რატომ დაიწუნა მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილი ჰიმნი ასლან აბაშიძემ?

რატომ დაიწუნა მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილი ჰიმნი ასლან აბაშიძემ?

კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა ოთხ თვეში 34 კილო დაიკლო. "შეიძლება ექიმები, დიეტოლოგები გამიბრაზდნენ, მაგრამ ეს დიეტა თვითონ მოვიგონე. არ მივირთმევ ტკბილს, ფქვილს და ცხიმს. ვჭამ დღე-ღამის ნებისმიერ დროს და იმდენს, რამდენიც მინდა. ახალი ცხოვრებისთვის, სცენისა და კონცერტებისთვის ვემზადები", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე მაიამ. დღეს მას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

-  დედა, ლია ლიპარიშვილი, პედაგოგია, მამა, ზურა კაჭკაჭიშვილი, ინჟინერი გახლავთ. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე. ბავშვობიდან ვხედავდი, როგორ შრომობდნენ ჩემი მშობლები და მხოლოდ ამ გზით შოულობდნენ საარსებო წყაროს. ამიტომაც იმთავითვე ვიცოდი შრომის ფასი, 14 წლის ასაკში მუშაობა დავიწყე, ბავშვები ავიყვანე და ვოკალში ვამზადებდი. სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. ვინმე რომ შემოვიდოდა სახლში, დედას აუცილებლად სუფრა უნდა გაეშალა. მხოლოდ ყავას თუ მივართმევთ, დღემდე ჰგონია, რომ ამით სტუმარს ვამცირებთ. მე ამ პროცესებში ნამცხვრების გამოცხობით ვიღებდი მონაწილეობას. თავად ვისწავლე, დავინტერესდი. რომ შემომხედავს ადამიანი, მიხვდება, რომ ბავშვობიდან ვაცხობდი ნამცხვრებს და ამ ნუგბარის ყველანაირ სახეობას კარგად ვაცხობ (იცინის).

-  სიმკაცრეს მშობლების მხრიდან რომელი უფრო იჩენდა?

-  მამის სასტიკად მეშინოდა. მამა მეორე პროფესიით მათემატიკოსია. 55 წლის არის და კალკულატორი დღემდე არ უხმარია. ექვსნიშნა ციფრებს ამრავლებს და ყოფს გამომთვლელი მანქანის დაუხმარებლად. მიუხედავად ამისა, მათემატიკაში სამიანი მყავდა. დანარჩენ საგნებში ხუთები. მამა მათემატიკაში მამეცადინებდა და მისი ისე მეშინოდა, რომ ვერ ვსწავლობდი. მერე, როგორც იქნებოდა, დავიზეპირებდი ფორმულებს, მივიდოდი სკოლაში და იქაც ისეთი დესპოტი პედაგოგი მყავდა, ვიბნეოდი და ყველაფერი მავიწყდებოდა. მოკლედ, მამაჩემისა და მათემატიკის პედაგოგის სიმკაცრემ განაპირობა ჩემი უცოდინარობა ამ საგანში. ასე რომ, მათემატიკამ გვერდით ჩამიარა. იმდენი კი ვიცი, რამდენი უნდა ავიღო ჰონორარი სიმღერაში (იცინის).

-  კიდევ რაში გამოიხატებოდა მამის სიმკაცრე?

-  ღამით გარეთ არ მიშვებდა. მე ურჩი ვიყავი ყოველთვის. 3-4 წლიდან უკვე ვეწინააღმდეგებოდი მშობლებს. უნდოდათ ჩემთვის რქების მომტვრევა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან საოცრად ჯიუტი ხასიათი დამანათლა განგებამ. ჩემი მომრევი ვერავინ გამოჩნდა დედამიწის ზურგზე.

-  დედმამიშვილე­ბი გყავს?

-  და მყავს ჩემზე ექვსი წლით უმცროსი. გვანცა დამთმობი და დამყოლი ბავშვი იყო ყოველთვის. მე - დაუმორჩილებელი. მაგალითად, 5 წლის ასაკში რომ მითხრეს, ცხრა საათზე უნდა ამოხვიდე ეზოდანო, ზუსტად რვა საათზე ჩავიცვი და წავედი მანდარინების ტყეში. დავიკარგე. სამი კორპუსის მცხოვრებლებმა და დედაჩემმა შუაღამისას ძლივს მომაგნეს.

-  თვითონ არ შეგეშინდა ღამით მანდარინების ტყეში?

-  არა, ასეთი მითი იყო ბათუმში, ვინმე მევლუდი მანდარინების ტყეში დადის და კისტის თოფს ისვრისო. აი, მაგ მევლუდის მეშინოდა მარტო. უფრო სწორად, მისი კისტის თოფის ტყვიის. მაგრამ ისე გავიზარდეთ ყველა, მევლუდი ვერავინ ვნახეთ. მოგონილი იყო ეგ ამბავი.

-  დედისგან თუ გახსენდება განსაკუთრებული დარიგება?

-  დედაჩემი დღემდე მარიგებს და აღარ მინდა (იღიმება). დიდი გოგო ვარ უკვე. ვერ ვაგებინებ, რომ უკვე ორი შვილი მყავს და ძალიან დიდი ვარ საიმისოდ, რომ ჭკუა დამარიგოს. ის მაინც ჯიუტად ყოველ დილით აღებს ჩემი საძინებლის კარს და მარიგებს.

-  ძირითადად რას მოითხოვს შენგან?

-  მეტი დრო გავატარო სახლში, მეტი დრო დავუთმო შვილებს. სწორად მოითხოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი პროფესია და ხასიათი მაქვს, ყველაფერი ყოველდღიური და მიწიერი ნაკლებად მაინტერესებს. შვილები ყველაზე მეტად მიყვარს დედამიწის ზურგზე, მაგრამ კარგი დედა ვერ ვარ. დედობას სხვა ნიჭი სჭირდება კიდევ. მომიტევებს ალბათ საზოგადოება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ღმერთმა მუსიკაში იმხელა ნიჭი მომცა, დედობის ნიჭი დამაკლო ალბათ. მუსიკოსები გამიგებენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი სიყვარული და პასუხისმგებლობა გამაჩნია ჩემი შვილების მიმართ.

-  პროფესია როგორ აირჩიე?

-  დედამ მითხრა, 3 წლის ასაკში, ფეხზე დამდგარი ფორტეპიანოს კლავიატურის ქვეშ რომ ვეტეოდი, იქიდან ვმღეროდი დედასთან ერთად პირველ ხმას. მერე, ინსტრუმენტთან რომ დამსვეს, თავისუფლად ვუკრავდი ორივე ხელით. ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება გახდა კლავიშები და რთული იყო, ვინმეს სხვა პროფესიის არჩევა ეიძულებინა ჩემთვის. დედა კარგად უკრავს, დამთავრებული აქვს მუსიკალური ათწლედი, სიმღერებსაც წერდა და წერს დღესაც. ეტყობა, ნიჭი მისგან მაქვს.

-  პირველი ხელფასი, პირველი ჰონორარი...

-  14 წლის ასაკში ავიღე პირველი ხელფასი. როგორც გითხარით, ბავშვების მომზადება დავიწყე. თვე რომ გავიდა, მშობლებმა მომიტანეს სწავლის საფასური. ძალიან მაგარი შეგრძნება მქონდა. მეგობრები შევკრიბე და ბოლო თეთრამდე დავხარჯე ბათუმის ერთ-ერთ კაფეში. მამაჩემს და დედაჩემს ზემოდანაც კი გადავხედე. ისეთი გამომეტყველება მქონდა, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. ძალიან ამაყი გახლდით.

-  როგორი იყო სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა ოჯახში, გიფიქრია იმაზე, რომ შენი ჰონორარით ოჯახს დახმარებოდი?

-  13 წლამდე მართლა ძალიან გვიჭირდა. მამა მოსკოვში წავიდა, ბიზნესი უნდა ეწარმოებინა, რომელიც არ გამოუვიდა და დედას მარტო უწევდა ჩვენი რჩენა. თან ისე მოხდა, რომ ერთი წლის განმავლობაში მამა ვეღარ გვიკავშირდებოდა. ვერც ჩვენ ვახერხებდით ამას. მოგეხსენებათ, მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, ფოსტაში ვათენებდით ღამეებს. ყველაფერი გაყიდა დედამ, რომ ჩვენთვის საკვები ეყიდა. ბოლოს, გასაყიდიც რომ არაფერი დარჩა ოჯახში, მახსოვს მჭადსა და ჭანჭურის ჯემს გვიზოგავდა დედა.

-  თბილისში როგორ წამოხვედი?

-  ასლან აბაშიძის გამო წამოვედი თბილისში. აჭარაში "აღორძინების კავშირისთვის" ჰიმნის კონკურსი გამოცხადდა. 16 წლის ვიყავი მაშინ, დავწერე ჰიმნი, ბათუმის ოპერის გუნდი ასრულებდა. მოეწონათ და დამტკიცდა. სტუდიაში ვიყავი, სიმღერას ვწერდი, როცა შემატყობინეს, ასლან აბაშიძე გიბარებსო. შევხვდი. მითხრა, შენში ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის ძვირფასია, მეამაყები, მინდა ოპერა "ლელაზე" დაგპატიჟო, აგიხსნი, როგორი მუსიკა მომწონს, რომ კიდევ არაერთი ნაწარმოები შექმნა ჩვენთვისო. დაინიშნა ყრილობა, რომელიც ჩემი ჰიმნით უნდა გახსნილიყო, ასლან აბაშიძემ მითხრა, რომ მის გვერდით სკამი ცარიელი იქნებოდა ჩემთვის. ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუდიაში ვიყავი, რიგით სიმღერას ვწერდი. ვხედავ, დიდი ფუსფუსია ირგვლივ, ოპერის მომღერლები მოდიან სტუდიაში, კლასიკური ნაწარმოების ჩაწერააო, მესმის. თვალს მარიდებენ მუსიკოსები. ბოლოს ხვიჩა მაღლაკელიძე მოვიდა და მითხრა, რაც უნდა მოხდეს, ჩვენ გულში მაინც შენს ჰიმნს ვიმღერებთო. უკვე მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე. დადგა ნანატრი ყრილობის დღეც და დავინახე, რომ ასლან აბაშიძის გვერდით კონსერვატორიის რექტორი ნოდარ ფაღავა იჯდა.

იმ დღის მერე მამაჩემმა მანქანაში ჩაალაგა ბარგი და მთელი ოჯახი თბილისში წამოვედით. ბიძაჩემთან ვცხოვრობდით. ერთი წლის განმავლობაში არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა, კლავიშზე თითი არ დამიკარებია, არც წამიღიღინია. საშინელი დეპრესია დამემართა. მუსიკა საერთოდ დამთავრდა ჩემთვის. იმის გამო, რომ მუსიკის არც წერა მინდოდა და არც ბავშვების მომზადება, ჩემი საყვარელი ბაქლავის გამოცხობა და ჩაბარება დავიწყე. ნულიდან შევუდექი ცხოვრებას.

-  რა მოხდა აჭარაში, რატომ შეცვალეს დაპირება, არ დაინტერესებულხარ?

-  მამაჩემის ძმა, გელა კაჭკაჭიშვილი ადიგენის რაიონის გამგებელი იყო, არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა "აღორძინებასთან". ასლან აბაშიძის კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, სადაური კაჭკაჭიშვილი ხარო, მკითხა. მესხი ვარ, გელა კაჭკაჭიშვილის ძმისშვილი-მეთქი, ვუპასუხე. აი, ამას ვაბრალებ ყველაფერს. პარალელურად ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში ირინა ებრალიძესთან. ეს ქალი არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც გზაზე დამაყენა, მან დამაბრუნა ინსტრუმენტთან. მეტიც, მეორე მუსიკალურ სასწავლებელში მტოვებდა ლექტორად, მაგრამ ჩემი ურჩობის გამო არ გამოვიდა ეს ამბავი. მე სხვანაირი ხასიათი მაქვს, ჩარჩოებში ვერ ვექცევი, საათებით დაგეგმილი შეხვედრებით ვერ ვცხოვრობ. არაპროგნოზირებადი ვარ. შეიძლება ახლა ისეთ ხასიათზე დავდგე, ვეღარავინ ამიტანოს. ირინამ გამიშვა "ბომბორაში" ვოკალის პედაგოგად. იქ ბავშვებს სამ კონკურსზე სამივეჯერ გრან-პრი ავაღებინე, მერე გავიცანი ლევან ლაზარიშვილი.

-  სასიყვარულო გამოცდილებას მივადექით...

-  5 წლის ასაკიდან მიყვარდა ლევანი. სკოლაში მუსიკის გაკვეთილებზე მის სიმღერებს გვამღერებდნენ. "ლახტის" სოლისტი იყო. არანორმალურად მიყვარდა. მერე თქვეს, ვითომ ლევანი გარდაიცვალა, გამოვიტირე. სიმღერის ჩაწერა მინდოდა, ფული არ მქონდა, ოქროს სამკაულები დავალომბარდე, ფული შევაგროვე და მეგობარს გავყევი სტუდიაში, სადაც იაფად უნდა ჩაგვეწერა სიმღერა. იქ ვნახე ლევანი. მის სტუდიაში მოვხვდი. სულმა სული იცნო მართლაც. მივხვდი, რომ მადლობა უნდა გადამეხადა ასლან აბაშიძისთვის. მადლობა მას, რომ დღეს კარგი კარიერა მაქვს, შვილები მყავს. ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად.

-  შეიძლება გკითხო მიზეზი, რის გამოც ერთმანეთს დაშორდით?

-  მესამე პირი გამორიცხეთ. მგონი, ამოვწურეთ ერთმანეთი. ჯერჯერობით ვისვენებთ ერთმანეთისგან. მალე მივხვდებით, ვჭირდებით თუ არა ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ ვჭირდებით და ასევე ფიქრობს ლევანი. ახლახან იყო ჩამოსული თბილისში და ეს დავინახე მასში. ალბათ დავღვინდებით და ისევ ერთად ვიქნებით. ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთ ლამაზ სახლში.

-  მაიკო, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს, რამეს თუ უკრძალავ?

-  ზუკა და დათუნა 8 წლისანი არიან. ჩვენ ვმეგობრობთ. რასაც მთხოვენ, ყველაფერს ვუსრულებ. ჩემს თხოვნებსაც ითვალისწინებენ სწავლის თვალსაზრისით და არა მარტო. ცხოვრებაში ხმა არ ამიწევია მათთვის. ძირითადად დედაჩემი ზრუნავს მათზე, მასთან რომ არიან, მშვიდად ვარ.

-  შეცდომებზე რას იტყვი, შეცვლიდი რაიმეს შენს ცხოვრებაში?

-  არაფერს ვნანობ. მართალი ადამიანი ვარ. ზურგს უკან არასდროს არაფერი გამიკეთებია. ბოღმა და შური ჩემთვის უცხოა. ასე რომ, არაფერი შემშლია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება