რატომ უნდოდა გოგი ხარაბაძეს ლუარსაბის განსახიერება

რატომ უნდოდა გოგი ხარაბაძეს ლუარსაბის განსახიერება

გოგი ხარაბაძემ მხოლოდ ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი გზის გავლის შემდეგ მოახერხა საკუთარი თავისთვის, თავისუფალი სამუშაო სივრცის შექმნა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა 50 წლის ასაკში რუსთაველის თეატრი. მას შემდეგ მსახიობი საკუთარ სამუშაოს თავად "იგონებდა" და დღემდე ასე გრძელდება. გოგი ხარაბაძე 6 წიგნისა და 120 აუდიოდისკის ავტორია, მათ შორისაა ბიბლია... როგორ მივიდა წიგნების "გახმოვანების" იდეამდე, ამას საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო, დავით კლდიაშვილის, შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიების ლაურეატი თავად გვიამბობს.

-  ინტერვიუს ნოემბრის თვეში ვწერთ, გეტყვით, რას ნიშნავს ეს თვე ქართველი ხალხისთვის და პირადად ჩემთვის. 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე გახლდათ. მის სახლ-მუზეუმში ცარიელი ხელებით არ მივსულვარ, მივიტანე ჩემი ერთ-ერთი ბოლო პროექტი "სიტყვა ჯი", რომელშიც შესულია ოთხივე სახარება, ფსალმუნები, "ვეფხისტყაოსანი" და რამდენიმე ცნობილი ქართველი ლირიკოსის პოეზია, მათ შორის არის ილიაც. კრებული გადავეცი სახლ-მუზეუმს და პირობა დავდე, რომ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს ცალკე პროექტს მივუძღვნი. უკვე ვმუშაობ "მგზავრის წერილებზე", ასევე დავამატებ პუბლიცისტიკას და რამდენიმე ლექსს. 14 ნოემბერს მურმან ლებანიძე დაიბადა. ორი-სამი წლის წინ მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლენამ გამომიგზავნა ბოლო ორი კრებული, იქ წავაწყდი რამდენიმე წინასწარმეტყველურ ლექსს აფხაზეთსა და ოსეთზე. ეს ლექსები შევკრიბე და კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან თანამშრომლობით ჩავწერე.

17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეზე, წიგნის სახლში არაჩვეულებრივი საზოგადოება შეიკრიბა გალაკტიონის აუდიოწიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც ექვს დისკს აერთიანებს - პოეზია, პროზა, დღიურები, წერილები, მოგონებები, რომლებიც არა მხოლოდ ჩავწერე, არამედ გადავიღე კიდეც. 18 ნოემბერს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა. "გალაკტიონი-120" მას საჩუქრად გავუგზავნე. 23 ნოემბერს ირაკლი აბაშიძე დაიბადა. 15 წელია, სცენაზე არ გამოვსულვარ. გამონაკლისის სახით ერთ-ერთ უნივერსიტეტში ირაკლი აბაშიძისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოვედი...

ნოემბრის შესახებ ამდენი იმიტომ ვისაუბრე, რომ მე ასე ვცხოვრობ, სიტყვასთან და ამ ფასეულობებთან კავშირში. პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარული ვარ და არა მცოდნე, სამწუხაროდ. როდესაც დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება" ქუთაისში დადგეს, მწერალი პრემიერაზე დაპატიჟეს, სპექტაკლზე შექმნილი შთაბეჭდილება მან ორი სიტყვით აღწერა: "ვყურობ და ვკვირობ..." ეს ამბავი ოთარ ჭილაძეს მოვუყევი, სტუმრად გახლდით მასთან, გარდაცვალებამდე 2-3 წლით ადრე, ძალიან გამხიარულდა, - ეს რამ დააწერინაო. ორი სიტყვით გამოხატა თავისი დამოკიდებულება. ამა თუ იმ მწერლის ხელწერა რომ გამოარჩიო მეორისგან, საკმაოდ რთული ამბავია, ამის გარჩევა, ამოცნობა მიყვარს.

თუ გადავავლებთ თვალს ჩემს ცხოვრებას და ამ ნოემბერს მარაოსავით გავშლით, დავინახავთ, რომ ლიტერატურისადმი ეს დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის...

-  სწორედ გარემოსა და ოჯახზეა დამოკიდებული ადამიანის ლიტერატურული გემოვნება.

-  დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე... 1942 წელს დავიბადე. ომი რომ დამთავრდა, ოთხი წლის გახლდით, არ იყიდებოდა არც სათამაშო, არც პერანგი, არც ფეხსაცმელი, რასაკვირველია, არც წიგნი, ამიტომ ზღაპრებს ავცდი, არ წამიკითხავს. ჩემს ბავშვობაში ყველაზე პოპულარული წიგნი "ბიძია თომას ქოხი" გახლდათ. ზღაპრების ნაცვლად მე მკვებავდნენ იმით, რაზეც დედაჩემი გიჟდებოდა - ვაჟა-ფშაველას "არწივი ვნახე დაჭრილი...", კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელი".

ძალიან გამიმართლა. გარდა იმისა, რომ დედა, დეიდა და ბიძა, წერეთლები, განათლებული ადამიანები გახლდნენ, პირადად ვიცნობდი რუსუდან მიქელაძეს, თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგეს. რუსთაველის პროსპექტზე იყო ჩემი "ბირჟა", ის იქვე, ახლოს, ცხოვრობდა და კვირაში ორჯერ მაინც ვსტუმრობდი. სწორედ ამ ქალბატონისგან გავიგე პასტერნაკის, ბლოკის, ტოლსტოის სახელები. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი და ტოლსტოი მეზიზღებოდა, ომის აღწერას საერთოდ არ ვკითხულობდი, სამაგიეროდ, ზეპირად ვიცოდი ნატაშა როსტოვასა და ანდრეი ბალკონსკის სიყვარულის ამბავი.

-  სტუდენტობის დროს იმ ლიტერატურას მიეძალეთ, რომელიც პროფესიული კუთხით იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?

-  არა, ასე არ მოვქცეულვარ. ერთ დროს ვთქვი, წინა საუკუნეში მსახიობი ვიყავი, 21-ე საუკუნეში კი სხვისი აზრების ჩაწერას ჩემი აზრების ჩაწერა ვამჯობინე-მეთქი, მაგრამ როცა სახარებასა და "ვეფხისტყაოსანზეა" ლაპარაკი, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. როდესაც დისკებს ვწერ, ჩემს თავთან მარტო ვარ და თავისუფლების ხარისხიც მაღალია. ხმის ჩამწერ სტუდიაში შუშის იქით სხედან ხმის რეჟისორი და ჩემი პროდიუსერი, თამარ ცაგარეიშვილი. შუშის აქეთ კი თავისუფლებაა, რჩები მარტო პერსონაჟებთან, თან ავთანდილისა და ტარიელის სამყაროში მოგზაურობ, ამასთანავე საკუთარ თავსაც შეიცნობ.

-  ჩვენ თქვენს პროფესიაზე ვლაპარაკობდით და როგორ ფიქრობთ, თქვენს უმცროს კოლეგებს განათლება აკლიათ?

-  ნუ მოვიტყუებთ თავს, ყოველთვის აკლდათ, მაგრამ დღეს, მართალი ხართ, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას. ვინ არის დღევანდელი მსახიობთა თაობის წინაპარი? წესით მე და ჩემი თაობა, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. 20 წელია თეატრში არ ვყოფილვარ. ამას წინათ მკითხეს, რატომ დავტოვე რუსთაველის თეატრი. ამას ძალიან ბევრი პასუხი აქვს, მაგრამ მოკლედ ასე გეტყვით - რაიმე ისმის დღეს თეატრიდან? თეატრი, რომელიც არ ხმაურობს, არ ხარხარებს, არ ტირის, არ გამოსცემს ხმას, კარგავს თავის ფუნქციას. თეატრი ცხოვრების სარკე აღარ არის. მე 15-20 წლის განმავლობაში არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც აღფრთოვანებით ეთქვა, დღეს თეატრში ვიყავიო. რამაზ ჩხიკვაძე 60 წლის გახლდათ, თეატრიდან რომ წავიდა, 22 წელიწადი სახლში უსაქმურად იჯდა. ნუთუ არ აღმოჩნდა არც ერთი რეჟისორი, რომელსაც მისი მიწვევის სურვილი გაუჩნდა, თუნდაც სერიალში?!. არ შემიძლია ამაზე აუღელვებლად ლაპარაკი. წავიდა ეს კაცი და მთელი თავისი საიდუმლოებანი წაიღო საფლავში... რა დარჩა მისგან? "ჭრიჭინაში" ერთი როლი?

-  ისევ წიგნებს რომ დავუბრუნდეთ, შეგიძლიათ, სამი საყვარელი წიგნი დამისახელოთ?

-  როცა გალაკტიონს ვკითხულობ, მიყვარს გალაკტიონი, როცა შექსპირის სონეტებს ვკითხულობ, არ მახსოვს გალაკტიონი, მანდელშტამის კითხვისას ვერ ვიხსენებ პასტერნაკს, ახმატოვას... მაინც დავასახელებ "ვეფხისტყაოსანს"... დეიდაჩემს სახლში ეკიდა "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ეპიზოდის ამსახველი ფოტო, ჩემს სახლში კი - შოთა რუსთაველისა და აკაკი წერეთლის სურათები. მამა პასუხისმგებელი მუშაკი იყო და დედას არ აძლევდა ხატების დაკიდების უფლებას. დედა მორწმუნე გახლდათ, ბაბუა მღვდელი ჰყავდა... იეშმაკა და რუსთაველის და აკაკი წერეთლის პორტრეტები ჩამოკიდა, ამ ფოტოებზე იწერდა პირჯვარს... არ ვამბობ, რომ "ჰარი პოტერი" ცუდი ნაწარმოებია და წაკითხულიც მაქვს, მაგრამ მასზე გაზრდილი ბავშვი ერთია და "ვეფხისტყაოსანზე" - მეორე.

რაც თეატრიდან წამოვედი, გადავიღე სახარება, გალაკტიონის შესახებ ფილმი, ჩავწერე 120 დისკი და დავწერე 8 წიგნი. ეს ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ თეატრში თამაში, მათ შორის კომუნისტების შესახებ დადგმულ სპექტაკლებში, და სახარების კითხვა ერთად არ გამოდიოდა. ერთ საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებ - ერთ-ერთ სპექტაკლს პატრიარქი ესწრებოდა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად. მეორე განყოფილებაში ზარის რეკა ისმოდა და ილია ჭავჭავაძე პირჯვარს იწერდა. ილიას მე ვასახიერებდი. მღვდლებმა პარტერში პირჯვრის წერა დაიწყეს, პატრიარქმა კი ხელით გააჩერა. მაშინ მივხვდი, რომ ის თანამედროვე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია. ვიფიქრე, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს და დავახლოვდებოდით...

თუკი პერსონაჟებზე ვისაუბრებთ და ილია ჭავჭავაძეს დავუბრუნდებით, "კაცია-ადამიანის" ჩაწერისას მეჩვენებოდა, რომ ილია სულ იბოდიშებდა, ენანებოდა ლუარსაბისა და ქართველების გამათრახება, "ქართლის სიავეზე" წერა... ამ ინტონაციას ვგრძნობდი და ამით ვხელმძღვანელობდი. მსახიობები არ უნდა ოცნებობდნენ როლებზე, რადგან ეს ფუჭი რამეა, მაგრამ ლუარსაბის როლის მორგება მინდოდა. თემურ სუმბათაშვილმა ლუარსაბის შესახებ არაჩვეულებრივი კომპოზიცია გააკეთა, ლუარსაბი უნდა მეთამაშა ისე, რომ მისთვის ყველანაირი კომიკური შტრიხი ჩამომეშორებინა. 1988 წელს ამაზე უარი გვითხრეს, რა დროს "კაცია-ადამიანიაო"?!.

-  თანამედროვე ლიტერატურას თუ ეპარებით?

-  ვკითხულობ ფამუქს. თუკი გავიგებ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი წიგნი გამოვიდა, ვცდილობ წავიკითხო. მე ჩაკეტილი კაცი არ ვარ, მიყვარს მეგობრები, ქალი, მხიარულება, მაგრამ როდესაც ვმუშაობ, მაშინ არც ვსვამ და არც არსად დავდივარ. როცა თეატრში როლზე ვმუშაობდი, გადაბმულად ექვსი თვე არ ვსვამდი. ამ სიყვარულს სხვასთან ვერ ვყოფდი, ან ღრეობა ან მუშაობა. დღესაც ჩემი რეჟიმი მაქვს და მის მიხედვით ვცხოვრობ, ამიტომაც, როცა "კაცია-ადამიანს" ვწერ, აღარ მინდა სხვა არაფრის წაკითხვა (იღიმება).

-  თანამედროვე ქართველ ავტორებზე რას გვეტყვით?

-  სამწუხაროდ, არ ვიცნობ. არა მგონია, რომ მწერლობაშიც ისევე არაფერი ისმოდეს, როგორც თეატრსა და კინოში. ახალგაზრდა მწერლებიდან აკა მორჩილაძეს გამოვყოფ. შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ქართველი პოეტი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს - ჯანო ჯანელიძე, ზაქარია შერეზადაშვილი.

-  შინ დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ?

-  საკმაოდ დიდია, მაგრამ წიგნები ბიბლიოთეკაში არ ეტევა და სხვა ოთახშიც მაქვს გადანაწილებული. ჩემი შვილები კარგად ფლობენ ინგლისურს და ინგლისურენოვანი ლიტერატურაც გვაქვს ქართულსა და რუსულთან ერთად. მე საყველპურო ინგლისური ვიცი, ტურისტის დონეზე. ჩემს მეგობარს ვუხსნიდი ამას წინათ, რატომ არ ვიცი ინგლისური. სად იყო ამის დრო? დილას რეპეტიცია მქონდა, ორის მერე - ან გადაღება ან გახმოვანება, საღამოს - სპექტაკლი. სამი შვილი მყავდა და მათ ჭამა-სმა ხომ უნდოდათ? სპექტაკლის მერე ყოველთვის სადღაც მივდიოდით, ყველა მსახიობი ხომ ცოტა ლოთია (იცინის), ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეგობრები - გოგი ქავთარაძე, რობერტ სტურუა ლოთები იყვნენ (იღიმის)!.. მე და რობერტი ადრე ვმეგობრობდით, გოგისთან ახლაც ახლო ურთიერთობა მაქვს.

-  დაბოლოს გკითხავთ, ლექსს რომ კითხულობთ, რას ითვალისწინებთ ხოლმე?

-  ჩემთვის არასდროს შემოუთავაზებიათ პარტიაში გაწევრება, მიუხედავად იმისა, რომ სულ "კაგებეში" მიბარებდნენ, მათ შორის ცვეტაევას წიგნის ჩამოტანისთვისაც, და დაჭერით მემუქრებოდნენ. ერთი "კაგებეს" ყოფილი მინისტრი, ჩემს უბანში ცხოვრობს. ამას წინათ შვილიშვილთან ვსეირნობდი, რომ შემხვდა. ვუთხარი, აი, ეს ის კაცია, ხუთი წლით ციხეში ჩაჯდომას რომ გადამარჩინა-მეთქი, ის კაცი მომიბრუნდა და ჩაილაპარაკა, ხუთით კი არა - ექვსითო (იცინის). როგორც პარტიის წევრობა, ასევე პედაგოგობაც არასდროს შემოუთავაზებიათ ჩემთვის. როგორ უნდა ასწავლო ადამიანს ლექსის წაკითხვა? თუკი მსახიობი ლიტერატურულ ტექსტებს შორის განსხვავებას ამჩნევს, არ კარგავს ავტორს და ამასთან ერთად საკუთარ თავს, თუკი დაიცავს ამ შუალედს, მაშინ ის თქვენს გულსაც მოხვდება. თუმცა ეს რთული პროცესია. ცოტა გულიც უნდა გიძგერდეს, თავიც გიმუშავებდეს, სამშობლო, დედა, მამა გიყვარდეს...

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"