რისთვის იხდის სასჯელს "მფრინავი თეფშის" ავტორი?

რისთვის იხდის სასჯელს "მფრინავი თეფშის" ავტორი?

რამდენიმე თვის წინ პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას გამოგონებაზე ვწერდით (იხ. "ყველა სიახლე" N13. 9-15 მაისი, 2012 წელი) - მან დისკოს ფორმის მრგვალი საფრენი აპარატის მოდელი შექმნა, ერთგვარი მფრინავი თეფში, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის. თუმცა, ამ იდეის ხორცშესხმა გადაიდო, რადგან ამჟამად გოგი კვარაცხელია დაპატიმრებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ "გრიგოლ კვარაცხელია 2012 წლის 14 მაისს ინდმეწარმე მურმან ტაბატაძის მაღაზიაში არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა, მის მეუღლეს, ზაირა ხმელაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის კონფლიქტი 15 წუთი გაგრძელდა; მაღაზიიდან გამოსულმა, მიმდებარე ტერიტორიაზე მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომლის ტარების უფლება ჰქონდა, ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რითაც აშკარად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი." სასამართლომ გოგი კვარაცხელიას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: 1 წელი საპატიმროში, 3 წელი - პირობითი.

ამ საკითხზე გოგი კვარაცხელიას მეუღლე, ლიკა მურჯიკნელი გვესაუბრება: - გოგი კვარაცხელია წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში მუშაობდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის თანამდებობიდან სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლეს, პირდაპირ მიუთითეს, - პენსიაზე გადიო. მისი პენსია ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. ამჟამად ორი მცირეწლოვანი შვილით ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მე უმუშევარი ვარ, სოციალურმა სამსახურმა დახმარებაზე უარი გვითხრა - არ გეკუთვნით, რადგან მაცივარი და სარეცხი მანქანა გაქვთო.

მისჯილი ერთი წლიდან გოგიმ 6 თვე უკვე მოიხადა. ყველას მივმართავ, ეგებ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოხერხდეს. არაერთი უნიკალური გამოგონების, იდეის ავტორია; ცხადია, არც ციხეში ღალატობს თავის საქმეს - ციხის კედლებში შექმნა თხილის საბოჭ-საფცქვნელი აპარატის ესკიზი, - თხილის მოსავლის აღება-დაბინავება ძალზე შრომატევადი პროცესია, ეს აპარატი კი თხილს თან კრეფს, თან არჩევს. ამ დანადგარს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს, ერთადერთი, თურქეთში ჰქონდათ თხილის შემგროვებელი აპარატი, რომელიც დღეს მოძველდა და აღარ გამოიყენება. გოგი კვარაცხელია არაერთი სხვა გამოგონების ავტორიც არის, მათ შორის ელექტროენერგიის ალტერნატიული გზით მიღების სფეროში. მან შექმნა სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორებისა და სამოქალაქო ავტომობილების შიგაწვის ძრავების ინჟექტორის სისტემის დიაგოსტიკისა და გაწმენდა-რეგულირების აპარატი. დარწმუნებული ვარ, თუ ის თავის საქმეს დაუბრუნდება, მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და ქართველ საზოგადოებას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ: ქართული მფრინავი თეფში და საკეტი მილიონი კოდით _ უცნაური გამოგონებები

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"