81 წლის მოხუცი, რომელიც უამრავ კატასთან ერთად ცხოვრობს

81 წლის მოხუცი, რომელიც უამრავ კატასთან ერთად ცხოვრობს

81 წლის იულია სმირნოვა-ხელაშვილი ბევრ კატასთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად გვითხრა, კატები მისი "ექიმები" არიან - ჯანმრთელობას უნარჩუნებენ. იულია ბებოს დილა კატებზე ზრუნვით იწყება. ოთხფეხა მეგობრები მოთმინებით ელიან, მზრუნველი პატრონი საკვებს სუფთა თეფშით როდის შესთავაზებს - ჭუჭყიანი ჭურჭელი მათთვის მიუღებელია! ბებომ დასალევი წყალიც ხშირად უნდა გამოუცვალოს, თორემ კატები ჯამთან სხდებიან და კნავიან - ჭუჭყიან წყლის ქონას ასე აპროტესტებენ.

იულია სმირნოვა-ხელაშვილი:

- რუსეთში, ქალაქ კალინინში (ახლანდელ ტვერში) ვცხოვრობდი. თხები, ღორები და ქათმები გვყავდა. საერთოდ, რუსებს ცხოველების მიმართ დიდი სიყვარული გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მგელიც რომ მოვიდეს, არაფერს დამიშავებს. ტყეში ხილისა და სოკოს საკრეფად ხშირად დავდიოდი. თავს ამით ვირჩენდით. დაახლოებით, 12 წლის ვიყავი, როცა ტყეში მოულოდნელად დათვს გადავაწყდი - ჟოლოს ჭამდა. შემომხედა. მშვიდად ვუთხარი: დათვო, შენც ჟოლოს ჭამ? კარგი, შენ ჭამე, მე კი წავალ-მეთქი. თავისებურად მიპასუხა - გარკვეული ბგერები გამოსცა. არაფერი დაუშავებია... ცხოველები ჩემი ოჯახის წევრებსაც უყვარდათ. დედაჩემი სადმე რომ წავიდოდა და შინ საჭმელს არ დატოვებდა, ბავშვები კატებისთვის განკუთვნილ რძეს ვსვამდით. ჩემი მომავალი მეუღლე მუშა გახლდათ, - ომის შემდეგ დანგრეული ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობდა. მე 17 წლიდან ოჯახს ვარჩენდი - სამხედრო კომბინატში ვმუშაობდი.

მამა ომში დამეღუპა, ჩემი და ბავშვი იყო - ჩემზე 6 წლით უმცროსია, დედა კი ავადმყოფობდა - სულ ლოგინში იწვა. ოჯახში ყველაფერს თავად ვაკეთებდი. საქართველოში წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა ჩემი მომამავალი ქმრის შესახებ მითხრა: კარგი ბიჭია, არ სვამს, პაპიროსს არ ეწევაო და ა.შ. მოკლედ, გავთხოვდი, კალინინში ხელი მოვაწერეთ და საქართველოში ქმართან და დედასთან ერთად გამოვემგზავრე. მაშინ ჩემი და უკვე დიდი გოგო იყო. ახლაც იმ ქალაქში ცხოვრობს - გათხოვილია, შვილები და შვილიშვილები ჰყავს... კარგი დედამთილი შემხვდა. დედაზე მეტად ვაფასებ. მან გამზარდა, მასწავლა... მართალია, რძლები და მაზლები მეჩხუბებოდნენ (ქონების წილი უნდოდათ), მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი. გამიჭირდა, მაგრამ ვითმენდი. შიმშილიც გამოვიარე და სიცივეც, მაგრამ ყოველთვის ქმრის გვერდით ვიყავი. ჯერ საგარეჯოს რაიონში - აგარაში ვცხოვრობდით. ჩემს ქმარს მუშაობა ეზარებოდა.

ჩვენს მეზობლად კოლმეურნეობის თავმჯდომარე - გიორგი მჭედლიშვილი ცხოვრობდა. საოცრად კარგი კაცი იყო. მე და ჩემი მეუღლე დაგვიბარა და გვითხრა: თქვენ მუშაობა გეზარებათ, ჩვენ კი მუშები გვჭირდებაო. მე ფერმაში მუშაობა შემომთავაზა, ჩემს ქმარს კი - ტრაქტორისტად. მეუღლემ განაცხადა: - მე აქ არ ვიმუშავებო. თავმჯდომარემ უპასუხა: - არ იმუშავებ და ქალაქში წადითო. მაშინ ე. წ. "ვერბოვკა" იყო: "ზედმეტ" ხალხს 3 წლით ქალაქში სამუშაოდ გზავნიდნენ. თავმჯდომარემ მითხრა: იულია, იცოდე, კარგი ქალი დადექი და ქალაქში დარჩით, სხვაგან არ წახვიდეთო. მართლაც, თბილისში დავრჩით. სოფლელები აღარ ვართ (იცინის). ჩემი ქმარი ფუნიკულორთან სახლების მშენებლობაზე მუშაობდა. გასამრჯელოდ 60 მანეთს იღებდა.

- თქვენ დიასახლისი იყავით?

- აბა, ბავშვებისთვის ხომ უნდა მიმეხედა? ჯერ ვაჟი - ზაური (ახლა რუსეთში ცხოვრობს) შემეძინა, მერე - გოგონა, რომელსაც დედამთილის სახელი - ანა დავარქვი. მდგმურებად ვცხოვრობდით. ახლა მარტო ვარ. ჩემი ცხოვრება დაინგრა. არ დამაფასეს. მე და ჩემმა მეუღლემ 50 წელი ერთად ვიცხოვრეთ, მერე ის სოფელში დავტოვე და წამოვედი. ვუთხარი: შენ შენთვის იყავი, მე - ჩემთვის-მეთქი. სოფელში კარგი ბინა მაქვს. ორთაჭალაში, "ელექტროავტომატში" 23 წელი ვიმუშავე, სამკერვალო ქარხანაში - 10, მეექვსე ქარხანაში - 2. მეეზოვედ მუშაობა 16 წლის წინ დავიწყე. აბა, რა ვქნა, ვინ მაჭმევს? მარტო ვარ. ასე ჯობია. კატებთან ერთად, ერთ ოთახში ვცხოვრობ. როცა განერვიულებული ვარ, მამშვიდებენ: მოდიან და "მეუბნებიან", - "მუურ, მუურ"...

- კატები თქვენს ცხოვრებაში როდის გაჩნდნენ?

- ქუჩაში პატარა კნუტები რომ არიან, მებრალებიან, რა ვქნა? პირველად იაპონური ჯიშის ძაღლი მოვიყვანე, რომელსაც ბავშვები აწვალებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ. თვალი დახუჭული ჰქონდა - ვერ ახელდა, წიოდა და კიოდა. ვუმკურნალე, თვალზე ჩაის საფენებს ვადებდი. ორივე თვალი გაახილა, გამოჯანმრთელდა... 18 წელი იცოცხლა. კატაც მყავდა - ტიგრიკა ერქვა. ერთხელ სოფელში წავედი. უკან რომ დავბრუნდი, აღარ დამხვდა - ჩემს "ხაზეიკას", რომელსაც კატები არ უყვარდა, მოუკლავს. ტიგრიკა ისეთი კარგი იყო... გამოფენებში მონაწილეობდა. სილამაზის გამო, ჯილდოებიც კი მიიღო. მის სანახავად ბევრი მოდიოდა. დიდი კატა იყო: 8 კილოგრამს იწონიდა და 150 სანტიმეტრის სიგრძის გახლდათ.

- ძაღლი და კატა ერთად როგორ ცხოვრობდნენ?

- ძაღლს - ლედის, ლეკვები არ ეყოლა. პატარა ტიგრიკამ კნავილი რომ დაიწყო, ლედიმ ძუძუ მოაწოვა. შემდეგ ტიგრიკა "დედასთან" თავად მიდიოდა ხოლმე და "ეუბნებოდა", - რძე მინდაო. ძაღლმა კნუტი თავისი რძით გაზარდა. როცა ტიგრიკა წამოიზარდა, ლედი უყურებდა, საჭმელს როდის მიირთმევდა, თავად მხოლოდ ნარჩენებს ჭამდა. ქუჩაში ერთმანეთს იცავდნენ. ერთხელ ლედისთვის თურქული ჯიშის ძაღლს უნდა ეკბინა. ტიგრიკა "პავადოკიდან" ამოვარდა და უცხო ძაღლს ზურგზე დააჯდა. მეორე დღეს ძაღლის პატრონმა ადვოკატი მომიყვანა, რომელმაც მითხრა: - შენი ძაღლი ცუდია, უნდა მოვკლათო. ვუპასუხე: რატომ უნდა მოკლათ? აღრიცხვაზე მყავს აყვანილი, საბუთებიც მაქვს-მეთქი. გაბრუნდა და წავიდა.

- ტიგრიკას და ლედის რა ბედი ეწიათ?

- ტიგრიკამ 10 წელი იცოცხლა. შემდეგ ავადმყოფობით მოკვდა. ლედის კიბო ჰქონდა. სენი ძალიან აწუხებდა. წამალი არ შველოდა. კრუსუნი დაიწყო. წამლით დავაძინეთ და მისი გაწამებული სიცოცხლე დავასრულეთ.... ლედი კოჯორში დავმარხე. ტიგრიკაც შორს დავასაფლავე... კატა - მარგუშა რომ მოვიყვანე, ლედი ცოცხალი იყო. მარგუშა შარდენზე ვიპოვე. ყველა ფეხით სცემდა. შემებრალა. თან, ძალიან ლამაზი იყო. დავბანე, ტილებისგან და რწყილებისგან გავათავისუფლე და სუფთა ჩვრებში გავახვიე. გაიზარდა. ახლა 16 წლის არის.

- მარგუშას "მეუღლის" - ბაგირას ამბავიც მოგვიყევით.

- ბაღში ვმუშაობდი. პატარა ბაგირა ხეზე იჯდა და ტიროდა. - მოდი-მეთქი, - ვუთხარი. მოვიდა. ჯიბეში ჩავისვი და სახლში წამოვიყვანე. მაშინ ტიგრიკა და ლედი ცოცხლები იყვნენ.

- თქვენი კატები ბაგირას და მარგუშას შთამომავლები არიან?

- აბა, რა! უცხო არც ერთი არის. ჩემი კატები "ექიმები" არიან: როცა თავს ცუდად ვგრძნობ, ვამბობ: ბაგირა, თავი მტკივა-მეთქი. ბაგირაც მოდის, მლოკავს. შედეგად წნევა მირეგულირდება. როცა ფეხები მტკივა, ან მარგუშა დამიწვება, ან - სხვა რომელიმე კატა და ტკივილიც მიამდება. შარშანწინ ფილტვების ანთება მქონდა. ჯანმრთელობა კატებმა შემინარჩუნეს. ღამით Bბაგირა ზურგთან მიწვება ხოლმე. როგორც კი ვეტყვი, - მცივა-მეთქი, მაშინვე მოდის და მათბობს. ყველა კატა ერთნაირად ძლიერ მიყვარს!..

- სულ რამდენი კატა გყავთ?

- არ ვიცი, დავთვალოთ: 3 მარგუშა, ტიგრიკა, ბაგირა, მურკა, პუშოკი, მამულიკა, კრასავჩიკი და 4 პატარა კნუტი.

- კნუტებს სახელები არა აქვთ?

- არა, ყველას "მჩხავანას" ვეძახი (იღიმის).

- მარგუშა 3 რატომ გყავთ?

- მერე რა მოხდა? დავუძახებ თუ არა, სამივე მოიხედავს. მათგან უმცროსს "მარგუნიას", ხან - "კარალევა მარგოს" ვეძახი. კნუტები მისი შვილები არიან.

- რა ჯიშის კატები არიან?

- პუშოკის გარდა (რომელიც დედის ჯიშზე წავიდა), ყველა ევროპულია.

- ყველაზე ასაკოვანი კატა რამდენი წლის არის?

- ყველაზე უფროსი - მარგუშა 16 წლის გახლავთ, ბაგირა - 8-ის.

- ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა ყოფილა...

- (იცინის) კატებმა ასაკი და დედმამიშვილები არ იციან: კატა რომ გულაობს, "ვსიო".

- არ ჩხუბობენ?

- როცა ჩხუბობენ, ვეუბნები: აბა, ვინ ჩხუბობს? ჯოხი სად არის-მეთქი? მაშინვე იმალებიან. თავისი საპირფარეშო აქვთ. მოსასაქმებლად რომ მიდიან, ან იატაკს ფხაჭნიან, ან - "მიაუს" იძახიან. სიბინძურეს ქაღალდში აგროვებენ, რომ ოთახში ცუდი სუნი არ დადგეს.

- ასეთ საქციელს როგორ მიაჩვიეთ? დიდი ძალისხმევა დაგჭირდათ?

- არა. ერთხელ რომ ვეტყვი, საკმარისია - ყველაფერს მიჯერებენ.

- ღამით ყველას თქვენთან სძინავს?

- ასაკით უფროსები - ბაგირა, ტიგრიკა და მამულიკა ჩემთან იძინებენ, დანარჩენები - თავის "საწოლებში" (კოლოფებში).

- სასეირნოდ გარეთ არ გადიან?

- არა, ხალხს რომ ხედავენ, ეშინიათ. ჩემს კატებს საჭმელი ჭუჭყიანი თეფშით რომ დაუდგა, არ შეჭამენ. დილით წყალი თუ არ გამოვუცვალე, არ დალევენ. დასხდებიან და "მიაუს" იძახიან. "მეუბნებიან", - წყალი ჭუჭყიანიაო.

- მათი მოვლა გიძნელდებათ?

- არა, ეს რთული საერთოდ არ არის. შენიშვნას მივცემ თუ არა, მემორჩილებიან.

- მათ საკვებს სად შოულობთ?

- ჩემი ხელფასით ვყიდულობ, მარიამ ჩხიკვიშვილიც ("უსახლკარო ცხოველების საზოგადოების" წარმომადგენელი) მეხმარება. 1 კილოგრამი სოსისი ჩემს კატებს 1 კვირა ჰყოფნით. სასადილოდან საკვების ნარჩენები გადასაყრელად რომ მიაქვთ, ვთხოვ ხოლმე, რომ კატებისთვის მომცენ. დილით რომ ვიღვიძებ, ჯერ ჩემს კატებს ვემსახურები: საჭმელი, სასმელი, "უბორკა"... 10-ის ნახევრიდან სამსახურში გავდივარ.

- უცხო კატებსაც უვლით?

- აბა, რა! მაწანწალა კატებსაც ვუვლი. მათ უკვე იციან, ბაღში რომელ საათზე ვარ ხოლმე. თუ გინდათ, წამოდით და გაჩვენებთ - შავი და ჭრელი კატა საჭმელს როგორ ელოდებიან (იღიმის).

- ალბათ, თქვენი კატები კიდევ გამრავლდებიან.

- არა. მურკამ მკვდარი კნუტები დაბადა. ეს 4 კნუტი უმცროსი მარგუშასია.

- სხვა კატების შემომატებას კიდევ აპირებთ?

- არა, მეტი არ მინდა.

- ქუჩაში მიტოვებული, პატარა, უმწეო კნუტი ისევ რომ იპოვოთ?

- ქუჩაში ვაჭმევ ხოლმე. შინ არ მოვიყვან, რადგან ავადმყოფები არიან, ჩემი კატები კი - ჯანმრთელები.

- ვეტერინართან დაგყავთ?

- სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, როგორ წავიყვანო? სანამ იქამდე მივალ, ვეტერინარის სამუშაო საათები დასრულებული იქნება. მარიამი მეხმარება. შემომთავაზა, - არ გინდათ, თქვენი კატები აღრიცხვაზე აიყვანოთო? საჭირო დოკუმენტები მომცეს. ახლა კატების დახოცვით ვერავინ დამემუქრება - ამის უფლება არა აქვთ. კატების მკვლელი 1-დან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

- მეზობლები გემუქრებოდნენ?

- არა, კატები ჩემს ქალიშვილს არ უყვარს. ამიტომაც ჩემთვის, მარტო ვცხოვრობ. კომუნალურ გადასახადებსაც დამოუკიდებლად ვიხდი. დენისა და ნაგვის გადასახადს თავს ვართმევ, წყლისას - ვერა. ერთბაშად 50 ლარის გაღება რთულია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"