ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე "მაესტროზე" დაბრუნდნენ

ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე "მაესტროზე" დაბრუნდნენ

ბუკლიკო მოგესალმებათ თავისი ახალი ამბებიანად!.. დღეს იმდენ რამეს მოგითხრობთ, რომ მეტი არ შეიძლება. ისე, თქვენც რომ დამირეკოთ ხოლმე და მომწეროთ საინტერესო ამბები, ურიგო სულაც არ იქნება.

"მაესტროს" განახლებულ ეთერს ახალი ძველი სახეები შეემატებიან. არხზე უკვე გადავიდნენ ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე. როგორც ამბობენ, ისინი ძველ დროსა და "ტოროლას" გაიხსენებენ და დილის გადაცემას ისევ ერთად გაუძღვებიან, პირველს ნიკას შევეხმიანეთ, რომელმაც დაგვიდასტურა "პირველი არხიდან" "მაესტროზე" გადასვლის ამბავი.

- მართალია, რომ "მაესტროზე" გადახვედი და შენ და ნანიკო დილის გადაცემას ერთად წაიყვანთ?

ნიკა ლომიძე:

- "მაესტროს" განახლებული ეთერიდან გაიგებთ ყველაფერს (იცინის).

- მაინც შენგან გვაინტერესებს...

- მაშინ დაგიდასტურებთ, რომ უკვე გადავედი "მაესტროზე". ხვალ (კომენტარი ჩაწერილია ხუთშაბათს - ავტ.) "პირველ არხზე" ბოლო ეთერი მაქვს. ახალი წლიდან უკვე განახლებული "მაესტრო" ეთერში იქნება. ნანიკო ხაზარაძეც აქ არის, მაგრამ ერთობლივ პროექტს გავაკეთებთ თუ არა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. რამდენიმე კარგი პროექტის იდეა უკვე გვაქვს.

- როგორია მშობლიურ არხზე დაბრუნება?

- ისეთი შეგრძნება მაქვს, საზღვარგარეთიდან დიდი ხნის შემდეგ რომ ბრუნდები იქ, სადაც მთელი ოჯახი გელოდება. ამ წლების განმავლობაში "მაესტროსთან" ურთიერთობა არ გამიწყვეტია. აქ ჩემი მეგობრები არიან, რომლებსაც ოჯახის წევრებად მივიჩნევ. აქ გავიზარდე. ეს წლები, როდესაც "მაესტროში" პოლიტიკური გადაცემები გადიოდა, მე ვერ ვიმუშავებდი, რადგან საინფორმაციო ფორმატსა და პოლიტიკურ თოქშოუს ვერანაირად ვერ მოვერგებოდი. ახლა კი, როდესაც "მაესტრო" საერთო მაუწყებელი ხდება, ახალი პროექტების მომზადება უკვე შესაძლებელია.

- იქნებ, გაგვიმხილო ერთი-ორი პროექტის იდეა.

- რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ (იცინის).

ნანიკო ხაზარაძე:

- ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა პროექტები იქნება, მაგრამ მე და ნიკა დილის გადაცემას რომ არ წავიყვანთ, ეს ზუსტად ვიცი. მე ცალკე გადაცემა მექნება, ნიკას - ცალკე. სამსახურში პირველად გუშინ მოვედი და ახლა ვგეგმავთ რაღაცებს.

- გასართობი გადაცემა გექნება?

- არა მგონია, სულ მთლად ვერ გავერთობი (იღიმება).

- როგორია დაბრუნება "მაესტროზე"?

- გადასარევი! სახლში დავბრუნდი. იგივე ხალხი მუშაობს, ბევრია ახალიც...

- მახსოვს, ძალიან განიცადე, როდესაც "დღის შოუ" დაიხურა.

- ჯინსი რომ მოძველდება და უნდა გადავაგდო, იმაზე მწყდება ხოლმე გული და გადაცემაზე არ დამწყდებოდა, რომელიც ეთერში სამი წელი გადიოდა?!.

- "დღის შოუს" მსგავსი გადაცემის გაკეთებას ხომ არ გეგმავ?

- არა, ეს ნამდვილად ვიცი, რომ "დღის შოუს" მსგავსი არ იქნება.

- ეთერში როდიდან გახვალთ?

- თუკი ყველაფერს მოვასწრებთ, იანვრიდან. ნელ-ნელა გავა პროექტები. ვინაიდან "მაესტრო" საერთო მაუწყებლობაზე გადადის, შესაბამისად, აქ გავა ახალი გადაცემები, ხოლო მოგვიანებით, სხვა არხზე გადაინაცვლებს საინფორმაციო გადაცემები და ის არხი მთლიანად საინფორმაციო იქნება.

- დაბოლოს, არხზე დაბრუნების შეთავაზება ვისგან მიიღე?

- მამუკა ღლონტისგან.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები