რომელი წიგნის კითხვის დროს "დაფრინავდა" მარიკო ებრალიძე

რომელი წიგნის კითხვის დროს "დაფრინავდა" მარიკო ებრალიძე

მარიკო ებრალიძეს საახალწლო სამზადისი, სახლის მორთვა, ნაძვის ხის სათამაშოების შეძენა და საერთოდ ეს დღესასწაული ძალიან უყვარს. ახლაც, 31 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე, სიამოვნებით არის ამ პროცესში ჩართული და როგორც ამბობს, ახალი წელი ბავშვივით უხარია.

მარიკო დღეს უმთავრესად ისტორიულ, ბიოგრაფული ხასიათის ლიტერატურას და მემუარებს კითხულობს. არ ახსოვდა და საუბრისას დედასთან გადაამოწმა, იცოდა თუ არა წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე. აღმოჩნდა, რომ იცოდა. "ალბათ სწორედ დედამ მასწავლა კითხვა. ის ყოველთვის მირჩევდა წასაკითხ ლიტერატურას, - თქვა მომღერალმა, - მიყვარდა ზღაპრები და სანამ თავად წავიკითხავდი, მე და ჩემს პატარა დისშვილს ერთად გვიკითხავდა. კარგი ფანტაზია აქვს, ხან თავად იგონებდა სიუჟეტს. ზღაპრებს ძილის წინ გვიყვებოდა და ასე გვაძინებდა".

- საერთოდ, წიგნის კითხვა განსაკუთრებულად მიყვარდა-მეთქი, რომ გითხრათ, სიმართლე არ იქნება. ახლა გაცილებით მეტს ვკითხულობ, ვიდრე უწინ. თუმცა ყველა ის წიგნი, რაც ბავშვობაში მაქვს წაკითხული, კარგად მახსოვს. ხშირად მჩუქნის წიგნებს ჩემი მეგობარი მარი ლომთათიძე. როცა მასთან გურიაში ჩავდივარ, ან თავად თბილისში ჩამოდის, ყოველთვის რაიმე წიგნს მჩუქნის.

- ბავშვობაში თუ წერდი? დღ­იურს აწარმოებდი?

- არა, ბავშვობაში არც დღიურების წერა მიტაცებდა. ჩემ ირგვლივ ყოველთვის ისეთი მეგობრები და ნათესავები იყვნენ, რომელთაც საოცრად ჰქონდათ წერის ნიჭი განვითარებული. როცა ვხედავდი, კარგად წერდნენ პროზასაც და პოეზიასაც, მე აღარ მქონდა სურვილი, რამე მეცადა. დარწმუნებული ვიყავი, მათზე კარგად მაინც ვერაფერს დავწერდი. თან, მე თავიდანვე მუსიკაზე ვიყავი ორიენტირებული. გამოვყოფ ჩემს მეგობარ რუსკა ჭელიძეს, რომელიც პროზას ქმნიდა და ნათესავ ლალა ბეგლარაშვილს, რომელიც პოეტია. მათი ნაწერების ნაწილი ჩემ თვალწინ იქმნებოდა და ეს ძალიან მსიამოვნებდა.

- საყვარელი ავტორები ბავშვობაში და დღეს...

- ბავშვობიდან გონებაში ჩამრჩა რამდენიმე ავტორი და მათი შემოქმედება. დღეს რომ ვამბობ, ბავშვობა-მეთქი, ძალიან მიკვირს, იმ პერიოდში ეს ავტორები როგორ წავიკითხე. ვფიქრობ, ნაადრევად გავეცანი და დღეს გაცილებით "სხვა თვალით" წავიკითხავდი: ვასილ ბარნოვს, მიხეილ ბულგაკოვსა და კონსტანტინე გამსახურდიას. თან მახსოვს, ბარნოვი და ბულგაკოვი ერთ ზაფხულს, ზღვაზე დასვენების პერიოდში წავიკითხე. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ასე რომ, საკმაოდ მძიმე ბავშვობა მქონდა (იცინის). ვხუმრობ, რასაკვირველია.

- ბარნოვის "ტრფობა წამებული" მიყვარს განსაკუთრებით, შენ რომელი ნაწარმოები მოგწონს?

- მაშინ ზუსტად "ტრფობა წამებული" წავიკითხე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბარნოვის წიგნი ზღვაზე ჩემს პოეტ ნათესავს ლალას ჰქონდა წამოღებული და წაკითხვა მან მირჩია. ჩვევად მქონდა, როცა რამეს ვკითხულობდი, გვერდით ყოველთვის მედო კალამი და ფურცელი. რაიმე ფრაზა რომ მომწონდა, ვიწერდი და მერე ძილის წინ იმ წინადადებებს ვარჩევდით. რაც შეეხება "ოსტატსა და მარგარიტას", მომწონდა აღწერილი "მაგიური" სამყარო. ამ წიგნის კითხვისას მეც მისი პერსონაჟივით "დავფრინავდი".

- სკოლაში ზოგჯერ დგამენ სპექტაკლებს, იმართება ღონისძიებები. ამ მხრივ აქტიური იყავი?

- 46-ე სკოლაში ვსწავლობდი. განებივრებულები ვიყავით ღონისძიებებით, რომლებზეც პოეტებსა და მწერლებს იწვევდნენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ანა კალანდაძესთან შეხვედრა. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. პოეტმა ყველა ჩვენგანზე საოცრად ბუნჩულა და წყნარი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ვინაიდან ბავშვობიდან ვმღერი, არაერთ ღონისძიებაზე მიხდებოდა სიმღერა და ამ მხრივ ნამდვილად აქტიური ვიყავი. რაც შეეხება სპექტაკლებს, ჩვენს სკოლაშიც იდგმებოდა და მახსოვს ერთ-ერთი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" იყო, ფიფქია მე ვიყავი (იღიმის).

- ამჟამად რას კითხულობ?

- დავით ტურაშვილის "გურჯი ხათუნი და 11 მოთხრობა"

- თანამედროვე ქართველი ავტორებიდან პირადად ვინმეს ხომ არ იცნობ?

- არა, სამწუხაროდ, მაგრამ იმედი მაქვს, სადმე ღონისძიებაზე რომელიმეს შევხვდები, თუნდაც დავით ტურაშვილს.

- დაბოლოს, გაიხსენე ნაწარმოები, რომელმაც დაგთრგუნა ან ტირილამდე მიგიყვანა...

- (ფიქრობს) ორი წლის წინ წავიკითხე ყურბან საიდის "ალი და ნინო". არ მიტირია, მაგრამ ცხვირი რომ აგეწვება, ხომ იცით?! მეც ისე დამემართა. ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ ძლიერმა სიყვარულის ისტორიამ, რომელიც წიგნშია აღწერილი. შეიძლება ახლა ეს იმიტომ გამახსენდა, რომ ახლო წარსულში წაკითხული ნაწარმოებებიდან ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ "ალი და ნინო" იყო.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება