ნათია ბუნტური: ”ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა”

ნათია ბუნტური: ”ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა”

საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი ნათია ბუნტური პროფესიით ბალერინაა, სწავლობდა ბოსტონის (აშშ) საბალეტო აკადემიაში, შემდეგ - ნიუ-იორკში, ორი სეზონი ფილადელფიის საბალეტო დასთან ერთად იცეკვა და ბოლოს ნინო ანანიაშვილის დასში დაბრუნდა.

- საქართველოში ჩემი სურვილით დავბრუნდი, მაგრამ ერთი წლის წინ დასი დავტოვე. ბალეტი დიდ შრომასა და ხელშეწყობას ითხოვს, მე კი ვეღარ განვვითარდი, არც წამყვანი პარტიები მომცეს. კორდებალეტში ყოფნა მოსაბეზრებელი გახდა. არც სათანადო ხელფასი გვქონდა და არც წინსვლის პერსპექტივა. ბევრი ბალერინა ხელ­ფასით ოჯახს არჩენს, ჩვენ კი ძალიან დაბალი ანაზღაურება გვქონდა. რაკი 20 წლის გოგო აღარ ვიყავი, რომელსაც დასში ყოფნა უხარია, ავდექი და წამოვედი. ამ პირობების გამო ბევრმა აღიარებულმა ბალერონმაც დატოვა დასი. ბიჭები დასში თითქმის აღარ დარჩნენ და ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა. ზუსტად არ ვიცი მათი ხელფასის ოდენობა, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი ანაზღაურება აქვთ. უცხოელების ჩამოყვანის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს ჩვენი მოცეკვავეების წასვლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

- "ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობდი, როგორ მოხვდი მიუზიკლში?

- ჩემი მეუღლე ბათუმში მუშაობდა, ცოტა ხანს მეც იქ ვცხოვრობდი. სწორედ ბათუმში გავიცანი "ვერის უბნის მელოდიების" ხელმძღვანელობა და სოფო ნიჟარაძე. მიუზიკლში მონაწილეობა შემომთავაზეს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, პირობებიც ძალიან კარგი გვქონდა, შემდეგ ბათუმიდან მიუზიკლი თბილისში გადმოვიტანეთ. ბოლოს, იცით, რაც მოხდა და დაგეგმილი სპექტაკლები ჩაიშალა. ეს მასშტაბური პროექტია - მარტო თურქეთიდან აპარატურის დაქირავება 30 000 დოლარი ჯდება, ამიტომ არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა.

- შენი საქმიანობა ყოველთვის ფორმაში ყოფნას ითხოვს. ჩაცმის როგორი სტილი მოგწონს?

- არ მიყვარს კედები, ბოტასები; თუ სასპორტო ფეხსაცმელი მაცვია, ვცდილობ, დახვეწილი სამოსი შევუხამო. თბილისში არასოდეს იცი, როდის სად მოგიწევს მისვლა, ამიტომ ყველა სიტუაციისთვის მისაღებ სამოსს ვარჩევ ხოლმე. ადამიანს, პირველ რიგში, გარეგნობით აფასებენ. სათანადო შესაძლებლობა რომ მქონდეს, სხვაგვარად ჩავიცვამდი, თუმცა მოდის ტენდენციების გათვალისწინებას ახლაც ვცდილობ. სამოსი ადრე დედას ჩამოჰქონდა საზღვარგარეთიდან, ახლა უმეტესად ინტერნეტით ვიწერ. მაღაზიაში შეძენასაც აქვს თავისი ხიბლი. მომწონს "ზარა", "ბერშკა",­ "დიზე­ლი" და­ სხვა ბრენდები. ხარისხიანი სამოსი თბილისში ძალიან ძვირია.

- როგორ მაკიაჟს ირჩევ?

- ყოველ მეორე დღეს, საეთეროდ, მძიმე მაკიაჟს მიკეთებენ, ამიტომ თავისუფალ დროს კანს ვასვენებ. მშურს მათი, ვინც უმაკიაჟოდ დადის, მაგრამ მე ისე მივეჩვიე, მაკიაჟის გარეშე თავი სხვა ადამიანი მგონია. პარფიუმერიული ბრენდებიდან "ესტე ლაუდერი" მომწონს.

- რომელ სუნამოს იპკურებ?

- უფრო ცივი არომატები მომწონს. ადრე "ნარცისო როდრიგესი" მქონდა და ყველას მოსწონდა მისი სუნი, ჩემს იმჟამინდელ განწყობასაც შეეფერებოდა. ყველაზე უკეთ მე ვხვდები, როდის რომელი სუნამო მომიხდება.

- ვის მიიჩნევ გემოვნებიან ადამიანად?

- მომწონს სანდრა რულოვსის სტილი, ყოველთვის დახვეწილად აცვია. როგორი მინისტრი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ კარგად იმოსებოდა ვერა ქობალიაც. ბევრს აქვს კარგი გემოვნება, მაგრამ არ აქვს კარგად ჩაცმის საშუალება, ზოგი კი პირიქით არის. ადამიანს თვითონ უნდა სიამოვნებდეს თავისი ჩაცმულობა. ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად ვერ ჩავიცვამდი. მიმაჩნია, რომ საჯარო პირისთვის შეუფერებლად იმოსება.

- რას ურჩევ ქართველ ქალებს?

- ნაკლის დაფარვას. კიდევ - შეიმოსონ საკუთარი შესაძლებლობებისა და გემოვნების შესაბამისად. თმისა და ფრჩხილების მოვლა ხომ ისედაც შინაგან კულტურაზეა დამოკიდებული.

ინტერვიუ: "მომწონს სანდრა რულოვსისა და ვერა ქობალიას სტილი, ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად კი, ალბათ, ვერ ჩავიცვამდი"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება