"ოო, მაი გად", ანუ ჰიბრიდული ეგზეკუცია

"ოო, მაი გად", ანუ ჰიბრიდული ეგზეკუცია

ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის სრული კრახის შემდეგ ხალხში ასეთი ხუმრობა გავრცელდა: ამერიკიდან ჩამოტანილი სიმინდი ქათმებს აჭამეს და ისინიც კაკანის ნაცვლად "ოო, მაი გად"-ს გაიძახოდნენო. იმ გლეხებსა და ფერმერებს კი, რომლებმაც ეს სიმინდი შეიძინეს და მოიყვანეს, სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო "ნაციონალური" მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგი-კომიკური პროგრამა, ისეთივე, როგორიც იყო ლაზიკა ან ბაყაყებისა და ნიანგების მოშენება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და იცის "ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით" დაზარალებული ადამიანების სატკივარი:

- ე.წ. ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩვენს ხალხს თავს მოახვია იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, კერძოდ, სოფლის მეურნეობის იმჟამინდელმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, რითაც აზარალა 20 ათასამდე ადამიანი. ეს იყო სრული აბსურდი, გაუანგარიშებელი და გაუთვლელი ნაბიჯი. ინფორმაცია არ არსებობდა იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა "პიონერის" ჯიშის სიმინდის მოყვანა დასავლეთ საქართველოში, ურწყავ ტერიტორიებზე, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და ნიადაგზე. აქედან გამომდინარე, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პიარზე აწყობილი კამპანია. შემოიტანეს ჰიბრიდული სიმინდი და ფერმერებს არ განუმარტეს, როგორ, რანაირად უნდა დაეთესათ და მოეყვანათ. იყო მხოლოდ პიარი და იმედი - ეს სიმინდი ქვაზეც რომ დათესოთ, მოსავალი მაინც მოვაო.

- თუმცა, ამ პროგრამას მოწინააღმდეგეები თავიდანვე ჰყავდა. მათ შორის თქვენც...

- ვცდილობდით, საზოგადოებისათვის აგვეხსნა, რომ ხელისუფლება ტყუილს გვახვევდა თავს. სამწუხაროდ, საქართველოში მაინც აღმოჩნდა ხალხი, რომელიც მოტყუვდა და პროგრამაში ჩაერთო. 30 ათასიდან ოცი ათასმა ფერმერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა - ბევრმა ბანკიდან კრედიტები გამოიტანა, მიწა რომ დაემუშავებინა, ზოგიერთმა კი თანხის სანაცვლოდ ბანკში ქონება ჩადო. ეს იყო წყალში გადაყრილი ფული და ეს ადამიანები კვეზერელის სისულელეებისა და ხელისუფლების აბსურდული გეგმების გამო დაზარალდნენ. ამის შემდეგ საქმეში უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი ჩაერია, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად გადაუხდიდა კომპენსაციას დაზარალებულ ფერმერებს. მან პარლამენტშიც და პირდაპირ ეთერშიც განაცხადა, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის პრობლემა უკვე მოგვარებულია. გარკვეული კატეგორია ფერმერებისა მართლაც გათავისუფლდა განვადებით გამოტანილი სათესლე მასალის ფულის გადახდისაგან, მაგრამ აქ იყო კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ არ მოაგვარა: ეს იყო ბანკებთან გაჩენილი პრობლემა.

- ბატონო გიორგი, როგორც "ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ ფერმერთა კავშირის" თავმჯდომარე ელიზავეტა ფიოდოროვა-ქორიძე ამბობს, შემოტანილი მარცვლის დიდი ნაწილი უხარისხო იყო.

- დიახ, ასეა. მე და ქალბატონი ელიზავეტა დიდხანს ვცდილობდით, ლაბორატორიულად დაგვემოწმებინა, რომ შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის ნაწილი უხარისხო იყო. საქმე ის არის, რომ ზოგ ადგილას, მაგალითად, ლაგოდეხსა და მარნეულში ამ სიმინდმა იხარა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მთელი პარტია, რომელიც შემოიტანეს, უვარგისი იყო. გვინდოდა ლაბორატორიული დასკვნა გვქონოდა ჰიბრიდული სიმინდის ხარისხის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ლაბორატორიამ პირი შეკრა და ჩვენ მიერ მიტანილი მასალა შესამოწმებლად არ მიიღო. სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გასცეს ბრძანება, რომ ეს სიმინდი არ უნდა შემოწმებულიყო. ამის შემდეგ დავიწყეთ ბრძოლა, რომ უცხოეთში მოგვეძია პასუხი ამ კითხვაზე. დღესაც გვაქვს გაგზავნილი მასალა რამდენიმე ლაბორატორიაში. მე ვეთანხმები ქალბატონ ელიზავეტას მოსაზრებებს, თუმცა, დასკვნა აუცილებელია, რადგან სიმართლე უნდა ითქვას.

- რას გულისხმობთ?

- ცნობილია, რომ "პიონერის" ჯიშის სიმინდი ყველაზე ძვირად ღირებულია. ჩვენმა გლეხებმა ის 15 ლარად შეიძინეს, მაშინ, როდესაც სხვა, არანაკლებ ავტორიტეტული კომპანიების სიმინდი 6-7 ლარად შეეძლოთ ეყიდათ. მაგალითად, ფრანგული კომპანიებისა, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე არიან. უცნობია, რა ფასად იყიდა ხელისუფლებამ ეს სიმინდი, თუმცა ამბობდნენ, რომ 15 ლარად შეიძინეს და მერე გლეხებსაც ამავე ფასად მიჰყიდეს. ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გადაიხადეს, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყიდეს ძალიან იაფად და გლეხებს მეტი გადაახდევინეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი პიარაქცია, რომლითაც ხელისუფლებამ ფული ჩაიჯიბა.

- ბუნებრივია, ამ 30 მილიონი ლარით ბევრი კარგი საქმე გაკეთდებოდა ამ დარგის სასარგებლოდ.

- 30 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რომელიც ჩვენს სოფლის მეურნეობას ფეხზე დააყენებს, მაგრამ მაინც შეიძლებოდა საქმის გაკეთება. ერთ ფაქტს შეგახსენებთ: 2007 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა სანერგე მეურნეობა, რომელიც საქართველოში იყო, გაყიდა. დღეს ჩვენს ქვეყანას სანერგე მეურნეობები აღარა აქვს. ამიტომ ვეღარ ხერხდება ექსპერიმენტების ჩატარება ახალ ჯიშებზე, ჰიბრიდული იქნება ის თუ არაჰიბრიდული. არ ვიცით, ესა თუ ის ჯიში სხვადასხვა ნიადაგზე როგორ ხარობს, მით უმეტეს, რომ საქართველოში გვაქვს თითქმის ყველა ტიპის კლიმატი. ასეთი მრავალფეროვანი კლიმატის მქონე ქვეყანაში კი სანერგე მეურნეობების არსებობა სასიცოცხლო და აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. უნდა გვქონდეს სპეციალური ლაბორატორიები, რომლის წყალობით ასე ბრმად აღარ მივიღებთ უცხოეთიდან ყველაფერს. შესაბამისად, ამ 30 მილიონით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა.

- მივუბრუნდეთ ამერიკულ სიმინდს, ხელისუფლება ამ პროგრამის წარუმატებლობას გლეხებს აბრალებდა.

- დიახ, ბატონო! ხელისუფლება კვეზერელის თამადობით გვიყვებოდა ზღაპრებს იმის შესახებ, რომ ფერმერებმა არ იცოდნენ როგორ მოეყვანათ ჰიბრიდული სიმინდი, ინტერნეტში არ ნახეს წესები, რა როგორ უნდა გაეკეთებინათო, მაგრამ ასე არ არის. უმეტესობას საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ყველა ტექნოლოგია და დეტალურად იყო გათვითცნობიერებული, მოსავალი როგორ უნდა მოეყვანა, მაგრამ პროგრამა მაინც ჩავარდა. ახლა მთავარია, ამ ადამიანების პრობლემები როგორღაც მაინც მოგვარდეს.

P.S. სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა დავით კირვალიძემ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამაზე განაცხადა: ჰიბრიდული თესლი დღესაც იყიდება კერძო სექტორში, უბრალოდ, საჭიროა გლეხებს ავუხსნათ, რომ არის ადგილები, სადაც ამის გაკეთება არ ღირს. ამგვარი თესლის გამოყენებისას აუცილებელია გონივრული დაგეგმარება, რადგან შეიძლება ჰიბრიდულმა თესლმა ჩვეულებრივი ჯიშის ნათესს პრობლემა შეუქმნას. თანაც, ერთი და იმავე ჯიშის თესლი ერთნაირ მოსავალს ვერ მოგვცემს ხობსა და კახეთში...

ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"