სკანდალური დეტალები ქართველი ჰაკერის ცხოვრებიდან

სკანდალური დეტალები ქართველი ჰაკერის ცხოვრებიდან

რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ლაპარაკობენ წინა ხელისუფლების მხრიდან ტოტალურ მოსმენებზე. არაერთი ლეგენდა გაგვიგია იმაზე, რომ არამარტო ტელეფონებით გვისმენდნენ, არამედ მათთვის ჩვენი ინტერნეტფოსტა და სკაიპში მიმოწერის შინაარსიც კი იყო ცნობილი. მოსმენის შიში განსაკუთრებულად წინასაარჩევნოდ გაიზარდა. ახლანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო ჩანაწერების, ბიძინა ივანიშვილის ოჯახური არქივიდან მოპარული ვიდეოების და ფოტოების შემდეგ, თითქოს ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ უსმენდნენ.

დაკავებების მეორე სერიაში მოხვედრილი კუდის მაღალჩინოსნები სწორედ უკანონო მოსმენების ბრალდებით დააკავეს. მთავარ გმირზე, 18 წლის ვასილ ჯამალაშვილზე უამრავი ჭორი თუ სიმართლე ვრცელდება. მას "ჰაკერის" გარდა გენიოსსაც უწოდებენ, რადგან მისი შესაძლებლობები ამ სფეროში მართლაც განუსაზღვრელი გახლდათ.

ახალგაზრდა მაღალჩინოსანი ნაგირავებ ბინაში, ავადმყოფ დედასა და მოხუცებულ ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მისი ნაცნობების დიდმა ნაწილმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ კუდის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ იქ როგორ მოხვდა, ამაზე პასუხის გაცემა უჭირთ.

ჩვენი რესპონდენტები ლაშა მებონია და გია ალანია არიან. ლაშას სხვადასხვა სოციალურ ქსელში ყველა იცნობს. რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი ფორუმი planeta.ge გააკეთა და სწორედ ამ დროს გაიცნო ვასილ ჯამალაშვილი. გია ალანია ჩეხეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელია და თავის თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს.

ლაშა მებონია:

- უცნაური ამბავია, როდესაც 18 წლის ბავშვი კუდში ამხელა თანამდებობაზე ხვდება. ვასიკო სამი წლის წინ, 15 წლის ასაკში გავიცანი. ჩემს საიტზე მუშაობისას ერთ-ერთ ფირმაში მივედი და იმ კომპანიის ხელმძღვანელმა გამაცნო. ვასიკო იქ მუშაობდა. რასაც ვხედავდი, უფროსსა და ყმაწვილს ნორმალური ურთიერთიერთობა ჰქონდათ. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ფირმაში დავდიოდი, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ამ ბიჭზე ჩემი შთაბეჭდილება შემექმნა. რამდენიმეჯერ შევხვდი, კომუნიკაბელური ბავშვი იყო, "სისტემშიკის" მახასიათებელი თვისებებით. უყვარდა "ჩატაობა" თანამოაზრეებთან, ჰაკერულ თემებზე საუბარი. უფროსისგან გავიგე, რომ ვასკას უსაფრთხოების პროფილი ჰქონდა არჩეული. ის კაცი ამბობდა, რომ უნდოდა, ვასკა საზღვარგარეთ წასულიყო სასწავლებლად, მასზე დადებითად ლაპარაკობდა. ვასკას ყმაწვილური გატაცებები ჰქონდა, "ჰაკერინგის" თემაზე საუბრობდა, რომელიღაც საიტის დაჰაკვაზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არ უნდა აღვიქვათ ტრაგიკულად, მით უმეტეს მაგ ასაკში. საქართველოში არის რამდენიმე ჰაკერული საიტი, სადაც, სავარაუდოდ, ვასკაც იყო დარეგისტრირებული. შემდეგ გიორგი ალანიას გავაცანი. გიორგი პოლიტიკური დევნილია, ეროვნული ხელისუფლების გვარდიის მაიორი იყო, თავადაც ვებმასტერია, ჩეხეთში მოღვაწეობს, კარგად არ მახსოვს, რა დეტალის გამო გავაცანი ერთმანეთი. შემდეგ თვითონ ჰქონიათ ურთიერთობა ჩემ გარეშე.

- ორი წლის წინ გიორგი ალანიამ საიტზე, რომელიც მაშინ თქვენ გეკუთვნოდათ, თემა გახსნა, ეს თემა დღეს ისევ აქტუალურია. ამაზე ვისაუბროთ.

- თემას ერქვა "კუდს როგორც ეგონა, ისე არ არის". გიორგი წერდა, რომ სკაიპით უცნობმა პირმა ფაილი გამოუგზავნა. შემდეგ ვასკამ გადაამოწმა და "ტროანული", ანუ ჯაშუში ფაილი აღმოჩნდა, რომელიც შემდეგ კომპიუტერში რჩება და ინფორმაციას იპარავს. გარკვეული სკეპტიციზმი მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ერთხელ მეც მქონდა ჩემს საიტზე მსგავსი შემთხვევა და შემდეგ დიდი შრომა დამჭირდა ამის გამოსასწორებლად. ტროანული პროგრამები 21-ე საუკუნის სენია. შეიძლება, საკუთარი კომპიუტერი რომ დაათვალიეროთ, რამდენიმე ტროანელი იპოვოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას პოლიტიკურად აინტერესებთ, მაგრამ როდესაც ვიღაც სკაიპით ფაილს გიგზავნის, სადაც ტროანელია, უკვე ეჭვს იწვევს. გიორგი არც მალავს, რომ ფაილის შემოწმებაში ვასკა დაეხმარა. ვასკა ჩემთან საუბარში ამბობდა, რომ ფორუმები არ აინტერესებდა, მე ჩემი საქმეები მაქვს და მირჩევნია, იმაში ვხარჯო დრო, ვიდრე ფორუმზე კომუნიკაციაშიო. ორი წლის წინ გიორგის გახსნილი თემისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ამბები ხდებოდა. ეს თემა საინტერესო გახდა ორი წლის შემდეგ, ის ფაქტები, რაც დღეს ამოტივტივდა, გარკვეულწილად იმ თემას მიება და ბევრი დეტალი ემთხვევა.

- ამ ორი წლის განმავლობაში ვასკასთან ურთოერთობა აღარ გქონიათ?

- სიმართლე გითხრათ, საიტთან დაკავშირებით ხშირად მქონია სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონია, მას დავკავშირებოდი. იმასაც არ გასჩენია ეს სურვილი. არც ვიცოდი რას საქმიანობდა. ფანტასტიკური ფაქტი იყო, როდესაც დავინახე, რომ ვასკა კუდის დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის აღმოჩნდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, მაგას ვინმე ემართა, თუნდაც ასაკის გამო. ლიდერის თვისებები მასში არ შემიმჩნევია, სამსახურში ღამე მიდიოდა, როგორც ბევრი სისტემ-ოპერატორი. კომპიუტერთან ჯდებოდა და დილამდე მუშაობდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მგონია ვცდებოდე, იმიტომ რომ მისი უფროსიც ამბობდა, რომ ღამე უყვარდა მუშაობა და დღისით ეძინა. კომპიუტერული ცხოვრებით ვინც არის დაკავებული, ეს ყველას სენია.

- გენიოსობა თუ შეამჩნიეთ?

- ვერ ვიტყვი, რომ გენიოსი იყო. ნიჭიერი ბიჭი იყო, რომელიც უსაფრთოხების საკითხებს სწავლობდა და "ჰაკერინგი" აინტერესებდა, მაგრამ მასეთი ყმაწვილი საქართველოში ბევრია. გენიოსობა რომ დავაბრალოთ, მისთვისვე იქნება ცუდი. ვასკა ნიჭიერი იყო და ეს სპეცსამსახურებმა გამოიყენეს. ვასკა იმ სისტემის მსახური გახადეს. საერთოდ, ჰაკერისთვის ბიძინა ივანიშვილის ან რომელიმე ცნობილი სახის კომპიუტერში შესვლა საკმაოდ კარგი გამოწვევაა. ივანიშვილზე გავრცელებული ვიდეო აშკარად მისი კომპიუტერიდან არის მოპარული, მაგრამ ვინ მოიპარა, არ ვიცი. არ შეიძლება ამით გართობა.

- ამბობენ, ვასკას სამსახურში ეუბნებოდნენ, რომ ის რეალურად რუსეთს ებრძოდა, როგორ ფიქრობთ, ამის სჯეროდა?

- ისეთი ბავშვი იყო, რომ არ მგონია, რუსეთის, საფრანგეთის ან იტალიის თემა დაეჯერებინა. მარტივად მივუდგეთ საქმეს, მას მოსწონდა უსაფრთხოების თემა, აინტერესებდა რამდენად დიდ სიმაღლეზე ავიდოდა და როგორც ჩანს, საკმაოდ დიდ სიმაღლეს მიაღწია. საერთოდ, მგონია, რომ მის ასაკში ამხელა თანამდებობის მიღება უფრო დიდი სკანდალია, ვიდრე ნებისმიერი ჰაკერული თავდასხმა.

რა მოხდა წლების წინ გიორგი ალანიასა და ვასილ ჯამალაშვილს შორის, ამ თემაზე სასაუბროდ ალანიას ჩეხეთში დავუკავშირდით. ის ამბობს, რომ საქართველოდან 19 წლის წინ წავიდა და დღემდე იძებნება.

გიორგი ალანია:

- ვასიკო 2009 წელს გავიცანი. აქ ჩეხეთში მეგობარს სერვერი ჰქონდა და ბევრი ქართული საიტი მის სერვერზე გადავიყვანე. მაშინ ვასიკომ თხუთმეტ წუთში მონახა ამ სერვერის სუსტი ადგილები და მფლობელს წერილიც გაუგზავნა. არადა, ის პიროვნება ჩეხეთში ერთ-ერთ უძლიერეს პროგრამისტად ითვლება. როდესაც ვუთხარი, რომ ვასიკო 15 წლის იყო, დაიშოკა.

- ბატონო გიორგი, თქვენ ამბობთ, რომ 2010 წელს გამოგზავნილი ვირუსის გაშიფვრაში ვასილ ჯამალაშვილი დაგეხმარათ, ეს გზა კუდამდე მივიდა და მათი სერვერები გათიშა, ასე მოხვდა 16 წლის ბიჭი ამ უწყებაში?

- მოკლედ, კუდმა გაიგო, ვისი დახმარებით გაეთიშათ ინტერნეტი და სერვერები. დიახ, დარწმუნებული ვარ ასე მოხდა, იმიტომ რომ სანამ მუშაობას დაიწყებდა, ვილაპარაკეთ კიდეც ამ თემაზე.

- კონკრეტულად რაზე?

- როდესაც გადაწყდა, რომ კუდში მუშაობას იწყებდა, ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, ვურჩიე, უარი არ ეთქვა, რადგან ამ უარს არ აპატიებდნენ. კუდში აინტერესებდათ, მათი თანამშრომლებიდან რომელმა მომაწოდა დავით ცინდელიანის მკვლელობის ამსახველი დეტალები და მეორე, ისედაც ვიყავი კუდის ინტერესთა არეალში პოლიტიკური საქმიანობის გამო. შემდეგ, ცინდელიანის თემაზე რეპორტაჟი ნანა ლეჟავამ გააკეთა.

- ვასილის კუდში მუშაობის დაწყების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?

- ამის შემდეგ ვასკა ერთხელ შემეხმიანა. სხვისი კომპიუტერიდან სხვა სახელით დამიკავშირდა, ეტყობა, კუდში ძალიან მიაწვნენ ჩემს თაობაზე. მაშინ ასე მოვიპალარაკეთ, რომ თუ ვასკასგან რაიმე ცნობა მომივიდოდა, ან საუბრის სურვილს გამოთქვამდა სკაიპით, არ უნდა მეპასუხა. კონტაქტი არ წაგვიშლია, ორივემ დავიტოვეთ, რომ სამსახურში ეჭვი არ გასჩენოდათ, რომ ვასკამ გამაფრთხილა. ამის შემდეგ ყოველგვარი კონტაქტი შევწყვიტეთ. როგორ ვიცი, მუშაობის დაწყებისას ვასკა ჩეხეთში უნდა ჩამოსულიყო ენის თუ პროგრამისტის კურსებზე. აქ რომ ჩამოსულიყო, უკან არ დაბრუნდებოდა, ჩემთან დავტოვებდი.

- საბოლოოდ არ გამოუშვეს?

- ეს უკვე აღარ ვიცი. ის ბოლოს სხვა სახელით დამიკავშირდა, რაზეც ზევით მოგიყევით. ვასკას უსაფრთხოების მიზნით ჩემგან ყოველგვარი კონტაქტი და ინტერესი შეწყდა.

- როგორ დაახასიათებდით პიროვნულად?

- ვასკა ბავშვია, ახლაც, ამ ასაკში, ალალი გულის ბავშვი. ის სამსახურში არასრულწლოვანი აიყვანეს. კი, ბატონო მუშაობდა კუდში, მაგრამ მანამდე მათ წინააღმდეგაც ხომ იმუშავა. ვასკა მერის არჩევნების პერიოდში ირაკლი ალასანიასთან მუშაობდა პროგრამისტად. ვებგვერდიც გაუკეთა ალასანიას. დღეს საქართველო არ არის ისეთი უსაფრთხო ქვეყანა, რომ ვასიკოს მანდ არაფერი ემუქრებოდეს.

- როგორ ფიქრობთ, მის შესაძლებლობებს ახალი ხელისუფლება არ გამოიყენებს?

- არ ვიცი, აქ უკვე მხოლოდ ხელისუფლებაში არ არის პრობლემა. ვასიკო რამდენად დაუჯერებს ახალ ხელისუფლებას, ან საერთოდ ხელისუფლებას. მის ადგილას რომ ვიყო, საზღვარს გავცდებოდი და სადმე ნორმალურ სამსახურს ვიშოვიდი.

- იცოდით მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, საერთოდ აინტერესებდა ეს თემა?

- ვასიკოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, პროგრამისტია. სხვა ორიენტაცია მისთვის არ არსებობს, ან თუ არსებობს, მოჩვენებითია.

როგორ ავარიდოთ თავი მსგავს შემთხვევებს და რამდენად დაცულები ვართ ინტერნეტსივრცეში, ამ თემაზე რამდენიმე რჩევა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტს ვკითხეთ.

არასოდეს მიიღოთ სკაიპში უცხო ადამიანის მიერ გამოგზავნილი ფაილი ან ფოტო, რადგან შესაძლებელია, სურათში ჩაკერებული იყოს ინტერნეტჯაშუში და თქვენი კომპიუტერი ჰაკერების მსხვერპლი გახდეს.

სხვადასხვა საიტზე შესვლისას, შესაძლებელია გამოგიტანოთ სხვა საიტის ლინკი, სადაც ეწერება, რომ თქვენს კომპიუტერში აღმოჩენილია ვირუსი და თუ მას დააჭერთ, კომპიუტერს ვირუსისგან გაწმენდს. რეალურად კი, თუ ამ ოპერაციას დათანხმდებით, კომპიუტერში ვირუსი შემოაღწევს და თუ კამერა და მიკროფონიც გაქვთ მიერთებული, ჰაკერი მოგისმენთ და ფოტოებსაც გადაგიღებთ.

კომპიუტერი დაჰაკულია თუ არა, ამას ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ ხვდება, ხანდახან ამის მიხვედრა პროფესიონალ პროგრამისტებსაც უჭირთ. დაჰაკულ კომპიუტერს მხოლოდ ვინდოუსის გადაყენება არ შველის, ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა, რეალურად კი მხოლოდ სპეციალისტი შეძლებს, კომპიუტერი ჯაშუშიგან გაწმინდოს.

ინტერნეტფოსტის მომხმარებლებს ხშირად უცნაური მისამართებიდან მისდით წერილი. საერთოდ, მოერიდეთ მსგავსი იმეილების გახსნას, მაგრამ თუ მაინც გახსენით და მხოლოდ ტექსტური შეტყობინება დაგხვდათ, წერილი სარეკლამო ხასიათს ატარებს, მაგრამ თუ ლინკი გამოგიგზავნეს, არავითარ შემთხვევაში არ მიჰყვეთ ბმულს, თორემ შესაძლებელია, ამ დროს თქვენს კომპიუტერზე ჰაკერული პროგრამა ჩაიტვირთოს.

P.S. მასალა უკვე მზად გვქონდა, როდესაც ვასილ ჯამალაშვილი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაუმტკიცდება თუ არა ბრალი 18 წლის ყოფილ მაღალჩინოსანს, ამას დრო გვიჩვენებს.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"