გამოძიების ცნობით, რაზვოზჟაევმა სამართალდამცველებს გივი თარგამაძისგან მიღებული 3 300 დოლარი გადასცა

გამოძიების ცნობით, რაზვოზჟაევმა სამართალდამცველებს გივი თარგამაძისგან მიღებული 3 300 დოლარი გადასცა

რუსმა ოპოზიციონერმა ლეონიდ რაზვოზჟაევმა გამომძიებლებს 3 300 დოლარი გადასცა, რომელიც კონსტანტინე ლებედევის მეშვეობით გივი თარგამაძისგან მიიღო. "ლენტა.რუ"-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია აღიარებით ჩვენებაში, რომელიც რაზვოზჟაევმა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, საკუთარი ნებით მისცა.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი აცხადებს, რაზვოზჟაევმა 10-გვერდიანი ჩვენება დაწერა.

ჩვენების უკანასკნელ გვერდზე მოთხრობილია, როგორ მოხვდა რაზვოზჟაევი რუსეთში. დოკუმენტის თანახმად, კიევში მდებარე "ჰიასის" ოფისიდან გამოსვლისას რაზვოზჟაევმა შენიშნა, რომ უთვალთვალებდნენ. მან გააჩერა ავტომანქანა და ვაგზალზე წაყვანა სთხოვა, თუმცა გზაზე რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. აღიარებით ჩვენებაში ნათქვამია, რომ ავტომანქანის მძღოლს რაზვოზჟაევმა მოსკოვში წაყვანა მოსთხოვა, სადაც ბინიდან სამი ათასი რუბლი აიღო. საბოლოოდ, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ოპოზიციონერმა გადაწყვიტა მოენანიებინა დანაშაული, რომელიც "ქართული პოლიტიკური ელიტის დაკვეთით ჩაიდინა".

ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, რაზვოზჟაევმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში უარყო. მისი თქმით, 19 ოქტომბერს კიევში უცნობმა ადამიანებმა გაიტაცეს. ოპოზიციონერმა უფლებადამცველებს უამბო, რომ იგი წაიყვანეს რუსეთში და ოჯახის წევრების სიცოცხლეზე მუქარით აიძულეს, დაეწერა აღიარებითი ჩვენება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ რაზვოზჟაევი კომიტეტში საკუთარი ნებით მივიდა. უკრაინის სასაზღვრო სამსახური კი არ გასცემს ცნობას, რომელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დატოვა უკრაინა რაზვოზჟაევმა და გააკეთა თუ არა ეს საკუთარი სურვილით. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო "ჰიასის" თანამშრომლების ინფორმაციაზე მიუთითებს, რომლებიც აცხადებენ, რომ რაზვოზჟაევი სასადილო შესვენებისას გაუჩინარდა და საკუთარი ნივთები ოფისში დატოვა.

ლეონიდ რაზვოზჟაევს, კონსტანტინე ლებედევსა და სერგეი უდალცოვს რუსეთში მასობრივი არეულობის მზადებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, 2012 წლის ივნისში ისინი მინსკში, არეულობის დაფინანსებასთან დაკავშირებით გივი თარგამაძესთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ. რაზვოზჟაევი და ლებედევი დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან, უდალცოვი კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა