კახა კალაძე - "აჩქარებას არ ვაპირებ"

კახა კალაძე - "აჩქარებას არ ვაპირებ"

საქართველოს მოსახლეობა ენერგეტიკის სამინისტროსგან დენისა და გაზის ტარიფის დაწევას მოუთმენლად ელოდება, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. ამის გამო საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უმოქმედობაში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში კი ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი კახა კალაძეს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს... გვესაუბრება ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე:

- ბატონო კახა, საზოგადოება მოუთმენლად ელის დენისა და გაზის ტარიფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას. რატომ ვერ გადაწყდა დღემდე ეს საკითხი?

- ამ საკითხზე ექსპერტთა და სპეციალისტთა გარკვეული ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს. მას შემდეგ, რაც პრემიერი და მთავრობის სრული შემადგენლობა გაეცნობა და დეტალურად განიხილავს საბოლოო ვარიანტს, გაზისა და დენის ტარიფის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. სამწუხაროდ, ადრე ტარიფების დათვლა-დადგენა ექსპერტების ჩაურევლად ხდებოდა, შედეგიც შესაბამისი გვქონდა. ავიტან კრიტიკას, თუ ის სამართლიანი იქნება, მაგრამ ამის გამო აჩქარებას არ ვაპირებ. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. წესით, დენისა და გაზის ტარიფები მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს, ეს ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივა ნამდვილად არ არის, მაგრამ ამჯერად ყველა რესურსია გამოყენებული, რომ მოხდეს სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესთა თანხვედრა.

- პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე თქვენი წარდგენისას თქვა: მართალია, კახა არ არის ენერგეტიკოსი, მაგრამ ისეთი ნიჭიერია, ერთი თვის შემდეგ ყველას გაგაოცებთ, ისე ექნება ათვისებული ენერგეტიკაში ბევრი რამო... რა აითვისეთ ამ პერიოდში და პრემიერის პროგნოზი თუ გაამართლეთ?

- ჩემი დღევანდელი თანამდებობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა და ის ნდობა, რაც პრემიერმა გამომიცხადა ამ თანამდებობაზე დანიშვნით, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული. მართალია, ენერგეტიკა ჩემთვის ახალი სფერო იყო, მაგრამ ჩემი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, ამ სფეროსთან გარკვეულწილად მქონდა შეხება. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ენერგეტიკის სფეროში ჩახედული ვარ. მას შემდეგ, რაც მინისტრი გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე და გავარკვიე.

- ერთი თვის წინ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვით, გავშიფრავთ ენერგეტიკის სფეროში არსებულ კორუფციულ სქემას, რომელშიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი და მაღალი ტარიფებიც სწორედ ამით იყო გამოწვეულიო. რა გაარკვიეთ?

- იყო დარღვევები "თელასთან" დაკავშირებით. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტური მასალა გადავეცით ფინანსურ პოლიციას, რომელიც ამ დარღვევებს იკვლევს. მიმდინარეობს ადრე დადებული კონტრაქტებისა და მემორანდუმების შესწავლა. ამას დასჭირდება დრო, რადგან თითოეული დოკუმენტის კანონიერება საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ. გვაქვს კითხვები კომპანია "ნიუენერჯისთან", რომელიც ვანო მერაბიშვილს უკავშირდება. აქ კონკრეტულ ფინანსურ დარღვევებსა და მაქინაციებზეა ლაპარაკი. მიმდინარეობს ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლა.

- პრესასა და სოციალურ ქსელებში თქვენი მისამართით გამოითქვა ბრალდება: ნაცვლად იმისა, ამხილოს ენერგომაფია, ხელს აფარებსო.

- ეს ბრალდება სასაცილოა და პასუხის ღირსად არ მიმაჩნია. კანონსაწინააღმდეგო არასოდეს არაფერი ჩამიდენია. ვერავინ მოიპოვებს ჩემ წინააღმდეგ რამე კომპრომატს იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ადამიანების გარკვეული კატეგორია სხვისი ლანძღვა-გინებით არის დაკავებული და, როგორც ჩანს, მათი ყურადღების ცენტრში კვლავაც მოვხვდი. "ნაციონალური მოძრაობა" ჩემ წინააღმდეგ ყოველთვის მიზანმიმართულად აგორებდა შავ პიარს და ახლა, როცა უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ბრძოლას კვლავ განაგრძობენ. არიან განაწყენებული ადამიანებიც, ვითომცდა გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც ენერგოსფეროში სამუშაო ადგილები არ ერგოთ, შესაძლოა, ეს აგრესია და აბსურდული ბრალდებები ამ ადამიანებისგან მოდის. რაც შეეხება ენერგომაფიის გამოვლენას, ეს უნდა მოხდეს 10 წლის წინანდელი და უფრო ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლით. უნდა დავუბრუნდეთ 2000 წელს, როცა მოხდა, მაგალითად, "თელასის" გაყიდვა და შევისწავლოთ მისი გასხვისების კანონიერება, რაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ტარიფების საკითხისკენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგეტიკის სფეროში კორუფციას არ გამოვავლენთ და დანაშაულზე თვალს დავხუჭავთ. მაგრამ როცა ადამიანს ეუბნები, დამნაშავე ხარო, შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა გქონდეს ხელთ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით ნაციონალებს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რომ აკავებდნენ ადამიანებს.

- ბევრი ლაპარაკია თქვენი მოადგილის, მარიამ ვალიშვილის შესახებ. ამბობენ, რომ ის წინა ხელისუფლების კადრია და ენერგეტიკის სფროში მომუშავე კორუფცირებულ მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს. ვინ არის მარიამ ვალიშვილი, რომელიც მოადგილედ დატოვეთ? რატომ არ გააპროტესტა მან თავის დროზე ის მაღალი ტარიფები, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა ფინანსურად ლამის წელში გაწყვიტა?

- გულწრფელად გეტყვით, მარიამ ვალიშვილი ტარიფების საკითხს ვერ გადაწყვეტდა. ის არის პროფესიონალი და არ ვიქნებოდი მართალი, სამსახურიდან იმის გამო დამეთხოვა, რომ წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა. რაც შეეხება მის წინააღმდეგ გავრცელებულ ხმებს, გეტყვით: თუკი ვინმე მომაწვდის დოკუმენტურ მასალას, რომ მარიამ ვალიშვილმა ოდესმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა, პირობას გაძლევთ, მე ვიქნები პირველი, ვინც სამართალდამცავი ორგანოების წინაშე დააყენებს მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ჭორების გამო პროფესიონალს არ დავითხოვ თანამდებობიდან, ეს ყველამ იცოდეს!

- ბოლო ხანს ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ ექსპერტთა განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. ხუდონჰესის მშენებლობა მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?

- მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაიდება დასკვნა, სადაც ყველა საერთაშორისო სტანდარტი იქნება დაცული. ამ საკითხის შესასწავლად მოვიწვიეთ სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვიმსჯელეთ. ადრე მსგავსი საკითხები დახურული იყო. ჩვენ გავხსენით ეს დახურული სივრცე და ყველასთვის საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია. ხუდონჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობასაც სპეციალისტები და ექსპერტები გადაწყვეტენ. რაც შეეხება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების კანონიერებას, ის გადაიხედება, თუმცა ამას დასჭირდება დრო.

- ბატონო კახა, ვიცი, ეს თემა თქვენთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ არ შემიძლია, არ გკითხოთ.... თქვენი ძმის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ადვოკატი ამბობს, რომ მის კლიენტს მკვლელობა არ ჩაუდენია და პროკურატურაში საჩივარიც კი შეიტანა. ადვოკატი ზურაბ დგებუაძე კი (ვრცელი ინტერვიუ ზურაბ დგებუაძესთან იხ. ამავე ნომრის მე-10-11 გვ.) ვარაუდობს, რომ თქვენი ძმის გატაცების ორგანიზატორთა შორის იყვნენ შსს-ს იმჟამინდელი მაღალჩინოსნები: ლევან გვაზავა, სოსო ალავიძე, დავით კეკუა. არადა, პრესას ხმაური რომ არ აეტეხა, ლევან გვაზავა შსს-ში მაღალ თანამდებობაზეც კი ინიშნებოდა. რას აპირებს თქვენი ოჯახი, თუ მიმართავთ საჩივრით სამართალდამცავებს თქვენი ძმის, ლევან კალაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით?

- დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ შს სამინისტროში ლევან გვაზავას მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილებოდა. გარდა ამისა, ამბობდნენ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი სოსო ალავიძის დანიშვნას აპირებდა მაღალ თანამდებობაზე, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. რაც შეეხება ლევან გვაზავას, რომელზეც ითქვა, რომ თითქოს მან დაგეგმა ჩემი ძმის გატაცება, ამის შესახებ მე არანაირი მტკიცებულება არა მაქვს. არიან ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან ჩემი ძმის მკვლელობის გამო. ერთ-ერთმა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულმა ცინცაძემ, როგორც ვიცი, პროკურატურაში საჩივარიც კი შეიტანა, ამბობს, რომ მას არ ჩაუდენია მკვლელობა. არ ვარ წინააღმდეგი, დაიწყოს ხელახალი გამოძიება და, თუკი ვინმე უდანაშაულოდ დაისაჯა, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ჩემი ძმის მკვლელობის საქმის მიმართ მეც არაერთი კითხვა მაქვს გამოძიებასთან. კერძოდ ის, რომ ამ ადამიანების გარდა, რომლებიც მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ და სასჯელს იხდიან, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს გატაცების ორგანიზატორები და მკვლელობის დამკვეთები. ჩვენი ოჯახი სწორედ ამ საჩივრით მიმართავს გამოძიებას. მე ვერც ლევან გვაზავას და ვერც სხვას, მტკიცებულებების გარეშე ვერაფერს დავაბრალებ.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა