"კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია"

"კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია"

საქართველოს ყველა ქალაქში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, უამრავი აზარტულ-გასართობი დაწესებულება ფუნქციობს, რის მიმართაც საზოგადოების დიდ ნაწილს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თუმცა მთავრობის შეცვლის შემდეგ კი საზოგადოება კაზინოების დახურვის აუცილებლობაზე ალაპარაკდა...

ამ საკითხზე საუბარი ადიქციის (ადამიანის დამოკიდებულება რაიმესადმი) კვლევისა და კონსულტირების ცენტრის ხელმძღვანელს, საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის თანამშრომელს, ფსიქო-ფიზიოლოგ მარინა კაჭარავას ვთხოვეთ:

- გასართობ-აზარტული ცენტრების სიმრავლე საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნის. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემების წინაშე უკვე დიდი ქვეყნებიც აღმოჩნდნენ. მაგალითად, კანადაში უზარმაზარი სარეაბილიტაციო-სამკურნალო ცენტრები გაიხსნა აზარტით დაავადებული ადამიანებისთვის. დღეს საქართველოც დგას მსგავსი ხიფათის წინაშე.

აზარტული თამაშები სიამოვნების ერთ-ერთი წყაროა. გარდა ამისა, "ფულის შოვნის" საშუალებაც არის. მართალია, კაზინოში თამაშით გამდიდრებული არავის უნახავს, მაგრამ არის ერთჯერადი მოგებები, მითები მოგების შესახებ, რომლითაც აზარტული ადამიანები იკვებებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრებაში წაგებების კასკადი იწყება, თავიანთ ქცევას ვეღარ აკონტროლებენ - რაც მეტს თამაშობენ, მეტს აგებენ, მაგრამ მათთვის ყველაფერი დანარჩენი მეათეხარისხოვანია - ყველაზე დიდ ლტოლვას თამაშისადმი განიცდიან. ეს კი იქამდე გრძელდება, ვიდრე ყველაფერს არ დაკარგავენ.

შემდეგ წვებიან სპეციალურ კლინიკაში და ისევ ოჯახის წევრები ზრუნავენ მათზე, მიჰყავთ სპეციალისტთან. ისიც იმიტომ დაჰყვება, რომ მათი გული მოიგოს, თამაშისადმი ლტოლვა კი არ უნელდება. სხვათა შორის, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აზარტული ადამიანების მკურნალობის თანხას სამორინეების ხელმძღვანელობა იხდის და მათ რეაბილიტაციაზე ზრუნავს.

- გამოდის, რომ აზარტით შეპყრობილი ადამიანის გამოსწორება გამორიცხულია?

- ლაპარაკია უკიდურეს პათოლოგიაზე. ვინც თამაშობს, ყველა პათოლოგი არ ხდება. პირობითად, ათი მოთამაშიდან ერთს ემართება პათოლოგია. ფაქტია, რომ ჩვენში სოციალური სიდუხჭირე უბიძგებს ადამიანებს, შემოსავლის წყაროდ აზარტული თამაშები გაიხადოს... ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მოთამაშე ბევრი ფულის წაგების შემდეგ, რევანშის ასაღებად დადის კაზინოში, რაც მას საბოლოოდ ღუპავს.

- კაზინოების და მსგავსი დაწესებულებების არსებობას წინა ხელისუფლება ტურიზმის განვითარების ერთგვარ საშუალებად მიიჩნევდა - რადგან მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს მსგავსი დაწესებულებები, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ა.შ. სწორედ საქართველოში ჩამოდიან სათამაშოდო...

- მათი თქმით, ეს ხალხი ჩარტერული რეისებით მოფრინავდა სათამაშოდ, მილიონებს ტოვებდა და ქვეყანა ამით უნდა აშენებულიყო. ასეც რომ იყოს, უნდა შევიმუშაოთ მოდელი, რომ სპეციალურად უცხოელებისთვის იფუნქციოს კაზინოებმა. მაგალითად, ინგლისში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში მიღებულია კლუბური ვარიანტი, როცა კაზინოში სიარული შეუძლია მხოლოდ კლუბის წევრს, რომლის შემოსავალიც კაზინოს მეპატრონისთვის ცნობილი იქნება, რიგითი ახალგაზრდა კი იქ ვერ შევა და მამის ფულით ვერ ითამაშებს.

კაზინოებიდან შემოსული თანხით ქვეყნის გამდიდრება ამორალური საქციელია და ვერაფრით განვასხვავებ პროსტიტუციით, იარაღით ან ნარკოტიკებით ვაჭრობით გამდიდრებისგან. ამით ქვეყანა კი არ გამდიდრდება, ახალგაზრდობა დაიღუპება და უამრავი ოჯახი გაუბედურდება.

- ბოლო ხანს კაზინოებსა და ე.წ. სლოტკლუბებში მანდილოსნებიც დადიან.

- ასეთი მიდრეკილება თავს იჩენს პოსტკლიმაქსურ პერიოდში. 40 წელს გადაცილებულ ქალს, ფაქტობრივად, ეკარგება ის ასპარეზი, სადაც ლიდერი იყო და იწყებს კაზინოში სიარულს. მოსწონს ჟეტონების წკარუნი, მოგების შემდეგ აპლოდისმენტები, მამაკაცების ყურადღება. ამ ყველაფრით ქალი უზარმაზარ სიამოვნებას იღებს.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესი წახალისებულია, ქუჩებში, ტელევიზიებით, ყველგან მის რეკლამებს წააწყდებით, რაც ახალგაზრდებისადმი ერთგვარი გზავნილია. მოზარდს უჩნდება კითხვა, - რატომ ვისწავლო ან ვიმუშაო, შევალ კაზინოში და მოვიგებ, - რაც საშინელებაა...

- დავუშვათ, შეიქმნა სპეციალური კლუბები, ან კაზინოები დარჩა მხოლოდ უცხოელებისთვის. არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ინტერნეტთამაშები, როცა შინიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია ფულზე თამაში...

- ეს პრობლემა არაერთმა ქვეყანამ აზარტული თამაშების ვებგვერდების დაბლოკვით ასე თუ ისე მოაგვარა. მიმაჩნია, რომ მსგავსი მეთოდი საქართველოშიც უნდა შემუშავდეს, ასევე არასწორია კაზინოებისა და სხვა აზარტული დაწესებულებების ქალაქის ცენტრში არსებობა.

მაგალითად, ამერიკის უამრავ შტატში აკრძალულია კაზინოები, იქ ამისათვის აშენდა ქალაქი ლას-ვეგასი, სადაც თავმოყრილია სათამაშო დაწესებულებები და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. თუმცა ახლახან გაირკვა, რომ საქართველოდანაც ახერხებენ ლას-ვეგასში ჩაფრენას, თამაშს და ჩამოფრენას... რომ მსგავსი დაწესებულებები მოზარდებსა და სტუდენტებს თვალებში არ უნდა ეჩხირებოდეს. ჩვენთან კი სამწუხაროდ, კაზინო საპატრიარქოს გვერდით, წმინდა ადგილზე ააშენეს ("შანგრილას" გულისხმობს - ნ.მ.). მიმაჩნია, რომ რიყის ტერიტორია მსგავსი შენობებით გაუპატიურებულია.

- თუ მუშაობს სპეციალური ჯგუფი სამორინეების აკრძალვის თაობაზე?

- დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყება ამ საკითხის განხილვა. ახალ მთავრობას უამრავი პრობლემა დახვდა და საჭიროა საზოგადოებაც გააქტიურდეს ამ მიმართულებით.

- და, ალბათ, საპატრიარქოც...

- მეუფე იაკობის ბოლო ქადაგება ვინც მოისმინა, მიხვდება საპატრიარქოს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტად გააქტიურება, რადგან ჩვენ კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია, რასთან გვაქვს საქმე...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა