რა განსაზღვრავს საწვავის ფასს საქართველოში

რა განსაზღვრავს საწვავის ფასს საქართველოში

ნოემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა რამდენიმე კომპანიამ საწვავი ოდნავ გააიაფა, მაგრამ ექსპერტთა აზრით, კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი კიდევ აქვთ. გვესაუბრება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები განსაზღვრავს.

- ბატონო ვანო, როგორ რეგულირდება საქართველოში საწვავის ფასი? რამდენია ბენზინის თვითღირებულება, რა ჯდება მისი მომხმარებლამდე მიტანა?

- ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არ არის ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ნავთობპროდუქტების შესყიდვას ვაწარმოებთ სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, საბერძნეთი... კომპანიები შესყიდვას, იმპორტს ახორციელებენ არსებული საერთაშორისო ფასის მიხედვით, იმპორტირებისას კი ხდება პროდუქციის განბაჟება და მაგალითად, 1 ტონა ბენზინზე ფიქსირებული გადასახადია 250 ლარი, დიზელის საწვავზე - 150 ლარი, ამას ემატება დღგ, აგრეთვე ტრანსპორტირების ფასი. ფასწარმოქმნაში, ძირითადად, ეს კომპონენტები მონაწილეობს. შემდგომში ამას ემატება კომპანიის ფასდანამატი, იმისთვის, რომ მან მოგება მიიღოს და რენტაბელურობა შეინარჩუნოს. ყველა კომპანიას სხვადასხვა ხარჯი აქვს, ისინი ინარჩუნებენ რენტაბელურობას და როგორც კი რესურსი ექნებათ, ფასსაც შეამცირებენ.

- თუკი საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულებას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი განსაზღვრავს, მაშინ რატომ ხდება ისე, რომ როცა მსოფლიოში ბენზინი იაფდება, საქართველოში უცვლელი რჩება?

- ფასის შემცირება პირდაპირ კავშირშია შემოსავლების ზრდასთან, რაც უფრო მცირეა ფასი, მით მეტია მოგება და კომპანიას თუ აქვს საშუალება და რესურსი, ფასი უნდა შეამციროს. გეტყვით მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემს: 11 თვეში 19-ჯერ მოხდა ფასის კორექტირება. საწვავზე ფასი 8-ჯერ გაიზარდა და 11-ჯერ შემცირდა. 2012 წლის დასაწყისში, საერთაშორისო პლაცის მიხედვით (პლაცი ადგენს საერთაშორისო ფასებს), ტონა ბენზინის ფასი 948 დოლარი იყო, უახლესი მონაცემით კი არის 932 დოლარი. წლის დასაწყისის ფასი დღევანდელს რომ შევადაროთ, "სუპერის" ფასი 2-3 თეთრით მცირეა, "პრემიუმის" - 3-6 თეთრით, "რეგულარის" - 1-3-ით და "ევროდიზელის" - 6-9 თეთრით არის შემცირებული. ანუ საერთაშორისო ფასები თითქმის იდენტურია. 2012 წელს კი საქართველოში საწვავზე რეკორდულად მაღალი ფასი აღინიშნა. ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, მაღალი ფასები მძიმედ აწვება მომხმარებელს. საქართველოში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა რომ ყოფილიყო, კომპანიების მხრიდან ამ ფასების ცვალებადობაზე რეაგირება უფრო მარტივი იქნებოდა, რადგან მარაგს განაახლებდნენ და ტრანსპორტირების საკითხიც მოიხსნებოდა. ვიდრე იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, კომპანიები ყოველთვის იქნებიან თავდაცვის რეჟიმში, მომხმარებელი კი - ფასებით უკმაყოფილო.

- ბიძინა ივანიშვილმა ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდა, საწვავის ფასი შეემცირებინათ. შეამცირეს კიდეც, ოღონდ - მინიმალურად. როგორც ამბობენ, კომპანიებს აქვთ ფასის კიდევ უფრო შემცირების რესურსი ისე, რომ მოგება ნახონ. რატომ არ აკეთებენ ამას?

- ახალი ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკა, მათ შორის, ტარიფების შემცირება, სოციალური საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული. არსებულ სოციალურ ფონზე რომელიღაც ბიზნესსექტორში ზემოგებაზე რომ იყოს ლაპარაკი, ამას არავინ გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ახალი ხელისუფლება იძლევა ბიზნესში ჩაურევლობის გარანტიას... როგორ ფიქრობთ, ამ პირობებში კომპანიებს რომ ჰქონდეთ საშუალება, რესურსი, ფასებს არ შეამცირებენ? არის ასევე მოწოდება, რომ შეიქმნას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ანუ კანონი კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სახელმწიფომ გარკვეული მაქსიმალური ფასდანამატის ინსტიტუტი რომ შემოიღოს, რის ზემოთაც უკვე აიკრძალება კომპანიამ ფასი დაადოს პროდუქციას, ეს სამსახური გაცემს ყველა კითხვას პასუხს.

ცნობისათვის

საქართველოში საწვავის

საშუალო ფასები:

"სუპერი" - 2,28 ლარი ($1.37)

"პრემიუმი" - 2,23 ლარი ($1.34)

"ევრო რეგულარი" - 2,09 ($1.25)

ჩვეულებრივი დიზელი - 2,10 ($1.26)

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ