როდის მუშაობს ფიზიკურად ლია მუხაშავრია

როდის მუშაობს ფიზიკურად ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრიამ საგამომძიებლო სამსახურზე უარის თქმა ჯერ კიდევ სტუდენტობისა და პრაქტიკების პერიოდში გადაწყვიტა. ადამიანების დაცვა არჩია. ადვოკატისა და უფლებადამცველის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება როგორც საქართველოში, ისე ევროსასამართლოში. ლია მუხაშავრიას პრაქტიკაში დღემდე ყველაზე რთული მაინც წლების წინ ადამიანთა უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში გამართული პროცესი იყო, რომელიც ცნობილი შემდეგი სახელწოდებით გახდა - "შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ". ამ საქმის საფუძველი ჩეჩნების საქართველოდან რუსეთში უკანონო ექსტრადირება იყო. მათ ბრალი ბანდიტიზმსა და ტერორიზმში ედებოდათ. ევროსასამართლოს ისტორიაში ევროსაბჭომ პირველად განიხილა 13 კერძო პირის საჩივარი ერთდროულად ორი ქვეყნის - საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ და სტრასბურგში მათ უფლებებს ლია მუხაშავრია იცავდა...

- მამა გეოლოგი გახლდათ, ხოლო დედა საქონელმცოდნეა. მამა 1979 წელს გარდაიცვალა, მაშინ 17 წლის ვიყავი. იურისტობა გადავწყვიტე არა იმიტომ, რომ დეტექტივები მიყვარდა. მე ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქიდან მოვდივარ და მაინტერესებდა, სახელწიფო როგორ და რის მიხედვით იყო აგებული. როცა ოჯახში ჩემი პროფესიული არჩევანის შესახებ განვაცხადე, მამა მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ გოგო ხარ, მაინც მირჩევნია, გეოლოგი გახდე და ტყე და მთა მოიარო, იურისტები ცუდი ხალხია და კოლეგებს შორის მეგობრები არ გეყოლებაო. სკოლას რომ ვამთავრებდი, მამა გარდაიცვალა და იმ წელს ვერ ჩავაბარე. მაშინ სავალდებულო იყო სტაჟი პროფილით და მომიწია მუშაობამ მილიციაში. თემქაზე საუწყებო დაცვის მილიციაში მივედი და ვუთხარი, რომ მუშაობის დაწყება მსურდა. უფროსი ასაკოვანი კაცი გახლდათ, გაეცინა და ასაკი მკითხა, როცა გაიგო, 17 წლის ვიყავი, მითხრა, 18 წლამდე ვერ მიგიღებო. რამდენიმე თვეში 18 წელი შემისრულდა და მასთან ისევ მივედი. რაღას იზამდა, მიმიღეს (იღიმის).

- 15 სექტემბერს ხართ დაბადებული, ერთგან ამოკითხული მაქვს, რომ თქვენს დაბადების დღეს მყინვარწვერზე ხვდებით. მართალია?

- დიახ, ხუთ წელიწადში ერთხელ. პირველად ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, როცა 30 წლის გავხდი. მყინვარწვერზე პირველი ასვლიდან 70 წლის თავზე მასობრივი ასვლა მოეწყო და მეც წავედი. ათში გავემგზავრე და ცუდი ამინდების გამო მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 15-ში შევძელით. მაშინ ჩემთვის გავიფიქრე, რომ მყინვარწვერზე ჩემს დაბადების დღეზე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ავალ-მეთქი. 2002 წლის ჩათვლით ამ პირობას ვიცავდი, მაგრამ ეს შემდეგში ვეღარ მოვახერხე. თუმცა ვაპირებ, ტრადიცია გავაგრძელო. წელს 50 წლის გავხდი და ვერ ავედი, მაგრამ ამას აუცილებლად გავაკეთებ. მგონია, რომ ეს საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. მე, საერთოდ, ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება, ჩემი პროფესიისათვის ცოტა უცნაურად გეჩვენოთ. მაგალითად, ბოლო დროს სოფლის მეურნეობით დავინტერესდი. გურიაში მაქვს მიწა. ჩავდივარ და ფიზიკურად ვმუშაობ. სტრესისა და საქმეების პირობებში, რომლებზეც ვმუშაობ, ეს ძალიან მეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ვფიქრობ, ეს დამეხმარა იმაში, რომ 50 წლის ასაკში ვარ ჯანმრთელი, ჩემი ასაკი არ მეტყობა. სიცოცხლის ხალისი, იუმორი და ენერგია მაქვს შენარჩუნებული.

- პირველ სამუშაო დღეს მივუბრუნდეთ...

- მილიციაში რომ მივედი, რა თქმა უნდა, მომცეს ფორმა და გამამწესეს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ოქროს ფონდის მცველი ვიყავი. როცა ფონდი ღია იყო, შესასვლელთან ვიჯექი. უცხოელი დამთვალიერებლები რომ შემოდიოდნენ, ფორმაში ჩაცმულს ფოტოებს მიღებდნენ. ძალიან სასაცილო დასანახი ვიყავი. იმ პერიოდში მამა გარდაიცვალა და მთელი წელი შავები მეცვა. სამსახურში სამოქალაქო ტანსაცმლით ვერ მივდიოდი. შევიკერე შავი ბოლოკაბა, ზედა და მათ ფორმაზე ზევიდან ვიცვამდი.

- იმ პერიოდის ფოტო შემორჩენილი გაქვთ?

- არა, რადგან ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო ფორმის ტარება. მაშინ ვთქვი, რომ ცხოვრებაში მას აღარ ჩავიცვამდი. ამაზე დედამ მკითხა, აბა, იურისტი რომ გახდები, რაღაც ფორმის ტარება ხომ მოგიწევსო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფორმა არ მეცვას-მეთქი, - ვუპასუხე. უნივერსიტეტს ვამთავრებდი, როცა 1989 წელს ვნახე, სამხედროები დემონსტრანტებს როგორ მოექცნენ, მას შემდეგ ფორმის მიმართ უარყოფითი განცდა კიდევ უფრო გამიმძაფრდა. მუზეუმში ექვსი თვე ვიმუშავე, განცხადება დავწერე და წამოვედი. საბედნიეროდ, მას შემდეგ ფორმა აღარ ჩამიცვამს (იღიმის).

- იურიდიულზე ჩააბარეთ და სისხლის სამართლის განხრით წახვედით...

- მაშინ სისხლის სამართალი პოპულარული დარგი იყო და ამ კუთხით ძალიან კარგი პრაქტიკაც გავიარე: იმდროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში, ანუ აღმასკომში; გამოძიების ორგანოებში: მილიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში. სტაჟირება გავიარე რესპუბლიკის პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში და ორივეგან განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებთან. მაშინ მივხვდი, რომ მე არ მინდოდა ამ საქმის კეთება. პრაქტიკის დასრულებისას შინაგან საქმეთა საგამომძიებლო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელს, მილიციის პოლკოვნიკს, ქალბატონ ნანა აბულაძეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ რომ გავაგებინე, დამშვიდობებისას მითხრა, რომ ეს სამწუხარო იყო, რადგან ჩემგან კარგი გამომძიებელი დადგებოდა. მე ამის სურვილი არ მქონდა, ძალიან მარტივად გადავწყვიტე ადვოკატობა.

- მინდა გაიხსენოთ საქმე, რომელსაც ყველაზე რთულად მიიჩნევთ...

- ყველაზე რთული იყო ჩეჩნების საქმე და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. ჩემი პირველი საქმე იყო სტრასბურგში და როგორც მაშინდელმა პალატის და მოგვიანებით სასამართლოს თავმჯდომარე ჟან პოლ კოსტამ თქვა, იმ პერიოდში ევროსასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთაგან ეს იყო ყველაზე ძნელი საქმე. მას სურდა მხარეების ერთდროულად მოსმენა და საქმის არსში გარკვევა. წარმოიდგინეთ, როგორი ელდა იყო პირველი საქმე და ორი მთავრობის გამოსვლა შენ წინააღმდეგ. ეს იყო უზარმაზარი სტრესი და იმავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. მე იქ საქმის მოსაგებად არ ჩავსულვარ, ჩავედი 13 ადამიანის გადასარჩენად. ალაჰის სახელით მეომარი 13 მებრძოლი მყავს გადარჩენილი და ვხუმრობ ხოლმე, მთელი ჩემი საქმიანობის შედეგი, ყველაზე დიდი ჰონორარი, რაც კი მოვიპოვე ისაა, რომ ერთი ადგილი მაქვს დაჯავშნილი ალაჰის სამოთხეში-მეთქი (იღიმის).

- ყოველდღიური დაძაბული რეჟიმის შემდეგ შინ როდის ბრუნდებით? მინდა ვისაუბროთ თქვენს შვილზე - მარიზეც...

- მარი უკვე დიდი ქალია და დამოუკიდებელი ადამიანია. დღეს ის 18 წლის არის, სტუდენტია და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლობს. ყველაფერი გავაკეთე სრულიად შეგნებულად, რომ მარი ასეთი ყოფილიყო. კარგად ვიცი ჩემი ცხოვრების წესი და დროის დეფიციტი. ბევრი მიგნება მაქვს წმინდა პედაგოგიური და აღმზრდელობითი თვალსაზრისით, ალბათ ამაზე ოდესმე დავწერ და ბევრს გამოადგება. ჩემს სახლში ყველაფერს თავად ვაკეთებ, დამხმარე არ მყავს და მიმაჩნია, რომ ოჯახში ყველაფერი მისმა წევრებმა უნდა აკეთონ და არა სხვებმა. როცა დიდი დრო არ მქონდა, სახლობანას ვთამაშობდით და ამაში რა იგულისხმება, გეტყვით: სანამ მე საჭმელს ვაკეთებდი, მარი იქვე იჯდა და ხან ხახვს, ნიორს ფცქვნიდა, ან მწვანილს არჩევდა. მისთვის ამას თამაში ერქვა და ჩვენ იმ დროს ერთად ვატარებდით. თუკი ჩვენს სახლში რამე კეთდებოდა და კეთდება, ერთად ვმოქმედებთ. ასე რომ, მარიმ ავტომატურად იცის სადილების მო­მზადება და შინ ყველაფრის კეთება შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ის ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, მე არანაირი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიმიღია.

- და რამდენი ხნის წინ შემოვიდა ის თქვენს ცხოვრებაში?

- მარი 5 წლის იყო, როცა ვიშვილე. მე - 37 წლის და იმ დროს სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი, სოციალურად, ფინანსურად და მარტო ვცხოვრობდი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბავშვი ამეყვანა, თუმცა ფორმალურად საამისოდ არაფერს ვაკეთებდი.

- გათხოვილი არასდროს ყოფილხართ?

- არა... ერთ დღესაც შემთხვევით გავიგე, რომ კახეთში ცხოვრობს ორი ობოლი და ბებოს და პაპას მათი გაშვილება სურთ. თუმცა მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერი "ზევით" წყდება. ისე დაემთხვა, რომ იმ დროს საქმე მქონდა თელავში და რახან იქით ვიყავი, ლაფანყურშიც ჩავედი. გავიგე, რომ იმ ოჯახში მარის ერთი და კი არ ჰყავს, არამედ ოთხი დედმამიშვილი - ორი ძმა და ორი დანი არიან. მარი დედმამიშვილს შორის მესამეა. სამივე ბავშვი გაშვილებული იყო სხვადასხვა ოჯახში და მხოლოდ მარი ცხოვრობდა ბებია-პაპასთან. ძალიან მარტივად მოვაგვარე ეს საკითხი, რადგან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი. მახსოვს, სანამ მარის ავიყვანდი, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ჩემს ძმას ვუთხარი. არაფერი მიპასუხა, ეტყობა ეგონა, არარეალური პროექტი გამოვაცხადე. მახსოვს, მარი ჩემთან რომ ჩამოვიყვანე და ჩემი ძმა თავის ცოლ-შვილთან ერთად მოვიდა, იჯდა, ბავშვს უყურებდა, უყურებდა და ყოველ 20 წუთში ერთხელ მეკითხებოდა: ლია, რა უნდა უყო ახლა შენ ამ ბავშვს (იღიმის)?!

- ძმა თქვენზე უფროსია?

- არა, უმცროსი იყო. სამწუხაროდ, ჩემი ძმა 2003 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. არ ვიცი, რამდენად ღირს ამის გასაჯაროება, მაგრამ ჩემი ძმის გარდაცვალებიდან 29-ე დღეს ევროსასამართლოში პროცესზე გავედი და როგორც ზევით გითხარით, გარდა იმისა, რომ ჩეჩნების საქმე იყო ყველაზე რთული, რაც კი მქონია, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, იმიტომ, რომ ოჯახში ნახევარი დუჟინი ქალები დავრჩით მამაკაცის გარეშე. მის გარდა სხვა დედმამიშვილი არ მყავს. ჩემს ძმას დარჩა 27 წლის ქვრივი ცოლი და 2 გოგონა. ასე რომ, ახლა ეს ერთი დუჟინი ქალები: დედა, რძალი, ძმისშვილები და ჩემი შვილი ყოჩაღად ვცხოვრობთ და მთავრობასაც კი ვუგებთ სასამართლო დავებს (იღიმის).

- მარის აქვს თავის დედმამიშვილებთან ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა...

- ერთმანეთს როგორ მიმართავთ?

- ის მეძახის ლიას და მე მარის. როცა რამე ეშლება, მარუსას ვეძახი. როცა ვამბობ, მარიამ, მან უკვე იცის, რომ რაღაც არ მომწონს (იღიმის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ