"საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია!"

"საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია!"

ერთი შვილი - არა შვილი, ორი შვილი - ვითომ შვილი, სამი შვილი - მართლა შვილი! - ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული განვითარების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ეს ხალხური გამონათქვამი დღესაც აქტუალურია, რადგან საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას:

- საქართველოში უკიდურესად მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში შობადობის დონე ორჯერ შემცირდა. მოკვდავობა იზრდება, ხოლო ბუნებრივი მატება, რომელიც დემოგრაფიული მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებელია, უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, მოსახლეობის რიცხვი იკლებს. გაეროს მონაცემებით, 2050 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც სომხეთის მოსახლეობა მოიმატებს 7%-ით, ხოლო აზერბაიჯანისა - 34%-ით. ახლა ვნახოთ თანდათან როგორ მცირდებოდა შობადობის დონე ჩვენთან: 1980-იან წლებში საქართველოში ყოველ ათას კაცზე ყოველდღიურად დაახლოებით 17-18 ბავშვი იბადებოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი თანდათან შემცირდა და თითქმის განახევრდა. მაგალითად: 1990-1999 წლებში, საშუალოდ ყოველდღიურად იბადებოდა 13 ბავშვი, ხოლო შემდგომ ათ წელიწადში ანუ 2000-2009 წლებში - საშუალოდ 11 ბავშვი. ეს არის ძალიან დაბალი, მე ვიტყოდი, სავალალო მაჩვენებელი. აზერბაიჯანში მაგალითად, შობადობა 1,7-ჯერ უფრო მაღალია, ჩვენთან შედარებით მეტია შობადობა სომხეთშიც. ასეთივე მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაშიც: დაღესტანში, ჩეჩნეთში, ოსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც შობადობა საქართველოსთან შედარებით ასევე მაღალია. ანალოგიური უნდა ვთქვა თურქეთზეც... ერთი სიტყვით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შობადობა ჩვენთან შედარებით 1,5-2-ჯერ მაღალია, მოკვდავობა კი - დაბალი. ისინი მრავლდებიან, ჩვენ კი - ვმცირდებით! აი, ასეთი საგანგაშო, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს.

- ბატონო ანზორ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაშიც სახელმწიფო აუცილებლად უნდა ჩაერიოს.

- სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არ ტარდება არანაირი ღონისძიება დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად. ის ღონისძიებებიც კი გააუქმეს, რომელსაც კომუნისტები ატარებდნენ. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს: მრავალშვილიანი ოჯახები, თუკი მათ შვიდი შვილი ჰყავთ, თითოეულ ბავშვზე დახმარებას 5 ლარს იღებენ, ოღონდ ამ შვიდი ბავშვიდან არც ერთი არ უნდა იყოს მიღწეული 16 წლამდე! "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად თავს არ იწუხებდა და თუ შესაბამის ღონისძიებებს დროულად არ გავატარებთ, თუ ახლავე არ ვიზრუნებთ მოსახლეობის გამრავლებაზე, მერე გვიან იქნება! ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ჩვენს დევნილებს ისეთ პირობებში უწევთ ცხოვრება, რომ გამრავლებასა და შვილების გაჩენაზე ვერც იფიქრებენ.

- დეკრეტული შვებულებაც შემცირებულია - ადრე ერთი წელიწადი იყო, დღეს 4 თვეა.

- ადრე ახალდაბადებული ბავშვის დედას გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდა: დეკრეტული შვებულების 9 თვის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას იღებდა, შემდეგ კი 3 წლის განმავლობაში შეეძლო სამსახურში არ გასულიყო. მართალია, ანაზღაურებას ვერ მიიღებდა, მაგრამ შეეძლო ბავშვი გაეზარდა და სამსახურიც არ დაეკარგა. ახლა კი ეს ყველაფერი გაუქმებულია და ახალგაზრდა ოჯახს სტიმული აღარ დარჩა ბავშვის გასაჩენად. დედას მხოლოდ ოთხი თვე ეკუთვნის დეკრეტული შვებულება და თვეში 150 ლარს აძლევენ - თანხას, რომლითაც მხოლოდ ბავშვის პამპერსებს თუ იყიდი, ამასთანავე, ძალიან გამკაცრდა მუშაობის პირობები, ახალგაზრდა ქალები მუშაობენ ისეთ ადგილებზე, სადაც დაძაბული რეჟიმია: მთელი დღე სხედან კომპიუტერთან და იმის დროც აღარ რჩებათ, რომ ბავშვი გაზარდონ.

- გამოდის, რომ არასწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გამო ქართულ ოჯახებს ბავშვის გაჩენის სურვილი დაეკარგათ?

- სამწუხაროდ, ასეა! 2004-2005 წლიდან მოყოლებული, უამრავ ადამიანს უსამართლოდ დაატოვებინეს სამსახური, მათ შორის ბევრი ჩვილი ბავშვის დედა იყო, რითაც გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინეს: იძულებით აწერინებდნენ განცხადებებს და ათიათასობით ადამიანს უშვებდნენ სამსახურებიდან. მიზანი ერთი იყო - გაეყარათ ძველი კადრები და ნაციონალები მოეყვანათ. ახლახან ანალოგიური რამ მოხდა სააქციო საზოგადოება "თელასში", რომლის კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა, ძალით დააწერინა განცხადება ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ გასაზრდელი. ვფიქრობ, რომ ზურაბ არსოშვილს და მის მსგავს ვაიხელმძღვანელებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ არა მხოლოდ სამსახურებრივი უფლებების გადამეტების, არამედ ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მიყენების გამოც. ამჟამად "თელასს" რუსეთის მიერ ხელდასხმული აშოტ მანუკიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც მრჩევლად აიყვანა ზურაბ არსოშვილის მარჯვენა ხელი, ავთანდილ მეტივიშვილი, სწორედ ის აწერინებდა ხალხს განცხადებებს სამსახურიდან წასვლის თაობაზე. არსოშვილი შეიცვალა, მაგრამ დარჩა ის გუნდი, რომელმაც ბევრი ახალგაზრდა დედა უმუშევარი დატოვა.

საქართველოში არავითარი დახმარება­ არ არის მშობიარე ქალებისათვის. მაშინ, როცა გაეროს ფონდი აქვეყნებს ცნობას, რომ სომხეთში ყოველ მშობიარეს, როცა ბავშვი გაუჩნდება, აძლევენ 350 ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ მშობიარობა და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უფასოა. ჩვენთან კი მშობიარობისას ყველაფერი გადადის მშობიარის ოჯახზე ისე, რომ სახელმწიფო არაფერს კისრულობს, თუ ის სოციალურად დაუცველი არ არის. პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ყველა ოჯახში გაიზარდოს 2 ბავშვზე მეტი, საშუალოდ 2,5-3 ბავშვი უნდა იყოს ყველა ოჯახში, რომ მოსახლეობის რიცხვმა მოიმატოს, თუმცა ჩვენთან უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის ზრდაზე ვეღარც ვლაპარაკობთ, არამედ იმაზე, რომ როგორმე არ შემცირდეს. აქ უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ნიუანსი: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მრავლდება იმ რეგიონების ხარჯზე, სადაც ძირითადად არაქართველები ცხოვრობენ, სამაგიეროდ, მოსახლეობის კლება შეინიშნება თითქმის ყველა რეგიონში, რომელიც ქართველებით არის დასახლებული - კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭაში - ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ. რაჭაში მაგალითად, თუ ადრე ცხოვრობდა 70 ათასი კაცი, ამჟამად ცხოვრობს 22 ათასი, თუ ასე გაგრძელდება, 2 ათეულ წელიწადში რაჭა გაუკაცრიელდება. ასეთივე მდგომარეობაა თითქმის ყველა რეგიონში.

- ბატონო ანზორ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს?

- ახალმა მთავრობამ უნდა შეიმუშაოს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. უნდა შეიქმნას დემოგრაფიული განვითარების ფონდი, რომ ყოველი მეორე და მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ ოჯახებს დახმარება. ამ ეტაპზე კი გადაშენების საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ცნობისათვის

შობადობის წახალისებით და დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით საქართველო მართლაც ვერ დაიკვეხნის. ჩვილბავშვიანი ქალი ჩვენი სახელმწიფოსაგან ოთხი თვის განმავლობაში (126 დღე) მხოლოდ 600 ლარს იღებს, სომხეთში გაცილებით მეტს - 2 700 ლარს, რუსეთში - დაახლოებით 7 308 ლარს. თანაც ამ ქვეყნებში დეკრეტული შვებულება 140-დღიანია, ისევე როგორც აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი ქალები დეკრეტული შვებულების დროს ანაზღაურებას ხელფასის რაოდენობის მიხედვით იღებენ, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში ორსული ქალი წელიწადში დაახლოებით 8 462 ლარით ფინანსდება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"