იური მეჩითოვი: "ინტელიგენცია იყიდება და ამის არც კი რცხვენია"

იური მეჩითოვი: "ინტელიგენცია იყიდება და ამის არც კი რცხვენია"

"ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, რა ხდება რუსეთში - მადლობა ღმერთს, გვაქვს ინტერნეტი და შემიძლია გითხრათ: საქართველო და რუსეთი ერთი სოციო-კულტურულ სივრცეში ცხოვრობენ.

მიუხედავად ჩემი არაქართული გვარისა, სისხლით და ხორცით ქართველი ვარ. ქართული სულისთვის უცხო საინფორმაციო ველში გადაგვნერგეს - ამჟამად ცნობიერების გადაფორმატება ე.წ. ლიბერალური ფასეულობების სასარგებლოდ ხდება. ლაპარაკს ჯერ არ გვიშლიან - გვაქვს თავისუფალი პრესა, მაგრამ არის სამი მთავარი საინფორმაციო ტელეარხი, რომელთაც აღლუმი მიჰყავთ.

როდესაც ამბობენ: "ექსკლუზივი, ივენთი, პროუმოშენი", - ყურს მჭრის, თუმცა ინგლისური ჩემი სამუშაო ენაა. საქართველოში ინგლისურ ენაზე ელეთ-მელეთი მოსდით. ამბობენ, რომ საქართველო უნდა გახდეს ინგლისურენოვანი ქვეყანა. თოქ-შოუსაც კი აწყობენ: "გვინდა თუ არა რუსული ენის სწავლა?", არადა, რუსული საქართველოში სულიერი განვითარების ენაც იყო... ახლა უკვე აღარ. ინგლისური კი იქნება ტურისტთა მომსახურების ენა - 200 სიტყვიანი ლექსიკური მარაგით. 

როგორც ყველგან, საქართველოშიც "ერის ტვინი" იყიდება. დღეს, ინტელიგენციაც იყიდება და ამის არც კი რცხვენია. არადა ცხოვრება ხომ უნდათ! ვცხოვრობთ აბსოლუტური უსინდისობის სივრცეში და ამას ვერც კი ვამჩნევთ. საიდანღაც გამოჩნდნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც სადღაც სამთვიანი კურსები დაამთავრეს და თავს ექსპერტებს ეძახიან. ხელისუფლებას ემსახურებიან, აზროვნება კი უჭირთ, მათი საქმიანობა "მართალი" შაბლონების დამკვიდრების მცდელობაა.

ისტერიკის მაღალ ტემპერატურაში ვცხოვრობთ, უკვე 20 წელია დაავადებულები ვართ და ერი გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ სასწორის პინაზე მისი გადარჩენის საკითხია დადებული.

უმუშევარი არ ვზივარ, მაგრამ ჩემს გარშემო შრომისუნარიანი მოსახლეობის 80% საქმის გარეშეა დარჩენილი.

საქართველო ფანტასტიკური იუმორის ქვეყანაა, მაგრამ რაზე ვიცინოთ, ამას უკვე ჩვენ არ ვწყვეტთ. გვკვებავენ წინასწარ გაწერილი სიცილით - "მოკლე სიცილი, ხანგრძლივი სიცილი, აპლოდისმენტები" და თუ ინტელიგენციაც ამას ყლაპავს, ის უკვე ინტელიგენცია აღარ არის.

თუ ინტელიგენცია მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ინტელიგენციის ხმა არ მესმის.

ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის პრობლემებს ვსწავლობდი და ვიცი: აქ რომ სახაროვი "მივიღოთ", რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად უნდა იმუშაოს, უპირველესად, ასეთი გონების პატრონი ყველასთვის ცნობილი, პატივსაცემი ოჯახიდან უნდა იყოს. ზვიად გამსახურდიას ფენომენი მეტწილად იმიტომ შედგა, რომ ის ცნობილი მწერლის ოჯახიდან იყო. ის შეიძლება ბევრ რამეში გააკრიტიკო, მაგრამ გამსახურდიამ ხალხის წინაშე პასუხისმგელობა აიღო და ამ პასუხისმგებლობის გამო საკუთარი, და არა მარტო საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა. ასეთია პოლიტიკოსის ხვედრი.

რა უნდა საქართველოს ხელისუფლებას ინტელიგენციისგან? ის, რომ დამჯერი იყოს. ხელისუფლებას ყველგან ერთი და იგივე უნდა - გაარძელოს მართვა ისე, როგორც ამას თავად მიიჩნევს საჭიროდ. არ შემიძლია ხელისუფლება განვსაჯო - ვნსჯი საკუთარ თავს და ჩემნაირებს, ამის კეთების საშუალებას რომ ვაძლევთ ხელისუფლებას.

საქართველოს ოპოზიციასაც უნდა ძალაუფლება, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის ნებისმიერი ვარიანტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ახლახან ოპოზიცია ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ არც ინტელექტუალურად და არც "კაცურად" პასუხისმგებლობა არ აუღია, ამიტომაც ნდობა მის მიმართ გაქრა.

დიდი ადამიანები წავიდნენ, ახალგაზრდობა კი "ფეისბუქში" ზის. ყოველდღიურად ვცდილობ სტუდენტებს "ფეისბუქის" ფსევდოურთიერთობის სისულელე ამოვუგდო თავიდან. ეს კატასტროფაა - მათ ყველაფრის მიღება შეუძლიათ ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით, მაგრამ არაფერი იციან და ძირითად დროს საკუთარი "პროფაილების" შესაქმენად ხარჯავენ. სახელმწიფო და დასავლური ორგანიზაციები საქართველოში პოსტმოდერნისტული ხელოვნების სიცარიელეს უჭერენ მხარს. დარბაზებში დამთვალიერებლები ზერელედ დადიან. ფიროსმანის ოცნება - სამოვარის გარშემო ხელოვნებაზე საუბარი - ოცნებადვე დარჩა. დღემდე არ ვიცით, სად არის მისი საფლავი. და სანამ არ მოგვბეზრდება პოსტმოდერნის ეს სიმყრალე, არც პურს დაუბრუნდება თავდაპირველი გემო.

მე არ ვიზიარებ ქართული ინტელიგენციის პროდასავლურ აღტკინებას. ჩემი აზრით, დასავლური ცივილიზაცია გამოფიტულია. რა თქმა უნდა, ის კიდევ გასტანს რამდენიმე ხანს. დასაღუპად გადადებული რომის იმპერია 300 წელი ინგრეოდა. ქართველები თავს ბავშვებად გრძნობენ და ელოდებიან, რომ ვიღაც მათ მომავალს უზრუნველყოფს. ჩვენ შევეჩვიეთ კარგად ცხოვრებას. ამიტომაც შევიცვალეთ პატრონი. დღევანდელი პატრონი წინანდელზე გაცილებით მდიდარია და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც პატრონი გვეუბნება.

შედიხარ სომხეთში - მებაჟეს შენი პასპორტის მონაცემები ცალი ხელით შეჰყავს კომპიუტერში. 10 ლარს (6 დოლარს) აძლევ და მონაცემების 2 ხელით შეყვანას იწყებს. საქართველოში ასეთი რამ უკვე აღარ ხდება. კარგსაც ვხედავ, მაგრამ დამიტოვეთ უფლება ცუდსაც ვხედავდე.

მშობლებისგან მახსოვს გამოთქმა: "კედლებსაც ყურები აქვთო". გამოთქმა დღესაც აქტუალურია. ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და თვალყური უნდა ვადევნოთ, რომ ის ტოტალიტარულად არ იქცეს. ეს ჩემი, ჩვენი სამოქალაქო ვალია და ეს ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ამ სამუშაოსთვის ფულს არავინ იხდის. ფულის გულისთვის წავალ ქორწილში ფოტოების გადასაღებად და შევეცდები ეს საქმე კარგად გავაკეთო.

მომზადებულია novayagazeta.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"