და არა მარტო სწავლით გამორჩეული. აქტიურად მონაწილეობდა ყველა სასკოლო ღონისძიებაში, სასკოლო ექსკურსიებში. ყველა საგანს თანაბარი მონდომებით სწავლობდა, განსაკუთრებით უცხო ენები, ბიოლოგია და ისტორია უყვარდა. უყვარდა ხელსაქმე, ჩინებულად ქსოვდა.

- ეკასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ერთ ზამთარს გავცივდი და ფილტვების ანთება დამემართა. ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დამისვეს. საკონსულტაციოდ მოსკოვში წავედი. სამტრედიაში დაბრუნებულს სახლში ქალბატონმა ლუდამ მომინახულა და მატყლის ძაფით მოქსოვილი რუხი ფერის ე.წ. "შლემი" გადმომცა. ვიუხერხულე, მაგრამ ლუდამ მითხრა: "იცით, ეს ეკამ მოგიქსოვათ, მთელი ღამეები ღუმელთან იჯდა და ქსოვდა, მარინე მასწავლებელი გაციებულა და მისთვის მინდაო". ეს გოგონა სიკეთისა და კეთილშობილების განსახიერება იყო.

2000 წელს ეკამ შემთხვევით ჩვენი სკოლის პედაგოგის, ქალბატონ ნანა ივანიშვილისაგან შეიტყო, რომ მე უკვე მისი მშობლიური სკოლის დირექტორი ვიყავი. ძალიან გახარებია. უკითხავს, რა მდგომარეობაში იყო სკოლის შენობა. მოგეხსენებათ, რა დრო იყო, ჩემი და ჩემი კოლექტივის ძალისხმევის შედეგად ბევრი ვერაფერი შევძელით, შენობა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, ჩამსხვრეული ფანჯრები, ამორტიზებული სახურავი, დამტვრეული ავეჯი... ეკამ, ჩემი თხოვნისა და ინიციატივის გარეშე, სკოლის დახმარების ფონდი შექმნა და 11 წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და ტექნიკურ მუშაკებს ფინანსურად ეხმარებოდა. სკოლის 80-კაციანი კოლექტივი ამ დახმარებას უფლის წყალობად მიიჩნევდა, რადგან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფნი, ამ დახმარების წყალობით გადარჩნენ.

დღეს სამტრედიაში, ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის ქ. #29-ში ამაყად დგას თეთრი, ოთხსართულიანი, ცოდნის დიდებული ტაძარი - #3 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა. და კიდევ ცალკე ერთი კორპუსი პირველკლასელთათვის, რომელიც სამართლიანად იწ­ვევს მნახველის აღტაცებას. სკოლის ვეებერთელა ეზო სპორტული მოედნებით, არაჩვეულებრივი ხეივნითა და ყვავილნარით, ახალგაზრდობის დასვენების ერთადერთი ადგილია სამტრედიაში.

- ეკას ბოლოს როდის შეხვდით?

- მხოლოდ ერთხელ ვნახე ეკა ბატონ ფედია ხვედელიძის დაკრძალვაზე. მან ვერ მიცნო, ან კი როგორ მიცნობდა, მე ხომ ის ახალბედა პედაგოგი აღარ ვიყავი, რომელიც ეკას ახსოვდა. ამ ღვთისნიერი ქალბატონისთვის მადლობის თქმაც კი ვერ შევძელი.

- ქალბატონო მარინა, თქვენს სკოლაში სწავლობდნენ ძმები კალაძეებიც...

- რაც შეეხება კახა კალაძის ოჯახს, ისინი ძირძველი სამტრედიელები არიან. ბატონი კარლო კალაძე წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და კოლორიტული პიროვნება გახლდათ. ქალბატონი მედიკო კალაძე პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსია, თუმცა მას არასოდეს უმუშავია, მთელი თავისი ცხოვრება კახასა და ლევანის აღზრდას შეალია. ჩემი დამოკიდებულება ამ ოჯახთან მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას სცილდება, კახა ჩემი შვილის, ზვიად სტურუას კლასელი და უახლოესი მეგობარია. გუშინდელ დღესავით მახსოვს ზურგზე ჩანთამოკიდებული ცეროდენა, მოღიმარი ბიჭი, დიდი შავი თვალებითა და გაბუტული ტუჩებით. ის იყო კარგი მოსწავლის განსახიერება. არ მახსოვს თუნდაც ერთი შემთხვევა, თეთრი პერანგისა და მოსწავლის ფორმის გარეშე მოსულიყო სკოლაში. კარგად სწავლობდა. ძალიან ნიჭიერი იყო, მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტი. ცეკვით აქვს შემოვლილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქები. ასევე ნიჭიერი და წარჩინებული იყო კახას ძმა ლევანი. აქტიურად იყო ჩაბმული სკოლის მხიარულთა და საზრიანთა კლუბში.

ცხოვრებაში იშვიათად შემხვედრია ასეთი სულისა და გულის ადამიანი. ჩვენ ერთ დღეს ვართ დაბადებული. ხშირად იყო შემთხვევა, ლევანიკო ცოტა ხნით დატოვებდა თავის დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს და იებით ხელში მოდიოდა ჩემთან დაბადების დღის მოსალოცად. ექიმობა უნდოდა, სამედიცინო ინსტიტუტშიც ჩაირიცხა, მონდომებითაც სწავლობდა, მაგრამ...

- კახამ სკოლა სამტრედიაში დაამთავრა?

- დიახ, მეათე კლასში კახა უკვე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა. დასვენების დღეებში ჩამოდიოდა და სასწავლო საგნებს ფრიადებზე აბარებდა. კახამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა და თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

- მე ვიცი, რომ მისი წარმატებით მთელი სამტრედია ამაყობდა...

- მაგონდება, ერთხელ, გვიან ღამით, ეს იყო ალბათ 2000 წელი, კახა მაშინ უკვე კიევის "დინამოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა, კახა და ლევანიკო ჩემთან სახლში მოვიდნენ. კახამ მითხრა, რომ კარიერას საფეხბურთო კლუბ "მილანში" აგრძელებდა. მოვეფერე და გზა დავულოცე დიდ ფეხბურთში. თუმცა მაშინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული და მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი გახდებოდა. ერთადერთი ქართველი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი კლუბებს შორის და სხვა უამრავი ჯილდო დაიმსახურა. მე მჯერა კახას ნიჭიერების. მჯერა, რომ თავის სათქმელს ის დიდ პოლიტიკაშიც იტყვის და მსოფლიო რანგის პოლიტიკოსი გახდება. დიახ, ეს ასე იქნება. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, ასე იყოს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: როდის დამეგობრდნენ ივანიშვილისა და კალაძის ოჯახის წევრები

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"