რატომ თქვა უარი კულტურის მინისტრმა მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნაზე

 რატომ თქვა უარი კულტურის მინისტრმა მოადგილეებად იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის დანიშვნაზე

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის რანგში ბატონ გურამ ოდიშარიას პირველად შევხვდით. მახსოვს, ბოლო ინტერვიუ მინისტრობის კანდიდატად ყოფნისას ჩავწერეთ. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. ბატონი გურამი, ალბათ, გაეცნო სამინისტროს "ცხოვრებას", მის თანამშრომლებს, ორი მოადგილე უკვე დამტკიცებული ჰყავს - ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი, მოადგილეობის ორი კანდიდატის - იური მეჩითოვისა და ხათუნა ხუნდაძის ბედი კი "ყველა სიახლის" ამ ნომრის გამოსვლამდე ორი დღით ადრე გადაწყდა. ამ სამინისტროსთან დაკავშირებული დაუსრულებელი მითქმა-მოთქმის გამო აუცილებლად მივიჩნიეთ ბატონ მინისტრთან შეხვედრა და გასაუბრება.

- ერთი თვეა, დილიდან ღამის 12 საათამდე ვმუშაობთ კულტურის სამინისტროს მოკლევადიანი, ანუ 2013 წლის და, ასევე, გრძელვადიანი სტრატეგიის შესამუშავებლად. ვსწავლობთ, რა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს, რათა მოვუაროთ ძველს და ჩავაბაროთ ახალ თაობას, ამასთანავე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს მფარველობა გავუწიოთ, ხელი შევაშველოთ. ვაყალიბებთ საბჭოებს სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება მას კომისიებიც ვუწოდოთ, რომელთა წარმომადგენლები ერთ დიდ საბჭოში გაერთიანდებიან და მინისტრის მრჩეველთა ფუნქცია დაეკისრებათ. დასაფინანსებელ პრ­ოექტებს შორის საუკეთესოებსაც კონკრეტული სფეროს პროფესიონალები კონკურსით გამოავლენენ. სამწუხაროდ, საკმაოდ მოკრძალებული თანხაა გამოყოფილი 2013 წლის პროექტების განსახორციელებლად და ეს არ ყოფნის ქართულ კულტურას, ამიტომ თანხა პრიორიტეტების მიხედვით უნდა გადანაწილდეს, ჩვენი მუშაობა კი გამჭვირვალე უნდა იყოს.

- მაინც რა თანხა გამოიყო კულტურისთვის ბიუჯეტიდან 2013 წლისთვის?

- პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებას თუ არ მივამატებთ, 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარამდე გამოეყოფა და ეს ძალიან ცოტაა. 2012 წელს კულტურის სამინისტროს 80 მილიონზე მეტი ლარი გამოუყვეს, 20 მილიონი კი პრეზიდენტის ფონდიდან გადაირიცხა მასშტაბური ღონისძიებებისთვის. ამ შემთხვევაში სამინისტრო გამტარის როლს ასრულებდა. ჯერჯერობით რაც ვიცი, ძალიან დიდი თანხა, ორმილიონ-ნახევარი ლარი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის ჩამოყვანასა და კონცერტს მოხმარდა, დაახლოებით ორ მილიონზე მეტი დაჯდა მიუზიკლი "ქეთო და კოტე" და ასე შემდეგ. ახალი მოსული ვიყავი სამინისტროში, პოლიციის გამჭვირვალე შენობის წინ მოცეკვავე "სუხიშვილების" ნახევარწუთიანი კლიპის გადაღებისთვის 400 000 ლარამდე თანხის გადახდა რომ მოგვთხოვეს. მოგვეჩვენა, რომ თანხა ძალიან გაბერილი იყო, ამიტომ ხარჯთაღრიცხვა მოვითხოვეთ და რადგან ვერაფერი წარმოგვიდგინეს, კლიპის ავტორებს მის გადახდაზე უარი ვუთხარით. პრეზიდენტის ფონდიდან გადარჩენილი თანხა კი სრულად დავაბრუნეთ. რადგან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ვინც უნდა ჩამოვიდეს, მსგავს მასშტაბურ კონცერტებს ჩვენ ვერ დავაფინანსებთ. მსოფლიო დონის ვარსკვლავები ბევრ ქვეყანაში მართავენ კონცერტებს, მაგრამ ამ კონცერტების ორგანიზებისთვის ან მათი ჰონორარისთვის ბიუჯეტის ფულს არსად იხდიან! ყველაფერი გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით იფარება, ამის ფუფუნება კი ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ჯერ არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვან­ია უცხოეთთან კულტურული ურ­თიერთობის განსაზღვრაც: რას შემოვიტანთ მათგან და რას მივაწვდით. კულტურის ენაზე უნდა მოვაგვაროთ შიდა ურთიერთობებიც. ეს სამინისტრო უნდა გახდეს არა მარტო ძეგლთა დაცვისა და თანამედროვე ხელოვნების მფარველი, არამედ უნდა იყოს მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანებს შორის დიალოგი კულტურის ენაზე და სიძულვილის გარეშე. ვეცნობი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მიმოწერას, პრესას, მასმედიის სხვა საშუალებებს და მიმაჩნია, რომ ეს დღევანდელ რეალობაში მყოფი საზოგადოების მახასიათებელია და აქ არანორმალური არაფერია. თუმცა ცუდია, რომ ზოგიერთმა გაზეთმა და "ფეისბუქში" გამონათქვამმა პოლემიკის ფორმა კვლავ სიძულვილით წასწია დაპირისპირებისაკენ. ეს არის რომ გვანგრევს და ეროვნულ დაქსაქსულობაში ხარჯავს ჩვენს ენერგიას. ჩემი ბოლოდროინდელი ყველა ინტერვიუ იწყებოდა და სრულდებოდა იური მეჩითოვითა და ხათუნა ხუნდაძით, თითქოს სამინისტროში მეტი არაფერი ხდება. დამღალა კიდეც ერთისა და იმავეს გამეორებამ, რომ შესანიშნავი "სი-ვი" აქვს ქალბატონ ხათუნა ხუნდაძეს: შტუტგარტში დაამთავრა კულტურის უმაღლესი სასწავლებელი, საზღვარგარეთ ბევრი პროექტი განახორციელა, კარგი მენეჯერია, პროდიუსერია და ამიტომაც მოვიწვიეთ. რაც შეეხება "ფეისბუქზე" მის ადრინდელ გამონათქვამებს, იქ "მეგობრებში" არ მყოლია, ამიტომ მოვისმინე, რაც თვითონ ბრძანა, რომ გაუტეხეს პირადი გვერდი და შეურაცხმყოფელი სიტყვებიც ჩაუწერეს. თუკი ასეა, ძალიან ცუდი, მაგრამ თუკი მართლა თვითონ დაწერა, ესეც ძალიან ცუდია, რადგან არა მგონია, რომ ასეთი სიტყვებითა და ტონით უნდა ვეკონტაქტოთ ერთმანეთს. იური მეჩითოვი კი ძირძველი თბილისელი კაცია, მხიარული და ენამოსწრებული, 200-ზე მეტი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ჰქონდა, კარგი მენეჯერია, საგამომცემლო საქმესა და ფილმების დირექტორობაში გამოცდილი, ის არ გაშიშვლებულა ტელეეკრანზე, "იუთუბიზე" გავრცელებულ ვიდეოში კი, წელს ზემოთ შიშველი, შინაა გადაღებული და ჰყვება ანეკდოტებს, მაგრამ ვერ მოვუწონებ ნათქვამს, რუსების სადღეგრძელო ყოველდღე უნდა დავლიოთო. ადამიანების ბედს ხელაღებით და ზერელედ ვერაფრით მოვეპყრობით, მაგრამ რადგან კულტურის ახალ პოლიტიკაზე ვმუშაობთ, პრიო­რიტეტებს ვადგენთ და სამინისტროს რეორგანიზაციას ვაპი­რებთ, ყველა პროფესიონალს თავისი უნარების, გამოცდილებისა და შესაძლებლობის მიხედვით მიეჩინება ადგილი. ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონეთ და გუნდურად გადავწყვიტეთ, რომ იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე კულტურის მინისტრის მოადგილები არ იქნებიან, თუმცა შესაძლოა, მათი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სამინისტროს სხვა სამსახურების ხელმძღვანელებად ვიხილოთ. მთავარია, ყველამ ერთად საქმე გავაკეთოთ. მერწმუნეთ, ჩემს მოადგილეებთან დაკავშირებული კინკლაობა მეათეხარისხოვანია იმასთან შე­დარებით, რაზეც სამინისტროში ვმუშაობთ. ამ პერიოდს აუცილებლად გავივლით, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებმა გაიარეს და ყველაფერს მივაღწევთ სამართლიანობით, გამჭვირვალობითა და დიალოგით. დემოკრატიის გზა ძნელი და მძიმეა, ავტორიტარული, "ვერტიკალური მართვა", "გაათავისუფლე-დანიშნეს" პრინციპი - გაცილებით იოლი, ამიტომაც მოჰყვება ყოველთვის ამ უკანასკნელს საზოგადოების დიდი უკმაყოფილება და საბოლოოდ - მისი ნგრევა.

- სამწუხაროდ, "გაათავისუფლე-დანიშნეს" პრინციპი დღე­საც გრძელდება და რეგიონებში "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული გამგებლები ან მაჟორიტარი დეპუტატები ათავისუფლებენ თანამშრომლებს. მათ შორის არიან მუნიციპალიტეტების კადრები, რომლებიც ნაწილობრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსაც ექვემდებარებიან.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი მასშტაბური გათავისუფლებების შესახებ თქვენგან პირველად შევიტყვე. როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვამბობდით, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებდით, განსხვავებით ლოზუნგისა - "ჩვენ ერთი გუნდი ვართ". ხელისუფლებაში იმისთვის მოვედით, რომ სახელმწიფოებრივი, და არა პარტიული, ხედვითა და გადაწყვეტილებებით დავძლიოთ ძველი პრობლემები, თორემ წინა ხელისუფლებას დავემსგავსებით. მსოფლიოს ისტორიას აქვს შესაბამისი მაგალითი - ოლივერ კრომველი, რომელმაც მეფეს თავი მოჭრა და თვითონ გახდა მეფე. საკუთარ ხალხთან სხვა ტონით სალაპარაკოდ მოვედით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონი არ კანონობდეს ან დამნაშავემ პასუხი არ აგოს, მაგრამ თავისი მრწამსის გამო უდანაშაულოს დასჯა არაფრით შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 20 წლის წინ ერთმანეთს ვესროლეთ და, სამწუხაროდ, ის სიძულვილი ინერციით დღესაც მოგვყვება, ამიტომ ცხოვრების ამ რთულ გზაზე აუცილებლად უნდა ვითანამგზავროთ ჩვენი ძველი, დიადი კულტურა, რითაც გვიცნობენ და ბევრს ვუყვარვართ! ვეღარ ვიცხოვრებთ სიძულვილით, რადგან ქვეყანა კიდევ ერთხელ მიუახლოვდება სუიციდის, თვითმკვლელობის ზღვარს და კვლავ კატასტროფაში მოვყვებით. ამ ზღვრის სიახლოვე ვიგრძენი და იმიტომ მოვედი პოლიტიკაში, კულტურის მინისტრადაც, რომ როგორმე დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას. კულტურის ძეგლი მხოლოდ ქვა და შენობა ხომ არ არის, კულტურის ძეგლი ზეპირსიტყვიერებაცაა და სწორედ ერთ-ერთი ლექსი გვასწავლის: "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!" ჩვენი მუშაობაც ამ ძეგლის იდეოლოგიით გვინდა წარვმართოთ.

ინტერვიუ: "ამ რთულ გზა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ვი­თა­ნამ­გზავ­როთ ჩვე­ნი ძვე­ლი, დი­ა­დი კულ­-ტუ-­რა"

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა