ზურაბ როსტიაშვილი: "ნაცბანდამ იცოდეს, რომ ლაშა შუშანაშვილი არავის მკვლელობას არ აპირებს"

ზურაბ როსტიაშვილი: "ნაცბანდამ იცოდეს, რომ ლაშა შუშანაშვილი არავის მკვლელობას არ აპირებს"

2012 წლის იანვარში ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენის ერთ-ერთ სასტუმროში კრიმინალურ სამყაროში "ლაშა რუსტავსკის" სახელით ცნობილი ლაშა შუშანაშვილი დააკავეს. მას ბრალი კრიმინალური დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებაში, იარაღის უკანონო ტარებასა და მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენეს. ლაშა შუშანაშვილი რუსული მაფიის ლიდერების - "დედ ჰასანის" (ასლან უსოიანი) და ზაქრო კალაშოვის დაჯგუფების წევრად მიიჩნეოდა. შუშანაშვილი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს და პერსონა ნონ გრატას სტატუსით ქვეყნიდან გააძევეს, ბოლო წლების განმავლობაში ევროპას აფარებდა თავს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შუშანაშვილი ათენის ციხიდან პირობით გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც მისი ქართველი ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ამბობს, ლაშა შუშანაშვილი ციხიდან არ გამოსულა, მისი პროცესი დეკემბერში უნდა გაიმართოს და საქმეს ორი ქვეყანა - საბერძნეთი და საქართველო - განიხილავს.

- ბატონო ზურაბ, ამბობენ, რომ ბაჩო ახალაია ევროპიდან ლაშა შუშანაშვილს გამოექცა, რადგან მას მოკვლით ემუქრებოდა...

- ლაშა შუშანაშვილი ათენის ციხეში იმყოფება და საპყრობილიდან როგორ, რატომ ან რით უნდა დაემუქროს ახალაიას? შუშანაშვილმა 2004 წელს იძულებით დატოვა საქართველო, ვინაიდან პოლიცია დევნიდა. მას შემდეგ იგი საქართველოში არ ყოფილა. არ ვიცი, რამდენი წლის იყო იმხანად ბაჩო ახალაია და რა საქმე უნდა ჰქონოდა მას შუშანაშვილთან? სხვათა შორის, ბაჩო სწორად მოიქცა, რომ დაბრუნდა, მან იმდენი ცუდი რამ ჩაიდინა, არავინ აპატიებდა, ყველგან მისწვდებოდნენ. მისთვის უსაფრთხო ადგილია ის, სადაც ზის. ნაცბანდამ კი იცოდეს, რომ ლაშა არავის მკვლელობას არ აპირებს. ისე, საინტერესოა - შუშანაშვილი ათენის ციხეში ზის და მიშა კი აქ კანკალებს. სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს შუშანაშვილისთვის ქონების წართმევა უნდოდათ, კერძოდ, წყნეთის სახლის, ჰქონდათ სხვა ინტერესებიც.

- ისე, აპირებს დაბრუნებას საქართველოში?

- სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია და არ ვიცი. ან რატომ არ უნდა დაბრუნდეს?

- როგორ დააკავეს ლაშა შუშანაშვილი?

- საქართველოდან გაგზავნეს პოლიციელები, რომლებიც აქეზებდნენ იქაურ სამართალდამცველებს - ქართველები კრიმინალები არიან, დაიჭირეთო. შუშანაშვილს იარაღის უკანონო ტარების გამო აქვს წაყენებული. ლაშას მიმართ საქართველოს ხელისუფლების ინტერესი დასტურდება შემდეგი ფაქტებითაც: 2002 წლის თებერვალში მან მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, თუმცა მხოლოდ 2006 წელს შეუწყდა მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებულებით. ხელისუფლება დაინტერესებული იყო მისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით, ვინაიდან საკუთარი მოქალაქის დევნა-შევიწროება უფრო იოლია, ვიდრე უცხო ქვეყნისა. 2012 წლის 23 იანვარს ათენის ინტერპოლმა თბილისის ინტერპოლს გამოუგზავნა შეტყობინება, სადაც შუშანაშვილი საქართველოს მოქალაქედ არის მოხსენიებული. როგორც ჩანს, აქაურმა სამართალდამცველებმა მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, საქართველოში შუშანაშვილის ექსტრადიცია რომ გაადვილებოდათ.

- რა გახდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საბაბი?

- სოდ-მა გაავრცელა ინფორმაცია, დაბა წყნეთში, გურამიშვილის #18-20-ში ცხოვრობს ლაშა შუშანაშვილი, რომელიც არის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი, უკანონოდ ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს და სისტემატურად მონაწილეობს საქმის გარჩევაშიო. საინტერესოა, საიდან დაასკვნეს ეს 2006 წელს, როცა შუშანაშვილი საქართველოდან სამი წლის წასული იყო? შემდეგ თვითონვე მიხვდნენ, რომ შეეშალათ და ნაცვლად სიტყვისა "ცხოვრობს" ჩაწერეს: "ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში, თუმცა ზემოაღნიშნულ მისამართზე გააჩნია საკმაოდ პრესტიჟული სახლი". შუშანაშვილს ბრალს სდებენ იმაში, თითქოს მან საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში, საქართველოს მოქალაქე ჯემალ მამნიაშვილს მოსთხოვა, 15.000 ევროდ მართვის უფლებით გადაეცა მისთვის რესტორანი "ვენერა". ეს ბრალდება უსაფუძვლოა, ვინაიდან მამნიაშვილი არ არის საბერძნეთის მოქალაქე და იგი მართვის უფლებით ვერ შეიძენდა რესტორანს. მისი მფლობელი 2010 წლიდან არის ალექსანდრე გარაკლიდისი. ითქვა, რომ იგი თვეების განმავლობაში ზემოქმედებდა მამნიაშვილზე და საინტერესოა, რატომ მანამდე არ მიმართა ბერძენ სამართალდამცველებს? სავარაუდოდ, მამნიაშვილი ამათი აგენტი უნდა იყოს.

სამართალდამცავი ორგანოები არ დაკმაყოფილდნენ ლაშა შუშანაშვილის დევნა-რეპრესიით და სს საქმე აღძრეს ნათია ნოზაძის (ვისთანაც ლაშას შვილი ჰყავს) დედის მიმართ. პროკურატურამ რატომღაც მიიჩნია, რომ ნათია ნოზაძის დედის, ნაზიბროლა ნადირაშვილი-ნოზაძის კუთვნილი უძრავი ქონება - ნაკვეთი და სახლი - ლაშა შუშანაშვილის იყო. სინამდვილეში, ეს ქონება ნაზიბროლა ნადირაშვილს მეუღლემ დაუტოვა, რომელსაც ქუთაისში ბიზნესი ჰქონდა. ამ მიზნით, 2011 წელს ყადაღაც კი დაადეს ამ უძრავ ქონებას, რითაც უხეშად დაარღვიეს საკუთრების უფლება.

- თქვენ კრიმინალური ავტორიტეტის დევნა-შევიწროებაზე ლაპარაკობთ. ყოფილმა ხელისუფლებამ საქართველოდან კანონიერი ქურდები რომ მოკვეთა, ამაში რა არის ცუდი?

- პრეზიდენტმა წაიკითხოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი, სადაც წერია, რომ მოქალაქის გაძევება სამშობლოდან არ შეიძლება. ქურდია თუ კოსმონავტი, საქართველოს მოქალაქეა და თუ რამეს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგებინო. სინამდვილეში, ყველაზე მეტი კრიმინალი ამათ აქვთ ჩადენილი, თვითონ იქცნენ ოფიციალურ ქურდებად. პრეზიდენტი მორალით და საქციელით ხომ მაინც უნდა სჯობდეს ქურდებს? იცით, როგორ იჭერდა სააკაშვილის ბანდა "კანონიერ ქურდებს?" - წამალს და იარაღს უდებდნენ, მაგალითად, გია ჯანიაშვილს, იმავე "კახელოს", 15 წელი მიუსაჯეს ნარკოტიკებისთვის. პირველად რომ ჩაუდეს, გავამართლე, მეორედ ჩაუდეს და სასჯელს იხდის, ამჟამად "რესბალნიცაზეა". რატომღაც ახლა გაახსენდა სააკაშვილს კანონის უზენაესობა. არადა, 9 წლის განმავლობაში არ გახსენებია არც კანონი და არც კონსტიტუცია!

ინტერვიუ: "შუშანაშვილი ათენის ციხეში ზის, მიშა კი აქ კანკალებს"

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ