როგორია 2013 წლის "ოცნების" ბიუჯეტი

როგორია 2013 წლის "ოცნების" ბიუჯეტი

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ახლა ეს ხელისუფლება ქვეყნის მართვის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტი. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პარლამენტი უკვე მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა გუნდმა საკუთარი დაპირებებისა და წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელებაზე დაიწყო ზრუნვა და მომავალი წლის ბიუჯეტში აქცენტები სწორედ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა დასმული. გასაგებია, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა ოპონენტები ხელისუფლებას საყვედურობენ, რომ ბიუჯეტის სოციალური თანასწორობის ლოზუნგით დაგეგმვამ, შესაძლოა, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. წინასაარჩევნოდ დაპირებული გადასახადების შემცირება 2013 წელს, როგორც უკვე გაირკვა, ვეღარ მოხერხდება. გვესაუბრება პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი:

- კონსტიტუციის მიხედვით, 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა 21 დეკემბერია. მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი 8 მილიარდ 748 მილიონით განისაზღვრა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოციალურ დაცვაზე დაიხარჯება. ეს ბიუჯეტი განსხვავებული იქნება წლევანდელი ბიუჯეტისგან იმით, რომ პრაქტიკულად ყველა სფეროს დაფინანსებიდან ამოღებულია ის არამიზნობრივი ხარჯები, რასაც "ნაციონალური მოძრაობა", პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხარჯავდნენ. ფული იხარჯებოდა არაერთი მიმართულებით - დაწყებული ძვირად ღირებული ავტომანქანებისა თუ თვითმფრინავების შეძენით, დასრულებული საზოგადოების ინტერესთან შეუსაბამო მშენებლობების დაფინანსებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოიგონეს ახალი ქალაქი, რომელიც ჭაობზე უნდა აშენებულიყო და ამაში მილიონობით ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. გარდა ამისა, ბიუჯეტის ე.წ. სხვა ხარჯებში გაწერილი იყო მნიშვნელოვანი თანხები, რომელიც გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა.

- 2013 წლის ბიუჯეტშიც "სხვა თანხების" ეგიდით საკმაოდ სოლიდური თანხა, თითქმის მილიარდ ორასი მილიონი ლარია გაწერილი...

- მაგრამ ეს თანხა არის გაშიფრული და ნებისმიერმა დაინტერესებულმა ადამიანმა შეიძლება ნახოს, როგორ დაიხარჯება ფული. გარდა ამისა, აღარ დაფინანსდება არამიზნობრივი სოციალური პროგრამები, როდესაც ელექტროენერგიისა და სოფლის მეურნეობის ვაუჩერებს ურიგებდნენ მოსახლეობას. ამ პროცესს არაფერი ჰქონდა საერთო საბაზრო ეკონომიკასთან და საბჭოთა მენტალიტეტის გადმონაშთი იყო. მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანაა, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტით სარგებლობის საშუალება. ჩვენი საზოგადოების 70% აქამდე მოკლებული იყო ამას. დაზღვევის პროცესი წარიმართება ეტაპობრივად: თებერვლიდან, ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს დაზღვევით, მიიღებს მინიმალურ სადაზღვევო პაკეტს, ხოლო ივლისიდან - საბაზისო სადაზღვევო პაკეტს.

- რა თანხა დაუჯდება ეს ბიუჯეტს?

- 850 მილიონამდე.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი სოციალური პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი.

- ეს გაისად გამოჩნდება. სამუშაო პროცესში ვართ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური სიზუსტითაა დათვლილი - რა და როგორაა საჭირო, მაგრამ თუ სოციალური დაცვის პროგრამებს უფრო მეტი ფინანსები დასჭირდა, მაშინ აუცილებლად მოიძებნება თანხა ამისთვის. თუმცა არა მგონია, რომ დამატებით დიდი თანხა გახდეს საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია პენსიების მომატება საარსებო მინიმუმადე, რაც ასევე ჩვენი დაპირება იყო და ესეც გაისად ასრულდება. 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია 150 ლარამდე გაიზრდება. ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილია მილიარდ 146 მილიონი ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის აქამდე არსებული დახმარება, 30 ლარი კი პირველი ივლისიდან გაორმაგდება.

- ბოლო წლების განმავლობაში ამბობდით, რომ საარსებო მინიმუმი არასწორად იყო დაანგარიშებული. მაგრამ გაისად სწორედ ძველი მაჩვენებლის მიხედვით ზრდით პენსიას, როდის აპირებთ საარსებო მინიმუმის გადახედვას?

- ვადასტურებ, რომ დადგენილი საარსებო მინიმუმი არ ასახავს რეალობას და ეს აუცილებლად გადაიხედება მომავალ წელს. ამის შემდეგ ჩვენი სამოქმედო ორიენტირი სწორედ ახალი მაჩვენებელი იქნება, ოღონდ წინასწარ ძნელია იმის თქმა, რა რიცხვს მივიღებთ რეალური დაანგარიშების შემდეგ.

- წინასაარჩევნოდ, მახსოვს, თქვენი გუნდის წევრები 220-230 ლარს ასახელებდნენ...

- ეს სავარაუდო რიცხვი იყო, რომელიც ექსპერტების მიერ გახლდათ პროგნოზირებული და პოლიტიკოსებიც იმეორებდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში პენსია, სულ ცოტა, 250 ლარს მიაღწევს. "ქართულ ოცნებას" შესწევს უნარი, რომ ამ ქვეყანაში პენსია საარსებო მინიმუმზე მეტი გახდეს.

კიდევ ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა, ბიუჯეტი აქ, ფაქტობრივად, ასი მილიონით გაიზარდა და გახდა 241 მილიონი, გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შეიქმნება მილიარდიანი ფონდი. როგორც ფონდის სტრუქტურაზე, ასევე დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გაზაფხულიდან ეს ფონდი ამუშავდება და დაიწყება ამა თუ იმ სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება.

- წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად დასახელებული იყო განათლებაც, თუმცა ეს მის დაფინანსებაზე მომავალ ბიუჯეტში ნაკლებად აისახა.

- ვერ დაგეთანხმებით, განათლების ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით გაიზარდა და 670 მილიონ ლარს შეადგენს. მოიმატებს მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება, რაც იძლევა საშუალებას, რომ ნაწილობრივ გაიზარდოს მასწავლებელთა ხელფასები, ასვე იზრდება სტუდენტური გრანტის ოდენობა და მეცნიერების ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსება.

- თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება?

- არა, წინა წელთან შედარებით 16 მილიონით შემცირდება, 15 მილიონი ლარით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიც.

- ბიუჯეტის მიხედვით კარგად ჩანს, რომ ავიწროებთ პრეზიდენტს: 5 მილიონი ლარით შეამცირეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები. გარდა ამისა, წინა წლებთან შედარებით მცირეა ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი დედაქალაქის ბიუჯეტისთვის გამოყოფს... "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებია...

- ბოლო წლებში თბილისის ბიუჯეტი განსაკუთრებით იყო განებივრებული, აშკარად ზედმეტი სატრანსფერო თანხა ეძლეოდა. განსაკუთრებით თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების წელს და მას შემდეგ ეს თანხები იხარჯებოდა არამიზნობრივად, ხშირად საარჩევნოდ და პოლიტიკური პიარისთვის. იმდენი ქნეს, ბოლოს გუდაურიც კი თბილისს შემოუერთეს და მისი განვითარების პროექტების დაფინანსება დაიწყეს. რა თქმა უნდა, გუდაური უნდა განვითარდეს, მაგრამ თბილისმა კი არ უნდა განავითაროს, არამედ ამისთვის ინვესტორებია მოსაზიდი. ცხადია, სიმკაცრე და ბიუჯეტის მიზნობრიობა "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემებს უქმნის.

- რა თანხები გამოიყო პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებისთვის?

- პრეზიდენტის ფონდი შემცირდა და განისაზღვრა 10 მილიონი ლარით, მთავრობისა კი დარჩა იგივე - 50 მილიონი.

- ანუ, მარტო პრეზიდენტის ფონდი შეამცირეთ?

- თქვენ, ალბათ, არ გინახავთ პრეზიდენტის ფონდის ხარჯვითი ნაწილი, თორემ ეგ კითხვა არ გაგიჩნდებოდათ. გამოაქვეყნეთ, როგორ ხმარდებოდა ხალხის ფული მას და მის გარემოცვას, გართობასა და მოგზაურობებს, გაუგებარ კონცერტებსა და ათას სხვა სიამოვნებას (საპრეზიდენტო ფონდიდან დახარჯული თანხების შესახებ მასალა იხ. მე-9 გვერდზე. - რედ.).

- უშიშროების საბჭოსაც შეუმცირეთ დაფინანსება...

- დიახ, გაისად უშიშროების საბჭოს აპარატი მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდება, აქედან, მილიონ 178 ათასი ლარი არის შრომის ანაზღაურება. ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვოდ იყო გაზრდილი ამ ორგანოს ბიუჯეტი, წელს, მაგალითად, 24 მილიონ ლარს შეადგენდა, არადა, იმდენივე თანამშრომელი ჰყავდა, რამდენიც შარშან და შარშანწინ. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიც არამიზნობრივად, სახელმწიფო ინტერესების შეუსაბამოდ და ვიწრო პარტიული მიზნით იხარჯებოდა.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით ძნელი იქნება ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, შესაბამისად, არათუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაჭირდება, არამედ უკვე არსებულის შენარჩუნებაც.

- არ ვიცი, ოპონენტები რას როგორ ითვლიან, მაგრამ ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა 6-7%-ის ფარგლებშია დაგეგმილი. ეს კი ეკონომიკის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია. ეკონომიკის ზრდისას კი დასაქმებაც იზრდება და შემოსავლებიც.

- საგარეო ვალის მომსახურება რამდენია?

- საგარეო ვალის მომსახურება 665 მილიონი ლარია, რაც დიდი თანხაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ვალდებულება, რომელიც აუცილებლად უნდა გაისტუმროს ქვეყანამ. ამხელა ვალიც, მნიშვნელოვანწილად, იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწეოდა.

- შემცირებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება...

- შემცირებულია 80 მილიონი ლარით, თუმცა მიგვაჩნია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროექტები უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც. 2013 წლის ბიუჯეტი სოციალურადაა ორიენტირებული. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობა შეეცადა, მასში მაქსიმალურად ასახულიყო ყველა ჩვენი დაპირების ასრულება. თუმცა ყველაფერს ერთბაშად ვერ გავწვდებით, წინ ოთხწლიანი ციკლია. ვფიქრობ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება სასიკეთოდ, რაშიც ჩვენი მოსახლეობა თვითონ დარწმუნდება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა