რამ შეცვალა მარიკა ლორთქიფანიძის ბიოგრაფია

რამ შეცვალა მარიკა ლორთქიფანიძის ბიოგრაფია

წიგნის კითხვა მის ოჯახში ჩვეულებრივი ამბავი იყო. კითხვას არც არავინ ასწავლიდა და არც არავინ აძალებდა, ეს თავისთავად ხდებოდა. განსაკუთრებული სითბოთი ახსენდება ბებიის, მართა თავდგირიძის მიერ წაკითხული "ვეფხისტყაოსანი" და სხვა ნაწარმოებები - როგორც ქართული, ისე ნათარგმნი.

მარიამ ლორთქიფანიძის საოჯახო ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი მისთვის ძვირფასი წიგნია. მათ შორის ერთ-ერთი სიმონ ჯანაშიას ნაჩუქარია, ვისთანაც ასპირანტურის სამწლიანი კურსი გაიარა. უმაღლესი დაამთავრა თუ არა, სიმონ ჯანაშიამ ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად წაიყვანა. ცოტა ხანში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო...

ის ბათუმში, 1922 წლის მარიამობა დღეს დაიბადა. შემდეგ მისი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. რეპრესიების დროს მამა დააპატიმრეს, დედა სასტიკ რეჟიმს გადაურჩა და ორი შვილის გაზრდა მარტოს მოუხდა.

ბარნოვზე მაშინდელ 25-ე, მოგვიანებით 53-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. როგორც პედაგოგმა, მრავალი წელი გაატარა უნივერსიტეტის კედლებში.

90 წლის ისტორიკოსი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და ათზე მეტი წიგნის ავტორი მარიამ ლორთქიფანიძე თანამედროვე ავტორების შემოქმედებას ნაკლებად ეცნობა, უპირატესობას კლასიკად ქცეულ ავტორებს ანიჭებს. მისი სამაგიდო წიგნები სამეცნიერო ლიტერატურაა, თუმცა დროდადრო უკვე მრავალჯერ გადაკითხულ ანტონ ჩეხოვის მოთხრობებსა და პიესებს უბრუნდება...

-  ჩვენს ოჯახში ყველას რუსული განათლება ჰქონდა მიღებული და სამწუხაროდ, ერთმანეთში ძირითადად რუსულად ლაპარაკობდნენ. თუმცა მამა მე და გიგას ქართულად გველაპარაკებოდა. ამის მიზეზს მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, გვიან მივხვდი, რომ მას სურდა, ჩვენ ქართული კარგად გვცოდნოდა. ბებია, მართა თავდგირიძე, ყოველ ზამთარს სოფლიდან თბილისში ჩამოდიოდა და საღამოობით მამა მას სთხოვდა, ჩემთვის "ვეფხისტყაოსანი" ეკითხა. ისიც ამას სიამოვნებით აკეთებდა. ერთხელ მართა ბებიას ვკითხე, მამა რატომ გთხოვს, რომ წამიკითხო, ვხედავ, რომ "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცი-მეთქი. მან მართლაც ზეპირად იცოდა მთელი "ვეფხისტყაოსანი", განსაკუთრებით უყვარდა ნესტან-დარეჯანის წერილი და მას ხშირად მიკითხავდა. სკოლის პერიოდში წიგნის კითხვის სიყვარული კიდევ უფრო გაგვიღვივა ნინო მიქელაძემ, რომელიც პირველი ოთხი წელი ყველა საგანს გვასწავლიდა, ხოლო მომდევნო წლებში ჩემი რუსული ენასა და ლიტერატურის პედაგოგი იყო. იმ პერიოდში ძალიან კარგად გავეცანით რუსულ ლიტერატურას, რომელიც XIX-XX საუკუნეებში საკმაოდ მდიდარი და მნიშვნელოვანია. იმ პერიოდის მწერლებმა და მათმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინეს ქართველთა განათლებაზე. მოწაფეობის დროს ქართულს ონოფრე ნიკოლეიშვილიც გვასწავლიდა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გრამატიკას. მაშინ ეს არ მოგვწონდა, მისი მოთხოვნები გვაწუხებდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დღეს თუ მე ქართულად და რუსულად ნორმალურად ვწერ, ეს ნინო მიქელაძისა და ონოფრე ნიკოლეიშვილის დამსახურებაა.

-  ბავშვობაში ისტორიული ჟანრის ლიტერატურისადმი განსაკუთრებული ლტოლვა გქონდათ?

-  არა, არავითარი. ხანდახან ვკითხულობდი პატარ-პატარა ბროშურებსა და საქართველოს ისტორიის ზოგად მიმოხილვას და სულ ეს იყო. ჩვენს დროს სკოლაში ისტორიას არ გვასწავლიდნენ, მაგრამ გვყავდა გეოგრაფიის შესანიშნავი მასწავლებელი ოლია ჭეიშვილი, რომელიც თავის საგანთან ერთად, ფაქტობრივად, ისტორიასაც გვასწავლიდა, რადგან გვიყვებოდა როგორც ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიას, ისე მის ისტორიას.

1939 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე გაიხსნა ახალი სპეციალობა - ხელოვნების ისტორია. ჩემი კლასიდან რამდენიმემ, რომლებიც ახლო მეგობრები ვიყავით, სწორედ ამ სპეციალობაზე შესვლა გადავწყვიტეთ. ერთხელ ოთარ ჯაფარიძის ოჯახში სტუმრად ვიყავით. დედამისი, დეიდა რიტა დაინტერესდა, სად ვაპირებდით ჩაბარებას. როცა ჩვენი გადაწყვეტილება შეიტყო, გაიკვირვა, ვის რად უნდა ხელოვნება, სამედიცინოზე ჩააბარეთ, ეს პროფესია ციხეშიც და გადასახლებაშიც ყველას სჭირდებაო. მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო, დაჭერისაგან არავინ იყო დაზღვეული და მან გონივრული რჩევა მოგვცა. თუმცა ჩვენ არჩევანი არ შეგვიცვლია.

ცოტა მეტიჩარა ბავშვები ვიყავით და როგორც კი ჩავაბარეთ და სწავლა დაიწყო, გადავწყვიტეთ, ცხრილში ივანე ჯავახიშვილის ლექციები მოგვეძებნა. აღმოჩნდა, რომ ის პირველი კურსის იურისტებისთვის ქართული სამართლის ისტორიას კითხულობდა. იურისტებთან მივედით და ვუთხარით, რომ გვინდოდა მათთან ერთად ჯავახიშვილის ლექციებს დავსწრებოდით და ვთხოვეთ, არ გაემხილათ, რომ მათი ჯგუფელები არ ვიყავით. ივანე ჯავახიშვილის უკლებლივ ყველა ლექციას ვესწრებოდით. ბევრი რამ არ გვესმოდა, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი ინტერესით ვუსმენდით. ბატონი ივანე დიდი შავი პორტფელით შემოდიოდა დარბაზში. ჩანთიდან ამოიღებდა პატარ-პატარა ბარათებს, რომელზეც ამოწერილი ჰქონდა ციტატები ძეგლებიდან. ჯერ ციტატებს კითხულობდა და შემდეგ მათ განმარტებას იწყებდა, ან პირიქით, ჯერ თეორიულად ჩამოაყალიბებდა აზრს და შემდეგ იმ თემის გარშემო ციტატები მოჰყავდა. ამავე დროს, ის ლექციის ბოლოს ყოველთვის იტოვებდა რამდენიმე წუთს სტუდენტთა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, მხოლოდ შეკითხვა წერილობით უნდა მიგეწოდებინა, რადგან იმ დროს მას სმენა უკვე დაქვეითებული ჰქონდა. დღესაც ნათლად "ვხედავ", როგორ მიაწოდეს ბატონ ივანეს ფურცელი, სადაც ეწერა მსგავსი შინაარსის შეკითხვა: "სტალინური მოძღვრების თანახმად, ქართველი ერი XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა, თქვენი აზრით, ქართველი ერის ისტორია როდიდან იწყება?" ივანე ჯავახიშვილმა შეკითხვა რომ წაიკითხა, ქაღალდი წვრილად დახია, სამელნის ჩასადებში ჩაყარა, თავისი ნივთები აკრიფა და აუდიტორიიდან გავიდა. მის ამგვარ რეაქციას აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. რამდენიმე წუთი ასე ვისხედით, შემდეგ ოთახი დავტოვეთ და ავტეხეთ კამათი, რატომ არ უპასუხა ივანე ჯავახიშვილმა დასმულ შეკითხვას. მე დიდხანს ვკაპასობდი და ვამბობდი, რომ მას აუცილებლად უნდა გაეცა პასუხი. ძალიან გვიან მივხვდი, რომ მისი მხრიდან ეს სწორი საქციელი იყო. ის პროვოკაციას არ წამოეგო და არ აჰყვა. ვღელავდით, დააპატიმრებდნენ თუ უნივერსიტეტიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ლექციები ჩვეულებრივად გაგრძელდა. შეიძლება, მომხდარის გამო ივანე ჯავახიშვილს რაიმე საყვედური უთხრეს, მაგრამ ამას ლექციების მსვლელობაზე არ უმოქმედია.

-  ქალბატონო მარიკა, თქვენს თაობაში ვის კითხულობდით, რომელ მწერლებსა და ნაწარმოებებს?

-  ნოდარ დუმბაძე გიგას მეგობარი იყო და მის ნაწერებს გამოცემამდე, ხელნაწერებშივე ვკითხულობდი. ჩემს ახალგაზრდობაში პოპულარული იყვნენ: მუხრან მაჭავარიანი, ლეო ქიაჩელი, კონსტანტინე გამსახურდია და ბევრი სხვა მწერალი. როდესაც ბევრ ქართველ მწერალზე ტაბუ მოიხსნა, დაიწყო მათი იუბილეების გადახდა. როგორც წესი, ასეთ საღამოებზე მე მომხსენებელი გახლდით. ერთხელ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, აღარ მახსოვს, რომელი მწერლის იუბილეს გადახდა დაიგეგმა. ვემზადებოდით და რეპეტიცია გვქონდა. ავედი ტრიბუნაზე და დავიწყე მწერალზე ჩემი ნაწერის კითხვა. სკოლაში ჩემს პარალელურ კლასს ქართულს ბაბო მჭედლიძე ასწავლიდა და ის აქტიურად იყო ჩართული საიუბილეო საღამოების მომზადებაში. ქალბატონმა ბაბომ რომ დამინახა, ტექსტს რვეულიდან ვკითხულობდი, მკითხა, ვისი დაწერილი იყო ის სიტყვა. რასაკვირველია, ტექსტი ჩემი დაწერილი იყო და ასეც ვუთხარი. თუ შენი დაწერილია, მაშინ რვეული დადე და რაც მანდ წერია, მოგვიყევიო. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გავნერვიულდი, მაგრამ ნაწერი გვერდით გადავდე, გონება მოვიკრიბე და რაც იქ ეწერა, ნელ-ნელა მოვყევი. როცა სიტყვა დავამთავრე, ქალბატონმა ბაბომ მითხრა, მარიკა, აუდიტორიის წინაშე ცხვირთან მიტანილი ტექსტი არასოდეს წაიკითხოო. დღემდე მადლიერი ვარ იმ ქალბატონის, რადგან იმ დღიდან მოყოლებული ჩემს თავს შთავაგონე, რომ მსგავსი მოხსენების დროს ზეპირად უნდა ვილაპარაკო. ამას მივეჩვიე და იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყოველთვის ასე ვიქცეოდი. და, სხვათა შორის, ამან ჩემს ბიოგრაფიაზე დიდი გავლენა მოახდინა.

-  პერიოდულად რომელ ნაწარმოებს უბრუნდებით? რისი კითხვა არ გბეზრდებათ?

-  ჩეხოვის კითხვა არასოდეს მბეზრდება. რუსულად ვკითხულობ და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ხელი თითქოს თავისით "მიდის" ჩეხოვისკენ. მიყვარს ტოლსტოიც და დოსტოევსკიც, მაგრამ ჩეხოვს ჩემთვის მაინც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ქართული ლიტერატურიდან "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" გარდა, ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა დავით გურამიშვილი და, საერთოდ, ქართველი კლასიკოსები. მე და ჩემი ამხანაგები, როცა რამეს ვკითხულობდით, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით, ვმსჯელობდით, ვკამათობდით და ამას ნაწარმოების აღქმა-გათავისებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი ინტერესით ვკითხულობდით საქართველოში შემოსულ ნათარგმნ ლიტერატურას. ახალი წიგნი რომ გამოჩნდებოდა, მასზე ხალხი ლაპარაკობდა ხოლმე. თუ შენ ამა თუ იმ ავტორს არ იცნობდი, ეს გაუნათლებლობის სიმპტომი გახლდათ. ერთხელ აღმოვჩნდი ისეთ საზოგადოებაში, რომლის წევრებმა ჰემინგუეი ახსენეს. მაშინ ეს ავტორი არათუ წაკითხული, არამედ გაგონილიც კი არ მქონდა. მართალია, ჰემინგუეი ჩვენთან ახალი შემოსული იყო, მაგრამ საზოგადოების ნაწილმა ის უკვე იცოდა და მეც გამიჩნდა სურვილი, გავცნობოდი მის შემოქმედებას. იმავე დღეს წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში და კატალოგში მისი ნაწარმოებები მოვიძიე. ამა თუ იმ ავტორის არცოდნა ჩემთვის სირცხვილი იყო და ამგვარი განცდა არა მხოლოდ მე მქონდა, არამედ ჩვენი თაობის ყველა წარმომადგენელს.

-  ამჯერად რა არის თქვენი სამაგიდო წიგნი?

-  ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურას ვკითხულობ, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან მალე მეღლება თვალი და გაცილებით ცოტას ვკითხულობ, ვიდრე უწინ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"კობას რომ უთხრეს, გამოძიებით ადეიშვილთან მივდივართო, ვერაფრით დაეჯერებინა... სამართალმა დაიგვიანა!" - დავითაშვილის მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

დავით ბაგრატიონი მამის პანაშვიდზე მეორე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ფოტოები სვეტიცხოვლიდან

"ბევრი სირთულე გადავიტანეთ... ჩემი ვაჟისთვის საქართველოში ჩამოსვლა სანუკვარი ოცნება იყო" - როგორ ცხოვრობს ტეხასში ლევან მამალაძე, რას ამბობს ოჯახსა და ექსმაღალჩინოსნებზე?