რობიკო დადიანი: "ვეჭვობ, დუდუს მკვლელობის საქმეში გავლენიანი პირია გარეული"

რობიკო დადიანი: "ვეჭვობ, დუდუს მკვლელობის საქმეში გავლენიანი პირია გარეული"

2002 წლის 22 იანვარს ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითასა" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დუდუ (დავით) დადიანი სპორტის დეპარტამენტის შენობის კიბეზე მოკლეს. ეს გახმაურებული მკვლელობა დღესაც გამოუძიებელია და მკვლელი - დაუსჯელი. დუდუს ოთხი ტყვია ესროლეს, მკვლელობის ძირითად ვერსიად, თავის დროზე, პირადი ანგარიშსწორება სახელდებოდა.­

გამოძიების დაჩქარების თხოვნით, დუდუ დადიანის ოჯახის წევრებმა რამდენჯერმე მიმართეს ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს, მაგრამ პასუხი ყველას ერთი ჰქონდა - "გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს გავარკვევთ". ოჯახმა ამჯერად ახალ ხელისუფლებას მიმართა საქმის ხელახლა გამოძიების თხოვნით. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის აგვისტოში დააპატიმრეს დუდუს ძმა ლევან დადიანი, რასაც ახლობლები დუდუს საქმეს უკავშირებენ.

ნინო დადიანი, ლევანის მეუღლე: - 2010 წელს დაიწყო დუდუს მკვლელობის საქმის ვითომ ხელახალი გამოძიება. პროკურატურაში დაიბარეს ჩემი მამამთილი და ჰკითხეს, რამე ხომ არ იცი მკვლელობის შესახებო. მას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე კახა მაჭავარიანმა განუცხადა, ეჭვი გვაქვს, თქვენმა შვილმა, ლევანმა რაღაც იცის და არ გვეუბნებაო. ხოლო როდესაც ლევანი დაკითხვიდან გამოვიდა, გვითხრა, უცნაურ რაღაცებს მეკითხებოდნენ, ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემზე მეტი მათ იციან და ჩემგან რა უნდათ, ვერ მივხვდიო... ლევანი ე.წ. მეტადონის პროგრამაში იყო ჩასმული. აგვისტოში მთელი ოჯახი ურეკში ვისვენებდით. ერთ დღესაც, ვიღაც უცნობი ლევანთან მივიდა, უთხრა, შენთან ტანსაცმელი გამომატანესო და შარვალი მიუგდო. თურმე მასში 0,06 გრამი მეტადონი იყო. ასე დაიჭირეს ლევანი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს ბრალი. თბილისში ჩამოსვლა არ მაცალეს, ისე შეანგრიეს ჩვენი ბინის კარი და იქაურობა გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ლევანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მეუბნებოდნენ, დუდუს გამოა დაჭერილიო. საბოლოოდ ლევანს ადვოკატის გარეშე მიუსაჯეს 14 წელი. შეუწყვიტეს მეტადონის პროგრამა, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ჩააგდეს კარცერში და თავს დაადგნენ კახა მაჭავარიანი და ვინმე რეზო, სოდ-ის მაღალჩინოსანი, რომლებიც ლევანს აიძულებდნენ, ვიღაცისთვის დაედო ხელი. ოღონდ ლევანს რაღაც ეთქვა და ამათ საქმე გაეხსნათ, თორემ მკვლელობის რეალური გამოძიება რომ არ აინტერესებდათ - ფაქტია. ლევანზე მეტად ვის შეიძლება აინტერესებდეს, ვინ და რატომ მოუკლა ძმა?!

რობიკო დადიანი, დუდუს მამა: - ამა წლის 30 ნოემბერს პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ. იმედი მაქვს, გაიხსნება დუდუს მკვლელობის საქმე, ოდესმე ხომ უნდა გაიხსნას? ლევანს კი ნარკოტიკი მიუგდეს და ადვოკატის გარეშე წაუყენეს ბრალდება ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის. მანამდე, 2008 წელს, 5 წელი პირობითი მიუსაჯეს, გადაგვახდევინეს 10 000 ლარი და გამოუშვეს. მას შემდეგ დაიწყო მან ინტენსიური ფიზიოთერაპიული და ფსიქოთერაპიული მკურნალობა, მეტადონის პროგრამაშიც ჩასვეს. ჩემი აზრით, ლევანისგან რაღაც უნდოდათ. თანამშრომლობას სთავაზობდნენ და პროკურატურა მის დაკითხვას არა ნარკოტიკებზე, არამედ დუდუს საქმეზე აწარმოებდა.

- როგორც ამბობდნენ, თავის დროზე, რომელიღაც მაღალჩინოსანი იყო დაინტერესებული იმით, რომ საქმე არ გახსნილიყო. ოჯახს რა ვერსია გაქვთ, ვის შეეძლო დუდუს მოკვლა?

- არანაირი ვერსია არ მაქვს, ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გავაანალიზე, მაგრამ ვის აძლევდა ხელს მისი მკვლელობა, არ ვიცი. მერე ისიც შევიტყვე, რომ ადამიანი, რომელიც ამ მკვლელობას შეესწრო, კიკვიძის ბაღში მოუკლავთ.

ვფიქრობ, არის ვიღაც გავლენიანი პირი, რომელიც ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ აფერხებდა - მკვლელობის ადგილზე სასწრაფო დახმარების დროულად მისვლასაც კი, დუდუს გადარჩენა შეუძლებელი რომ ყოფილიყო. პოლიცია კი ყველაზე გვიან მივიდა.. რომ მოენდომებინათ, ამ საქმის გახსნა არ გაუჭირდებოდათ, მით უმეტეს, რომ მკვლელობას ჰყავდა მოწმეები და მკვლელს ადგილზე ქუდი დაუვარდა, რომელიც ექსპერტიზაზე წაიღეს. ამიტომაც ვეჭვობ, რომ დუდუს მკვლელობის საქმეში ვიღაც მაღალჩინოსნის ხელი ურევია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ გავლენიან პირს დღესაც შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები და ობიექტურ გამოძიებას ხელს შეუშლის?

- ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაირკვევა, არაფერი დარჩება დაფარული. დუდუს მკვლელობის შემდეგ ჩვენი ცხოვრება საშინლად წარიმართა. ფაქტობრივად, ამას შეეწირა ლევანი. დუდუ მისი გაზრდილი იყო და ვერ გაუძლო ტრაგედიას, ნარკოტიკებს მიეძალა. რვა წელიწადი მისი უბედურების შემყურე ვიყავით. ამან ჩემი ჯანმრთელობაც შეიწირა. ეს იმხელა დარტყმა იყო, ყველანი გაგვანადგურა. დუდუ ახლა 43 წლის იქნებოდა... არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, მკვლელი დაუსჯელი დარჩეს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ