მამუკა წკრიალაშვილი: "ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა"

მამუკა წკრიალაშვილი: "ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა"

შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს თადარიგის ოფიცერი, ერაყისა და ავღანეთის მისიების ვეტერანი, გენერალთა კლუბის წევრი, მაიორი მამუკა წკრიალაშვილი გამოხატავს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2011 წელს დამითხოვეს. იმხანად პირველ საარტილერიო ბრიგადაში ვმსახურობდი. ავღანეთიდან, სადაც 8 თვე დავყავი, ახალი ჩამოსული ვიყავი. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი სამხედრო დავით ლონდარიძე რუსეთის აგენტობის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ ყველა, ვისაც რუსეთში გვქონდა დამთავრებული სამხედრო სასწავლებელი, დაგვიბარეს (მე რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი დავამთავრე), ჯერ მოდულის შენობაში დაგვკითხეს, - რატომ წახვედი რუსეთში სასწავლებლად, ვინ გაგიშვაო? ვუთხარი, რომ რუსეთში იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის ბრძანებით წავედი. იმხანად, 1994 წელს, ნიქოზის სამშვიდობო ბატალიონში ვმსახურობდი, საქართველო კი დსთ-ს წევრი ქვეყანა იყო. მეორედ უკვე სამხედრო პოლიციაში დაგვიბარეს ყველა ოფიცერი, ვისაც რუსეთში გვქონდა მიღებული განათლება, დაახლოებით ასამდე კაცი. იქ გვეუბნებოდნენ, გვითხარით, რუსეთში სწავლისას იქაურმა სპეცსამსახურებმა თუ გადაგიბირესო. ამას მოჰყვა ინდივიდუალური დაკითხვები თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან. შექმნილი ჰქონდათ კომისია, რომელშიც მინისტრისა და გენშტაბის უფროსის მოადგილეები შედიოდნენ: გიორგი კალანდაძე, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, მერაბ კიკაბიძე და სხვები. განსაკუთრებული ინტერესით მეკითხებოდნენ, კობალაძე რა დავალებებს გაძლევდაო? რაზეც ვუპასუხე, ყველა დავალება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესიდან გამომდინარე იყო, გენერალ კობალაძეზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ღირსეული ოფიცერი და ვაჟკაცია, ის თვისებები აქვს, რაც დღეს ასე აკლია ქართულ ჯარს-მეთქი, რაზეც ძალზე გაღიზიანებულმა ბაჩო ახალაიამ თქვა: რა ნახეს ასეთი კობალაძეშიო. ეს შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართა. 1-ელ ოქტომბერს კი ბრიგადაში მორიგეობაზე მისულს, მეთაურმა მითხრა, დაგითხოვესო. ამის შემდეგ რამდენჯერმე ვცადე ბაჩო ახალაიასთან და გიგი კალანდაძესთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ.

- როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, როგორ შეაფასებთ იმდროინდელ პროცესებს?

- პირველ ქვეით ბრიგადაში ვმსახურობდი. შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი ასრულებდა სამშვიდობო მისიას ცხინვალის რეგიონში და ჩვენ უნდა შეგვეცვალა. იმხანად პირველი ქვეითი ბრიგადის არასრული მე-11 ბატალიონის ერთ-ერთი ასეულის მეთაურად დავინიშნე, რომლის დისლოკაციის ადგილი შიდა ქართლის სოფელი ერედვი იყო, ამ სოფლიდან აჩაბეთში, ლიახვის ხეობაში გადასასვლელი გზა უნდა გაგვეკონტროლებინა. ერთი ოცეული წვერიახოს სიმაღლეზე განვალაგე. სიმაღლეს, რომელზეც მცხეთიჯვრის სალოცავია, 2004 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობისას, ცხინვალში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქართული მხარე ვეღარ აკონტროლებს. ამის შემდეგ იყო სიმაღლე, სადაც ჩეჩნური ასეული იდგა რუსული დროშის ქვეშ... ერთმანეთს სულ 7 მეტრი გვაშორებდა. 2008 წლის 3 ივლისს ლიახვის ხეობაში გადასასვლელ გზაზე დიმიტრი სანაკოევის ავტოკოლონა ააფეთქეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეკავებინა სარაბუკის მთა, რადგან ამ სიმაღლიდან შეგვეძლო გვეკონტროლებინა როგორც შემოვლითი გზა (რომელიც წვერიახოს მთაზე გავლით აკავშირებდა დანარჩენ საქართველოს ლიახვის ხეობის სოფლებთან), ასევე გარშემო მდებარე ოსებით დასახლებული სოფლები: დმენისი, კოხათი, ქვემო და ზემო სარაბუკი. პოზიციები გავამაგრეთ და სამშვიდობო ძალებისა და ქართული დროშები ავაფრიალეთ. 4 ივლისს, განთიადზე, ცეცხლი გაიხსნა ოსებით დასახლებული სოფლებიდან, რასაც ცეცხლით ვუპასუხეთ, მას შემდეგ ყოველღამე იგივე მეორდებოდა. 28 ივლისიდან კი უკვე მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყეს. 6 აგვისტოს, საღამოს, ჩვენი ქვედანაყოფები, ბრძანების თანახმად, ცხინვალისაკენ დაიძრა, სოფელ ერედვში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამოვიდა. ბრიგადის მეთაურის ბრძანებით, ბატალიონს ოსური სოფლების - კოხათის, ქვემო სარაბუკის, ზემო სარაბუკის აღებაში უნდა დავხმარებოდი. 7 აგვისტოს, დილით, აღნიშნული სოფლები უდანაკარგოდ ავიღეთ, თუ არ ჩავთვლით სამ მსუბუქად დაჭრილს. მოწინააღმდეგისაგან მიტოვებული საბრძოლო პოზიციებიდან ამოვიღეთ შეიარაღება, ვიპოვეთ რვეული კოორდინატებით, ტელეფონის ნომრებით, სახელებით. დაკავებული სოფლების მოსახლეობა დავამშვიდეთ, რომ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრებოდათ, ოღონდ ხელი არ უნდა შეეშალათ. გზა სოფელ თლიაყანისკენ გავაგრძელეთ, რომელიც ძალზე ახლოა ჯავასთან. ამ დროს დამირეკა მეგობარმა და მითხრა რომ ჩემი ძმა, გიორგი წკრიალაშვილი, რომელიც გორის სატანკო ნაწილში მსახურობდა, დაბომბვაში მოყვა და ჰოსპიტალში იყო, კავშირი წყდებოდა, ძმის მდგომარეობაზე მეტი ვერაფერი შევიტყვე და ისღა დამრჩენოდა, დასახულ ამოცანაზე მეფიქრა. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილამდე ერთი ასეულიღა მივედით, რადგან ბატალიონის სხვა მეომრებმა ხეობაში მოწინააღმდეგის სავარაუდო ჩამოსასვლელი გზები გადაკეტეს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის შესაბამისი სამხედრო ძალა აღარ გვყავდა. არადა, წესით, ეს გზები რეზერვისტთა ასეულებს უნდა გადაეკეტათ; რეალურად კი რა მოხდა? რეზერვისტების დიდმა ნაწილმა იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის ზურგი გაემაგრებინათ, გორში ჩასვლის შემდეგ ტაქსები დაიქირავა და სახლებში გაიქცა... არადა, ყველა ჩამოსასვლელი გზა უნდა გადაკეტილიყო, მოწინააღმდეგის ალყაში რომ არ მოვქცეულიყავით. ამის შემდეგ დროებითი სამსაათიანი ზავი გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრძოლაში რუსული ავიაცია ჩაერთო და ჩვენი საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი განადგურდა. სამი საათის შემდეგ უკან დახევის ბრძანება მივიღეთ.

- ვინ გასცა უკან დახევის ბრძანება?

- ალბათ, უმაღლესმა მთავარსარდალმა, სხვას ამის უფლება არავის აქვს. ამის შემდეგ სოფელ ერედვში ჩავედი, რომელიც მიწასთან იყო გასწორებული. 10 აგვისტოს კი ტირძნისში ჩავედით, ცხინვალის გარშემო ქართული სოფლების დაცვის მიზნით. ამის შემდეგ კიდევ ერთი ბრძანება მივიღეთ უკანდახევის შესახებ.

- სამხედრო პირები ერთმანეთს მართლა მობილური ტელეფონებით უკავშირდებოდით?

- ეს მცირე ხნით. შემდეგ ყველა სიგნალი ჩაახშვეს, კავშირგაბმულობა მწყობრიდან გამოვიდა.

- ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება ამ ომში გამარჯვებაში ისე იყო დარწმუნებული, ცხინვალში გამარჯვების აღლუმისათვის დროშები და წითელი ხალიჩები ჰქონდათ მზადო.

- ჩემი ინფორმაციით, ერგნეთთან დროშებით დატვირთული მანქანა ედგათ გამზადებული და მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ პირველი ააფრიალებდა დროშას. იქ, სადაც ჩვენი ბატალიონი იბრძოდა, ასეთი რამ არ ყოფილა, თუმცა, ოფიცერთა ნაწილი ამბობდა, რომ საბრძოლო მოქმედებებისას ბრძანებას ხშირად გასცემდნენ სამოქალაქო პირები, მათ შორის, ლაპარაკი იყო თბილისის მერზე, პარლამენტის წევრებზე.

- ვისი და რისი ბრალი იყო, რომ ომი მხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა და ქართული არმია არ აღმოჩნდა ისე ბრძოლისუნარიანი, როგორც ამაში ტელეკლიპები გვარწმუნებდნენ?

- აფხაზეთის ომი ცამეტ თვესა და ცამეტ დღეს გაგრძელდა, თუმცა იმხანად არ გვყოლია ისეთი შეიარაღებული არმია, როგორიც 2008 წელს. ეს ადასტურებს, რომ ომში მთავარი შეიარაღება კი არა, საბრძოლო სულისკვეთება, საქმისადმი დამოკიდებულებაა. ამის მიზეზი ისიც არის, რომ 2004 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ადამიანის დისკრიმინაციამ, მისი უფლებების შელახვამ მასობრივი სახე მიიღო. ჯარი ნათესაურ-კლანური პრინციპით ყალიბდებოდა და არა პროფესიული ნიშნით. უცხოეთში, მათ შორის აშშ-ში განათლების მიღების შემდეგ ოცმეთაურები, ასმეთაურები და ა.შ. ქართულ ჯარში შესაბამის თანამდებობებზე კი არა, თავდაცვის სამინისტროში, თბილ ადგილებზე ინიშნებოდნენ, ქვედანაყოფებთან კი ერთი და იგივე ხალხი მუშაობდა, რამაც ჯარის სტრუქტურა მოარყია, ნატოს სტანდარტებსაც დავშორდით. ყველას გვახსოვს ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშვნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს განცხადება, რომ ეს დანიშვნა რეკომენდებული არ იყო, ახალაიას მისამართით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული კითხვის ნიშნების გამო, მაგრამ... ჩემი ინფორმაციით, არც ბაჩანა ახალაიას და არც ოქრუაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ, სამხედრო ფორმა არ სცმიათ. მაღალჩინოსნებმა თავიანთი ოჯახის ერთი წევრი ან ნათესავი მაინც დაასახელონ, რომელიც ავღანეთის ან ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა! ჩვენ, გენერალთა კლუბს, უამრავი ოფიცერი მოგვმართავს საჩივრით, რომ მათი უფლებები, ღირსება ილახებოდა; ცხადია, პროკურატურამ ამ ადამიანების საჩივრები უნდა განიხილოს და სამართლიანობა აღდგეს! ზოგიერთი ბაჩო ახალაიას უფლებებს იცავს, ეს ადამიანები კი აღარ ახსოვს.

ცნობისათვის

მამუკა წკრიალაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით 2001 წელს კოდორის ხეობაში სამსახურის გამო, როცა რუსებმა დესანტი გადმოსხეს აჟარაში.

2002 წელს მონაწილეობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რისთვისაც მიიღო მედალი "მხედრული მამაცობისათვის".

2008 წელს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისათვის პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით დაჯილდოებულია მედლით "მხედრული მამაცობისთვის".

2011 წელს დაჯილდოვდა მედლით ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის.

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე