"ასი ლექსი" - გასახსენებლად და დასავიწყებლად

"ასი ლექსი" - გასახსენებლად და დასავიწყებლად

ბოლოს ტელეეკრანზე ვნახე...

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" მაშინ ალყაში მოქცეულ მთავრობასთან ერთად მთავრობის სასახლეში იყო განთავსებული და იქიდან გადმოიცემოდა. იოლად კი ერქვა - "პირველი არხი"... იმ სიტყვის გამეორება აღარც მინდა, იმდენ ბრუნვაში იხმარეს, მაგრამ... ვერ გავექცევი - მოგელანდებითო... იმ ბოლო ეთერის დროს ამბობდა, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი გურამ პეტრიაშვილი...

როგორი სახე ჰქონდა, ამ სიტყვას რომ ამბობდა ნეტავ, თუ დაწერა ვინმემ? ან ის თუ თქვეს, რა იგულისხმებოდა, რა ძალა იდო, რა ტკივილი... როგორი იმედგაცრუება... იმ სიტყვაში, იმ მოწოდებებში, ერთად ვიყოთო, რომ ქადაგებდა თავზარდაცემული?

სულში ნუ ჩავაფურთხებთ ჩვენს ქვეყანას, თორემ უფლის სამართალი იზეიმებს და ყველას მოგეზღვებათო დამსახურებული... ვგონებ, ამას გულისხმობდა...

თითქოს სიტყვა სიტყვად დარჩა და ეს გულუბრყვილო მუქარაც - ზღაპრების მწერალი კაცის ერთ სახუმარო ფრაზად. ოღონდაც, ისტორიას ერთი დიდი სიკეთე სჭირს, ის არასდროს იტყუება. 20 წლის თავზე ამ ისტორიამ ნაგავიც მოიშორა და პრიორიტეტებიც გამოაჩინა. ვის ვინ უნდა მოლანდებოდა, ვინ სადამდე და როგორ უნდა მიეყვანა თავად გადაწყვიტა და დაალაგა... ალაგებს ისევ...

მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი, რეჟისორი, კეთილი მეზღაპრე, უზენაესი საბჭოს წევრი გურამ პეტრიაშვილიც დააბრუნა საკუთარ ქვეყანაში და ახალი ლექსების კრებულის გამოცემაც კი შთააგონა.

20 წელი გავიდა.

- აღარავის მოველანდები, აქ ვარ!

იმ ბოლო სატელევიზიო ნახვის შემდეგ, 20 წლის თავზე, გათეთრებული გურამ პეტრიაშვილი საჯარო ბიბლიოთეკის ერთ პატარა დარბაზში, მისი ახალი ლექსების კრებულის "ასი ლექსი"... პრეზენტაციაზე მხარდასაჭერად, მისაფერებლად, დასაყვავებლად, ისე, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მოსულ ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ ვნახე.

მტკივნეული მოგონებები ლექსის, სიტყვის მოსასმენად მისულს მაინც აღმეძრა... მაინც ის ბოლო სატელევიზიო გამოსვლა მედგა თვალწინ. მაშინ საქართველოში სამოქალაქო ომის ცეცხლი ახალი დანთებული იყო, იმ დღეებში ალბათ ქართული ხელისუფლება ვერ დაუშვებდა, რომ მალე დევნილი გახდებოდა... ასე რომ გაწირავდნენ თავისიანები... ან, რა ვიცი... ის, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართა, შეიძლება, რომ სრულ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა იწინასწარმეტყველოს?..

ჰოდა, გურამ პეტრიაშვილი რა, ის ჩვენიანი არ არის? არც მან იცოდა ზუსტად რა და როგორ მიჰყვებოდა ერთმანეთს. რა იცოდა, საქართველო "უღრან ტყეში დაკარგული თიკანი" თუ გახდებოდა, რა იცოდა ამის შემდეგ "ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი"... რომ მოვიდოდა და მოვიდოდა... ერთი კი იცოდა, - სიმართლე არსებობს და მაშინ, ალყაში, ის, დიდებული, მის მხარეს იყო.

ამიტომაც შევიკრიბეთ იმ დღეს... რომ სამართალი არსებობს...

- ამ ბიბლიოთეკას ჩვენ ყოველთვის საჯაროს ვეძახდით და ახლაც ასე დავუძახებ, - სიყვარულით თქვა. ახირებულობაში ნუ ჩამოართმევთ, თუკი ოცწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნებულ ქართველს სიახლეები თვალს სჭრის და ეზედმეტება. თუნდაც საჯარო ბიბლიოთეკის ახალი სახელი, რომელიც მის აღმატებულობას აღიარებს - ეროვნული ბიბლიოთეკა...

- მაშინ ახალი გადატანილი მქონდა ჩემი ქვეყნის ამბები, როდესაც ეს ლექსი ჩემს პატარას დავუწერე.

თავიდან ფეხებამდე ავიხორკლე და ვეღარ გავიგონე ვერც ერთი სტრიქონი იმიტომ, რომ პირველად მოვუსმინე აი, იმ ტრაგედიის აი, ასეთ მიღებას. გადატანილი მქონდა... ეს მე დამემართა! რა თქმა უნდა, ეს ხომ ყოველთვის ვიცოდი შინაგანად... ეს ჩვენ ერთად გადავიტანეთ, რადგან ბევრნი და ერთად ვიყავით, მაგრამ თითოეულმა ცალ-ცალკე... იმდენი, რამდენიც ჩვენი გადასატანი იყო, რამდენის აღქმაც, რამდენის მიღებაც შეგვეძლო. ალბათ, გაძლებაც.

ადამიანი იმას ხედავს, როგორიცაა. ის ახსოვს, რასაც ხედავს.

- ერთხელ მამაჩემის ჩათვლის წიგნაკი გადავშალე. ერთ გრაფაში ნიშნის გვერდით ხელმოწერა იყო - ივანე ჯავახიშვილი... გავიზარდე, ავმაღლდი თითქოს! ე.ი. როგორი მამა მყოლია, ვისი შვილი ვყოფილვარ-თქო.

იმით სუნთქავს, რაც ეძვირფასება.

- მამა სკამზე დამაყენებდა ხოლმე და მერანს ვკითხულობდი... დიდი ლექსია, ემოციური და კი ვახერხებდი ყოჩაღად.

იმ ფიქრს ელოლიავება, რაც ეოცნებება.

- ერთი წამალი ჰქონდათ ჩემებს, უებარი. ყველა დაავადებისთვის ერთი იყო - ძმარში გადარეული სპირტი. გამხდიდნენ, დამზელდნენ მაგრად და ასე მაძინებდნენ... კი მშველოდა ყოველთვის, დილით უკეთ ვიყავი ხოლმე... თეთრი ბლის მურაბას მომართმევდნენ დილით, ეს იმ ცუდად ყოფნის საჩუქარი იყო, სალბუნი ტკივილისთვის, რომელიც მერე ყველაზე დიდი ტკივილისთვის აღარ მიუღია...

- ტყუილი არ შემიძლია... აი, ახლა რამე რომ მოგატყუოთ, მაშინვე მიხვდებით, იმიტომ, რომ ცუდად გავხდები.

ამიტომაც არ იტყუებოდა. უკრაინაში მუქარით გადახვეწილ ემიგრანტს, კიევის ქუჩებში სცნობდნენ და ყოველთვის გაოცებულები აყოლებდნენ თვალს. ხელში შავი ჩანთა ეჭირა, უცნაური, თეთრი წარწერით - "აი ია". არ იტყუებოდა. სხვის ქუჩებში დადიოდა და თან, სამშობლო დაჰქონდა და რომ არ ეყვირა, რომ არავინ შეეწუხებინა ხმაურით, სულზე ამოდაღული წარწერა ხელჩანთაზე გადაიტანა.

პრეზენტაციაზე იები მიიღო საჩუქრად. ლურჯი იების დიდი კონა.

- ე.ი. რაღაც ვარ არა, რაკი იები მაჩუქეს?!

"იმ ხის ძირას

პაემნები იმართებოდა

და ხეს ეგონა

სიცილიაო,

ადამიანთა ერთადერთი საქმიანობა

დედამიწაზე".

ხედვა...

გადახვეწილი ქართველის ხედვა, რომელის ერთადერთი საფიქრალი სამშობლოში დაბრუნებაა. მან ამოხსნა ბედნიერების ფორმულა, - ბედნიერება ხომ ეს არის - სამშობლოში ცხოვრება, მისი მსახურება"...

- იქ რას ვაკეთებდი და ვწერდი.

წერდა, ქმნიდა და თავს იმშვიდებდა იმაზე ფიქრით, რომ ყველა ქართველი ერთი წლით მაინც უნდა აცხოვრო სამშობლოსგან შორს, რომ იგრძნოს, რა არის ქართველობა. რომანტიკოსია. არა, ზუსტად ვერ ვთქვი, - პატარა ბავშვივით სუფთა ადამიანია... ჰო, ალბათ ასე უფრო მივუახლოვდი სიმართლეს.

"ქუჩის კუთხეში

მოულოდნელად

შევხვდით ერთმანეთს,

რა ნაღვლიანი საღამო იყო...

მე ყვავილები

მიმქონდა

სხვისთვის".

სოსო ჭუმბურიძემ, ლევან ბრეგაძემ, ზაზა ნეფარიძემ, ქეთი დოლიძემ, ნოდარ სამხარაძემ სიყვარულით ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, წაიკითხეს ლექსები...

რეზო ჩხეიძემ კი მგონი, ყველას გადააჭარბა მიფერებაში. თავი თავზე მიადო ახალდაბადებული კრებულის ჭარმაგ ავტორს და ისე ესაუბრა. გასაოცარი საცქერალია, როცა ნამდვილი კაცები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან...

- როცა გურამს კინოსტუდიაში უხდებოდა ხოლმე მუშაობა, ყოველთვის მეშინოდა, რომ ვერ გაართმევდა თავს საორგანიზაციო საკითხებს, მაგრამ ახერხებდა...

დღესაც უკვირს ბატონ რეზოს ამ რომანტიკოსი კაცის ასეთი მობილიზებულობა.

- როცა გოდერძი ჩოხელი თავისი ფილმისთვის ",წერილი ნაძვებს"... პერსონაჟს ეძებდა, ვფიქრობდი, ნეტავ, ვის უნდა დაადგას-მეთქი მხარზე ნაძვის ხე... წავიდა და გურამი მოიყვანა... გურამის მხარზე ამოსული ნაძვის ხე ბუნებრივი ჩანდა და პერსონაჟი დიდებული გამოვიდა.

ესეც "ჯარისკაცის მამის"... შემქმნელის შეფასება...

- წაგიკითხოთ კიდევ ლექსი? - კითხულობს ბატონი გურამი. - თუ მართლა ძალიან გინდათ, წაგიკითხავთ.

დარბაზს ისევ უნდა მოსმენა, მაგრამ დრო იწურება...

საღამოს ორგანიზატორი პოეტი მიშა ღანიშაშვილი დარბაზს აფხიზლებს და ბატონი გურამიც მოფერების მსურველების ბოლო შემოტევას იგერიებს...

საღამო შედგა.

მე იმ საღამოს მხოლოდ ემოციური ფონი გადმოგეცით...

ოცწლიანი მოლოდინი დასრულდა.

ახლა მისი ახალი ლექსების კრებული "ასი ლექსი"... გელოდებათ.

ეგებ ეს კრებულია ბატონი გურამისთვის ტკივილის დასავიწყებლად მირთმეული თეთრი ბლის მურაბა?

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"