რატომ არ პასუხობს ვანო ჯავახიშვილი დავით გოგიჩაიშვილის ბრალდებებს

რატომ არ პასუხობს ვანო ჯავახიშვილი დავით გოგიჩაიშვილის ბრალდებებს

ვანო ჯავახიშვილი საეთერო სივრცეს ახალ პოლიტიკურ რეალობაში დაუბრუნდა. რთული გამოდგა ახალ ხელისუფლებაზე ხუმრობა ისე, რომ მაყურებელი არ გაეღიზიანებინა. ჯერჯერობით მის ეთერში მინისტრები არ მისულან, მაგრამ შოუმენი იმედიანადაა განწყობილი და განსაკუთრებით ორი მინისტრის სტუმრობას ელოდება.

- ვანო, ალბათ რთული იყო სატელევიზიო სეზონის ახალ პოლიტიკურ რეალობაში დაწყება...

- პირდაპირ გეტყვით, ძალიან რთული იყო. შოუში უფრო მეტი მაყურებელი პირველ ბლოკს, მონოლოგს ჰყავს. აქამდე ყოველთვის დაბალანსებულად ვხუმრობდით, მაგრამ ამ შემთხვევაში სირთულე ის იყო, რომ ხალხი მეტისმეტად გაღიზიანებული გახლდათ რაღაცების გამო ყოფილ ხელისუფლებაზე.

- ალბათ ციხის კადრების...

- თუნდაც... ძალიან რთული იყო "ქართულ ოცნებაზე" ხუმრობა. მახსოვს, პირველი ეთერისთვის რომ ვემზადებოდით, იმ დღეს 200-მდე ხუმრობა დაიწერა და იქიდან მხოლოდ 25 ამოვარჩიეთ. გაგვიჭირდა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული და მსუბუქი მოსასმენი ყოფილიყო, ნაკლებად გვქონოდა "კბენები". ხშირად მეუბნებიან, ახლა გათავისუფლდი და უფრო მეტს ხუმრობ ყოფილ ხელისუფლებაზეო, რაც არასწორია. ჩემს არქივს თვალს თუ გადაავლებთ, ყოველთვის ვხუმრობდით მიხეილ სააკაშვილზე, იმაზე, რომ საავადმყოფოებში მსახიობები იწვნენ... ჩვენზე ზეწოლა არასოდეს ყოფილა.

- ახალი სეზონი კონკურენციის გარეშე დაიწყეთ. "იმედზე" დაიხურა ოთარ ტატიშვილის შოუ...

- ცუდია, როცა სატელევიზიო ბაზარზე მარტო რჩები. როგორც კოლეგას, გული დამწყდა ოთარ ტატიშვილის შოუს დახურვაზე. სატელევიზიო ბაზარზე ხალხს არჩევანი ჰქონდა, რისთვის ეყურებინა.

- რეიტინგით თქვენ უგებდით?

- ეს სხვა თემაა, კი, ვუგებდით, მაგრამ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი კოლეგა "მაესტროზე" მივიდა და ამბობდა, რომ მის პროექტთან - "გოგონა გარეუბნიდან", რეიტინგით ვაგებდით.

- დავით გოგიჩაიშვილს გულისხმობთ?

- დიახ, სახელი და გვარი შეგნებულად არ ვთქვი. როდესაც "გოგონა გარეუბნიდან" დაიწყო, პირველი სეზონი წარმატებული არ იყო და ვიგებდი, მეორე სეზონი წარმატებული აღმოჩნდა, იყო ჭიდაობა და ვაგებდი, ბოლო ორი სეზონი მას ჩემთვის არ მოუგია. ამას დაზუსტებით ვამბობ.

- გოგიჩაიშვილმა ისიც თქვა, რომ როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში მიგიწვიათ, არ უნდოდა, ტიტრებში მათი სტუდიის - "ღამის შოუს" ლოგო გამოჩენილიყო...

- მაგ თემაზე ნანუკასთან ვისაუბრე, რამდენად კარგი იქნებოდა მისთვის ჩემი მიყვანა გადაცემაში. ნანუკა პრინციპული ადამიანია, სტუმრებთან დაკავშირებით არ უყვარს შეზღუდვა და ჩემი პერსონა აირჩია. შესაბამისად, დათოსა და ნანუკას შორის მსგავსი საუბარი შედგა, არ ვიცი, ეს დაპირისპირება იყო თუ არა, ჩემამდე არ მოსულა. ვერ გეტყვით, ნანუკა რამდენად სწორად მოიქცა, რომ გარკვეული გუნდი ჩემ გამო ჩამოშორდა, ეს საწყენია...

- გული არ გწყდებათ, რომ ძველ სახეებზე იმ სიხშირით აღარ იხუმრებთ? ადრე ბევრს ლაპარაკობდნენ თქვენი და ვანო მერაბიშვილის ახლო ნაცნობობაზეც...

- პირდაპირ გეტყვით, ვანო მერაბიშვილთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს და არასოდეს მქონია. მხოლოდ რამდენჯერმე შევხვდი გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ აგორდა ეს თემა, ისიც ვანო იყო, მეც. მე თვითონ ვიგონებდი ხუმრობებს, ვითომ ჩემი პატრონი იყო. როცა ხუმრობ და ამაზე ხალხი იცინის, შეგიძლია ეს თემა ბევრჯერ გამოიყენო. ჩვენი მიზანია, ხალხმა გაიცინოს და არა ის, რომ რაღაც აზრები დავამკვიდროთ, ვითომ მე ვიღაცის კაცი, ან მთავრობის ჯამბაზი ვარ. ესეც ჩემი მოგონილია... რამდენჯერმე წავიკითხე, სოციალურ ქსელში წერდნენ, ეგ მთავრობის ჯამბაზიო. ავიღე და საკუთარ თავზე მოვირგე. თვითკრიტიკა ყოველთვის მომგებიანია. რაც შეეხება ძველი სახეების დავიწყებას, რთულია, მაგრამ ახალი ეტაპი იწყება.

- ახლა ვინ იქნებით, ისევ მთავრობის ჯამბაზად დარჩებით თუ ოპოზიციაში გადაინაცვლებთ?

- ეს თემა ცოტა მოძველდა, ახლა სხვა ტერმინები მაქვს მოსაფიქრებელი და დასამკვიდრებელი. სამაგიეროდ, ახლა ძალიან კარგი პოლიტიკური სპექტრი გვყავს უმრავლესობაში, რომელშიც შედის ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი (იღიმება)...

- მის ვარცხნილობაზე ხუმრობა, რომელიც ქუდი გგონიათ, ხალხმა აიტაცა...

- ეს ხუმრობა ჩემი მოგონილია. წარმატებული იყო, ხალხმა გაიცინა და რატომ არ უნდა ვიხუმრო.

- საიდან გაჩნდა ეს ხუმრობა, მას ხომ "ქართულ ოცნებაში" განსაკუთრებული პოსტი არ უკავია?

- მისი გამოსვლებიდან, როცა სერიოზული სახით საუბრობდა, უცებ დავიჭირე თმის მომენტი, რაზეც შეიძლებოდა ხუმრობა ამეგო. თან ხალხმაც იცის, ვინ არის, დასამახსოვრებელი სახელი და გვარი აქვს და რატომ უნდა გამეშვა ეს შანსი ხელიდან. ახლა ძალიან მიჭირს გადაცემის დაბალანსება, რეალურად ოპოზიციური თემები აღარ არსებობს, სულ ახალი სახეები ჩანს.

- მრავალფეროვანი მინისტრთა კაბინეტი გვაქვს. თქვენი მსახიობები უკვე მუშაობენ მათ პაროდიაზე?

- ირაკლი ღარიბაშვილის პაროდირება მარტივია, სპეციფიკურად მეტყველებს. პაატა ზაქარეიშვილის პაროდია გამოსდის კარგად მიშა ანდღულაძეს, უბრალოდ, პაატა ამ ეტაპზე აქტუალური არ არის. თეა წულუკიანის პაროდია როგორ შეიძლება გაკეთდეს, არ ვიცი, მაგრამ ეგეც შესაძლებელია. კალაძის პაროდია ცოტა რთულია, ასევე ნოდარ ხადურის.

- გადაცემაში ბევრს ხუმრობთ ბიძინა ივანიშვილის მოყოლილ ანეკდოტებზე.

- არ შემეძლო, ეს ეთერში არ გამეშვა. მართალია, ხალხი გადარეულია, აფანატებს, ლექსებს უძღვნიან, მაგრამ... არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების გაკერპება, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი ნიჭი გვაქვს.

- თუმცა პრეზიდენტისთვის მიძღვნილი ლექსებიც ბევრი მოგვისმენია.

- დიახ, ცრემლის გადმოყრაც ყოფილა... ეს ძალიან სასაცილოა ჩვენთვის.

- ამბობენ, რომ ივანიშვილს განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვს. თქვენ თუ იგრძენით ეს?

- არ ვიცნობ, თუ იმ ანეკდოტებით ვიმსჯელებთ, ვერ გეტყვით. შეიძლება შიდა სამზარეულოში კარგად ხუმრობდეს, მაგრამ პუბლიკისთვის იუმორის მიწოდება გაუჭირდა.

- არ გიცდიათ, პრემიერ-მინისტრის ან ახალი მინისტრების მოწვევა გადაცემაში?

- პრემიერ-მინისტრის მოწვევის მცდელობა არ გვქონია, დროის უქონლობა, ბევრი საქმე, დაპირებების ასრულებაზე იქნება ძირითადი აქცენტი გამახვილებული. რაც შეეხება მინისტრებს, ჯერჯერობით თავს იკავებენ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ორივე მხრიდან გვყავდნენ სტუმრები. წინა გადაცემაში დავით ბაქრაძე მოვიწვიე, იმის წინ ზვიად ძიძიგური, რომელთანაც ვმეგობრობთ და მარტივად დამთანხმდა.

- ვის სტუმრობას ისურვებდით?

- მაყურებელს ძალიან აინტერესებს თეა წულუკიანი. ჩემთვისაც საინტერესო პერსონაა. მეტისმეტად მკაცრია ეკრანზე და გვინდა სხვა კუთხით დავანახოთ მაყურებელს. ასევე ძალიან მინდა ნოდარ ხადურის მოყვანა, ასე მგონია, კარგი იუმორი ექნება. ეკა ბესელიას სტუმრობასაც ველით, მას კარგად ვეწყობით. მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, რომელთანაც ადრეც მქონდა მოლაპარაკება, დამთანხმდა, მაგრამ ვერ ახერხებდა მოსვლას.

- ბოლო დროს პრესასა თუ ტელევიზიაში მომღერლებმა, მსახიობებმა, გასართობმა გადაცემებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს...

- ძალიან ცუდია, მე სხვანაირად ვუყურებ პოლიტიკას. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის პოლიტიკა საინტერესო არ უნდა იყოს და ბავშვი რომელიმე პარტიის დროშით არ უნდა დარბოდეს. როდესაც პოლიტიკით დაინტერესებული ერი აღარ ვიქნებით, მაშინ ვიტყვი, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. პოლიტიკოსები რომ პოპულარული ადამიანები არიან, ეს უკვე დიდი შეცდომაა.

- ბოლო დროს პრეზიდენტი თითქმის არ ჩანს, მასზე ხუმრობა ალბათ გაგიჭირდებათ.

- რთულია, არადა, კარგად მუშაობდა პრეზიდენტზე ხუმრობები. ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ, პრეზიდენტი არ ჩანს, პრემიერ-მინისტრიც არ ჩანს. რა გავაკეთო, სად წავიდე, არ ვიცი. იმ დღეს ბათუმში გამოჩნდა პრეზიდენტი, რაღაც მშენებლობაზე მივიდა და რომ დავინახე, გამიხარდა, რაღაცაზე ვილაპარაკებ-მეთქი.

- ვანო, ნოემბრიდან ახალი ტელევიზია GDS იწყებს სეზონს, რამდენად აღიქვამთ მათ კონკურენტად?

- კონკურენტად ყველა არხს აღვიქვამ, "კავკასიასაც" კი, რადგან მსგავსი იუმორი ბევრჯერ ჩემს გადაცემაში არ არის...

- ალბათ დავით აქუბარდიას მიერ სტუმრისთვის განმარტებულ "ჯაკუზს" გულისხმობთ.

- ეს არის კლასიკა და აქამდე გასული ყველა გადაცემის გვირგვინი. არა მგონია, ამაზე მაგარი რამე მოხდეს, მაგრამ ხშირად გავუოცებივართ აქუბარდიას. რაც შეეხება GDS-ს, რაც უფრო მეტი გასართობი არხი იქნება, მაგას რა სჯობს. ჯერ არ ვიცი, როგორი არხი იქნება, ამბობენ, რომ ხარისხი კარგია, მაგრამ პროდუქტი როგორი იქნება, არ ვიცი.

- თქვენგან ბევრი ცნობილი სახე გადავიდა ამ ტელევიზიაში...

- ჩვეულებრივი პროცესია გადასვლა-გადმოსვლის თემა.

- "რუსთავი 2"-ში იზრდებიან იუმორისტები?

- პატარა ქარხანასავით გვაქვს, მაგრამ ჩვენ არავისზე ნაწყენები არ ვართ, არც გული გვტკენია. ყველას თავისი არჩევანი აქვს, შეუძლიათ სადაც უნდა გადავიდნენ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ამ ყველაფრის აფიშირება ცუდი კუთხით მოხდა. ბოლოს და ბოლოს, ერთ ოთახში ვმუშაობდით და ამდენი წელი ერთად მოვდიოდით. გახდე მეორე მხარის მტერი, როდესაც მასთან არანაირი კონფლიქტი არ გქონია, არასწორია. არა უშავს, ყველაფერი წინ არის.

- თქვენ ყოველთვის თავს იკავებდით, რომ თუნდაც დავით გოგიჩაიშვილისთვის პასუხი გაგეცათ.

- არადა, ბევრი შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ და ისეთი ინტერვიუ მოგცეთ, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტური ადამიანები.

- არ გიფიქრიათ, რომ დადგა დრო, თქვენც უპასუხოთ?

- როცა თათბირს ვატარებთ, აზრები იყოფა, ზოგი ამბობს, რომ დროა ყველაფერი ვთქვათ, მაგრამ არა, მაინც ჯობია, ნეიტრალურები ვიყოთ.

- შიდა დაპირისპირების გამოტანას არ მიესალმებით?

- ვერიდებით... პოლიტიკოსები რომ ვიყოთ, შეიძლება კომპრომატებით ვიბრძოლოთ, მაგრამ იუმორისტები ვართ და მაყურებელს ჩვენზე წარმოდგენა არ უნდა შეეცვალოს. ეკრანზე რომ დამინახავს, მაყურებელმა ჩემზე უნდა გაიცინოს, არ უნდა ვეცოდებოდე და იმაზე არ უნდა იფიქროს, ამას იმან ეს როგორ გაუკეთა, საწყალი ბიჭიო. ჩვენ არ ვართ ის ტიპები, რომ გამოვიდეთ და ვიღაცებზე ცუდად ვილაპარაკოთ. მინდა გზა დავულოცო ახალ ტელევიზიებს, მაგრამ ჩვენთან ერთი სიახლეა - 1-ლი დეკემბრიდან ახალ არხს ვხსნით. ეს იქნება "კომედი არხი", სადაც მარტო იუმორი იქნება და ჩვენი გუნდი იმუშავებს. "რუსთავი 2"-ზე რჩება ჩვენი პროდუქცია, ამის პარალელურად ვაკეთებთ ახალ არხს. მოგეხსენებათ, ჩვენს შემადგენლობაშია "ახალი არხი", რომელსაც ალბათ სახელი გადაერქმევა და იქნება "კომედი არხი", სადაც მთლიანად ჩვენი პროდუქცია გავა.

- ამ სიახლეზე, თუ არ ვცდები, არსად გისაუბრიათ.

- პირველად გეუბნებით... არხზე გავა 20-25-წუთიანი ახალი პროექტები, ჩვენი კლასიკური სკეტჩები, საიდანაც საუკეთესოები ამოვარჩიეთ. მუსიკაც ჩვენი არქივიდან გავა, უამრავი მუსიკალური ნომერი გვაქვს, ასევე ჩვენი საკონცერტო ნომრები. რეალურად, ადამიანს თუ პოლიტიკისგან განტვირთვა მოუნდება, გადართავს და გაერთობა. გუნდში სამი კარგი ბიჭი დავიმატეთ, მიშა, გიგა, თემურიკა. პატარა თემურიკა 17 წლის არის და "ვანოს შოუს" სცენარს წერს. უნიჭიერესია, მასში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები