რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"

რუსუდან შარაძე: "ჩემი მიზანია, სააკაშვილს ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი"

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს პატიმრობის ვადა, შესაძლოა, 6 წლით გაუხანგრძლივონ. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ბარათელს ძველი ხელისუფლების ნარჩენებმა პროვოკაცია მოუწყვეს, რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ბარათელს აკრძალული ნივთი - ლურსმანი "უპოვეს", რომელიც თითქოს კბილის ჯაგრისზე ჰქონდა დამაგრებული და ერთ-ერთ პატიმარს შეურჭო. მოგეხსენებათ, გიორგი ბარათელმა 22 ოქტომბერს ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელშიც აღიარა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს და პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას სთხოვდა. ბარათელმა ამ ინციდენტის შემდეგაც გამოგზავნა წერილი, რომელშიც პროვოკაციაზე ლაპარაკობს, ითხოვს დაკითხვას და რუსუდან შარაძესთან შეხვედრას.

- ქალბატონო რუსუდან, ბარათელს, შესაძლოა, პატიმრობა გაუხანგრძლივდეს. ეს თუ მართლა პროვოკაცია იყო, ვინ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გურამ შარაძის მკვლელობა არ გაიხსნას და მსჯავრდადებულმა საპყრობილე არ დატოვოს?

- დარწმუნებული ვარ, გიორგის პროვოკაცია მოუწყვეს. თუკი ამდენი წლის განმავლობაში სიმშვიდეს ინარჩუნებდა და დარღვევა არ ჰქონია, ახლა, როდესაც სიმართლე აღიარა და შესაძლებლობა ეძლევა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვოს ჯოჯოხეთი, რატომ უნდა ჩაედინა დანაშაული? ბარათელის დაკითხვა, გამართლება და გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს რეალურ მკვლელს. გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო ვანო მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ და სხვებმა მკვლელობა სისრულეში მოიყვანეს კილერის მეშვეობით. როგორც კი ბარათელმა ხმა ამოიღო, ადვოკატმა კი ოფიციალურად მიმართა პროკურატურას მსჯავრდადებულის დაკითხვის მოთხოვნით, ბარათელზე ზემოქმედება დაიწყო. დარწმუნებული ვარ, პენიტენციურ სისტემაში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ძველი ხელისუფლების ხელის ბიჭები, რომლებიც მათ დავალებებს ასრულებენ.

- ფიქრობთ, რომ ბარათელის სიცოცხლე საფრთხეშია?

- ასე მარტო მე კი არ ვფიქრობ, ამას ადასტურებს ბარათელის ბოლო წერილი, სადაც ის შველას ითხოვს.

მივმართე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორ - არჩილ კბილაშვილს, სასწრაფოდ დაეკითხათ ბარათელი. გიორგის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მამაჩემის მკვლელობის პირველივე წუთიდან, ვინაიდან ის არის მთავარი მოწმე, შეუძლია ამოიცნოს კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც მას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ბარათელს შეუძლია ამ მკვლელობის გახსნა...

- ვინ არიან ის პოლიციელები, რომლებიც ბარათელმა ფოტოზე ამოიცნო?

- ამ ფოტოზე ბარათელმა ამოიცნო კაკო გაფრინდაშვილი - ახალაიას მარჯვენა ხელი, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ დააწინაურეს და ბარათელს აიძულებდა, დანაშაული ეღიარებინა. დანარჩენები - რობერტ პანიევი და ლევან ბოჭორიშვილი იმხანად პატრულის თანამშრომლები იყვნენ. სწორედ მათი ჩვენებების გამო დააკავეს ბარათელი. თქვეს, რომ "დაინახეს", როგორ ესროდა ბარათელი მამაჩემს... კახეთის პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი არის დამნაშავე, ვინაიდან მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გიორგი ბარათელი უკანონო პატიმარი ყოფილიყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბარათელის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.

- ბარათელი ისევ ითხოვს თქვენთან შეხვედრას...

- მეც ვითხოვდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. მე გაგებით მოვეკიდე ახალი ხელისუფლების და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოზარ სუბარის მდგომარეობას. მართალია, კანონით არ მქონდა ბარათელთან შეხვედრის უფლება, მაგრამ ის არის კანონიერი, უდანაშაულო ადამიანი 5,6 წელი რომ საპატიმროშია, ნამდვილი მკვლელები კი დაუსჯელები დადიან?! კანონიერი იყო გურამ შარაძის დახვრეტა? და, საერთოდ, ვისი შემოღებულია ეს კანონები?! ვისი და - მამაჩემის მკვლელი სააკაშვილის. იმავე კანონით, ბევრი რამის უფლება არ აქვს პატიმარ ბაჩო ახალაიას, მაგრამ მის წინ ფეხის წვერებზე დადიან და მასთან ვისაც უნდა შედი-გამოდის. მივესალმები პროკურატურის რეაგირებას, რომ ამ კვირაში ბარათელთან შევა პროკურორი. მთელი ამ წლების განმავლობაში მე ვიყავი ამ საქმის გამომძიებელი, ახლა სახელმწიფოს ვემსგავსებით და იმედი მაქვს, კომპეტენტური ადამიანები ყურს შეიბერტყავენ - კაცი შველას ითხოვს და მას მიხედვა უნდა!..

ეჭვი აღარავის უნდა ეპარებოდეს, რომ მამას მკვლელობა იყო პოლიტიკური. სააკაშვილი ბევრი რამისთვის გასამართლდება და მათ შორის პირველ ადგილას გურამ შარაძისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობები იქნება. ამ ორ მკვლელობაში პირდაპირ იკვეთება ხელისუფლების როლი. მესმის, რომ პრეზიდენტის გასამართლება ქვეყნის რეპუტაციას შელახავს, მაგრამ სხვანაირად საქართველოში სამართლიანობა ვერ აღდგება. ჩემი მიზანი არ არის, სააკაშვილი გისოსებს მიღმა ვნახო. ჩემი მიზანია, მას ოფიციალურად ეწოდოს გურამ შარაძის მკვლელი.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ