ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ადამიანების როლებში

 ცნობილი მსახიობები ლეგენდარული ადამიანების როლებში

ეშტონ კატჩერი - სტივ ჯობსი, ლინდსი ლოჰანი - ელიზაბეტ ტეილორი, ნიკოლ კიდმანი - გრეის კელი... თანამედროვე კინემატოგრაფისტებმა ბევრი მომგებიანი საშუალება იპოვეს მაყურებლის კინოთეატრებში მისაზიდად. მათ შორის ერთ-ერთია ლეგენდარული ადამიანების შესახებ ფილმების გადაღება და მთავარ როლებზე ჰოლივუდის აღიარებული ვარსკვლავების მიწვევა. ამჯერად იმ პროექტების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებზე მუშაობაც ახლა მთავრდება და ამ ვარსკვლავებს ცნობილი ადამიანების როლებში სულ მალე ვიხილავთ.

ლინდსი და ლიზი

ანალოგიური შემთხვევა იყო ჰოლივუდის კერპის ელიზაბეტ ტეილორის გარდაცვალების შემდეგ. კინემატოგრაფისტებმა ნამდვილი ბრძოლა გააჩაღეს ეკრანის ლეგენდარული ვარსკვლავის ცხოვრების ეკრანიზების უფლებისთვის. თავდაპირველად რამდენიმე პროექტზე ლაპარაკობდნენ, ბოლოს კი ერთი დარჩა - ტეილორის მჩქეფარე პირადი ცხოვრების ამსახველი. ინტრიგა იმასაც ეხებოდა, თუ ვის დაამტკიცებდნენ მთავარ როლზე. მეგან ფოქსსა და ლინდსი ლოჰანს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა. ლინდსის ფოტოები, ელიზაბეტის როლში, უკვე გავრცელდა ინტერნეტით თუ პრესით, შემოდგომის ბოლოს კი სატელევიზიო სერიალიც იხილავს მზის შუქს.

ნიკოლი და გრეისი

რეჟისორმა ოლივიე დაანმა ნიკოლ კიდმანს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი არგუნა - წარსულში ცნობილი მსახიობისა და მონაკოს პრინცესა გრეის კელის. სხვათა შორის, ამ რეჟისორს თავის დროზე ასევე ბიოგრაფიულმა ფილმმა გაუთქვა სახელი - მან ედიტ პიაფის შესახებ გადაიღო სურათი "ცხოვრება ვარდისფერში", რომელშიც მთავარი როლი მარიონ კოტიარმა ითამაშა და ამისთვის კინოპრემიებიც დაიმსახურა. ალბათ ნიკოლსაც არ დატოვებენ ჯილდოს გარეშე.

ამანდა და ლინდა

კიდევ ერთი ხმაურიანი პროექტი, რომელიც ვიღაცის მეტისმეტი ორიგინალურობის შედეგი იყო, გახლდათ ბიოგრაფიული სურათი ცნობილი პორნოვარსკვლავის ლინდა ლავლეისის ცხოვრებაზე, რომელმაც სახელი გაითქვა მძიმე ცხოვრებით და მთავარი როლით ფილმში "ღრმა ხახა". სურათში სარა ჯესიკა პარკერი, შერონ სტოუნი, რობერტ პატრიკი, ჯეიმს ფრანკო თამაშობენ. თვით ლინდას როლზე კი მოსინჯეს კეიტ ჰადსონი, ოლივია უაილდი და ამანდა სეიფრიდი. საბოლოოდ სწორედ ამ უკანასკნელს ანდეს ამ თამამი სახის განხორციელება.

ეშტონი და სტივი

ჰოლივუდმა კარგად ისწავლა, როგორ მიიღოს ყველაზე ნაღვლიანი მოვლენებისგანაც კი მოგება: 2011 წელს კომპანია "ეფლის" დამაარსებლის სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ გავრცელდა ხმები, ამერიკელი პროდიუსერები მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესის ამ უდავო გენიოსის ბიოგრაფიაზე ფილმს იღებენო. მოგვიანებით ეს ხმები დადასტურდა, ფილმის გადაღებები უკვე დასასრულს უახლოვდება, ინტერნეტში კი რა ხანია გავრცელდა პირველი კადრები - თუ როგორ ასახიერებს ეშტონ კატჩერი ახალგაზრდა ჯობსს. აღსანიშნავია, რომ ეშტონის შემთხვევაში არჩევანი მართლაც უალტერნატივოა - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მსგავსება ახალგაზრდა სტივ ჯობსსა და ეშტონს შორის.

ნაომი და დაიანა

ასევე არ შეიძლება დავივიწყოთ პროექტი, რომელიც სულ მალე დამთავრდება - ნაომი უოტსმა შესანიშნავად გაითავისა პრინცესა დაიანას როლი. პრესა აქტიურად წერდა მათი გარეგნული მსგავსების შესახებ, ნაომი კი ირწმუნებოდა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ამ ლეგენდარული ქალივით დაიწყო ჩაცმა და მოქცევა. ნაომისაც დაუფასდება ალბათ ნამუშევარი - ფილმი ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება მსოფლიოს წამყვან კინოდაჯილდოებებზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება